ევროკავშირი და საქართველო: ქალების მხარდაჭერა წარმატებისთვის
სამართლიანი საზოგადოების მხარდაჭერა, სადაც ქალები თუ კაცები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და მაღალი ხარისხის განათლების შესაძლებლობებით უზრუნველყოფა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის წარმატებით გასახორციელებლად ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს.
ამ მხარდაჭერის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდა. ამ სტატიის გმირები, ქალები სხვადასხვა რეგიონიდან, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე ჰყვებიან. ისტორიებიდან ჩანს, თუ როგორ ეხმარება ეს თანამშრომლობა მთელი საქართველოს ქალებს ცხოვრების შეცვლაში პრაქტიკულ დონეზე და ქვეყნის გაძლიერებაში.
ბაია და გვანცა - მეღვინეები, რომლებმაც ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ბიზნესად აქციეს
"მეღვინეობა ყოველთვის იყო ჩვენი ოჯახის საქმიანობა, მაგრამ ღვინოს პირადი მოხმარებისთვის ვაკეთებდით, და არა კომერციული მიზნით", - ამბობს ბაია აბულაძე, 24 წლის მეღვინე გოგო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩიდან.
"შემდეგ უკვე ამ საქმიანობით ოჯახის ახალგაზრდა წევრები დავინტერესდით და ვიზრუნეთ იმისათვის, რომ ჩვენი ოჯახური ტრადიცია ბიზნესად გვექცია", - ეს ბიზნესი იყო ბაიას ღვინო.
ბაიას ღვინო 2015 წლიდან გამოდის და ის უკვე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირშიც იყიდება.
ბაია მცირე მეწარმეობას თავის დასთან, გვანცასთგან ერთად უძღვება. ისინი იყენებენ ისეთ იმერულ ჯიშებს, როგორებიცაა "ცოლიკოური", "ციცქა", "კრახუნა" და "ოცხანური საფერე". ბაიას გეგმაა იმ დაკარგული ყურძნის ჯიშების გაშენებაც, რომლებსაც მეურნეობაში აღარ იყენებენ და მხოლოდ ლაბორატორიებშია დაცული.
სამეწარმეო მხარდაჭერა, რომელიც ბაიამ ევროკავშირისგან მიიღო, არაფორმალური განათლების მიღებას, კონტაქტების, გაყიდვებისა და პროდუქციის რეკლამირების გაუმჯობესებას გულისხმობდა.
"ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ მეწარმე ქალთა კონფერენციაზე პრეზენტაცია გავაკეთე და რამდენიმე საინტერესო კონტაქტი დავამყარე. ღონისძიება ორგანიზებული იყო ბრიუსელში ორგანიზაციის WEgate platform-ის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი", - განმარტავს ბაია.
მონაწილეობა მიიღო ევროპის განათლების ფონდის მიერ უკრაინაში ორგანიზებულ კურსში, სადაც შეისწავლა, თუ რა დახმარებას სთავაზობენ ქალებს სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე, ის გზები, რომლის საშუალებითაც წარმატებით აფართოებენ საკუთარ ბიზნესს.
2017 წელს დაიწყო ბაიას ღვინის ექსპორტი ავსტრიაში, ავსტრიელი პარტნიორის დახმარებით, რომელიც მან თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე გაიცნო. 2018 წლის იანვარში ბერლინის მწვანე კვირეულის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა:
"მე, როგორც მეწამრეს, ძალიან დამეხმარა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან ერთად მოაწერა ხელი", - ამბობს ბაია და აგრძელებს: "საგადასახადო განაკვეთი ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის ევროკავშირის გარდა სხვა ქვეყნებში ძალიან მაღალია. ევროპულ ქვეყნებთან კი, ის ახლა განსხვავებულია. ეს შეთანხმება კარგი არჩევანი იყო საქართველოსთვის. ღვინის გატანა ბერლინის გამოფენაზე ჩვენ ყოველგვარი საექსპორტო გადასახადის გარეშე შევძელით".
ბაიას და გვანცა ოჯახურ ბიზნესს მოგვიანებით შეუერთდა. მანამდე ის ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS) პროგრამით შვედეთში ცხოვრობდა.
"გვანცა ახალი, ინოვაციური იდეებით შემოგვიერთდა", - ამბობს ბაია და ამატებს: "ის არა მარტო მართავს ჩვენს ღვინის წარმოებას, არამედ ჩართულია ღვინის ტურიზმის განვითარებაში. მან ჩვენი წარმოება ისეთ საიტებზე დაარეგისტრირა, როგორიცაა TripAdvisor, Booking.com და Airbnb. ჩემმა დამ ევროპული ცოდნა და გამოცდილება გადმოიტანა ჩვენს გარემოში".
მაია და ლია - დევნილები სოფლის მეურნეობაში ახალ მომავალს ნერგავენ
ლია კეკელიშვილმა ოჯახთან ერთად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დატოვა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში დასახლდა. ლია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ტყის ნობათის ერთ-ერთი დამაარსებელია.
