ალასკა თოვლითა და ყინულით უფროა ცნობილი, ვიდრე ცეცხლით. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანახმად, იქ ტუნდრას ხანძრები ბოლო საუკუნეში იმაზე მეტად გახშირდა, ვიდრე უკანასკნელი 3000 წლის სხვა ნებისმიერ დროს.

ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ხანძრების ასეთ გააქტიურებას გლობალურ დათბობას უკავშირებენ. ეს პროცესი ალასკაში მიწას აშრობს და მერქნიანი მცენარეების გავრცელებას იწვევს, რაც ცეცხლის გასაჩენად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

"ათასწლეულის განმავლობაში მომხდარი ურთიერთდაკავშირებული ცვლილებები მიანიშნებს, რომ ბოლოდროინდელი ხანძრები სწრაფი ტრანსფორმაციის ინდიკატორია", — აცხადებს გოეთეს უნივერსიტეტში მომუშავე ანგელიკა ფორდიანი.

სატელიტური მონაცემები ისედაც ცხადად აჩვენებს, რომ ბოლო დროს ამ ტერიტორიაზე მცენარეების წვის პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა ალასკის ხანძრების 3000-წლიანი ისტორია შეისწავლეს. მათ ამისთვის მიწიდან 50-სანტიმეტრიანი 9 ნიმუში ამოიღეს.

გამოსაკვლევ მასალაში არსებულ ტორფში მიკრობები, ნახშირი, მცენარეთა მტვერი და მათი ნაშთები იყო. ეს დროის კაფსულივითაა, რადგან ძვ.წ. 1000-იდან ახ.წ. 2015 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ნახშირის, მცენარეული საფარისა და ჰიდროლოგიური სისტემის მონაცემები მიუთითებს, რომ 2900 წლის განმავლობაში ალასკაში ხანძრები მეტ-ნაკლებად იშვიათი იყო. გამონაკლისია მხოლოდ 1000-1200 წლები, როცა მაჩვენებელი შედარებით გაიზარდა. ამის მიუხედავად, რეკორდული ზრდა მეოცე საუკუნიდან ფიქსირდება, რის შემდეგაც ტუნდრას წვის გააქტიურების ტენდენცია სულ უფრო იმატებს.

ეს ინფორმაცია სატელიტურ მონაცემებსაც შეესაბამება, რომელთა მიხედვითაც 1969-2023 წლებში აღნიშნულ რეგიონში 36 ხანძარი დაფიქსირდა. უნდა ითქვას, რომ ბოლო დროის ხანძრებიდან ნაკლები ნახშირი დარჩა, რაც, შესაძლოა, უფრო ძლიერ წვაზე მიანიშნებდეს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Biogeosciences გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.