მეცნიერება მზის სისტემაში არსებული კომეტა-ასტეროიდის "ჰიბრიდი" შეისწავლეს
იუპიტერის ორბიტის მიღმა მდებარეობს ობიექტი, რომელსაც ქირონი ეწოდება. ეს არის მზის სისტემის გარე სხეული, რომელიც კენტავრებად ცნობილ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ განსაკუთრებული მახასიათებლები გამოარჩევს. ამაში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) დაკვირვებებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.
მზის სისტემა სავსეა კლდოვანი და ყინულოვანი ნარჩენებით, რომლებიც 4.5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. სწორედ მათ შორისაა კენტავრები, რომლებიც ძირითადად იუპიტერსა და ნეპტუნს შორისაა განლაგებული. რაც შეეხება ქირონს, მას ერთდროულად აქვს როგორც ასტეროიდების, ისე კომეტების მახასიათებლები. ასევე, ამ ობიექტის გარშემო მატერიის რგოლებიცაა ფორმირებული, დაახლოებით, ისეთი, როგორიც სატურნს აქვს. ეს უამრავ კითხვას ბადებს
მეცნიერებისთვის ქირონი ნამდვილი დროის კაფსულია, რომელიც ადრეული მზის სისტემის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მისი შესწავლა, თუმცა დედამიწიდან მისი დაშორება ამ პროცესს ართულებს.
ახლა მეცნიერებმა JWST-ის დახმარებით შეძლეს, რომ ქირონის შესახებ ახალი დეტალები გამოევლინათ. მზის სითბოს გავლენით ქირონი ზოგჯერ აირსა და მტვერს ათავისუფლებს, რაც კომეტებს ახასიათებს. ვების ტელესკოპის მეშვეობით ასტრონომებმა ამ მატერიის შედგენილობა გააანალიზეს. გარდა ამისა, მათ ყურადღება გაამახვილეს ქირონის ზედაპირსა და მის ქვედა შრეებზე, რათა გაერკვიათ, რა აირები გამოიყოფა და როგორ არის ეს დაკავშირებული ყინულის ფენებთან.
სპექტრული ანალიზის შედეგად, რომელიც ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში ჩატარდა, გამოვლინდა ნახშირორჟანგი, მეთანი, პროპანი და წყლის ყინული. მეთანის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი დიდი რაოდენობა მიუთითებს, რომ ქირონის კომა (სწორედ ასე ეწოდება კომეტის გარშემო არსებულ აირად წარმონაქმნს) ამ აირით მდიდარია.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კენტავრები, მათ შორის ქირონი, ოდესღაც ტრანს-ნეპტუნური ობიექტების ნაწილი იყო. ისინი მზის სისტემის ფორმირების დროინდელი ნარჩენებია. მზესთან მიახლოებისას მათში არსებული ყინული სუბლიმაციას განიცდის და პირველყოფილ მატერიას გამოყოფს.
ქირონზე აღმოჩენილი მეთანი, ნახშირორჟანგი და წყლის ყინული, სავარაუდოდ, სწორედ მზის სისტემის დაბადების დროინდელი მასალებია. სხვა კომპონენტები, როგორიცაა პროპანი და აცეტილენი, შესაძლოა, ქირონის ზედაპირზე მიმდინარე ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილიყო.
ვების დაკვირვებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქირონი ტიპური კენტავრი არაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ყველა აქტიური კენტავრი თავისებურად უნიკალურია, რაც მათ ბუნებაზე დამატებით კითხვებს აჩენს. შესაბამისად, ქირონის შესწავლა კვლავაც გაგრძელდება და იმედოვნებენ, რომ მომავალში მის შესახებ მეტს შეიტყობენ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები