ალის ნისლეული (NGC 2024) ვარსკვლავების წარმომქმნელი რეგიონია, რომელიც ორიონის თანავარსკვლავედში, ჩვენგან 1 400 სინათლის წელიწადის მოშორებით, მდებარეობს.

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა (JWST) სწორედ ამ ნისლეულში დააფიქსირა იუპიტერის ზომის სხეულები, რომლებიც შესაძლოა, ასტრონომიის ერთ-ერთ უმთავრეს კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმაროს.

ისინი ყავისფერი ჯუჯებია. ყავისფერი ჯუჯა ციური სხეულია, რომელიც ვარსკვლავსა და პლანეტას შორისაა. მას ხშირად შეუმდგარ ვარსკვლავსაც უწოდებენ, რადგან საკმარისად ვერასდროს მკვრივდება და ცხელდება იმისთვის, რომ მნათობი გახდეს. საბოლოოდ ასეთი ობიექტები ცივდება და მკრთალ, ძლივს შესამჩნევ სხეულებად იქცევა.

ასტრონომებს დიდი ხნის განმავლობაში აინტერესებდათ, თუ რამდენად პატარა შეიძლება იყოს ყავისფერი ჯუჯა, რადგან სტანდარტული ტელესკოპით მისი დანახვა შეუძლებელია. მათგან განსხვავებით, JWST ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ მგრძნობიარეა, იგი მას სითბოდ აღიქვამს. სწორედ ამიტომ, ტელესკოპმა ალის ნისლეულში შედარებით ცხელი და ნათელი ახალგაზრდა ყავისფერი ჯუჯების ძებნა დაიწყო. იქ არსებულ აირისა და მტვრის მასებს ტელესკოპის ინფრაწითელი დეტექტორებისთვის ხელი არ შეუშლია.

ასევე იხილეთ: ვების ტელესკოპმა რეკორდულად პატარა ვერშემდგარი ვარსკვლავი დააფიქსირა

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI, Michael Meyer (University of Michigan), Matthew De Furio (UT Austin), Massimo Robberto (STScI), Alyssa Pagan (STScI)

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI, Michael Meyer (University of Michigan), Matthew De Furio (UT Austin), Massimo Robberto (STScI), Alyssa Pagan (STScI)

JWST-მ იუპიტერზე ორჯერ ან სამჯერ უფრო მასიური სხეულები დააფიქსირა, თუმცა ტელესკოპს იუპიტერის მასის ნახევრის მქონე სხეულების დანახვაც შეუძლია. ეს უფრო მცირეა მაჩვენებელია, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ.

NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ყავისფერ ჯუჯებს უკვე ათწლეულებია ეძებს. სწორედ ამ ობსერვატორიამ იპოვა რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი ალის ნისლეულის რეგიონში, კონკრეტულად კი ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსში. ეს საქმე საბოლოოდ JWST-მ დააგვირგვინა. მეცნიერები ამბობენ, რომ უკანასკნელი მიგნება ყავისფერი ჯუჯების შესწავლის საკითხში ნამდვილი "კვანტური ნახტომია".

"ყავისფერ ჯუჯებზე დაკვირვება ძალიან რთულია, მითუმეტეს ასეთ რეგიონებში. ჰაბლის ტელესკოპის 30-წლიანი მონაცემები მიგვანიშნებდა, რომ ყავისფერი ჯუჯების შესახებ მეტის გასაგებად ალის ნისლეული ძალიან კარგი სამიზნე იყო. ამ საკითხის სრულად შესასწავლად მხოლოდ ვების ტელესკოპი გვაკლდა", — განმარტავს მეთიუ დე ფურიო, ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის ასტრონომი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ JWST-ს უნარი, დაშალოს სინათლე მის შემადგენელ ტალღურ სიგრძეებად, დაგვეხმარება პლანეტას, ყავისფერ ჯუჯასა და ვარსკვლავს შორის უფრო ზუსტი ზღვარი გავავლოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.