პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ წყალტუბოში 17 წლის ბიჭის მკვლელობა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან ერთად არ ახსენა.

"ამან გამოიწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულისწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ამიტომ, მინდა, გავაკეთო განმარტება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, საქართველოში, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ, ყველგან დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის და რეაგირებაც, რომელსაც სახელმწიფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ტრაგედიაზე, იქნება, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით".

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რათა ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს.

წყალტუბოში 2 დეკემბერს მოზარდი მისმა კლასელმა დანით მოკლა. შსს-ს განმარტებით, ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.