ვების ტელესკოპმა რეკორდულად პატარა ვერშემდგარი ვარსკვლავი დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენგან 1000 სინათლის წლის მოშორებით 3 ვერშემდგარი ვარსკვლავი დააფიქსირა. ესაა ყავისფერი ჯუჯა ტიპის ციური სხეულები, რომლებსაც სულ ცოტა მასა დააკლდა იმისთვის, რომ მნათობად ქცეულიყო. მათგან ერთ-ერთი ჩვენთვის ცნობილი ყველაზე მცირე ზომის ასეთი ობიექტია.
მისი მასა იუპიტერისას მხოლოდ დაახლოებით 3-ჯერ აღემატება, რაც ყავისფერი ჯუჯების ფორმირების ამჟამინდელ თეორიებს გამოწვევის წინაშე აყენებს. ეს შესაძლოა, ასტრონომებს პლანეტებსა და ვარსკვლავებს შორის მასის უფრო ზუსტი ზღვრის დადგენაში დაეხმაროს.
"ერთი უმარტივესი კითხვა, რომელსაც ნებისმიერ ასტრონომიულ სახელმძღვანელოში წააწყდებით, იმას ეხება, თუ როგორია ყველაზე პატარა ვარსკვლავები? სწორედ ამაზე პასუხის გაცემას ვცდილობთ", — აცხადებენ მეცნიერები.
ეს ყავისფერი ჯუჯები სპეციალისტებმა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ახლო ინფრაწითელი კამერით გადაიღეს ვარსკვლავთა შეჯგუფებაში, რომელიც IC 348-ის სახელითაა ცნობილი. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ თითოეული ზემოხსენებული ობიექტი ინფრაწითელ გამოსხივებას გამოყოფს, რაც მათი წარმოქმნის დროინდელი სითბური ემისიაა.
///
ახლო ინფრაწითელი სპექტროგრაფით ჩატარებულმა დამატებითმა დაკვირვებებმა მეცნიერებს ფონური გალაქტიკებისგან ყავისფერი ჯუჯების გამიჯვნის საშუალება მისცა და 8 კანდიდატი ობიექტის რაოდენობა 3-მდე დაიყვანა.
ყავისფერი ჯუჯები სუბვარსკვლავური ობიექტებია, რომელთაც საკმარისი მასა არ აქვს იმისთვის, რომ მათ შუაგულში მნათობებისთვის დამახასიათებელი, წყალბადის ბირთვული რეაქციები დაიწყოს. ისინი არც პლანეტების კატეგორიაში ჯდება, რადგან უფრო დიდია, ამიტომ ერთგვარ გარდამავალ ფაზას წარმოადგენს.
უცნობია, როგორია ის კონკრეტული მინიმუმი მასა, რომელიც ყავისფერ ჯუჯას შეიძლება ჰქონდეს. ამ მხრივ ახალაღმოჩენილი ციური სხეული საინტერესოა. მის გარემომცველ აირის ღრუბელს ისეთი გრავიტაცია არ უნდა ჰქონოდა, რომ ამგვარი ობიექტი მნათობის მსგავსად წარმოექმნა. ასევე, პლანეტებისთვის დამახასიათებელ ფორმაციასაც ვერ შეუწყობდა ხელს.
"კითხვა შემდეგში მდგომარეობს: როგორ მიმდინარეობს ფორმაციის პროცესი ასეთი ძალიან, ძალიან მცირე მასების შემთხვევაში?", — ამბობენ ავტორები.
კომენტარები