"კონფლიქტის ზონიდან დევნილ სხვა ქალებთან ერთად ტრადიციული, ორგანული ასკილის ვარდის ნაყოფის მოსავლის მიღება და დამუშავება გადავწყვიტეთ. ეს არის ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი. საქართველოში მისი ექსტრაქტი ჩაის და წვენის მისაღებად გამოიყენება", - ამბობს ლია.
"თავდაპირველად, ამ ტერიტორიაზე დასახლების შემდეგ ქალებს ცხოვრება გაუჭირდათ. დევნილები ვიყავით. კონფლიქტამდე მასწავლებლად ვმუშაობდი. აქ გადმოსვლის შემდეგ კი არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. ბიზნესის წამოწყება გამოწვევა იყო. ამ სფეროში გამოცდილება არც ერთ ქალს არ ჰქონდა, მათ ვარდის ნაყოფის შეგროვება, გაშრობა და გაყიდვა უნდა ესწავლათ. გარკვეული წინააღმდეგობაც შეხვდათ", - აგრძელებს ლიას დაწყებულ საუბარს კოოპერატივის წევრი მაია გარსიძე.
"თავიდან ჩვენს საქმეს სერიოზულად არც კი აღიქვამდნენ. აქაური ხალხი გაუთავებლად გვეკითხებოდა: რაიმე მოგება გრჩებათ?" - საუბარს კვლავ ლია კეკელიშვილი აგრძელებს.
კოოპერატივის წევრებმა ევროკავშირისგან გრანტის სახით 25 ათასი ევრო მიიღეს. ამ ფულით სათბურებისა და საშრობი თაროების შეძენა შეძლეს, ასევე, მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარება.
ახლახანს ბიოსერთიფიკატი მოიპოვეს, რომელიც მათ საკუთარი პროდუქციის აშშ-ში გაყიდვის საშუალებას აძლევს. სერთიფიკატი ადასტურებს, რომ მცენარეები, საიდანაც ექსტრაქტს იღებენ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იზრდება, დღეისათვის კი აშშ-ში ვარდის ნაყოფის ექსტრაქტის 18 ათასი ბოთლია ექსპორტირებული.
ქალები ამბობენ, რომ იპოვეს ბიზნესის ნიშა, რომელსაც სოფლის სხვა მაცხოვრებლები მანამდე არ აფასებდნენ და მათ ჩასვლამდე აუთვისებელი იყო. ისინი სხვების მიწას იყენებენ, ხოლო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი თავიანთი ოჯახების ახალ საცხოვრებელ ადგილზე თავის გატანაში ეხმარება.
"ამ ბიზნესმა ჩვენი და ჩვენი ოჯახების ცხოვრება შეცვალა", - აღნიშნავს ლია კეკელიშვილი.
ნინო გოზალიშვილი: ელჩი, რომელიც საქართველოს სხვა ახალგაზრდებს ევროკავშირს აცნობს
ნინო გოზალიშვილი "ახალგაზრდა ევროპელი ელჩია", რომლის მიზანია ქვეყნის სხვა ახალგაზრდებისთვის ზუსტი ინფორმაციის გაზიარება ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე.
"მინდა ხალხს ინფორმაცია მივაწოდო ევროკავშირში არსებული უამრავი შესაძლებლობის შესახებ და ვუთხრა მათ, რომ ეს შესაძლებლობები არ არის შორეული მიზანი, რომ მათი გამოყენება შეიძლება აქ და ახლა", - ამბობს ნინო.
2016 წლის ოქტომბრის შემდეგ ნინო "ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების" ქსელის წევრია. 2017 წლის მაისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით პროექტი განახორციელა, ევროპული ფასეულობების შესახებ რაჭის მაღალმთიან რეგიონში. ამ პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში რაჭაში სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის ფასეულობებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.
"ახალგაზრდა ევროპელი ელჩების" ინიციატივაში მონაწილეობამ ჩემთვის უფრო მკაფიო გახადა მისი, როგორც ღია პლატფორმის მნიშვნელობა იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ყველაფერი ერთად საერთო ევროპულ მომავალს ქმნის", - ამბობს ნინო.
ახლა ნინო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ნაციონალიზმის საფუძვლებს სწავლობს, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. მისი კვლევის ძირითადი საკითხია ეროვნული პოპულიზმი დემოკრატიულ საზოგადოებაში. რამდენიმე თვის წინ მუშაობდა რბილი ძალის გავლენის საკითხზე საქართველოში. კვლევამ ნინო დაარწმუნა, რომ არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის მიღებით საზოგადოებას შეიძლება მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს ევროკავშირის მიმართ.
"ვფიქრობ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორი დამყარებული უნდა იყოს კარგად ინფორმირებულ და მცოდნე ფართო საზოგადოებაზე", - ამბობს ის.
"ეს ის მოსაზრებაა, რომლის დამტკიცებაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანას ვცდილობ".
ნანა კაცია - სტუდენტი, რომელიც ქართულ და ევროპულ მუსიკალურ განათლებას აერთიანებს
ნანა კაცია მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც მე-20 საუკუნის მუსიკას იკვლევს. ახლა ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტია და ახლახან ერაზმუს+ პროგრამით ერთი სემესტრი პოლონეთში, კრაკოვის მუსიკალურ აკადემიაში ისწავლა.
ნანა ამბობს, რომ კონსერვატორიის სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შანსი შეზღუდულია. პოლონეთში სასწავლებლად წასვლამ ნანას ევროპელი კომპოზიტორების შიონბერგის, ვაგნერის და მესიანის შემოქმედების შესწავლის და მათი საარქივო მასალის კვლევაში გამოყენების საშუალება მისცა.
"შეუძლებელია კომპოზიტორის ისტორიული და მუსიკალური გავლენის გაანალიზება მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან", - განმარტავს ნანა და ამბობს, რომ ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაცნობის გარეშე მისი კვლევა ძალიან შეზღუდული გამოვიდოდა.
ნანა ამჟამად ერაზმუს+ პროგრამის კოორდინატორია კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების და სამეცნიერო კვლევის დეპარტამენტებში. კრაკოვში დაწყებული კვლევა წელს საბოლოო დისერტაციის სახეს მიიღებს.
"როდესაც სტუდენტი ხარ, უნდა გამოიყენო ყველა შესაძლებლობა, ეწვიო უამრავ ადგილს და მიიღო სხვადასხვა სახის ცოდნა. ეს ჩემთვის, როგორც პიროვნებისა და პროფესიონალისთვის, დიდი გამოწვევა იყო. შემიძლია ვთქვა, რომ მე ბევრი რამ გადავაფასე, რადგან ორივე პერსპექტივა მქონდა", - ამბობს ნანა.
დალი ვეშაგურიძე - სკოლის ბუღალტერი, რომელმაც მასწავლებლებს მებაღეობის მშვენიერება გააცნო
როდესაც დალი ვეშაგურიძემ, სკოლის ბუღალტერმა, თავის თანამშრომელ მასწავლებლებთან ერთად კოოპერატივის დაარსება გადაწყვიტა, მათი ოჯახის წევრები სკეპტიკურად განეწყვნენ: "გვეუბნებოდნენ, ვინ მოგცემთ თქვენ გრანტს, 49 ათას ევროს ვინ დაგანახებთო?"
სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) შესახებ 2015 წელს შეიტყო. როდესაც მან და სკოლის კიდევ ოთხმა მასწავლებელმა კახეთში, ქვემო ალვანში კოოპერატივი ნერგები დააარსეს, მათ ENPARD-ის გრანტი მიიღეს.
"სკოლაში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ჩვენს სახლებში ვბრუნდებოდით, ოჯახების მოსავლელად. მერე, საღამოს ცხრა საათზე, ვიკრიბებოდით და იყო შემთხვევები, რომ შემოგვათენდებოდა ხოლმე. 2015 წლის დამთავრებამდე აგვიშენეს სათბური. პირველ წელს ძალიან ბევრი ვისწავლეთ, მონაწილეობას ვიღებდით საქართველოში ჩატარებულ სხვადასხვა სახის ტრენინგში, გავიცანით ჩვენნაირი ადამიანები ევროპაში. ჩეგვასწავლეს ბუღალტერია, აგრონომია, ადვოკატირება, მარკეტინგი და ბიზნეს პროექტების წერა", - ჰყვება დალი.
მისივე თქმით, კოოპერატივის პრინციპი ყველას ძალიან მოეწონა, რადგან თუ სამუშაოს ერთი ადამიანი შეასრულებს, მისი ხარჯი ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე ხუთი ადამიანის ერთად:
"ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ, გვყავს შვილები და შვილიშვილები, და სუფთა პროდუქტს ვაწარმოებთ".
პირველ წელს კოოპერატივში მხოლოდ კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ. ახლა სეზონზე ექვს ტონამდე პროდუქციას აწარმოებენ და ადგილობრივ ბაზარზე, მეზობელ სოფლებში და ქალაქში ჰყიდიან.
იმის მიუხედავად, რომ მებაღეობა დაიწყეს, კოოპერატივის წევრები აგრძელებდნენ სკოლაში მუშაობას. ზოგიერთ მათგანს ერთად მუშაობის 20 წლამდე გამოცდილება აქვს. ამბობენ, რომ ახლა მათი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა და სამუშაო, რომელსაც მიწაზე ასრულებენ, მათთვის ერთგვარი თერაპიაა.
"მცენარეების მოვლა ისეთივე სასიამოვნო პროცესია, როგორც ოჯახის წევრებზე ზრუნვა", - ამბობს დალი ვეშაგურიძე.
ეს არის ისტორიები ქალებზე, რომლებმაც თავაინთ მიზნებს მიაღწიეს საქართველო-ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად. მათ მსგავსად, საქართველოში ასობით სხვა ქალი და კაცი იყენებს მსგავს შესაძლებლობებს. მათ შორის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის, კულტურის, ახალგაზრდობის და ენერგოეფექტურობის სფეროებში. საქართველოში ყველა ასაკის ადამიანს, როგორც ქალს, ისე მამაკაცს, შანსი აქვს გააკეთოს ის, რაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად ეჩვენებოდა.
ეს სტატია დაიწერა პროექტის "ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო" ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.
კომენტარები