დასჯა გამოსავალი არაა - ყველაფერი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის, საზოგადოებას მისი დასჯის მოლოდინი აქვს. როცა არასრულწლოვანი არღვევს კანონს და სასჯელი ციხე არ არის, იგივე საზოგადოება სვამს კითხვას - რატომ?

საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს, რომელიც არასრულწლოვნებისთვის სასჯელის სახედ პატიმრობას უკიდურეს ფორმად განიხილავს, ამოსავალი წერტილი კი ბავშვის უფლებებია.

რას გულისხმობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი?

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ძალაში 2016 წელს შევიდა. საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელია. ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან ეკისრება. 14 წლამდე ბავშვები კი პრევენციის სფეროს ნაწილია.

კოდექსზე მუშაობა UNICEF-ისა და ევროკავშირის რეკომენდაციით დაიწყო. მის შემუშავებას წინ უძღოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის კვლევა, რომელიც 2013 წელს ჩატარდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელის თეონა კუჭავას თქმით, კვლევამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ცალკე საკანონმდებლო აქტის შექმნის საჭიროება დაადასტურა.

ფოტო: UNICEF Georgia

"სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით, მუხლები სხვადასხვა კანონში იყო გაფანტული, რაც ერთიანი მიდგომის განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა", - უთხრა On.ge-ს თეონა კუჭავამ.

მისი თქმით, კოდექსი ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინების პრინციპზეა დაფუძნებული და ხელს უწყობს ბავშვის კეთილდღეობას, რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას საზოგადოებაში.

ბავშვად (არასრულწლოვნად) ადამიანი 18 წლის ასაკის მიღწევამდე მიიჩნევა, თუმცა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა გარკვეულ შემთხვევებში კოდექსის დებულებები 18-21 წლის ახალგაზრდებზეც გაავრცელა. კოდექსი არ ვრცელდება 14 წლამდე არასრულწლოვნებზე.

"თუ კოდექსი 14 წლამდე პირებზე გავრცელდება ეს პასუხისმგებლობის ასაკის დაწევას ნიშნავს, რასაც კატეგორიულად არ მივესალმებით. 14 წლამდე არასრულწლოვანმა თუ კანონი დაარღვია ეს პრევენციას მიეკუთვნება და არა მართლმსაჯულებას", - ამბობს თეონა კუჭავა.

რატომ განისაზღვრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკად 14 წელი?

14 წელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკად საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებამდე განისაზღვრა. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღეს.

2007 წელს გარკვეული დანაშაულებისთვის, პასუხისმგებლობის ასაკი 12 წლამდე შემცირდა. თუმცა ეს ცვლილება პრაქტიკულად არ განხორციელებულა, მოგვიანებით კი გაუქმდა და ყველა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის ასაკად კვლავ 14 წელი განისაზღვრა.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ინფორმაციით, ასაკის შემცირებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ბავშვის უფლებების კომიტეტის, ასევე, იუნისეფის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან, რადგან პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა უკან გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.

თეონა კუჭავას თქმით, ბავშვთა უფლებათა კომიტეტი ქვეყნებს მოუწოდებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი, რაც შეიძლება მაღალ ზღვარზე განსაზღვროს.

"თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკს ქვემოთ მყოფი ბავშვებისთვის მექანიზმები ან პროგრამები, რომელიც ამ ბავშვების ქცევას პასუხს გასცემს, არ უნდა არსებობდეს", - განმარტავს ის.

14 წელი, როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი, მისაღებია ყველა იმ უწყებისთვის, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესშია ჩართული. On.ge ესაუბრა საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებსაც საერთო პოზიცია აქვთ და აცხადებენ, რომ არასრულწლოვნების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოსავალი არ არის.

ლონდა თოლორაია

ფოტო: შსს

"შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ფიქრობს, რომ ამ ბავშვების მოვლა კანონის გამკაცრებით შეიძლება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბავშვის გამოსწორებაზე და ვიფიქროთ იმაზე, სად შეიძლება ეს ბავშვი წავიყვანოთ, რომ მისი გამოსწორება იყოს გარდაუვალი.... არავინ იბადება დამნაშავედ, ეს ბავშვები რაღაცას მიჰყავს დანაშაულის ჩადენამდე", - უთხრა On.ge-ს შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ.

რა ხდება მაშინ, როცა 14 წელს ზემოთ მყოფი არასრულწლოვნები ჩადიან დანაშაულს?

14 წლის ზემოთ მყოფი არასრულწლოვნების მიმართ, სისხლის სამართლის კანონმდებლობა ლიბერალურია. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მათზე საპატიმრო სასჯელი უპირობოდ არ ვრცელდება. 14 წლის ზემოთ მყოფ არასრულწლოვნებს სახელმწიფო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ახალ მექანიზმს - განრიდებისა და მედიაციის პროგრამას სთავაზობს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა გამონაკლისი დაუშვა და განრიდება-მედიაციის პროგრამა 18-დან 21 წლამდე პირებზეც გაავრცელა.

რას ნიშნავს განრიდების პროგრამა?

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვანს აძლევს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე განაგრძოს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიზანია, არასრულწლოვნებში განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდეს და კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირებმა რესოციალიზაცია/რეინტეგრაცია შეძლონ.

განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსის, ლადო ჯავახიშვილის თქმით, განრიდების ღონისძიებები არასრულწლოვანს ეხმარება გაიაზროს, რა ჩაიდინა და რამდენად დააზარალა კონკრეტული პირი.

ლადო ჯავახიშვილი

ფოტო: სალომე ჩადუნელი/On.ge

"განრიდება არ არის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, განრიდება არის პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომა", - უთხრა On.ge-ს ლადო ჯავახიშვილმა.

როდესაც არასრულწლოვანი ჩადის დანაშაულს, პროკურორი ვალდებულია იფიქროს, პირველ რიგში, არასრულწლოვნის განრიდებაზე და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე.

განრიდებისთვის აუცილებელია შესრულდეს ყველა ეს პირობა:

  • ჩადენილია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, ე.ი. ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • არასრულწლოვანი არ არის ნასამართლევი;
  • არასრულწლოვანს ადრე არ აქვს მონაწილეობა მიღებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;
  • არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს;
  • პროკურორის შინაგანი რწმენითა და არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საჯარო ინტერესი.

საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია მერებაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ პროკურატურა, როგორც ბრალდების მხარე, დისკრეციის უფლებას სწორად იყენებს და არასრულწლოვანის შემთხვევაში ჯერ განრიდებას განიხილავს და შემდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას.

ნათია მერებაშვილი

ფოტო: სალომე ჩადუნელი/On.ge

"ყველა აცნობიერებს, რომ ამ საკანში არასრულწლოვანს სხვანაირი მოპყრობა სჭირდება და მის მიერ ჩადენილი დანაშაული სხვანაირად აღიქმება", - ამბობს ნათია მერებაშვილი.

ლადო ჯავახიშვილის განმარტებით, განრიდების პროგრამა ნებაყოფლობითია და არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელზეა დამოკიდებული.

"განრიდების პროცესი მხოლოდ თანხმობის წერილზე ხელმოწერის შემდეგ შეიძლება დაიწყოს. თუ განრიდებაზე თანხმობას განაცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ თანხმდებიან მედიაციის ნაწილზე და შეთავაზებულ პირობებზე, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა", - განმარტავს ლადო ჯავახიშვილი.

რას ნიშნავს მედიაციის პროგრამა?

არასრულწლოვნის განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი პრობაციის ეროვნულ სააგენტოს უკავშირდება, რომელიც არასრულწლოვნის საქმეს სოციალურ მუშაკს გადასცემს.

სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის ბიო-ფსიქო-სოციალურ დასკვნასა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს შეიმუშავებს. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს რა ღონისძიებები იმოქმედებს არასრულწლოვანზე დადებითად და რა შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი, სოციალური მუშაკი სოფიკო მუშკუდიანი On.ge-ს ეუბნება, რომ იმ არასრულწლოვნების უმეტესობა, რომელიც დანაშაულს ჩადის, ცხოვრობს ისეთ გარემოში, რომელიც მის დამნაშავედ ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.

