ყველაფერი, რაც გზის გადაკეტვის ჯარიმებზე უნდა ვიცოდეთ
ჯარიმების გზამკვლევი - გასაჩივრება და ვადები
თუ თქვენ აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 5,000 ლარით დაჯარიმდით და არ იცით, როგორ მოიქცეთ – ეს სტატია თქვენი გზამკვლევია. აქ მარტივად და ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი, როგორ ვიღებთ საჯარიმო ქვითარს, როდის იწყება ვადები, როგორ და სად ხდება გასაჩივრება და რატომ არ უნდა გამოგრჩეთ არც ერთი ნაბიჯი.
მნიშვნელოვანია იცოდეთ: ჯარიმის გასაჩივრების შემთხვევაში, მისი აღსრულების მოქმედება ჩერდება და თანხას არ იხდით.
დაჯარიმება
გზის გადაკეტვის ჯარიმებს აპრილამდე შსს აგზავნიდა ფოსტით, ან სახლში ატანდა პოლიციის თანამშრომლებს. ფოსტით მიღებული ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად, და იწყება გასაჩივრების ათდღიანი ვადის ათვლა. ცოტა სხვანაირად არის საჯაროდ გამოქვეყნებული ჯარიმების შემთხვევაში.
აპრილიდან, მას შემდეგ რაც უწყება გადაიტვირთა, შსს-მ ჯარიმების გამოქვეყნება პირდაპირ საჯაროდ დაიწყო (ეს კანონის დარღვევაა, თუმცა ამაზე მოგვიანებით), გამოქვეყნებასთან ერთად, ჯარიმას უნდა მოჰყვეს მოკლე ტექსტური მესიჯიც თქვენთან. ჯარიმები ქვეყნდება ამ ვებგვერდზე, სადაც ჯარიმა შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი პირადი ნომრით და ქვითრის ნომრით.
ჯარიმის ჩაბარება
როგორც წესი, სმს-ის მოსვლის დღიდან, სადაც შსს გატყობინებთ, რომ საჯაროდ გამოაქვეყნა თქვენი ჯარიმა, იწყება ჯარიმის ჩაბარების ვადის ათვლა. ყოველი შემთხვევისთვის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ნამდვილად გამოქვეყნებულია თქვენი ჯარიმა ამ ვებგვერდზე თქვენი პირადი ნომრით და ჯარიმის ქვითრის ნომრით, რომელიც მოსულ სმს-ში წერია. გამოქვეყნების თარიღიდან იწყება 30 დღიანი ვადის ათვლა - ამ ვადაში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ სრულიად არაფერი. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად და იწყება, როგორც გადახდის 30-დღიანი, ასევე ჯარიმის გასაჩივრების 10 დღიანი ვადის ათვლა, როცა უკვე გასაჩივრებაზე უნდა იზრუნოთ.
როგორ ვიქცევით, თუ სმს არ მოდის?
ამ შემთხვევაში, ქვითრის ნომრის გასაგებად (რომელიც აუცილებლად გჭირდებათ) უნდა დარეკოთ შსს-ს ცხელ ხაზზე (+995 32) 2 41 42 42 და გადაამოწმოთ, თუ თქვენს სახელზე რაიმე ჯარიმა არსებობს.
გასაჩივრება შსს-ში
თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესია არ დაელოდოთ, როდის გავა ჯარიმის გასაჩივრებისთვის გამოყოფილი 10 დღიანი ვადა და ზუსტად მეათე დღეს არ გაასაჩივროთ. უფრო უსაფრთხო ვარიანტია, სმს-ის მოსვლიდან და ჯარიმის გამოქვეყნებიდან გადაითვალოთ 36-ე ან 37-ე დღე და ამ დღეს შეიტანოთ საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ე.წ. შუშებიან შენობაში. მისამართი:
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
ნოე რამიშვილის ქ. №38, თბილისი, 0179
ტელეფონი: (032) 241-42-42
საჩივრის შაბლონი შეგიძლიათ ნახოთ აქ, და შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემები. საჩივარს შსს-ში შეტანისას ასევე უნდა ახლდეს საჯარიმო ქვითრის ასლი და თქვენი პირადობის მოწმობის ასლი.
ამ დოკუმენტების გაგზავნა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ფოსტითაც შეგიძლიათ.
შსს-ს პასუხი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს 1-დან 3 თვემდე ვადა, რომ ჩვენს საჩივარზე გამოიტანოს გადაწყვეტილება და გვაცნობოს პასუხი - დააკმაყოფილა თუ არა, ჩვენი საჩივარი. როგორც წესი, სამინისტროსგან ეს პასუხი უარია, და ეს უარი გვეგზავნება ფოსტით.
ფოსტით გამოგზავნილი დადგენილების გასაჩივრება უკვე სასამართლოში შეგვიძლია, დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
რა მოხდება, თუ ფოსტით გამოგზავნილ დადგენილებას არ ჩავიბარებთ? ანუ არ მივაკითხავთ ფოსტაში და არ ავიღებთ წერილს?
იურისტები ამის გაკეთებას არ გვირჩევენ. მართალია, წესით და რიგით, შსს-ს აქვს ვალდებულება, ჩაუბარებლობის შემთხვევაში მეორედაც გამოგვიგზავნოს დადგენილება ფოსტით, მაგრამ შესაძლოა ასე არ მოიქცნენ. სწორედ ამას ვგულისხმობდით სტატიის დასაწყისშიც — წესით და რიგით, შსს-მ ჯარიმის საჯაროდ გამოქვეყნებამდე, ჯერ ორჯერ უნდა სცადოს, ფოსტით გამოგვიგზავნოს საჯარიმო ქვითარი, თუმცა ასე არ იქცევიან და ჯარიმას პირდაპირ აქვეყნებენ. ამიტომ, უმჯობესია ფოსტით ჩვენთვის გამოგზავნილი დადგენილება მალევე ჩავიბაროთ და ვიზრუნოთ სასამართლოში გასაჩივრებაზე.
გასაჩივრება სასამართლოში
შსს-სგან გამოგზავნილ დადგენილებას ვასაჩივრებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.
რა უნდა ვიცოდეთ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოში არ შედის სარჩელი, არამედ საჩივარი, რაც გაცილებით მარტივი დასაწერია. საჩივარი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროში.
აქ არის საჩივრის შაბლონი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სასამართლოსთვის. საჩივარში უნდა შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემები და ეს ორი მოთხოვნა წამოაყენოთ.
- დაკისრებული ჯარიმის ბათილად ცნობა (საჯარიმო ქვითრის მითითებით)
- შსს-ს დადგენილების (უარის) ბათილად ცნობა.
საჩივარს ასევე უნდა დავურთოთ:
- საჯარიმო ქვითრის ასლი
- დადგენილების (უარის) ასლი
- პირადობის მოწმობის ასლი
არ დაგავიწყდეთ, ყველა ეს დოკუმენტი სასამართლოში უნდა მიიტანოთ ორ ეგზემპლარად. ვინაიდან, ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე კი ეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ხელმოწერილ დოკუმენტებს აბარებთ სასამართლოს კანცელარიაში. თანხას არ იხდით, რადგან ადმინისტრაციულ საჩივრებზე სასამართლო ბაჟი არაა დაკისრებული.
სასამართლოში საჩივრის მიღების ბარათი
დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ, სასამართლო კანცელარია გადმოგცემთ საჩივრის მიღების ბარათს, სადაც წერია: ვინ შეიტანა საჩივარი, როდის და სხვა დეტალები. ამ ფურცელზე ასევე მითითებული იქნება თქვენი მომხმარებელი და პაროლი, რომლითაც შეხვალთ სასამართლოს ვებგვერდზე და ნახავთ თქვენი საქმის შესახებ არსებულ მასალებს.
ეს ფურცელიც ორ ეგზემპლარად გადმოგეცემათ, ერთი თქვენ უნდა დაიტოვოთ, მეორე კი განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის. შეგიძლიათ ეს ცნობა ფიზიკურად მიიტანოთ ნოე რამიშვილის 38 ნომერში, კახეთის გზატკეცილზე ე.წ. შუშებიან შენობაში და ჩააბაროთ თქვენს განცხადებასთან ერთად. განცხადებაში უნდა ეწეროს, რომ შსს-ს ინფორმაციას აწვდით მათი დაკისრებული ჯარიმის და უარის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შესახებ და ითხოვთ ჯარიმის აღსრულების შეჩერებას.
ასევე შეგიძლიათ ეს განცხადება და სასამართლოს კანცელარიის მიერ გადმოცემული ფურცელი, ფოსტით გაგზავნოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. (იმავე მისამართზე, ნოე რამიშვილის №38)
რისთვის გვჭირდება ეს?
ეს მოქმედება საჭიროა, რათა ჯარიმის აღსრულება შეჩერდეს, რადგან სასამართლოშია გასაჩივრებული. ანუ ჯარიმის გასაჩივრების შესახებ შსს-სთვის ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებს გვევალება (და არა სასამართლოს).
შსს-სთვის ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, შეგიძლიათ უკვე მშვიდად დაელოდოთ სასამართლო განხილვის ჩანიშვნას.
სასამართლო განხილვა
როდის განიხილავს სასამართლო თქვენს საჩივარს?
კარგი შეკითხვაა, თუმცა ზუსტი პასუხი არავინ იცის. არსებობს 6-7 თვის წინ გასაჩივრებული ჯარიმები, რომელთა განხილვაც სასამართლოში ჯერ არ ჩანიშნულა. იურისტების განმარტებით, თუ განსაკუთრებული პოლიტიკური ინტერესის გამო არ გადაწყდა ამ საქმეების დაპრიორიტეტება, წინ რამდენიმე გრძელი თვე გაქვთ, სანამ განხილვა ჩაინიშნება.
სასამართლო ვალდებულია ზეპირი მოსმენა ჩაატაროს ამ საჩივარზე, მოსმენის თარიღს მოსამართლის თანაშემწე შეგატყობინებთ. ზეპირი მოსმენის შემდეგ, სასამართლომ უნდა გამოიტანოს დადგენილებაც, რომელიც უკვე სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება, ოღონდ აქამდე ჯერ იმდენი დროა, რომ იურისტების რჩევებით ახლა არ დაგღლით.
კომენტარები