დაარსების დღიდან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი – განათლების განვითარების ერთგული პარტნიორი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი მფლობელი გახდა ჟანა ხაჩატურიანი — ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.

მისი პროფესიული გზა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა პედაგოგმა გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ მოსწავლეებზე, არამედ, მთელ საზოგადოებაზე.

ინტერვიუ ჟანა ხაჩატურიანთან

ქალბატონო ჟანა, რა ემოციები დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი გამარჯვებული გახდით?

პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო მასწავლებლის ჯილდოს დამფუძნებელ ქ-ნ ირინა ხანთაძეს, მის დირექტორ თამარ გურგენიძეს და, რა თქმა უნდა, გენერალურ სპონსორებს — გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და საქართველოს ბანკს.

რაც შეეხება ჩემს განცდებსა და ემოციებს, უშუალოდ დაჯილდოებამდე უჩვეულო სიმშვიდეს ვგრძნობდი, რაც ჩემთვის მართლა არაბუნებრივია, რადგან ძალიან ემოციური ვარ. ვფიქრობ, ასე მშვიდად იმიტომ ვიყავი, რომ საერთოდ არ ველოდი გამარჯვებას. გარდა ამისა, ჩემ გვერდით იდგნენ პიროვნულად თუ პროფესიულად გამორჩეული, საოცარი ადამიანები. მათ შექმნეს ისეთი კომფორტული გარემო, რომლის პირობებშიც უბრალოდ ვერ ინერვიულებდი.

ფოტო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
ფოტოზე: ფინალისტები

რაც შეეხება იმას, თუ რა ვიგრძენი? ეს საკმაოდ რთული აღსაწერია. თავდაპირველად, ნამდვილი შოკი იყო და მერე — მადლიერებისა და სიხარულის სასწაულებრივად ძლიერი გრძნობა. ამასთანავე, ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა.

როდესაც გაღიარებენ ქვეყნის პირველ მასწავლებლად, ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. სრულად გავიაზრე, რომ წინ კიდევ საკმაოდ რთული გზა მაქვს გასავლელი.

რას ნიშნავს ეს აღიარება პირადად თქვენთვის და თქვენი სკოლისთვის?

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ჩემთვის მხოლოდ პირადი აღიარება არ არის, ეს საზოგადოების ნდობისა და დაფასების გამოხატულებაა, რომელიც ააშკარავებს, რომ ჩემი ყოველდღიური, საკმაოდ მრავალფეროვანი შრომა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ჩემთვის ეს ჯილდო იმის სიმბოლოა, რომ რეგიონებსა და სოფლებში თავდაუზოგავად, უხმაუროდ მომუშავე მასწავლებლების შრომას შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ქვეყნის მომავლისთვის.

ეს იყო მოტივატორი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ჩემი სკოლის, მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვისაც. გაჩნდა იმედი, რომ საქმისადმი ერთგულება და შრომა ყოველთვის ფასდება. ერთი სიტყვით, ეროვნული ჯილდო ჩემთვის არის მადლიერება წარსულის მიმართ და ვალდებულება მომავლის წინაშე.

რა გაძლევთ მოტივაციას ამ რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეში?

ძალიან კარგი კითხვაა, რადგან მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და თან რთული პროფესიაა. ის მოითხოვს ემოციურ სიძლიერეს, განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას, უპირობო სიყვარულს მოსწავლეებისადმი, სწრაფი ადაპტაციის უნარს, დათანამშრომლობას. გარდა ამისა,რაც ყველაზე მთავარია, მასწავლებელი თავად უნდა იყოს ღირსეული ადამიანი და პირადი მაგალითით გახდეს ჯანსაღი საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მოქალაქის მოდელი.

ერთადერთი მოტივატორი ამ პროფესიაში ბავშვები არიან — მათი ცნობისმოყვარე თვალები, მათგან წამოსული სიყვარული, რომელსაც შენს გამოხედვაშიც ეძებენ. მათი პატარა გამარჯვებები მასწავლებლისთვის მოტივაციის უდიდესი წყაროა.

როცა ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ მოსწავლე, რომელსაც კითხვა და დასკვნების გამოტანა უჭირდა, ამას უკვე ძალიან მარტივად ართმევს თავს, ეს მოსწავლისა და მასწავლებლის ერთობლივი გამარჯვება და დიდი ბედნიერებაა.

არ დამავიწყდება დაჯილდოების შემდეგ მიღებული სიყვარული, ემოცია, რომელიც ჩემს რეგიონსა და სკოლაში დამხვდა — ბავშვების გაბრწყინებული და ბედნიერი თვალები და აღფრთოვანებული შეძახილები: “მასწ, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ”!

დავამატებ, რომ ჩემი სამუშაო სივრცე საკმაოდ მრავალფეროვანია: სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო ენას, ხოლო ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. აქედან გამომდინარე, მოქმედი თუ ყოფილი სტუდენტების შეტყობინებები, რომლებიც უსაზღვრო სიყვარულითა და მადლიერებით იყო სავსე, ვფიქრობ, ჩემი გულწრფელი დამოკიდებულების შედეგია საკუთარი საქმის მიმართ. ის, რომ შენი ყოველდღიური შრომა ეხმარება ქალაქის დიდ ნაწილს, გახდეს უკეთესი ეს დიდი პასუხისმგებლობაა მოტივაციასთან ერთად.

რა მეთოდებით ცდილობთ, რომ გაკვეთილები მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აქტიური გახდეს?

ყველაზე რთული საკითხი ამ პროფესიაში ალბათ სწორედ ეს არის. ცოდნის გადაცემის პროცესი უნდა იყოს საინტერესო. სწავლება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე იმ აღმაფრენის შექმნა, რომელიც კარგ გაკვეთილზე სულ უნდა იგრძნობოდეს.

ვცდილობ, მოსწავლეებს არასდროს მივაწოდო მზა მასალა, რადგან ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია გამოწვევის ფაზა. ანუ მოსწავლეები უნდა დააფიქრო, დასვა კითხვები და მიიღო ნებისმიერი პასუხი. თანამედროვე მოზარდებს არ უყვართ დიდხანს ფიქრი, ისინი თითქოს დროსთან ერთად აჩქარდნენ, შეიცვალნენ, და თუ ფეხს ვერ აუწყობ, აუცილებლად ჩამორჩები, შესაბამისად, გაკვეთილიც უინტერესო გახდება.

გაკვეთილი საინტერესო მაშინ არის ბავშვისთვის, თუ მოზარდი პროცესის უშუალო მონაწილედ და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ანუ ის უნდა ენდობოდეს მასწავლებელს, უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ფრუსტრაციის შემთხვევაში, რომელიც გარდაუვალია სწავლა-სწავლების პროცესში, მასწავლებელი მისი დამხმარე იქნება, ხოლო წარმატების შემთხვევაში — პოზიტიური უკუკავშირის მიმღები.

ასევე, ძალიან ამართლებს პროექტული სწავლება, რადგან აქ მოსწავლეებს ეძლევათ თავისუფლება, თავად შეარჩიონ საკითხი, დაგეგმონ, განახორციელონ აქტივობები.

მასწავლებლის როლი ფალსიფიკაციაა — მხოლოდ რჩევების მიცემით შემოიფარგლება. საბოლოო სიტყვაც მოსწავლეებს ეკუთვნით, რაც ქმნის ძალიან დიდ მოტივაციას, რადგან ბავშვები თვითონ არიან შემოქმედნი და თვითონვე ახორციელებენ პროექტებს.

რას იტყვით ქვეყანაში არსებულ დღევანდელ ვითარებაზე და როგორ ხედავთ განათლების მომავალს საქართველოში?

დღევანდელ საქართველოში განათლების სისტემა ერთდროულად დიდი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროპული ინტეგრაციის კუთხით გარკვეული დაბრკოლებები შეიქმნა. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ეს პროცესები მხოლოდ საგარეო პოლიტიკის ნაწილი არ არის, რადგან პირდაპირ ისახება განათლებაზე. ევროპული გზა ნიშნავს ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარებას — კრიტიკული აზროვნების, დემოკრატიული კულტურის, თანასწორობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემას. ამიტომ, ევროინტეგრაციისგან ნებისმიერი დაშორება იმ ღირებულებებისგან გამიჯვნაა, რომლებზეც თანამედროვე სკოლა უნდა შენდებოდეს.

ევროპა ჩემთვის ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობას, თანასწორობას, გამჭვირვალობასა და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას. თუ ჩვენ ვშორდებით ამ ღირებულებებს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქის უფლებები სუსტდება, სახელმწიფო ინსტიტუტები ნაკლებად ანგარიშვალდებული ხდება, ხოლო თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი — დაუცველი.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მთავარი მისიაა, რომ მოსწავლეებს განუვითაროს დამოუკიდებელად ფიქრის უნარი იმისთვის, რომ სამომავლოდ დაიცვან საკუთარი და სხვების უფლებები, იყვნენ აქტიური მოქალაქეები. ევროპისა და ევროინტეგრაციისგან დაშორება ქმნის საფრთხეს, რომ ეს ღირებულებები გადაიქცევა თეორიულ სასწავლო მასალად, დაკარგავს აზრს და გამოიწვევს ყოველდღიური ცხოვრებისგან დაშორებას. ეს კი განაპირობებს იმას, რომ მოქალაქეები ნაკლებად დაიჯერებენ საკუთარი ხმის მნიშვნელობას, გაიზრდება ცენზურა, უთანასწორობა, სოციუმში ნიჰილიზმი გაჩნდება, რაც ნაკლებად სახარბიელოა მომავლისთვის.

ეს პროცესები ნამდვილად მოსალოდნელია, რადგან პრეცედენტი უკვე არსებობს. ევროინტეგრაციასთან დაშორების მაგალითია მასწავლებლის ციხეში ყოფნა — მასწავლებლის ადგილი კლასშია! ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მასწავლებლები, ჩემი პროფესიული სოლიდარობა ნინო დათაშვილს!

თუმცა, მიუხედავად რთული მდგომარეობისა, მე მომავალს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან ქართულ განათლებაში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ საქმეს ინოვაციური მიდგომებითა და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჯიუტად იცავენ დემოკრატიულ პრინციპებს. თუ განათლების პოლიტიკა სწორედ ასეთ დამოუკიდებელ, მოაზროვნე და პროგრესული ორიენტაციის მოქალაქეების მენტალიტეტს დაეყრდნობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, მაშინ ჩვენი ქვეყანა კვლავ ევროპისკენ აიღებს გეზს და ისევ ჩადგება განვითარების ნათელ კალაპოტში: იქნება ღია, თავისუფალი და თანასწორი გარემო.

რას ეტყოდით მომავალ თაობას, ვინც მასწავლებლობას აირჩევს პროფესიად და საზოგადოებას მასწავლებლის პროფესიის შესახებ?

ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ იყვნენ გულწრფელნი პროფესიის არჩევის დროს — პედაგოგობა არ არის შემთხვევითი სამსახური, ეს მოწოდებაა. თუ არ გიყვარს, მალე დაიღლები და ხელს ჩაიქნევ. კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ მხოლოდ საგანს კი არ ასწავლიან, არამედ ქმნიან პიროვნებებს. უნდა შეძლონ მოსმენა და მოთმინება. მასწავლებელს მხოლოდ ლაპარაკი არ ევალება, ეს მოსმენის ხელოვნებაა. არ უნდა შეეშინდეთ შეცდომების დაშვების, რადგან ესეც განვითარების ერთგვარი საშუალებაა. და კიდევ, აუცილებლად წაახალისონ კრიტიკული აზროვნება, მისცენ ბავშვებს მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის საშუალება, დასვან შეკითხვები, თუნდაც მათთვის უსიამოვნო. არ გაჩერდნენ განვითარების გზაზე, რადგან საკმარისი ცოდნა უბრალოდ არ არსებობს.

დასასრულს, რას ურჩევთ პედაგოგებს?

დაჯილდოების ცერემონიაზე ქალბატონმა ნინო დობორჯგინიძემ თქვა: მასწავლებელი უნდა იყოს ჯანსაღი საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქობრივი პასუხისმგებლობისა და პროფესიული ღირებულების მატარებელი.

იმავეს ვურჩევ ყველა პედაგოგს.

ინფორმაციისთვის:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის — "The Global Teacher Prize“-ის ნაწილია. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან:

გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;
მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი;
ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მხარდამჭერი და სპონსორი – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC);
მხარდამჭერები – EPAM Georgia და ალტე უნივერსიტეტი.