საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — რას გვიყვებიან ინიციატივის სულისჩამდგმელები
და, აი, ისიც: დიდხნიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში Starbucks-ის პირველი ფილიალი გაიხსნა! სატესტო რეჟიმში ობიექტი 3 ივლისს ამუშავდა, 13 ივლისიდან კი სტარბაქსი უკვე ოფიციალურად ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში — მომხმარებლებს ყავის დაგემოვნება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში, უკვე შეუძლიათ; მეტიც, ობიექტში ქართულ გემოვნებაზე მორგებული პროდუქტებიც დაგვხვდება.
სტარბაქსი საქართველოში Alshaya Group-ის დახმარებით შემოვიდა. სწორედ ეს კომპანია ფლობს სტარბაქსის ფრენჩაიზს ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე. On.ge-დან სიახლის თაობაზე Alshaya Group-ის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ.
Starbucks-ის გახსნაზე, ამის მნიშვნელობაზე, შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ფიგენ ილგაზი, Starbucks Eurasia-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, და სალეჰ ალშაია, Alshaya Group-ში Starbucks-ის პრეზიდენტი, მოგვიყვებიან.
როგორ მიხვედით გადაწყვეტილებამდე, რომ სტარბაქსი საქართველოშიც უნდა გახსნილიყო? რამ მიგახვედრათ, რომ ქვეყანა ამისათვის მზად იყო?
ფიგენ ილგაზი: "ყველაზე მეტად ჩვენი ყურადღება საქართველოს ყავის ცოცხალმა კულტურამ მიიქცია. აქაური ადამიანები ნამდვილად აფასებენ ყავის თანხლებით ერთმანეთთან გატარებულ დროს, რაც ძალიან ახლოსაა იმასთან, რასაც "სტარბაქსი" მთელ მსოფლიოში წარმოადგენს. Alshaya Group-მა ასევე დაინახა მომხმარებელი, რომელიც არის ცნობისმოყვარე, გლობალურად გათვითცნობიერებული და ღია ახალი გამოცდილებებისთვის. იმ სიყვარულთან ერთად, რომელსაც სტარბაქსის მიმართ ბევრი ქართველი უკვე გამოხატავდა მოგზაურობებისა და საერთაშორისო გამოცდილების წყალობით, ვიგრძენით, რომ სწორი მომენტი იყო საქართველოში ე. წ. სტარბაქსის გამოცდილების შემოსატანად".
როგორც სალეჰ ალშაიამ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, საქართველო უკვე რამდენიმე წელი იყო მათი ყურადღების ცენტრში. გარდა სტარბაქსის მიმართ ქართველების აღფრთოვანებისა, მათ განვითარების პოტენციალიც დაინახეს:
"ახალ ბაზარზე შესვლისას გრძელვადიან პერსპექტივას ვითვალისწინებთ. გვჯეროდა, რომ საქართველო მდგრადი ზრდისთვის შესაბამის პირობებს გვთავაზობდა და ევრაზიაში ჩვენი გაფართოების მომდევნო ბუნებრივი ნაბიჯი იყო. მომხმარებლებისგან დაფიქსირებულმა დიდმა ინტერესმა კიდევ უფრო განგვიმტკიცა რწმენა, რომ ბაზარზე შესასვლელად სწორი დრო იყო", — თქვა სალეჰ ალშაიამ.
რა მნიშვნელობა აქვს ამ სიახლეს სტარბაქსის ქსელისთვის?
ფიგენ ილგაზი: "Starbucks-ისთვის ყოველი ახალი ბაზარი შანსია, რომ ახალ საზოგადოებას დაუკავშირდეს და ამავდროულად ერთგული დარჩეს ბრენდის განმსაზღვრელი ღირებულებებისა. საქართველო ახალ და საინტერესო განზომილებას მატებს Alshaya Group-ის სტარბაქსის ოჯახს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმის ყურება, თუ როგორ ჩამოაყალიბებენ ქართველი მომხმარებლები ბრენდთან უნიკალურ ურთიერთობას და როგორ შეიტანენ წვლილს სტარბაქსის გლობალურ ისტორიაში."
