საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი საბჭოს სხდომების დახურვის ინიციატივით გამოდის. მეთოფიშვილმა საბჭოს სამუშაო პროცესის გამჭვირვალობა რეალითი შოუს შეადარა:

"მე დავაყენებ ამ საკითხს მომდევნო სხდომაზე, რომ საბჭოს სხდომები დაიხუროს. ჩემი აზრით, ახლა არასამუშაო, არაჯანსაღი ატმოსფეროა. მე ამას დავასაბუთებ... გამჭვირვალობამ მოიტანა ის, რომ სამუშაო რეჟიმი გადავიდა რეალითი შოუში."

უმაღლესი საბჭოს სხდომების ღიაობაზე კანონმდებლობაში არაფერი წერია და ამას მხოლოდ რეგლამენტი არეგულირებს. საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ რეგლამენტის შეცვლის შესაძლებლობა რეალურია. საბჭო 15 წევრისგან შედგება, ცვლილებას კი ხმების ორი მესამედი, ანუ 10 ხმა სჭირდება. როგორც ჯანეზაშვილმა On.ge-ს უთხრა, სურვილის შემთხვევაში, საბჭოს სხვა წევრები ინიციატივის განხორციელებისთვის საჭირო ხმებს უპრობლემოდ მოიპოვებენ, რადგან დაახლოებით 12 ადმაიანი ძირითადად ერთ აზრზეა ხოლმე:

"თუ სხდომები დაიხურება, ნიშნავს, რომ საზოგადოება, მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ გაიგებენ, თუ რატომ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მხოლოდ ფორმულად შეეძლებათ გადაწყვეტილებების ნახვა ვებგვერდზე."

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სხდომების დახურვის შემთხვევაში გაჩნდება რისკები, რომ საბჭო პირად ინტერესებსა და პროტექციაზე დაფუძებულ გადაწყვეტილებებს მიიღებეს:

"რეკომენდაციები ევროპის საბჭოს დოკუმენტებში სწორედ იმაზე საუბრობს, რომ გამჭვირვალობა იმიტომ უნდა იყოს, რომ დავიცვათ თავი ასეთი რისკებისგან. რამდენიმე წელია გვაქვს ღია სხდომები, რაც ითვლებოდა ერთგვად მონაპოვრად. შესაბამისად, თუ სხდომები დაიხურება ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი."