რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
რუსეთი ტერიტორიული სიდიდით, ბირთვული ქობინებისა და წიაღისეულის ოდენობით მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოა, თუმცა ეკონომიკის მოცულობით ათეულს მიღმაა და მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2%-ზე ნაკლებია. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რომელიც საქართველომ, რუსეთის მხრიდან, მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლად ცნობის გამო გაწყვიტა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები არ შეჩერებულა და 2013 წლიდან გაიზარდა კიდეც, თუმცა 2006 წლამდელ მაჩვენებელს აღარ დაჰბრუნებია.
საგარეო ვაჭრობა
რუსეთი საქართველოს მე-3 სავაჭრო და ადგილობრივი ექსპორტში 1-ელი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთზე ექსპორტდამოკიდებულება ღვინის შემთხვევაში 65%-ს, ხილ-ბოსტნეულის შემთხვევაში კი 80-90%-საც აჭარბებს. ცნობადობა და ჩვეულებრივ პირობებში რეგულაციების სიმცირე, ან მათი სრული უგულებელყოფა, ბაზარს მიმზიდველს ხდის, თუმცა ეს მხოლოდ მონეტის ერთი მხარეა, სიმარტივის პარალელურად ფასები დაბალია, ხოლო პოლიტიკური რისკი მაღალი. ტრადიციულ პოლიტიკურ რისკს 2022 წლის თებერვლიდან სანქციების დარღვევის რისკიც დაემატა.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. დეფოლტამდე 1995-1998 წლებში რუსეთის წილი ექსპორტში საშუალოდ 29%-ს შეადგენდა, ამის შემდეგაც ემბარგომდე თურქეთმა მხოლოდ ორჯერ 2000 და 2004 წლებში გაასწრო. 2006 წელს რუსეთმა ექსპორტში მესამე და 2007 წელს მერვე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო 2008 წელს ათეულის დატოვებაც მოუწია. რუსეთი 2012 წელსაც ექსპორტში 2%-იანი წილით მე-11 პოზიციას იკავებდა.
ეკონომიკური ურთიერთობების წარმოება რუსეთთან პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია. ყველაზე მაღალი წილი რუსეთს როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში და, შესაბამისად, ბრუნვაშიც, შევარდნაძის მმართველობის დროს გააჩნდა, ყველაზე დაბალი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს.
რუსეთის წილი საქართვლოსთვის საგარეო ვაჭრობაში
ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2004-2012 წლების ექსპორტის 6.1% გასაშუალოებულია. 2004-2005 წლებში ის 17%-ს შეადგენდა, 2006 წელს — 8.1%-სა და 2007-2012 წლებში — 2.2%-ს. იმავე პერიოდში 14.7%-დან 6%-მდე შემცირდა იმპორტის წილიც რუსეთიდან.
ემბარგო
2006 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა. იანვარში, სავარაუდო დივერსიის შედეგად, რუსეთმა საქართველო გაზის გარეშე დატოვა. იმ პერიოდში რუსეთი ერთადერთ მომწოდებელს წარმოადგენდა, რომელიც შემდგომ აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა. საგულისხმოა, რომ დივერსიამდე, მოსკოვმა თბილისს გაზის ფასი 1000მ3-ზე $60-დან $110-მდე, ხოლო 2007 წელს უკვე $235-მდე გაუძვირა. პარალელურად იმავე 2006 წელს, ფალსიფიცირებისა და სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით, ქართულ ღვინოსა და მინერალურ სასმელებზე ემბარგო დაწესდა.
როგორ იმუშავა ემბარგომ? მთლიანი ექსპორტი 2005 წელს $865 მლნ-ს, 2006 წელს — $936 მლნ-ს, ხოლო 2007 წელს — $1.2 მლრდ-ზე მეტს შეადგენდა. 2007 წელს, 2005 წელთან შედარებით ჯამური ექსპორტი 42%-ით იყო გაზრდილი. გარდა ამისა, 2006 წელს მშპ 9.4%-ით, ხოლო 2007 წელს რეკორდული 12.6%-ით გაიზარდა. ასევე 2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $1.7 მლრდ დოლარს გადააჭარბა და ქვეყნის სუვერენული რეიტინგი პირველად შეფასდა BB- დონეზე.
უდაოდ მიმზიდველი რიცხვების მიღმა არსებობდა სხვა რეალობაც. რუსეთის ღვინის ბაზარი სხვამ ვერ ჩაანაცვლა. 2007 წელს ჩასაბარებელი ყურძნის ფასი 20 თეთრამდე შემცირდა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით 2026 წლის 45 თეთრს უდრის. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ყურძნის ფასიც გახდა.
რუსული ბაზრის ხელმეორედ გახსნა
2013 წლიდან რუსული ბაზარი საქართველოსთვის კვლავ გაიხსნა და პირველივე წელს რუსეთში ექსპორტმა თანხობრივად რეკორდი მოხსნა, თუმცა წილობრივად ემბარგომდელ პერიოდს არც მაშინ და არც შემდეგ აღარ დაბრუნებია.
საქართველოს შემთხვევაში რუსეთში ექსპორტში პირველ ადგილს ღვინო იკავებს. შეიძლება ითქვას რომ ყოველი 3-დან 2 ბოთლი რუსეთში იყიდება.
ღვინის ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
2013-2014 წლები ბაზრის ხელახლა ჩამოყალიბების პერიოდია. 2015-2016 წლებში რუსეთშიც და უკრაინაშიც ეკონომიკური პრობლემებია. 2017-2021 წლებში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 57%-ს, ხოლო 2022-2025 წლებში 65%-ს შეადგენდა. რუსეთის წილის ზრდა უკრაინაში, ბელარუსსა და ჩინეთში გაყიდვების კლებამაც გამოიწვია.
რუსეთში ექსპორტში პირველ ადგილს ღვინო იკავებს. შეიძლება ითქვას რომ ყოველი 3-დან 2 ბოთლი რუსეთში იყიდება"
რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი ბაზარია. 2025 წელს 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი რუსეთში $2.81-ს, ხოლო სხვა ქვეყნებში საშუალოდ $3.36-ს შეადგენდა, თუმცა ფასი 3$-ზე ნაკლები იყო ცალკე აღებულ პოლონეთსა და უკრაინაშიც. რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი ღვინო ამ ორ ქვეყანაში იყიდება. მაშინ როცა გერმანიაში 1 ლიტრი საექსპორტო ღვინის ფასი $4.73-ია, შეერთებულ შტატებში — $6.17. თითოეულ შემთხვევაში წლიური ექსპორტი $6 მლნ-ის ფარგლებშია.
კითხვაზე რატომ ყიდის მეწარმე რუსეთში ღვინოს $2.81-ად თუ აშშ-ში ფასი $6.17-ია, პასუხი მარტივია. იქ ამ ეტაპზე მეტის მოთხოვნა არ არის. ცნობადობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განსხვავებაა ხარისხშიც, ყურძნის ჯიშსა და ჩამოსხმის ტექნოლოგიებში. ასეთ დეტალურ ინფორმაციას საქსტატი არ აქვეყნებს.
რატომ ყიდის მეწარმე რუსეთში ღვინოს $2.81-ად თუ აშშ-ში ფასი $6.17-ია, პასუხი მარტივია. იქ ამ ეტაპზე მეტის მოთხოვნა არ არის"
ღვინის შემდეგ, რუსეთში ექსპორტში მეორე ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს. ათეულშია ასევე მინერალური წყლები, ხილი, კარტოფილი და ციტრუსი.
მთლიანი ექსპორტისგან განსხვავებით, რუსეთს ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2023 წლიდან პირველი ადგილი მყარად უკავია და მისი წილი 21% შეადგენს, ცალკეულ პროდუქციაზე დამოკიდებულება 80%-საც აღემატება.
ადგილობრივი ექსპორტი რუსეთში 2025 წელს (მლნ. აშშ დოლარი)
ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საგარეო ვაჭრობა უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ
რუსეთში ექსპორტზე საუბრისას ხშირად პირველი ავტომობილები სახელდება. ეს პირდაპირ ასე არაა. უკრაინაში შეჭრამდე ავტოექსპორტმა რუსეთში მაქსიმალურ 32 მლნ-იან მაჩვენებელს 2013 წელს მიაღწია. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა, თუმცა 76 მლნ დოლარს არ გასცდენია, 2023 წლის მეორე ნახევრიდან სანქციების გამკაცრების პარალელურად ექსპორტი დრამატულად შემცირდა. 2024 წელს საქართველომ რუსეთში სულ 158 ათასი დოლარის ღირებულების 8 და 2025 წელს 148 ათასი დოლარის ღირებულების 9 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც შეიძლება ნულოვან ექსპორტადაც მივიჩნიოთ.
2023 წლიდან ავტოექსპორტი ასტრონომიული სიდიდით იწყებს ზრდას შუა აზიის ქვეყნებში. 2024-2025 წლებში ყირგიზეთი, რომელიც ადრე ათეულშიც ვერ ხვდებოდა #1 საექსპორტო პარტნიორი ხდება. ყირგიზეთში ექსპორტი ერთ კვარტალში 1995-2021 წლების ჯამურ ექსპორტსაც აჭარბებს. ყაზახეთი მეორე ადგილზეა. მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთშიც.
ექსპორტის მოცულობის, ერთეულის ღირებულებისა და ყირგიზეთის ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ავტომობილთა ნაწილის საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთია. ირღვევა თუ არა ამით სანქციები? საქართველოს მხრიდან არა. ექსპორტი რუსეთშია აკრძალული და არა ყირგიზეთში, თუ ყირგიზეთს, ან რომელიმე სხვა მესამე ქვეყანას გაჰყავს ავტომობილები რუსეთში, სანქციების დამრევად სწორედ ის მესამე ქვეყანა გამოდის.
სხვა ორმაგი დანიშნულების და მით უმეტეს სამხედრო ტექნიკა საქართველოდან რუსეთში არ გადის. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციების დარღვევის მცდელობის 1700-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი და აღკვეთილი.
რუსეთიდან იმპორტი უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაჩქარდა, რისი უმთავრესი მიზეზიც საავტომობილო საწვავი გახდა. 2022 წელს ზოგადად ნავთობი გაძვირდა, თუმცა რუსული ნავთობი და შესაბამისად ნავთობპროდუქტები ნაკლებად, რის გამოც რუსული საწვავი ქართველი იმპორტიორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა.
2021 წელს საქართველომ რუსეთისგან 135 მლნ დოლარის ღირებულების 225 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შეიძინა, ხოლო 2022 წელს 622 მლნ-ის ღირებულების 658 ათასი ტონა.
ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან
თუ გავასაშუალოებთ 2022-2025 წლებში 2021 წელთან შედარებით რუსეთის წილი ნავთობპროდუქტების იმპორტში თანხობრივად 16%-დან 42%-მდე, ხოლო ტონაჟით 18%-დან 46%-მდე გაიზარდა. ტონაჟით პიკურ მაჩვენებელს 2023 წელს მიაღწია.
2007 წლიდან რუსეთი გაზის ერთადერთი მომწოდებელი აღარაა, თუმცა გარკვეულო ოდენობის გაზს საქართველო რუსეთისგან ისევ ყიდულობს. 2017 წლამდე საქართველო სომხეთში ტრანზიტის საფასურად გატარებული გაზის 10%-ს იტოვებდა, რაც წლიურად 150-200 მლნ მ3-ს შეადგენდა. 2017 წლიდან ნატურის ფორმა ნაწილობრივ, ხოლო 2018 წლიდან სრულად მონეტიზებულმა სისტემამ ჩაანაცვლა.
შაჰ-დენიზის გაზსადენის დამსახურებით საქართველო ძირითადად იაფ აზერბაიჯანულ გაზს იღებს. მოსახლეობისა და თბოსადგურების მოთხოვნა აზერბაიჯანული გაზით კმაყოფილდება. რუსული გაზი კონკურენციაში კომერციულ სექტორში შემოდის, თუმცა მისი წილი მზარდია. სემეკის ანგარიშის თანახმად 2024 წელს საქართველომ რუსეთისგან 788 მლნ მ3 ბუნებრივი გაზი შეიძინა, რაც 2021 წელთან შედარებით ორჯერ და 2020 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია.
2025 წელს ხორბლის იმპორტის 80%, მზესუმზირას ზეთის იმპორტის 83% და ღორების იმპორტის 100% რუსეთიდან განხორციელდა.
ტურიზმი, ინვესტიციები და ფულადი გზავნილები რუსეთიდან
რუსეთი წლებია ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში პირველ ადგილს იკავებს. პანდემიამდე 2019 წელს რუსეთის წილი ტურიზმიდან მიღბულ შემოსავლებში 26%-ს შეადგენდა. 2019 წელს ის 23%-მდე შემცირდა, რისი მიზეზიც, ე.წ. "გავრილოვის ღამის" შემდეგ თავად რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების შეწყვეტა გახდა. 2022 წელს რუსეთის წილმა 25%-ს ისევ გადააჭარბა, რომელიც 2025 წელს 15%-მდე შემცირდა. შემოსავლების დაანგარიშებისას გასათალისწინებელია, რომ რუსეთის მოქალაქეების 31% ტურისტად აღარ ითვლება, რადგან უკვე 1 წელზე მეტია, რაც საქართველოში იმყოფებიან ან აპირებენ დარჩენას, შესაბამისად მათი ხარჯები ამ სტატისტიკაში ვერ მოხვდა.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რუსეთი არც ლიდერია, არც აუტსაიდერი. 30 წელიწადში რუსეთიდან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $1.3 მლრდ შეადგინა, რითაც მან ბრიტანეთის, ნიდერლანდების, აზერბაიჯანის, თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ მეექვსე ადგილი დაიკავა. რუსეთიდან ინვესტიციები ძირითადად დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, უძრავი ქონების, IT და საფინანსო სექტორების მიმართულებით ხორციელდება.
2024 წლამდე რუსეთი ფულად გზავნილებში უცვლელ პირველ ადგილს იკავებდა, მაგრამ 2022 წლამდე მისი წილი მუდმივად მცირდებოდა. 2013-2021 წლებში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 54%-დან 18%-მდე შემცირდა. 2022 წელს უკუპროცესები განვითარდა და რუსეთის წილი 47%-ს გაუთანაბრდა, მათ შორის მეოთხე კვარტალში 60%-ს. 2023 წლის მეორე ნახევრიდან ისევ კლება დაიწყო, ხოლო 2024 წელს მან არათუ პირველი. მეორე ადგილიც დაკარგა. ტენდენცია 2025 წელსაც შენარჩუნდა. 2025 წლის მდგომარეობით ფულად გზავნილებში აშშ პირველ ადგილზეა, მეორე ადგილს იტალია იკავებს, ხოლო რუსეთი მესამე პოზიციას ჯერდება.
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენები საქართველოზე
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენები პოლიტიკურ ნაწილში პროპაგანდაა: "ომში გვითრევენ", "აბა ომი გინდათ?". რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ომის გავლენებმა საქართველოში მშპ-ის ზრდის ტემპი დააჩქარა. 2013-2019 წლებში საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.7%-ს, ხოლო 2022-2025 წლებში 9%-ს შეადგენდა. კოვიდრეგულაციების დაწესებისა და მოხსნის გამო 2020 და 2021 მხედველობაში არ უნდა მივიღოთ. თუ არ ჩავთვლით IT სექტორში დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს, ბოლო წლებში რაიმე მასშტაბური ეკონომიკური რეფორმები არ გატარებულა და ამ შემთხვევაშიც ეს მიმართულება მიგრაციამ დაბუსტა.
რამდენად შეეხო დაჩქარებული ზრდა მოსახლეობას რთული სათქმელია. ინკლუზიურობის გაზომვა უფრო ძნელია. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე უფრო მეტად ასახულიყო, მაგრამ მისი სრული უგულებელყოფა, ამჯერადაც დაუშვებელია.
მშპ-ის ზრდის ტემპი
ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები, რისკები და შესაძლებლობები
2025 წლის ნოემბრიდან საქართველომ ნავთობპროდუქტის ექსპორტი მოულოდნელად მკვეთრად გაზარდა. საუბარი ეხება ადგილობრივ ექსპორტს და არა რეექსპორტს. გაჩნდა ეჭვი, რომ რუსული ნავთობი ექსპორტზე ყულევის ტერმინალის გავლით ხვდებოდა. დადგა მისი დასანქცირების საკითხიც, მაგრამ მოლაპარაკებების შემდეგ საკითხი მოიხსნა. ნავთობპროდუქტების მაღალი ექსპორტი მომდევნო სამი თვეც გაგრძელდა. 2026 წლის მარტის ექსპორტის მონაცემები აპრილის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
ქართული ღვინის 2/3 ისევ რუსეთში იყიდება, დამოკიდებულება ძალიან მაღალია"
რა ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოზე? 2006 წელი აღარაა, მაგრამ ღვინის 2/3 ისევ რუსეთში იყიდება, დამოკიდებულება ძალიან მაღალია. ღვინის ინდუსტრიის უკან რამდენიმე ათეულ ათასი ოჯახი დგას და არა რამდენიმე ბიზნესმენი, რაც სიტუაციას ბევრად ამწვავებს. ახალი ბაზრების პოვნა სწრაფად, მარტივი არც სხვა პროდუქციისთვის იქნება. მართალია უმრავლეს შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე საექსპორტო ფასი ევროპაში, ჩინეთსა და აშშ-ში უფრო მაღალია ვიდრე რუსეთში, მაგრამ ამ უპირატესობის გამოყენება დღესაც შეიძლება. გრძელვადიან პერიოდში რუსული ემბარგო შეიძლება ხარისხის გაუმჯობესებისა და უფრო მეტი შემოსავლის მიღების შანსადაც განვიხილოთ, თუმცა მოკლევადიან პერიოდში მას რყევები მოჰყვება.
საქართველო მთლიანად რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარაა, მაგრამ რუსული გაზის წილი 25%-ზე მეტია, რაც ვერ იქნება უმნიშვნელო, მისი გადაკეტვა კოლაფსის მიზეზი ვერა, თუმცა პრობლემების საფუძველი შეიძლება გახდეს.
საქართველო მთლიანად რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარაა, მაგრამ რუსული გაზის წილი 25%-ზე მეტია, რაც ვერ იქნება უმნიშვნელო"
2019 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა, რაც პირდაპირ უკავშირდება რუსეთის გადაწყვეტილებას შეეწყვიტა ფრენები, ანალოგიური გადაწყვეტილება დარგზე დღესაც უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა ჩამოქცევაზე ლაპარაკი ზედმეტია.
რაც შეეხება სანქციებს, აქ საქართველო საფრთხის წინაშე ორჯერ დადგა: 2023 წელს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ქეისზე და 2025 წელს ყულევის პორტზე. რისკების რეალიზება არ მომხდარა.
რუსეთს პოლიტიკური რისკები მუდამ თან ახლავს"
ბაზრის ზომისა თუ ცნობადობის გათვალისწინებით, რუსული ბაზარი ეკონომიკური თვალსაზრისით მისაღებია, თუმცა სიმართლეა ისიც, რომ რუსეთის ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკის 10%-ზე და მსოფლიო ეკონომიკის 2%-ზე ნაკლებია. გარდა ამისა, რუსეთს პოლიტიკური რისკები მუდამ თან ახლავს, პრობლემას ქმნის არა ცალკეული პროდუქციის რუსეთში გატანა, ან რუსეთიდან შემოტანა, არამედ მასზე მაღალი დამოკიდებულება. თუ რუსეთი ერთ-ერთ ბაზრად იქნა განხილული, ძირითადი აქცენტი კი უფრო მდიდარ და დაბალრისკიან ქვეყნებზე გაკეთდა, დროის გრძელვადიან მონაკვეთში შედეგი საქართველოსთვის ხელშესახები იქნება.
- EU ყულევის პორტის დასანქცირებას, რუსული ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობის გამო, გეგმავს
- "აი ფაქტი": ყულევში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი დგას — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გამოხმაურება
- RS: ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ NOSTOS-ზე, რომელიც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები

კომენტარები