რატომ არ ვარ თვისებრივი დუალისტი
რამდენიმე წერილში მე ვამტკიცებდი, რომ „გონება-სხეულის“ ტრადიციული პრობლემის ფილოსოფიურ ნაწილს (თუმცა არა ნეირობიოლოგიურ ნაწილს) აქვს საკმაოდ მარტივი და ცხადი გადაწყვეტა: ჩვენი ყველა მენტალური ფენომენი გამოწვეულია ჩვენი ტვინის შედარებით დაბალი დონის ნეირონული პროცესებით და ტვინში ხორციელდება, როგორც უფრო მაღალი დონის, სისტემური თვისებები. აქ მიზეზობრიობის ფორმაა „ქვემოდან ზემოთ“ (Bottom-up), რამდენადაც უფრო დაბალი დონის ელემენტების, სავარაუდოდ ნეირონებისა და სინაფსების, ქცევა იწვევს უფრო მაღალი დონის ანუ ცნობიერების და ინტენციონალობის სისტემურ თვისებებს. მიზეზობრიობის ეს ფორმა, სხვათა შორის, საკმაოდ ხშირია ბუნებაში;
მაგალითად, სიმყარის უფრო მაღალი დონის თვისება მიზეზობრივად აიხსნება უფრო დაბალი დონის ელემენტების, მოლეკულების, ქცევით. ვინაიდან ეს თვალსაზრისი ხაზს უსვამს მენტალურის ბიოლოგიურ ხასიათს, და რადგან ის განიხილავს მენტალურ ფენომენებს, როგორც ბუნების ჩვეულებრივ შემადგენელ ნაწილებს, მე მას ვუწოდე ბიოლოგიური ნატურალიზმი.
მრავალი ადამიანისთვის ბიოლოგიური ნატურალიზმი საკმაოდ ჰგავს თვისებრივ დუალიზმს. ვინაიდან მე მიმაჩნია, რომ თვისებრივი დუალიზმი მცდარია, მინდა ვცადო, ნათელი მოვფინო განსხვავებებს ამ ორ მიდგომას შორის და გამოვააშკარავო თვისებრივი დუალიზმის სუსტი მხარეები. ამრიგად, ამ მოკლე წერილს აქვს ორი საკითხი, რომელიც მისი სათაურის ორმაგ მნიშვნელობაშია გამოხატული: რატომ არ არის ჩემი შეხედულებები იგივე, რაც თვისებრივი დუალიზმი; და რატომ მიმაჩნია, რომ თვისებრივი დუალიზმი მიუღებელია.
რათქმაუნდა, „გონება-სხეულის“ რამდენიმე პრობლემა არსებობს. ერთი, რომელსაც მე ამ სტატიაში განსაკუთრებით ვუტრიალებ, არის ურთიერთობა ცნობიერებასა და ტვინის პროცესებს შორის. ვფიქრობ ამ განხილვის დასკვნები გას „გონება-სხეულის“ პრობლების სხვა მახასიათებლებსაც გასწვდება, როგორიცაა, მაგალითად, ინტენციონალობასა და ტვინის პროცესებს შორის კავშირი. მაგრამ სიმარტივისთვის მე ყურადღებას შევაჩერებ მხოლოდ ცნობიერებაზე. ამ განხილვის ფარგლებში „გონება-სხეულის პრობლემა“ ეხება იმას, თუ როგორ უკავშირდება ცნობიერება ტვინს.
ამგვარად გაგებული „გონება-სხეულის“ პრობლემა ფილოსოფიაში შემორჩენილია ორი ინტელექტუალური შეზღუდვის გამო:
- პირველი, ჩვენ მართლა არ ვიცით როგორ იწვევს ტვინის პროცესები ცნობიერებას;
- მეორე, ჩვენ ისევ ვიყენებთ ტრადიციულ ლექსიკონს, რომელიც ერთმანეთს უპირისპირებს მენტალურს და ფიზიკურს, გონებას და სხეულს, სულს და ხორცს ისეთი ფორმით, რომელიც ბუნდოვანი და მოძველებულია ჩემი აზრით.
მე არ შემიძლია დავძლიო ჩვენი ნეირობიოლოგიური უცოდინრობა, მაგრამ სულ მცირე ის მაინც შემიძლია, რომ კონცეპტუალური გაუგებრობის დაძლევა ვცადო; და ეს არის ერთ-ერთი რამ რასაც მე ამ სტატიაში ვცდი.
ვფიქრობ, ამ ორი შეზღუდვის, ტვინის მუშაობის უცოდინრობის და ტრადიციული ლექსიკონის გაზიარების, შედეგია, რომ მრავალი ადამიანისთვის მიმზიდველია თვისებრივი დუალიზმი. სანამ გავაკრიტიკებდე, მინდა ვცადო, ავხსნა მისი მიმზიდველობა თვითონ ამ თეზისის ისე დამაჯერებლად ჩამოყალიბებით, რამდენადაც შევძლებ. რა თქმა უნდა, არსებობს თვისებრივი დუალიზმის განსხვავებული ვერსიები, მაგრამ რისი ჩამოყალიბების იმედიც მაქვს, არის ვერსია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩემს შეხედულებებთან და რომელსაც, შესაბამისად, ყველაზე დიდ დაბრკოლებად მივიჩნევ. მე არაფერს ვიტყვი „ნეიტრალურ მონიზმზე“, პანფსიქიზმზე და ორმაგი ასპექტის თეორიის სხვა ფორმებზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ თვისებრივი დუალიზმისთვის არგუმენტების მოყვანისას მომიწევს, გამოვიყენო ტრადიციული ტერმინოლოგია, რომელსაც შემდგომ უკუვაგდებ.
თვისებრივი დუალისტისთვის სამყარო ასე გამოიყურება:
აშკარად არსებობს განსხვავება ცნობიერებას და მატერიალურ ანუ ფიზიკურ სამყაროს შორის. ჩვენ ეს ვიცით ჩვენი პირადი გამოცდილებიდან, მაგრამ ეს მეცნიერებიდანაც ასევე ცხადია. მატერიალური სამყარო საჯაროდ ხელმისაწვდომია და ზუსტად ისეთია, როგორადაც აღწერილია ფიზიკის, ქიმიის და სხვა „მკაცრი მეცნიერებების“ მიერ; მაგრამ ცნობიერი, განცდისმიერი, ფენომენოლოგიური სამყარო არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. ის არსებობს, როგორც გამორჩეულად პირადი. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით ჩვენი შინაგანი, პირადი, სუბიექტური გამოცდილებებიდან. ყველამ ვიცით, რომ ცნობიერების პირადი სამყარო არსებობს, ასევე ვიცით, რომ ის რეალური სამყაროს ნაწილია, და ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ თავსდება ის საჯარო, მატერიალურ სამყაროში. კერძოდ, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, თუ როგორ თავსდება ის ტვინში.
ვინაიდან არც ცნობიერება და არც მატერია არ დაიყვანება ერთიმეორეზე, ისინი სამყაროს გამორჩეული და განსხვავებული ფენომენებია. მათ, ვისაც სჯერა, რომ ცნობიერება არის დაიყვანება მატერიამდე, მატერიალისტებს უწოდებენ, მათ ვისაც სჯერათ, რომ მატერია დაიყვანება ცნობიერებამდე იდეალისტებს. ორივე ერთი და იმავე მიზეზის გამო ცდება. ორივე ცდილობს, გააუქმოს რაღაც ისეთი, რაც სინამდვილეში თავისთავად არსებობს და არ შეიძლება სხვა რამემდე იქნეს დაყვანილი. ასე რომ, რადგან ორივე-მატერიალიზმი და იდეალიზმი-მცდარია, ერთადერთი გონივრული ალტერნატივა არის დუალიზმი. მაგრამ სუბსტანციური დუალიზმი, რიგი მიზეზების გამო, ლაპარაკადაც კი არ ღირს. მაგალითად, მას, პირველ რიგში, არ შეუძლია ახსნას, თუ როგორ გაჩნდა სპირიტუალური სუბსტანციები. ასევე არ შეუძლია ახსნას თუ რა მიმართებაში არიან ისინი ფიზიკურ სამყაროსთან. ამიტომ თვისებრივი დუალიზმი ერთადერთი საღი თვალსაზრისია „გონება-სხეულის“ პრობლემაზე. ცნობიერება ნამდვილად არსებობს, მაგრამ ის არ არის ცალკე, დამოუკიდებელი სუბსტანცია, არამედ უპირატესად ის ტვინის თვისებაა.
თვისებრივი დუალიზმი ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ ოთხი დებულებით. პირველი სამი არის მოსაზრება, რომლებსაც თვისებრივი დუალისტი ემხრობა, ხოლო მეოთხე არის აშკარა შედეგი და სირთულე, რომელსაც პირველი სამი გულისხმობს:
- არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი მეტაფიზიკური კატეგორია, რომელიც მთელ ემპირიულ რეალობას შეადგენს: არსებობს ფიზიკური ფენომენები და მენტალური ფენომენები. ფიზიკური ფენომენები არსებითად ობიექტურია იმ გაგებით, რომ ისინი არსებობენ ადამიანების ან ცხოველების სუბიექტური გამოცდილებებისგან დამოუკიდებლად. მენტალური ფენომენები სუბიექტურია, ვინაიდან ისინი არსებობენ მხოლოდ ადამიანების ან ცხოველების მიერ განცდილი სახით.
- რადგან მენტალური მდგომარეობები არ დაიყვანება ნეირობიოლოგიურ მდგომარეობებზე, ამიტომ ისინი არის რაღაც მკვეთრად განსხვავებული და ნეირობიოლოგიურ პროცესებზე მაღლა მდგომი. რადგან მენტალური ფიზიკურზე, ცნობიერება ნეირობიოლოგიაზე არ დაიყვანება, ეს არის მენტალურის გამორჩეულობის თავისთავად საკმარისი დადასტურება და ამტკიცებს იმასაც, რომ მენტალური არის ნეირობიოლოგიაზე მაღლა მდგომი რამ.
- მენტალური ფენომენები არ წარმოადგენს განცალკევებულ ობიექტებს ან სუბსტანციებს, არამედ ადამიანივით ან ცხოველივით რთული არსების მახასიათებლები ან თვისებებია. ამრიგად, ნებისმიერ ცნობიერ ცხოველს, როგორიცაა ადამიანი, ექნება ორი ტიპის თვისებები, მენტალური და ფიზიკური.
- მოცემული დაშვებების გათვალისწინებით თვისებრივი დუალიზმის უმთავრესი პრობლემა ისაა, თუ როგორ შეუძლია ცნობიერებას მიზეზობრივად მოქმედება. არსებობს ორი შესაძლებლობა და არცერთი მათგანი არ ჩანს მიმზიდველი. ჯერ ერთი, დავუშვათ - რაც გონივრული უნდა იყოს - რომ ფიზიკური სამყარო მიზეზობრივად ჩაკეტილია. ის ჩაკეტილია იმ აზრით, რომ მის მიღმა მყოფს, არაფერ არაფიზიკურს არ შეუძლია ოდესმე მიზეზობრივი გავლენა იქონიოს ფიზიკური სამყაროში. თუ ეს ასეა და ფიზიკური სამყაროს ნაწილი არაა ცნობიერება, მაშინ გამოდის, რომ ის უნდა იყოს ეპიფენომენალური. ესე იგი, მთელი ჩვენი ცნობიერი ცხოვრება არანაირ როლს არ თამაშობს ჩვენს ნებისმიერ ქცევაში. მეორე მხრივ, ჩვენ შეიძლება დავუშვათ, რომ ფიზიკური სამყარო არ არის მიზეზობრივად ჩაკეტილი, რომ ცნობიერებას შეუძლია მიზეზობრივად იმოქმედოს ფიზიკური ქცევის წარმოქმნაზე. მაგრამ ეს, როგორც ჩანს, მეორე თავსატეხს გვიჩენს. რადგან ჩვენ ვიცით, მაგალითად, რომ როდესაც მე ჩემს მკლავს ავწევ, ამას აქვს ისტორია, რომელიც მიმდინარეობს ნეირონების აგზნების, ნეიტროტრანსმიტერების და კუნთების შეკუმშვის დონეზე და, რომელიც სრულებით საკმარისია ჩემი მკლავის მოძრაობის ასახსნელად. ამრიგად, თუ დავუშვებთ, რომ ცნობიერებაც მონაწილეობს ჩემი მკლავის მოძრაობაში, მაშინ გამოდის, რომ მიზეზობრიობის ორი განსხვავებული ვერსია გვაქვს, რომელთაგან არცერთი არ დაიყვანება მეორეზე; მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი სხეულის მოძრაობებს ზედმეტად ბევრი მიზეზი აღმოაჩნდება და ჩვენ მივიღებთ მიზეზობრივი სიჭარბეს (Overdetermination).
თვისებრივი დუალისტების კონცეფცია ცნობიერებისა და დანარჩენ რეალობასთან მისი მიმართების შესახებ უკიდურესად მცდარი მგონია. თვისებრივი დუალიზმისგან ჩემი შეხედულებების განსხვავების გამოკვეთა, ყველაზე უკეთ შემიძლია იმის ჩამოყალიბებით, თუ როგორ გავუმკლავდებოდი იმავე საკითხებს.
- არსებობს არა ორი (ხუთი ან შვიდი) ფუნდამენტური ონტოლოგიური კატეგორია, არამედ თავად კატეგორიზაციის აქტია ტენდენციური. ამიტომ უშინაარსოა ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობა, როგორიცაა „რამდენი ფუნდამენტური მეტაფიზიკური კატეგორია არსებობს?“. ჩვენ ვცხოვრობთ ზუსტად ერთ სამყაროში და არსებობს მისი დაყოფის იმდენი გზა, რამდენსაც მოისურვებ. ელექტრომაგნეტიზმის, ცნობიერებისა და გრავიტაციული მიზიდულობის გარდა არსებობს უარი საპროცენტო განაკვეთზე, ფეხბურთში გატანილი გოლები, მიზეზები კვანტორულ მოდალურ ლოგიკაში დასაეჭვებლად და არჩევნების შედეგები ფლორიდაში. აბა, თქვი უცბად, არჩევნების შედეგები მენტალური იყო თუ ფიზიკური? რას ვიტყვით ფეხბურთში გატანილ გოლებზე? ისინი მხოლოდ იმის გონებაში არსებობს, ვინც გოლებს ითვლის, თუ ელექტრული ფენომენია ტაბლოზე? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის საინტერესო ან, თუნდაც, აზრიანი კითხვები. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ სამყაროში, რომელსაც ბევრი განსხვავებული ტიპის მახასიათებელი აქვს. ჩემი თვალსაზრისი არ არის „პლურალიზმი“, თუკი ეს ტერმინი გულისხმობს, რომ არსებობს სიმრავლის ელემენტების გადარჩევის არაპირობითი, მიუკერძოებელი პრინციპი. გარკვეული მიზნებისთვის ხელსაყრელია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ბიოლოგიური და არაბიოლოგიური. ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე ცნობიერება ბიოლოგიური ფენომენია იმ აზრით, რომ ის გამოწვეულია ბიოლოგიური პროცესებით, თავად არის ბიოლოგიური პროცესი და ურთიერთქმედებს სხვა ბიოლოგიურ პროცესებთან. ცნობიერება ბიოლოგიური პროცესია მონელების, ფოტოსინთეზის ან ნაღვლის გამოყოფის მსგავსი. რა თქმა უნდა, ჩვენს ცნობიერ ცხოვრებას ფორმას კულტურა აძლევს, მაგრამ თავად კულტურა არის მის საფუძვლად მდებარე ბიოლოგიური უნარების გამოხატულება.
- მაშინ რას ვიტყვით არარედუცირებადობაზე? ეს არის გადამწყვეტი განსხვავება ჩემს შეხედულებას და თვისებრივ დუალიზმს შორის. ცნობიერება ტვინის პროცესებზე დაიყვანება, ვინაიდან ცნობიერების ყველა თვისება განპირობებულია ტვინში მიმდინარე ნეირობიოლოგიური პროცესებით და ცნობიერებას არ გააჩნია მიზეზობრივი ძალა თავისთავად, საფუძვლად მდებარე ნეირობიოლოგიის მიზეზობრივი ძალების გარდა. მაგრამ ცნობიერების შემთხვევაში მიზეზობრივ დაყვანას, რედუცირებას არ მივყავართ ონტოლოგიურ რედუცირებამდე. იმ ფაქტიდან, რომ ცნობიერება მიზეზობრივად მთლიანად იხსნება ნერვული იმპულსებით, არ გამომდინარეობს რომ ცნობიერება სხვა არაფერია თუ არა ნერვული იმპულსები. რატომ არა? რა განსხვავებაა ცნობიერებასა და სხვა ფენომენებს შორის, რომლებიც მიზეზობრივი რედუცირებით, ონტოლოგიურად დაიყვანება, ისეთი ფენომენები, როგორებიცაა ფერები და სიმყარე? განსხვავება ისაა, რომ ცნობიერებას აქვს პირველი პირის ონტოლოგია, რაც ნიშნავს, რომ ის არსებობს როგორც განცდილი რომელიმე ცხოველის ან ადამიანის მიერ, რის შედეგადაც, ის არ შეიძლება დაყვანილ იქნეს რაღაცამდე, რასაც მესამე პირის ონტოლოგია აქვს, ისეთ რამემდე, რაც განცდისგან დამოუკიდებლად არსებობს. ყველაფერი ასე მარტივია.
თვისებრივი დუალისტი და მე ვთანხმდებით, რომ ცნობიერება არ არის ონტოლოგიურად რედუცირებადი. ჩვენი უთანხმოების მთავარი მიზეზები ისაა, რომ მე დაჟინებით ვამტკიცებ, იმ ყველაფრის საფუძველზე, რაც ტვინის შესახებ ვიცით, რომ ცნობიერება მიზეზობრივად დაიყვანება ტვინის პროცესებზე. იმავე მიზეზებით მე უარვყოფ, რომ ცნობიერების ონტოლოგიური არარედუცირებადობა ნიშნავს თითქოს ცნობიერება რაღაც მაღლა მდგომია და ნეირობიოლოგიური საფუძვლებისგან დამოუკიდებელი. არა, მიზეზობრივი თვალსაზრით მანდ არაფერია, გარდა ნეირობიოლოგიისა, რომელსაც ცნობიერების უფრო მაღალი დონის თვისება აქვს. მსგავსად ამისა, არაფერია მანქანის ძრავაში გარდა მოლეკულებისა, რომლებსაც აქვთ ისეთი უფრო მაღალი დონის თვისებები, როგორებიცაა ცილინდრული ბლოკის სიმყარე, დგუშის ფორმა, ძრავის სანთლების ნაპერწკლები და ასე შემდეგ. „ცნობიერება“ არ ეწოდება გამორჩეულ, დამოუკიდებელ ფენომენს , ნეირობიოლოგიურ საფუძვლებზე უფრო მაღალ მყოფ რამეს. ის ეწოდება მდგომარეობას, რომელშიც ნეირობიოლოგიური სისტემა შეიძლება იყოს. როგორც დგუშის ფორმა და ცილინდრის სიმყარე არ არის მოლეკულურ ფენომენებზე მაღლა მდგომი რამ, არამედ არიან მოლეკულური სისტემის მდგომარეობები, ასევე ტვინის ცნობიერება არ არის რაღაც უფრო მაღლა მდგომი, ვიდრე ნერვული ფენომენები. არამედ ის არის მდგომარეობა, რომელშიც ნერვული სისტემა იმყოფება.
ასე რომ, გარკვეული აზრით, ცნობიერება არის რედუცირებადი: ემპირიული რეალობის დამახასიათებელია მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების ქონა; და ცნობიერებას (როგორც სხვა სისტემურ თვისებებს) არ გააჩნია მიზეზშედეგობრივი ურთიერთობები, მისი მიკროსტრუქტურული საფუძვლისგან დამოუკიდებლად. არაფერია შენს ტვინში ნეირონების გარდა (გლიურ უჯრედებთან, სისხლის ნაკადთან და სხვა დანარჩენთან ერთად) და თალამოკორტიკული სისტემის დიდი ნაგლეჯი ხანდახან ცნობიერია. აზრი, რომლის თანახმად მიზეზობრივი რედუცირებადობის მიუხედავად, ცნობიერება ონტოლოგიურად არარედუცირებადია, იმას გულისხმობს რომ ტვინის ობიექტური თვისებების მესამე პირის პერსპექტივით სრული აღწერა არ იქნება პირველი-პირის სუბიექტური თვისებების აღწერა. - მე ვამბობ, რომ ცნობიერება ტვინის თვისებაა. თვისებრივი დუალისტი ამბობს, რომ ცნობიერება ტვინის თვისებაა. ეს ქმნის ილუზიას, რომ ჩვენ ერთსა და იმავეს ვამბობთ. მაგრამ ეს ასე არაა, რასაც, ვიმედოვნებ, ნათელი მოჰფინა ჩემმა პასუხმა პირველ და მეორე პუნქტებზე. თვისებრივი დუალისტი გულისხმობს, რომ ტვინის ყველა ნეირობიოლოგიური თვისების გარდა, არსებობს ტვინის დამატებითი, გამორჩეული, არაფიზიკური თვისება; მაშინ როცა, მე ვგულისხმობ რომ ცნობიერება არის მდგომარეობა, რომელშიც ტვინი შეიძლება იყოს, იმ აზრით, რა აზრითაც, თხევადობა და სიმყარე არის მდგომარეობები, რომელშიც წყალი შეიძლება იყოს.
ყველაზე ცხადად აქ ვლინდება ტრადიციული ტერმინოლოგიის არაადეკვატურობა. თვისებრივ დუალისტს უნდა, თქვას, რომ ცნობიერება არის მენტალური და, შესაბამისად, ტვინის არაფიზიკური თვისება. მე მინდა ვთქვა, რომ ცნობიერება მენტალური, მაშასადამე ტვინის ბიოლოგიური და მაშასადამე ფიზიკური თვისებაა. მაგრამ იმის გამო, რომ ტრადიციული ლექსიკონი შექმნილია მენტალურის და ფიზიკურის დასაპირისპირებლად, ამიტომ ტრადიციული ლექსიკონის გამოყენებით მე არ შემიძლია იმის თქმა, რისი თქმაც მინდა, ისე რომ არ გამომივიდეს, თითქოს რაღაც წინააღმდეგობრივს ვამბობდე. ამის მსგავსად, როცა იდენტურობის თეორეტიკოსებმა თქვეს, რომ ცნობიერება სხვა არაფერია თუ არა, ნეირობიოლოგიური პროცესი, მათ იგულისხმეს, რომ ცნობიერება, როგორც თვისებრივი და სუბიექტური, რომლის ფენომენოლოგიურობა არარედუცირებადია ( airy fairy, touchy-feely etc. ) საერთოდ არ არსებობს, რომ არსებობს, როგორც ნეირობიოლოგიური პროცესი მესამე პირის პერსპექტივაში (ობიექტურად). მეც ასევე მინდა ვთქვა, რომ ცნობიერება სხვა არაფერია, გარდა ნეირობიოლოგიური პროცესისა, და ამაში ვგულისხმობ, რომ ზუსტად იმიტომ, რომ ცნობიერება თვისებრივი, სუბიექტური და არარედუცირებადია, (airy fairy, touchy-feely) ის უნდა იყოს ნეირობიოლოგიური პროცესი, რადგან ტვინის სისტემების გარდა, აქამდე ჩვენ არ აღმოგვიჩენია რამე სისტემა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს და განახორციელოს ცნობიერი მდგომარეობები. შესაძლოა ერთ დღეს ჩვენ მოვახერხოთ ცნობიერი მოწყობილობის შექმნა, რომელშიც ცნობიერების სუბიექტური მდგომარეობა ამ მოწყობილობის ფიზიკური თვისება იქნება. - რადგან არარედუცირებადი ცნობიერება არ არის მის ნერვულ საფუძველზე უფრო მაღლა მდგომი რამ, ამიტომ ეპიფენომენალიზმისა და ფიზიკურის მიზეზობრივი ჩაკეტილობის პრობლემა უბრალოდ აღარ წამოიჭრება ჩემთვის. რა თქმა უნდა, სამყარო მიზეზობრივად ჩაკეტილია, ჩვენ შეგვიძლია მას „ფიზიკური“ დავუძახოთ თუ ასე გვინდა, მაგრამ ეს არ შეიძლება ნიშნავდეს ფიზიკურს, როგორც მენტალურთან დაპირისპირებულს, რადგან ასევე აშკარაა, რომ ის მენტალური სამყაროს მიზეზობრივი სტრუქტურის ნაწილია ისევე, როგორც დგუშის სიმყარე არის სამყაროს მიზეზობრივი სტრუქტურის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ სიმყარე მთლიანად განპირობებულია მოლეკულების ქცევით, ცნობიერება კი მთლიანად განპირობებულია ნეირონების ქცევით. ეპიფენომენალიზმის და მიზეზობრივი ჩაკეტილობის პრობლემები წამოიჭრება მხოლოდ მაშინ, თუ გამოვიყენებთ ტრადიციულ ტერმინოლოგიას და სერიოზულად მივიღებთ მათ სირთულეებს. მე ამ ტერმინოლოგიაზე უარის თქმას ვცდილობ.
მაგრამ თუ ცნობიერებას არ აქვს მიზეზობრივი ძალები ნეირობიოლოგიური საფუძვლის გარდა, ხომ არ გულისხმობს ეს ეპიფენომენალიზმს? არა. შეადარეთ: დგუშის სიმყარეს არ აქვს მიზეზობრივი ძალა მისი მოლეკულური საფუძვლის გარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიმყარე ეპიფენომენალურია (სცადეთ დგუშის გაკეთება კარაქისგან ან წყლისგან). შეკითხვა უფრო ასეთია: რატომ უნდა ევარაუდა ვინმეს, რომ მიზეზობრივი რედუცირება გულისხმობს ეპიფენომენალიზმს მაშინ, როცა რეალური სამყარო სავსეა მიზეზობრივად შედეგიანი უფრო მაღალი დონის თვისებებით, რომლებიც მთლიანად გამოწვეულია უფრო დაბალი დონის მიკრო ფენომენებით? ამ შემთხვევაში პასუხი ასეთია : იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, ცნობიერება არის რაღაც გამორჩეული, უფრო მაღლა მდგომი, ვიდრე მისი ნეირონული საფუძველი. ტიპიური თვისებრივი დუალისტი ფიქრობს, რომ ტვინი საწყისს აძლევს ცნობიერებას და ეს გვაძლევს სურათს, სადაც ცნობიერება ტვინს გამოეყოფა, როგორც ქვაბში ადუღებული წყალს ასდის ორთქლი. თვისებრივი დუალიზმის ეპიფენომენალისტურ ვერსიაში ასე „ადენილ“ ცნობიერებას არანაირი თავისთავადი მიზეზობრივი ძალა არ გააჩნია მიუხედავად იმისა, რომ ტვინითაა გამოწვეული. უფრო სიცოცხლით სავსე ვერსიაში, ცნობიერებას აქვს თავისი დამოუკიდებელი ცხოვრება და შეუძლია, მატერიალურ სამყაროში ჩაერიოს.
ჩემი აზრით, საკითხზე აზროვნების მთელი მეთოდი არსებითად მცდარია; მინდა ავხსნა ეს შეხედულება ცოტა უფრო დეტალურად. ის ფაქტი, რომ თვისებრივი დუალისტისთვის ეპიფენომენალიზმის ან მიზეზობრივი მრავლობითობის დილემა საერთოდ შეიძლება პრობლემა იყოს, იმის სიმპტომია, რომ რაღაც უკიდურესად მცდარია ამ თეორიაში. არავინ ფიქრობს რომ ჩვენ იძულებულები ვართ სიმყარის ეპიფენომენალურობა ვაღიაროთ იმ საფუძვლეზე, რომ მას მიზეზობრივი ძალა არ გააჩნია, მოლეკულური სტრუქტურის მიზეზობრივი ძალების გარდა. არც იმას ფიქრობენ, რომ თუ ვაღიარებთ სიმყარის მიზეზობრივ ძალას, ჩვენ იძულებულები ვიქნებით ვაღიაროთ მიზეზობრივი მრავლობითობა, რადგან ერთი და იგივე ეფექტი შეიძლება აიხსნას, როგორც მოლეკულების ქცევის ცნებებით ასევე სტრუქტურის სიმყარის ცნებებით. რაც შეესატყვისება სიმყარეს, იგივე ითქმის ფოტოსინთეზზე, მონელებაზე, ელექტროობაზე, მიწისძვრებზე, ქარიშხლებზე კანზასში და თითქმის ყველაფერზე, რაზეც ვსაუბრობთ ჩვეულებრივი მიზეზობრივი ახსნების დროს. თითოეულ შემთხვევაში უფრო მაღალი დონის ფენომენი არის მიზეზობრივად რედუცირებადი მის მიკროსტრუქტურულ საფუძვლებზე ისევე, როგორც ცნობიერება არის მიზეზობრივად რედუცირებადი მის მიკროსტრუქტურულ საფუძვლებზე. რატომ გვაქვს მიდრეკილება, რომ დავუშვათ შეცდომა ცნობიერების შემთხვევაში, როდესაც ჩვენ არ ვუშვებთ მას სხვა მიზეზობრივ ფენომენებზე საუბრისას? ვფიქრობ, ამაზე პასუხი ცხადზე უცხადესია, რადგან ტრადიციული ლექსიკონი გვეუბნება, რომ მენტალური და ფიზიკური ორი განსხვავებული ონტოლოგიური კატეგორიაა, და რადგან ცნობიერება მის ნერვულ საფუძვლებამდე ონტოლოგიურად დაყვანადი არაა.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის არ არის ფიზიკური სამყაროს ნაწილი, იმ აზრით რა აზრითაც სხვა ფენომენებია. ეს არის თვისებრივი დუალიზმის უფრო ღრმა შეცდომა, და ზუსტად აქედან მე და თვისებრივი დუალისტები სხვადასხვა მიმართულებით მივდივართ. პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ ჩვენ გვაქვს მოძველებული, მეჩვიდმეტე საუკუნის ლექსიკონი, რომელიც აპირისპირებს მენტალურს და ფიზიკურს, არამედ ისიც, რომ ჩვენ რედუცირების ბუნებაც მცდარად გვაქვს გაგებული. მიზეზობრივი რედუცირება აუცილებლად არ გულისხმობს ონტოლოგიურ რედუცირებას, თუმცა, როგორც წესი, სადაც ჩვენ გვაქვს მიზეზობრივი რედუცირება, როგორც თხევადობის, სიმყარის ან ფერების შემთხვევაში, ჩვენ ონტოლოგიური რედუცირებისკენაც ვიხრებოდით. მაგრამ ცნობიერების ონტოლოგიური რედუცირების შეუძლებლობა არ ანიჭებს მას რამე მისტიკურ, მეტაფიზიკურ სტატუსს. ცნობიერება არ არსებობს ცალკე განზომილებაში და არც სხვა მიზეზობრივი ძალები გააჩნია, იმაზე მეტად, ვიდრე სიმყარეს აქვს დამატებითი მიზეზობრივი ძალები მისი მოლეკულური საფუძვლის გარდა.
მატერიალიზმი და დუალიზმი, ორივე ცდილობს თქვას რაღაც ჭეშმარიტი, მაგრამ ორივე ამთავრებს იმით, რომ რაღაც მცდარს ამბობს. მატერიალისტი სწორად ამბობს, რომ სამყარო შედგება მთლიანად მატერიალური ფენომენებისგან, როგორებიცაა ფიზიკური ნაწილაკები ძალის ველში. მაგრამ ის არასწორად ამთავრებს იმით, რომ ცნობიერების არარედუცირებადი მდგომარეობები არ არსებობს. დუალისტი სწორად ამბობს, რომ ონტოლოგიურად არარედუცირებადი მდგომარეობები არსებობს, მაგრამ ამთავრებს იმით, რომ ისინი ფიზიკური სამყაროს ნაწილები არაა. საქმე ისაა, რომ ავიღოთ თითოეულ ხედვაში არსებული ჭეშმარიტება მცდარი ნაწილის გარეშე. ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ტრადიციული ლექსიკონის უკან მდგომ დაშვებებს.
ტრადიციული ლექსიკონი დგას იმ დაშვებაზე, რომ თუ რამე ცნობიერების მდგომარეობა მკაცრი გაგებით - ის შინაგანი, თვისებრივი, სუბიექტურია და ასე შემდეგ-მაშინ ის ვერ იქნება ფიზიკური ან მატერიალური. და პირიქით, თუ რამე მატერიალური ან ფიზიკურია, მაშინ ის ვერ იქნება თავისი ფიზიკურობის და მატერიალურობის გამო ცნობიერების მდგომარეობა. როგორც კი მიატოვებთ ტრადიციული ლექსიკონის დაშვებებს, ჭეშმარიტების ჩამოყალიბება არც ისე რთული გახდება. სამყარო მართლაც შედგება ძალის ველში ფიზიკური ნაწილაკებისგან (ან რასაც საბოლოოდ ნამდვილი ფიზიკა აღმოაჩენს), ისინი ერთიანდებიან სისტემებად, ზოგიერთი სისტემა ბიოლოგიურია, ზოგიერთი ბიოლოგიური სისტემა ცნობიერია. ცნობიერება არის გარკვეული ბიოლოგიური სისტემების თვისება ისევე, როგორც ფოტოსინთეზი, მონელება და ლაქტაცია არის ბიოლოგიური სისტემების ჩვეულებრივი თვისებები.