"სოციალური მუშაკი ახდენს არასრულწლოვნის წინაშე მდგარი შინაგანი და გარეგანი რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებას და მასთან და მის გარემოცვასთან ერთად ისეთ აქტივობებს გეგმავს რომელიც ეხმარება გაუმკლავდეს მსგავსი ტიპის გამოწვევებს და თავიდან აცილებს დანაშაულის განმეორებითი ჩადენის საფრთხეს", - ამბობს სოფიკო მუშკუდიანი.

მისი თქმით, სოციალური მუშაკი არასრულწლოვანთან მუშაობის დროს სხვადასხვა ტიპის სირთულეს აწყდება, მათ შორისაა ნდობის მოპოვება, მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების სირთულე, ქვეყანაში არსებული რესურსების სიმწირე და სხვადასხვა დილემური სიტუაციის არსებობა.

"მუშაობის პროცესში არსებული სირთულეების აღმოფხვრის მიზნით, მუდმივად ხდება პროფესიული ზედამხედველობა", - განმარტავს სოფიკო მუშკუდიანი.

სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე პროკურორი სოციალურ მუშაკთან და მედიაციის შემთხვევაში - მედიატორთან ერთად ხელშეკრულებას ადგენს.

"ვალდებულებებთან ერთად სერვისებს ვაწვდით. პასუხისმგებლობას ვაკისრებთ და ვაძლიერებთ. ძლიერი მხარეების გაძლიერებით და სუსტი მხარეების დათრგუნვით განმეორებით დანაშაულს თავიდან ვიცილებთ", - განმარტავს ლადო ჯავახიშვილი.

რა ხარვეზები აქვს განრიდებისა და მედიაციის პროგრამას?

აქტივობები, რომელსაც მედიაციის პროგრამის ფარგლებში არასრულწლოვანს სთავაზობენ, ინდივიდუალური საჭიროებებს უნდა ერგებოდეს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, სერვისები და ვალდებულებები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისა განათლება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, სპორტი და ხელოვნება, საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობები.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ფსიქოლოგის, მაია ცირამუას თქმით, სერვისები, რომელსაც განრიდების პროგრამა არასრულწლოვნებს სთავაზობს, არასაკმარისია და ბავშვის საუკეთესო ინტერესს არ პასუხობს.

მაია ცირამუა

ფოტო: სალომე ჩადუნელი/On.ge

"ბენეფიციარებს იმ მწირ პროგრამებს ვარგებთ, რომელიც გვაქვს და თითზე ჩამოსათვლელია. განრიდების პროგრამის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა მითხრა, რომ შეთავაზებულმა პროგრამებმა მას არაფერი მისცა და ეს ყველაფერი ფორმალური ხასიათის იყო. გვაქვს ჩვენ ის, რაც ბავშვებს აინტერესებთ? ეს არის პრობლემა", - უთხრა On.ge-ს მაია ცირამუამ.

შესათავაზებელი სერვისების პრობლემას აღიარებს ლადო ჯავახიშვილიც.

"ყველაზე დიდი გამოწვევა, ჩვენი აზრით, არის ის სერვისები, რასაც არასრულწლოვნებს ვაწვდით, თბილისში შედარებით უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში საჭირო სერვისები არ არსებობს ან მოძიების სირთულეა", - ამბობს ლადო ჯავახიშვილი.

მისი თქმით, მუშავდება ერთიანი სისტემა, სადაც ყველა სერვისი იქნება თავმოყრილი:

"კოორდინაციის პრობლემაა და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ მხრივაც გადავდგათ ნაბიჯები".

მას შემდეგ, რაც პროკურორი განრიდების გადაწყვეტილებას მიიღებს და საქმეს ჰყავს დაზარალებული, საქმეში ერთვება მედიატორი, რომელიც ნეიტრალური პირია.

