დემოკრატიული პარტიის წევრებისგან შემდგარმა ჯგუფმა კონგრესში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

როგორც გამოცემა Politico წერს, ექვსი დემოკრატისგან შემდგარ ჯგუფს, ასევე, დემოკრატი სენატორი სტივენ კოენი უდგას სათავეში. კანონმდებლების ჯგუფმა ოთხშაბათს, 15 ნოემბერს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით ისინი ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

დოკუმენტის ავტორებს კანონდარღვევის მაგალითად ტრამპის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროს შეფის, ჯეიმს კომის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყავთ. საუბარია, ასევე, ტრამპის მხრიდან, შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე სასამართლოსა და სხვადასხვა სამართლებრივი ინსტანციების მიმართ. კონგრესმენების მიმართვა უკვე გადაეგზავნა წარმომადგენელთა პალატას.

აშშ-ის კონსტიტუცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობას ითვალისწინებს. იმპიჩმენტი პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა დამტკიცდეს მოქმედი პრეზიდენტის პირდაპირი კავშირი და უშუალო მონაწილეობა არაკანონიერ, არაკონსტიტუციურ ქმედებაში.

იმპიჩმენტის შესახებ არსებული ძირითადი კანონის თანახმად, საჭიროა სასამართლო პროცესის გამართვა წარმომადგენელთა პალატაში მხოლოდ, ამ სასამართლოს მიერ გამოტანილი რეკომენდაციის შემდეგ.

საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი გადაეგზავნება სენატს, სადაც იმპიჩმენტის გამოსატანად აუცილებელი იქნება საერთო ხმების ორი მესამედი.

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დემოკრატიული პარტიის წევრებმა ივლისშიც სცადეს, თუმცა მაშინ დოკუმენტმა ვერ მოიპოვა კონგრესმენების მხარდაჭერა.

აღნიშნული ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ, დემოკრატიული პარტია კონგრესში ახალი ინიციატივით შევიდა, რომლის მიხედვითაც ისინი კონგრესს დამოუკიდებული საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობდნენ. აღნიშნულ კომისიას უნდა გამოეკვლია ჰქონდა თუ არა ადგილი შეთანხმებას ტრამპსა და კრემლს შორის წინასაარჩევნო პერიოდში.

აშშ-ის ისტორიის განმავლობაში წარმომადგენელთა პალატამ მხოლოდ ორჯერ გამოუცხადა უნდობლობა მოქმედ პრეზიდენტებს. თავის დროზე წარმომადგენელთა პალატამ უნდობლობა გამოუცხადა ენდრიუ ჯონსონსა და ბილ კლინტონს, თუმცა ორივე მათგანი მოგვიანებით სენატმა გაამართლა და შესაბამისად მათ მოახერხეს პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნება.

იმპიჩმენტის ყველაზე გახმაურებული საქმე თავის მხრივ აშშ-ის 37-ე პრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს უკავშირდება. 1974 წელს იმპიჩმენტის გამოტანის დიდი ალბათობის გამო ნიქსონმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სანაცვლოდ კი მისი შემცვლელისგან ჯერალდ ფორდისგან შეწყალება მიიღო.