დანართი
არსებობს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ სტატიაში არ განმიხილავს. მაგრამ მინდა, წამოვჭრა ის, სულ მცირე, როგორც თვისებრივი დუალიზმის მომდევნო პრობლემა. მარტივი არ არის იმის გაგება, თუ როგორ შეუძლია თვისებრივ დუალისტს ერთდროულად სჯეროდეს, რომ ცნობიერება არის ტვინის მახასიათებელი და თვისება და იმისიც, რომ არსებობს მეტაფიზიკური დუალიზმი მენტალურსა და ფიზიკურს შორის. მოკლედ, როგორ შეუძლია თვისებრივ დუალისტს თავი აარიდოს სუბსტანციურ დუალიზმში გადავარდნას? სირთულე ვლინდება მეტაფორებში, რომლებსაც თვისებრივი დუალისტი იყენებს თავისი თეზისის გამოსახატად. ტიპიური მეტაფორებია, რომ ცნობიერება არის რაღაც ტვინის პროცესებზე მეტი და უფრო მაღლა მდგომი, რომ ტვინი დასაბამს აძლევს ცნობიერებას, და რა თქმა უნდა, რომ ცნობიერება ტვინის ემერგენტული თვისებაა. მაგრამ ყველა ეს მეტაფორა გულისხმობს, რომ სურათში რომელსაც დუალისტი გვაჩვენებს, ცნობიერება არის ტვინისგან დამოუკიდებელი. მე ვთქვი, რომ თვისებრივი დუალისტი ფიქრობს ცნობიერებაზე, როგორც ორთქლზე, რომელიც ადუღებული წყლის ქვაბიდან ამოდის, მაგრამ არსებობს მეორე სურათიც, რომელსაც ეს მეტაფორები გვიქმნის: ჩვენ უნდა ვიფიქროთ ცნობიერებაზე, როგორც ტვინის ნამცხვრის კრემზე (პანფსიქისტურ ვერსიაში, როგორც მთელი სამყაროს კრემზე) სადაც კრემი არის რაღაც განსხვავებული თვითონ ნამცხვრისგან, და არის მასზე ზემოდან გადასმული (უფრო მაღლა მდგომი). მე ვამტკიცებ, რომ ეს არასწორი სურათია. სწორი სურათი, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ნამცხვრის მეტაფორას, იქნება ცნობიერება, როგორც მდგომარეობა, რომელშიც ნამცხვარი (ტვინი) იმყოფება. თვისებრივი დუალისტი აცხადებს, რომ ცნობიერება არის ტვინის თვისება. მაგრამ თუ განვიხილავთ ტვინის თვისებებს მაგალითად წონას, ფერს , ფორმას, სიმყარეს და ასე შემდეგ. მათზე არავინ ამბობს, რომ ისინი ტვინისგან წარმოიქმნება ან უფრო მაღლა მდგომია, ვიდრე ტვინი. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება თითოეული მათგანი აღვწეროთ, როგორც ემერგენტული, მაგრამ არა როგორც ტვინიდან წარმოშობილი. მათი განცხადების თანახმად, ცნობიერება არის თვისება და არა ნივთი, ობიექტი ან სუბსტანცია. მაგრამ ეს მტკიცება წინააღმდეგობაშია ცნობიერების, როგორც რაღაც უფრო მაღლა მდგომის კონცეფციასთან, რომლის მიხედვით, ტვინი დასაბამს აძლევს ცნობიერებას. ეს კონცეფცია მოითხოვს, რომ ცნობიერება იყოს ცალკე საგანი, ობიექტი, ან არათვისებრივი ტიპის ერთეული. თვისებრივ დუალიზმში იგივე დუალიზმი აიძულებს მათ (თვისებრივ დუალისტებს) ცალკეული ერთეულის ჩამოყალიბებას. ირონიულია, რომ თვისებრივი დუალიზმის სურათში სწორედ დუალიზმი ხდის შეუძლებელს ჩამოყალიბდეს თეორია, რომელიც არ გულისხმობს სუბსტანციური დუალიზმის ვერსიას.
სტატიის ორიგინალი თავდაპირველად PhilPapers-ზე გამოქვეყნდა. მისი ავტორია ამერიკელი ფილოსოფოსი და ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ სერლი. On.ge-ს Op-Ed-ის რუბრიკისთვის თარგმნა ზაზა დობორჯგინიძემ.
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
-
გადახედვაქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო
-
გადახედვაანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია ანა ნაცვლიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია
-
გადახედვაპრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა
-
გადახედვაევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება ევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება
-
გადახედვა"სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს "სვანური კოშკი არასდროს იქნება "ბაშნია" — თბილისში სვანების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და არასამთავრობოებს ხვდება
-
გადახედვაკასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს
-
გადახედვაThe Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა The Guardian: ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილი დაკავებულია
-
გადახედვასადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს
-
გადახედვაგანათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია განათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია
-
გადახედვაესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა ესპენ ბარტ ეიდე: როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა
-
გადახედვალონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად
კომენტარები