მედიატორის მიზანია, დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს შორის მოლაპარაკების წარმოება, შერიგებაში დახმარება და ზიანის ანაზღაურების ფორმაზე შეთანხმება.

ლადო ჯავახიშვილის თქმით, დაზარალებულის მედიაციაში ჩართვა რეფორმის გამოწვევაა.

დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ, მედიატორი შეხვედრას ე.წ. მედიაციის კონფერენციას მართავს. ამ დროსაც დაზარალებული და არასრულწლოვანი პირადად ხვდებიან ერთმანეთს.

"ამ პროცესში ორივე მხარე, როგორც დაზარალებული, ისე დამზარალებელი თავის ემოციებს, განცდებს ყვება. მთავარი მიზანია, არასრულწლოვანმა დანაშაული გააცნობიეროს და დაზარალებულიც იყოს კმაყოფილი", - განმარტავს ლადო ჯავახიშვილი.

დაზარალებულის უარი მედიაციის პროგრამაში ჩართვაზე, არასრულწლოვნის განრიდების პროგრამაში ჩართვას ხელს არ უშლის.

როგორია არასრულწლოვნებში დანაშაულის სტატისტიკა?

2017 წლის განმავლობაში, განრიდების პროგრამაში ჩაერთო 910 პირი. 334 პირის მიმართ მედიაცია გამოიყენეს და ნახევარზე მეტ შემთხვევაში მედიაცია შედგა. 2010 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, სულ 3 000-მდე პირი განარიდეს.

ფოტო: Ganrideba.ge

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ქურდობის შემთხვევები სჭარბობს. 2017 წლის 6 თვეში განრიდებულთა 81%-ს ჩადენილი ჰქონდა ქურდობა.

ფოტო: http://pog.gov.ge

ბოლო მონაცემებით, განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი არასრულწლოვნებში 9 პროცენტია.

თეონა კუჭავა

ფოტო: pog.gov.ge

ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ, არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდასთან დაკავშირებით, მედიაში ნარატივი გაძლიერდა. არასრულწლოვნებში ძალადობისა და დაპირისპირების შემთხვევებს გადაცემისა და სტატიების ციკლები მიეძღვნა, თუმცა ოფიციალური რიცხვები იმასთან დაკავშირებით, გაიზარდა თუ არა 14 წლამდე პირების დანაშაულის სტატისტიკა არავის გამოუქვეყნებია.

სინამდვილეში, 14 წლამდე არასრულწლოვნების დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ამის მიზეზია ის, რომ 14 წლამდე პირებზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ იწყება. ამის შესახებ On.ge-ს შსს-სა და საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ 14 წლამდე არასრულწლოვნები კანონის მიღმა რჩებიან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა არ განიხილება. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა.

გიორგი გახარია

"ასაკის დაწევაზე საუბარი არ იქნება და ვერც იქნება. წერტილი... როცა ასაკმა აიწია, რეფერირების სისტემა დარჩა ყურადღების გარეშე და 14 წლამდე პირები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს სახელმწიფო ყურადღების მიღმა დარჩნენ", - უთხრა ჟურნალისტებს შს მინისტრმა.

რატომ არ უნდა ისჯებოდეს 14 წლამდე კანონდამრღვევი არასრულწლოვანი?

წამებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ მოზარდის ანტისოციალურ ქცევაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორისაა ოჯახი, საზოგადოება, სკოლა, მეგობრები. ყველა ეს ფაქტორი დანაშაულის გამომწვევი რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს.

"მოზარდობის ასაკი თავისი სპეციფიკური ასაკობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე ანტისოციალური ქცევის მთავარი რისკ-ფაქტორია", - ეუბნება On.ge-ს მაია ცირამუა.

მისი განმარტებით, როცა სისტემა ბავშვზე ორიენტირებული არ არის, იზრდება რისკი, რომ ბავშვი კანონთან კონფლიქტში მოვა.