სალეჰ ალშაიას თქმით, Starbucks-ისთვის და Alshaya Group-ისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელია არსებულ პარტნიორობაში, რომელიც უკვე ათწლეულებს ითვლის.
"ყოველ ახალ ქვეყანას შესაძლებლობა მოაქვს ახალი სამომხმარებლო ურთიერთობების დასამყარებლად, ადგილობრივ ტალანტებში ინვესტირებისთვის და ეკონომიკურ ზრდაში წვლილის შესატანად. საქართველო ევრაზიაში ჩვენს ადგილს განამტკიცებს და ჩვენს უცვლელ ნდობასაც ადასტურებს რეგიონის გრძელვადიანი პოტენციალის მიმართ", — გვითხრა ალშაიამ.
ბრენდის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ სტარბაქსის გახსნა საქართველოში სამუშაო ადგილების წარმოქმნას, ადგილობრივად ტალანტების განვითარებასა და ეკონომიკურ საქმიანობას შეუწყობს ხელს. სალეჰ ალშაიას თქმით, იმედოვნებენ იმასაც, რომ სტარბაქსი ქვეყნის მზარდ განვითარებასაც შეუწყობს ხელს "საერთაშორისო ბრენდებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით".
"მომხმარებლის პერსპექტივიდან, სტარბაქსი კიდევ ერთ ახალ შრეს მატებს საქართველოს ისედაც მდიდარ და განვითარებად ყავის კულტურას", — გვითხრა ფიგენ ილგაზმა — "ჩვენი მიზანია შემოვიტანოთ ახალი გამოცდილება, შევქმნათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და გავხდეთ ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან, მუშაობენ, სწავლობენ და დროს ერთად ატარებენ".
ილგაზის გადმოსახედიდან, ხშირად სწორედ ამ ყოველდღიური მომენტების მეშვეობით ახერხებენ ბრენდები, რომ საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ.
გახსნის ცერემონიამ როგორ ჩაიარა?
სალეჰ ალშაიასათვის სტარბაქსის გახსნა იმის სიმბოლო აღმოჩნდა, რომ გრძელვადიანი საინვესტიციო ინიციატივა წარმატებით დასრულდა, ამით კი საქართველოში Alshaya Group-ის მოგზაურობაც დაიწყო.
"უდიდესი ენთუზიაზმი დავინახეთ ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან, რაც მომავლის მიმართ დიდ თავდაჯერებულობას გვმატებს", — თქვა მან.
მომხმარებელთა ენთუზიაზმი ფიგენ ილგაზისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: "ჩემთვის გახსნის ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი მომხმარებლების აღფრთოვანება იყო. ბევრი სტუმარი წლების განმავლობაში ელოდა "სტარბაქსის" შემოსვლას საქართველოში. იმის დანახვა, თუ როგორ იღებდნენ ადამიანები ფოტოებს, აზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას და როგორ აღნიშნავდნენ მის გახსნას მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, შესანიშნავი შეხსენება იყო იმისა, რომ სტარბაქსი უბრალოდ ყავაზე მეტია — ის კავშირებსა და საზოგადოებას ემყარება".
რას სთავაზობს სტარბაქსი ქართველ მომხმარებლებს?
სალეჰ ალშაია: "მომხმარებლები იმ ხარისხს, სტაბილურობასა და სტუმართმოყვარეობას გამოცდიან, რომელმაც სტარბაქსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდად აქცია. ამავდროულად, მზად ვართ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა კაფეებმა ადგილობრივი კულტურა ასახოს და პატივი სცეს მას. ჩვენი ამბიცია მხოლოდ ის არაა, რომ სტარბაქსი შემოვიყვანოთ საქართველოში, არამედ გვინდა სტარბაქსის ისეთი გამოცდილება შევქმნათ, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის ახლობელი და მნიშვნელოვანი იქნება".