"ეს არის 12-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანი, რომლის წინაშეც სერიოზული ამოცანა დგება. მან უნდა გადაწყვიტოს, როგორია და უპასუხოს კითხვაზე, ვინ ვარ? როგორი ვარ მე? ეს სერიოზული ეგზისტენციალური საკითხია. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გარდატეხის ასაკში მიმდინარეობს. ეს კიდევ ცალკე ფიზიოლოგიურ და ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რაც მოზარდის ემოციურ ცხოვრებაზე აისახება და ემოციურ ლაბილობას იწვევს", - განმარტავს მაია ცირამუა.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში, თავის ტვინის ის ნაწილები, სადაც მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი ხდება და რომელიც ადამიანის პასუხისმგებლიან, ზრდასრულ ქცევაზე აგებს პასუხს, ჩამოყალიბებული არ არის.

"ბავშვის ანტისოციალური ქცევა თავის დროზე, სოციალურმა მუშაკმა, მასწავლებელმა, ოჯახმა ვერ დაინახა... დაგვაგვიანდა და დავინახეთ მაშინ, როდესაც უკვე ისე გართულდა მისი მდგომარეობა და ისეთი უკონტროლო გახდა, რომ დანაშაულის ჩადენაზე გადავიდა. დასჯა არ არის გამოსავალი, გამოსავალი პრევენციაა. ჩვენ ხშირად ჩვენს შვილებს ჩვენივე შეცდომების გამო ვსჯით", - ამბობს On.ge-სთან ფსიქოლოგი.

სოციალური მუშაკი სოფიო მუშკუდიანი მიიჩნევს, რომ ბავშვები მეტად არიან მიდრეკილები მიიღონ ახალი გამოცდილება და ამისათვის გარკვეულ რისკზეც მიდიან. ასევე, შესაძლოა, ისინი იყვნენ თავიანთი თანატოლების, უფროსი ასაკის მეგობრების ან გარკვეული ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ.

"ბევრი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ბავშვებს ფიზიკურად არ აქვთ ინტელექტუალური ან მორალური უნარი, რათა მათი ქცევის მოსალოდნელი შედეგები და სრული სურათი წინასწარ გაიაზრონ და დაინახონ ", - ამბობს სოფიო მუშკუდიანი.

სოციალური მუშაკის თქმით, მოცემულ ასაკში, ბავშვის დასჯა და ისეთ ინსტიტუციაში განთავსება, როგორიც პენიტენციური დაწესებულებაა, მისი მომავლისთვის ნამდვილად ვერ იქნება შედეგის მომტანი, რადგან ამ დროს, მოზარდის იდენტობა ყალიბდება.

"თუ ბავშვი აღნიშნულ ინსტიტუციაში დაიმკვიდრებს თავს, სამომავლოდ საზოგადოებაში რეინტეგრაცია და საკუთარი თავის პოვნა ძალიან გაუჭირდება", - განმარტავს სოფიო მუშკუდიანი. .

რას ნიშნავს დანაშაულის პრევენცია?

დანაშაულის პრევენციაში საზოგადოებას, ოჯახს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი როლი ენიჭება. სისტემამ, როგორიცაა მართლმსაჯულება, განათლება, ჯანდაცვა და კეთილდღეობა პრობლემის დროული იდენტიფიცირება, დროული ჩარევა და ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან კოორდინირებულად მუშაობა უნდა შეძლოს. არსებობს სამი დონის პრევენცია.

პირველი დონე

პირველი დონის პრევენცია ყველა ბავშვისკენაა მიმართული და ზოგადი ხასიათის, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული აქტივობებით შემოიფარგლება.

"ეს არის პრევენცია, როცა ყველაფერი კეთდება ბავშვის ჰარმონიულ, უსაფრთხო გარემოში განვითარებისთვის; ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბავშვები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან იყვნენ დაზღვეულნი", - განმარტავს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

მისი თქმით, პირველი დონის პრევენციაში საგანმანათლებლო სისტემა ბავშვზეა ორიენტირებული. ასევე, სისტემის მიზანია, დროულად დაინახოს ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვები და შესაბამის სამსახურებში დროულად გადაამისამართოს.

ამ დროს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა განათლების, სოციალური კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სოციალური კეთილდღეობის სისტემებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვს. ასევე დიდია ოჯახის, საზოგადოებისა და სკოლის პასუხისმგებლობა.

მეორე დონე

მეორე დონის პრევენციას თავისი კონკრეტული ფოკუსჯგუფი ჰყავს. ესენი რისკისა და მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვები არიან.

მეორე დონის პრევენცია ორიენტირებულია ბავშვებზე, რომლებიც უკვე სხვა სპეციალობის ადამიანის დახმარებას საჭიროებენ, მაშ შორისაა ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, სპეციალური პედაგოგი. უნდა არსებობდეს გადამისამართების მექანიზმი, რაც ამჟამად მოუწესრიგებელია. არსებობს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგების დახმარების სერვისი, რომელიც მთელ საქართველოს ვერ ფარავს, ასევე უწყებებს რეფერირებისა და ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება არ აქვთ.

"ბავშვის რთული ქცევითი გამოვლინება არის SOS სიგნალები, რომელიც ჩვენ გვეძახის და გვეუბნება, რომ მას დახმარება სჭირდება. ბავშვი, რომელიც თავისი თანატოლების ჩაგვრას იწყებს; ბავშვი, რომელიც ცდილობს მუდმივად ჩაშალოს სასწავლო პროცესი და გამოხატავს პროტესტს; აზიანებს ნივთებს და ა.შ. ამ ქცევით გვეუბნება, რომ დახმარება სჭირდება", - განმარტავს ფსიქოლოგი.

მაია ცირამუას თქმით, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უნარი დაინახოს ბავშვის პრობლემები, რაზეც დროულად უნდა იმოქმედოს.

მესამე დონე

მესამე დონე განმეორებითი დანაშაულის პრევენციაა. მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც განრიდებისა და მედიაციის პროგრამას გულისხმობს, მესამე დონის პრევენციად განიხილება.

"ნებისმიერი ინსტიტუცია, უწყება, რომელსაც ბავშვთან შეხება აქვს, მის ინდივიდუალურ საჭიროებაზე ორიენტირებული უნდა იყოს. ეს უწყებები ბავშვებს პროგრამებს თავისი პერსპექტივიდან უნდა სთავაზობდნენ; ხორუმს უნდა ცეკვავდნენ. სხვანაირად არაფერი არ გამოვა", - ამბობს მაია ცირამუა.

რა ხარვეზები აქვს პრევენციისთვის შეთავაზებულ სერვისებს?

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს ქვემოთ მყოფი ბავშვები პრევენციის სფეროს ნაწილია. აქ წამყვანი როლი განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემებს უნდა ჰქონდეს.

საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ექსპერტთა ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელიც სკოლის წარმომადგენლის, სოციალური მუშაკის, მანდატურის, პროკურორის, უბნის ინსპექტორის, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე 14-წლამდე ბავშვების ანტისოციალური ქცევებს განიხილავს. შემდეგ ბავშვებს სხვადასხვა პროგრამაში ან სკოლა-პანსიონში ამისამართებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა არსებულ მექანიზმს აკრიტიკებს და რამდენიმე პრობლემურ მიმართულებას ასახელებს:

  • საგანმანათლებლო, სოციალურ და მართლმსაჯულების სექტორებს შორის კავშირი სუსტი და თითქმის არაეფექტურია;
  • გადამისამართების მექანიზმში ჩართული პროფესიონალების ფუნქციები მკაფიოდ განსაზღვრული არ არის;
  • ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას არსებული მექანიზმის შესახებ და შესაბამისად, იშვიათად მიმართავენ მას;
  • მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვთა იდენტიფიცირების კრიტერიუმები ბუნდოვანია და შესაბამისად, პრობლემურია დოკუმენტირების საკითხი;
  • პრობლემურია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობა და გადაწყვეტილების გასაჩივრება;
  • არ არსებობს საზოგადოებრივი პროგრამები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური On.ge-ს ეუბნება, რომ ექსპერტთა ჯგუფისადმი მომართვიანობა დაბალია. 2011 წლიდან დღემდე, სკოლა-პანსიონში მხოლოდ 19 მოსწავლე გადაამისამართეს. დღევანდელი მონაცემით, სამტრედიის სკოლა-პანსიონში მხოლოდ სამი ბავშვია გადამისამართებული.