ამ მიმართულებით უკვე პირველი ნაბიჯებიც გადადგეს: ფიგენ ილგაზმა სიამაყით გაგვიზიარა, რომ კვების მენიუში პოპულარული ქართული კერძები, ხაჭაპური და ლობიანი, შეიტანეს.
"გახსნის დღიდან უამრავი პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ მომხმარებლებისგან, რომლებიც აფასებენ ჩვენს კაფეებში ნაცნობი ადგილობრივი გემოების ხილვას", — გვითხრა ილგაზმა — "გვჯერა, მომხმარებლები აფასებენ ბრენდებს, რომლებიც პატივს სცემენ ადგილობრივ კულტურას და ამავდროულად ინარჩუნებენ იმ ხარისხსა და გამოცდილებას, რომელსაც გლობალური ბრენდისგან ელიან".
როგორია სტრატეგია საქართველოში, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ და სხვა ფილიალების გახსნასაც ხომ არ გეგმავთ?
სალეჰ ალშაიას თქმით, Alshaya Group საქართველოში გრძელვადიანი პერსპექტივით შემოვიდა და სტაბილური, პასუხისმგებლობიანი ზრდა სურთ. ამის ფარგლებში, მისი თქმით, მთავარი ფოკუსი მომხმარებლისთვის სწორი გამოცდილების მიწოდება იქნება:
"ბაზარზე დიდ პოტენციალს ვხედავთ და დროთა განმავლობაში გაფართოებას ვგეგმავთ. გვჯერა, რომ საქართველო საინტერესო შესაძლებლობებს გვთავაზობს და მოუთმენლად ველოდებით, რომ ქვეყნის საცალო ვაჭრობისა და სტუმართმოყვარეობის სექტორის გრძელვადიანი წევრი გავხდეთ".
ფიგენ ილგაზის გადმოსახედიდან, ზრდასთან ერთად ამაზე მნიშვნელოვანი რამეც არსებობს:
"ზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მომხმარებლებთან ძლიერი ურთიერთობების დამყარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. Alshaya Group-ის უპირველესი ფოკუსი ახლა ჩვენი მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა, ადგილობრივი ტალანტების განვითარება და ბაზრის უკეთ შესწავლაა", — გვითხრა მან.
"მოთხოვნის ზრდასთან ერთად სიამოვნებით განვიხილავთ შესაძლებლობებს, რათა სტარბაქსი საქართველოს კიდევ უფრო მეტ ქალაქში ვიხილოთ", — დასძინა ილგაზმა.
სტარბაქსის წარმომადგენლებს On.ge-დან ბოლოს ისიც ვთხოვეთ, რომ მომხმარებლებისთვის მთავარი სათქმელი გაეზიარებინათ. თბილი, ენთუზიაზმით სავსე დახვედრის გამო სალეჰ ალშაია და ფიგენ ილგაზი მადლიერნი არიან, დაწყებული "მოგზაურობის" გაგრძელებას კი იმედით აღვსილნი ელიან.
"ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი გამოხმაურება და მზად ვართ შევქმნათ ბიზნესი, რომელიც ღირებულებას მოუტანს მომხმარებლებს, პარტნიორებსა და საზოგადოებას", — გვითხრა სალეჰ ალშაიამ — "მოუთმენლად ველოდებით თქვენი ნდობის მოპოვებას და გვსურს, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვიყოთ საქართველოს მომავლის ნაწილი".
სანამ სტარბაქსის ყავას დავაგემოვნებდეთ, თავისი შთაბეჭდილებები და მთავარი სათქმელი ფიგენ ილგაზმაც გაგვიზიარა:
"კარების გაღების მომენტიდანვე ვიგრძენით ქართველი მომხმარებლების აღფრთოვანება და ინტერესი. მოუთმენლად ველოდებით თქვენს უკეთ გაცნობას, თქვენს ყოველდღიურ მომსახურებას და ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ადამიანები შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას, დღესასწაულების აღნიშვნასა და შესანიშნავი ყავით ერთად ტკბობას."