ლია გიგაურის თქმით, დახურულ ინსტიტუციებში ყოფნას ბავშვის განვითარებაზე დადებითი ზეგავლენა არ აქვს და ე.წ. სამტრედიის სკოლა პანსიონის დახურვა იგეგმება.

ლია გიგაური

ფოტო: სალომე ჩადუნელი/On.ge

"სამტრედიის სკოლის დატოვებამ, შესაძლებელია, სოციალური უნარების დაქვეითება, გარკვეული ნეგატიური შინაარსს განწყობის ესკალაცია გამოიწვიოს. ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ ბავშვების გარემოში", - განმარტავს ლია გიგაური.

არაეფექტური პრევენციული მექანიზმების არსებობის პარალელურად, უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემაც იკვეთება.

ამავე პრობლემას ხედავს ფსიქოლოგი მაია ცირამუაც. მისი თქმით, სისტემა ბავშვზე ორიენტირებული არ არის და ვერც საჭირო სერვისებს აწვდის მათ.

"ვაწყდებით პრობლემას, რომ ან არ არის პროგრამები ან არის და უწყებებმა ამის შესახებ არ იციან. ქვეყანაში უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც პოლიტიკას და კონცეფციას განსაზღვრავს", - ამბობს მაია ცირამუა.

რას გულისხმობს დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმა?

იუსტიციის სამინისტროში შექმნილი ინტერპარტიული ჯგუფი დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. სამუშაო პროცესში ყველა პასუხისმგებელი უწყებაა ჩართული, პროცესს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი წარმართავს. სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გაიმართება.

ჯგუფი ორი მიმართულებით მუშაობს, პირველი - 14 წლამდე ასაკის პირების რეფერირებას უკავშირდება, მეორე - პრევენციის პროცესში უწყებების პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი 14 წლამდე ანტისაზოგადოებრივი ქცევის მქონე, კანონდამრღვევი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება და განათლების ან სოციალური მომსახურების სამინისტროში გადამისამართება იქნება.

შსს გეგმავს დაიწყოს მართლწესრიგის ოფიცრების პროექტი, რომლებიც უბნებში გადანაწილდებიან და არასრულწლოვნების ანტისოციალური ქცევის იდენტიფიცირების ვალდებულება ექნებათ.

იდენტიფიცირების პარალელურად, შსს ბავშვებისა და მშობლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში ჩართვას გეგმავს.

დანაშაულის პრევენციის ფარგლებში კომუნიკაცია შსს-სა და სკოლას შორის სავალდებული იქნება.

"ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია, არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე სკოლის დასრულების შემდეგ. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ პატრული და პოლიცია დავსვათ სკოლაში, თუმცა სკოლის გარეთ უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია", - უთხრა On.ge-ს შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ.

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურას, სხვა პასუხისმგებელი უწყებების მსგავსად, რეფერირების ვალდებულება ექნება.

პროკურატურა იღებს ვალდებულებას სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართოს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ საინფორმაციო კამპანიები აწარმოოს.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კულტურისა და სპორტის სამინისტრო დანაშაულის პრევენციისა და კორექციის მიმართულებით იმუშავებს.

სამინისტრო მასობრივი სპორტის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობს, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ლევან ხარატიშვილი

ფოტო: culturepartnership.eu

"არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და სტატისტიკა, რომ რაც უფრო მეტად არის ჩართული არასრულწლოვანი სახელოვნებო და კულტურულ ღონისძიებებში მით ნაკლებია ალბათობა და სტატისტიკა იმისა, რომ ის დანაშაულს ჩაიდენს", - უთხრა On.ge-ს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა.

სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტო პრევენციის მეორე დონეზე იმუშავებს. მისი სამიზნე ჯგუფი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, ქუჩაში მცხოვრები, ძალადობის მსხვერპლი და განრიდება-მედიაციის პროგრამის მონაწილე არასრულწლოვნები არიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი მიზანი ოჯახის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებებია.

ეთერ ცხაკაია

ფოტო: სალომე ჩადუნელი/On.ge

"ჩვენი ძირითადი საძირკველი ოჯახი და მის გაძლიერებაზე ორიენტირებული მუშაობაა. თუმცა ამისთვის ოჯახის გამაძლიერებელი და დამხმარე მეტი სერვისია საჭირო, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჰყავთ ქცევითი აშლილობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები", - უთხრა On.ge-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, ეთერ ცხაკაიამ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დანაშაულის პრევენციის მიმართულებით გარდამტეხი როლი აქვს. განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, სხვადასხვა ასაკში ბავშვებს ასოციალური ქცევა ახასიათებთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქცევის და რისკების დროულად იდენტიფიცირებაა.

განათლების სამინისტროს გეგმებია:

  • დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სკოლა ვალდებული იქნება ქცევით დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს, ჩარევის ღონისძიებები და არასრულწლოვნისთვის შეთავაზებული პროგრამები სწორად დაგეგმოს;
  • ძალადობისა და ბულინგის შესახებ ინფორმაციის ამაღლების მიზნით, სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, მანდატურების და ფსიქოლოგების გადამზადება გაგრძელდება;
  • არაფორმალურ და ფორმალურ განათლებაში პრევენციული საგანმანათლებლო ღონისძიებები დაიგეგმება. ფორმალური განათლების ეტაპზე სამოქალაქო განათლებასა და ადამიანის უფლებებს დიდი ყურადღება დაეთმობა. არაფორმალური განათლების ეტაპზე კი ბავშვებს სპორტულ და სახელოვნებო აქტივობებში ჩართვის საშუალება ექნებათ;
  • განხორციელდება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიები. გაგრძელდება აქცია "მოვუსმინოთ ბავშვებს", რომლის ფარგლებშიც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ფსიქოლოგებთან ერთად მოსწავლეებს შეხვდებიან და მათ პრობლემებს მოისმენენ;
  • შეიქმნება ვებგვერდი, სადაც ბავშვები და მშობლები, მათთვის პრობლემურ საკითხზე, 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას მიიღებენ;
  • ასოციალური ქცევის მქონე ბავშვებთან მულტიდისციპლინური გუნდი იმუშავებს და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიურ სამსახურში გადაამისამართებს;
  • იგეგმება ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერება. რესურსცენტრის დებულებაში შევა ცვლილება და ყველა რესურსცენტრს ადგილზე ერთი ფსიქოლოგი ეყოლება. იგეგმება ფსიქოლოგის სასკოლო ინსტიტუტის შექმნა;
  • შეიქმნება კრიზისული ინტერვენციის ჯგუფები, რომელიც სკოლაში კონფლიქტის დეესკალაციაზე იმუშავებს;
  • გაძლიერდება პოლიციისა და სკოლის კომუნიკაცია. მანდატური პოლიციას რისკების არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას მიაწვდის;
  • შეიქმნება ერთობლივი რეესტრი, სადაც თავს მოიყრის ყველა ის სერვისი, რომელსაც უწყებები არასრულწლოვნებს დანაშაულის პრევენციის მიზნით შესთავაზებენ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს ამბიციური გეგმები აქვთ. მათ საქმიანობას მონიტორინგს მედიასთან ერთად საზოგადოებაც გაუწევს. მოქალაქეების ინტერესი დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მზარდია. სახელმწიფომ თავი უნდა დააღწიოს ჩარჩოებს და სხვა, დასავლელი პარტნიორების მსგავსად, უნდა დაამტკიცოს, რომ დასჯა გამოსავალი არ არის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ფორმულამ" 4 ოქტომბრის მონაცემებით Edison Research-ის კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
  2. აშშ-ის ავიაციამ იემენი დაბომბა
  3. ვინ (არ) მიულოცა პუტინს დაბადების დღე?!
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ჯარისკაცებს გზავნის

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში აგრესორი რუსეთის…