პოლიტიზებული საჯარო სექტორი გაფიცვის ფიქტიური უფლებით
ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მოსაქცევად საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში რამდენიმე ცვლილება შეიტანა.
საკანონმდებლო ცვლილებები არასამთავრობო სექტორმა უკვე შეაფასა, როგორც ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და საჯარო სექტორიდან ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის მორიგი მექანიზმი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის სალომე შუბლაძის შეფასებით, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კრიტიკული საჯარო მოხელეების რეორგანიზაციის პროცესის საფარქვეშ სამსახურიდან გათავისუფლების გამარტივებას, მეორეს მხრივ კი — საჯარო სექტორის ყველა დონეზე სრული პარტიული კონტროლის დამყარებას.
"საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში" არსებული ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით უკვე მიიღო. კანონს ინაუგურაციის დღესვე ხელი მოაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.
რა იცვლება საჯარო მოხელეებისთვის?
საკანონმდებლო ცვლილებებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ხდება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ეს დღეს წინა კანონით იყო განსაზღვრული, ანუ რეორგანიზაცია გახდა დაუსაბუთებლად გათავისუფლების საფუძველი, მოიხსნა მოხელის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის ვალდებულება, სასამართლოს საშუალებით პირი სამსახურში თავს ვერ აღიდგენს და პროცესის მოგების შემთხვევაში სამ თვეზე მეტ კომპენსაციასაც ვერ აიღებს.
1. შუალედური რგოლის ხელმძღვანელები კარგავენ საჯარო მოხელის სტატუსს
პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები: დეპარტამენტების უფროსები, მათი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირებად, ისინი დასაქმდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.
რას ნიშნავს ეს?
შუალედური რგოლის ხელმძღვანელი პირები გახდნენ აბსოლუტურად დაუცველები. უწყება მათ უფორმებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და ეს ხელშეკრულება მათ არ იცავთ უკანონოდ გათავისუფლებისგან. შუა რგოლის მენეჯერებს შეიძლება ხელშეკრულება შეუწყდეთ ნებისმიერ დროს 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს ისინი მიიღებენ მხოლოდ 1 თვის თანამდებობრივ სარგოს. ასეთი რეგულაცია ტოვებს დიდ სივრცეს თვითნებობისთვის და შესაძლოა, გამოყენებული იქნას პოლიტიკური დევნისთვის.
2. საჯარო მოხელეების შეფასების წესის ცვლილება
ყველა რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასება მოხდება 6 თვეში ერთხელ, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შეფასებისა. წლიური შეფასება იყო წახალისების, ან დაქვეითების საფუძველი, ახალი რეგულაციით კი შეფასება მოხდება ექვს თვეში ერთხელ.
რას ნიშნავს ეს?
შეფასება, შესაძლოა, გამოყენებული იქნას პოლიტიკური ნიშნით ურჩი საჯარო მოხელეების დასასჯელად. ხელმძღვანელის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, მოხელეს ყოველთვიურად მომდევნო შეფასებამდე დაუკავდეს ხელფასის 20 პროცენტი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი სალომე შუბლაძე აცხადებს, რომ ეს არის პირდაპირი ფინანსური სანქცია ურჩი მოხელეების გასატეხად.
წელიწადში ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში სამსახურიდან საჯარო მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდება. აქამდე, ეს პროცესი 2 წელს მოითხოვდა.
3. შუა რგოლის ხელმძღვანელების ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას.
დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგალითად, მინისტრის გადადგომა, ავტომატურად გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, მაგალითად, იმავე სამინისტროს დეპარტამენტების უფროსებისა და მათი მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას. გარდა ამისა, შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე ადამიანები დაინიშნებიან დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და ამისთვის კონკურსი საჭირო აღარ იქნება.
რას ნიშნავს ეს?
შუალედური რგოლის მენეჯერები პირდაპირ ხდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადაზე მიბმული. აქამდე მინისტრების ცვლილების მიუხედავად, დეპარტამენტების უფროსები საკუთარ პოზიციებს ინარჩუნებდნენ. საკანონმდებლო ცვლილებებით, ახალი მინისტრის მოსვლის შემთხვევაში არც ერთი დეპარტამენტის უფროსი აღარ იქნება თანამდებობაზე, ყველას ხელშეკრულების ვადა შეწყდება და ახალი მინისტრის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული მათი ხელშეკრულებების გაგრძელების საკითხი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ გვაქვს რეალობას, სადაც არა მხოლოდ მინისტრი და მისი მოადგილე, არამედ დეპარტამენტის უფროსებიც კი სრულად პოლიტიზებული ადამიანები ხდებიან, შესაბამისად, ჩნდება საფრთხე, რომ უწყება ყველაზე კომპეტენტური და საქმის მცოდნე ადამიანებისგან დაიცლება და მათ ადგილს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კადრები დაიკავებენ.
4. რეორგანიზაციის შემთხვევებზე მობილობის წესი არ ვრცელდება.
რეორგანიზაციის შემთხვევაში, არსებობდა ვალდებულება მობილობის შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებებით, ეს ვალდებულება უქმდება. მობილობა სავალდებულო ხდება ერთადერთ შემთხვევაში, როცა უწყებების შერწყმა, ან ლიკვიდაცია ხდება.
რას ნიშნავს ეს?
თუ ორგანიზაციაში იწყებოდა რეორგანიზაცია, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებული იყო მოეძიებინა იმავე, ან სხვა უწყებაში თუ არსებობდა ვაკანტური თანამდებობა და ხელი შეეწყო შტატების შემცირებისას მოხელეთა მობილობის პროცესისთვის. კანონის ახალი რედაქციით, ეს ვალდებულება აღარ არსებობს და საჯარო მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდება ყოველგვარი კომპენსაციის და ახალი პოზიციის შეთავაზების გარეშე.
რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე მოხელეს უნდა ეცნობოს 1 თვით ადრე. 1 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას მოხელე მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1 თვით ადრე არ აცნობებენ
5. დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობების შეზღუდვა
კანონით გათვალისწინებულ პრობლემურ სიახლეებს შორის აღსანიშნავია ასევე ისიც, რეორგანიზაციის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების დაკმაყოფილება არ იწვევს უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენას.
რას ნიშნავს ეს?
საჯარო სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლების შემთხვევაში საჯარო მოხელეს საკუთარი უფლებების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა აღარ რჩება. დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, უწყებას უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის ვალდებულება არ აქვს და თუ მას მიეცა განაცდური და კომპენსაცია, ის არ იქნება 3 თვის თანამდებობრივი სარგოზე დიდი ოდენობით.
და ბოლოს, შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნა განხორციელდება პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამისთვის აღარ არის საჭირო კონკურსი. ასევე რადგან შუალედური რგოლის მენეჯერები, კანონის ახალი რედაქციით, აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად, მათთვის სავალდებულო მოთხოვნა აღარაა სახელმწიფო ენის ცოდნა.
რას ამბობს ქართული კანონმდებლობა გაფიცვაზე?
რა არის გაფიცვა?
საქართველოს შრომის კოდექსში ვკითხულობთ:
მუხლი 64. გაფიცვა და ლოკაუტი
1. გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.
საქართველოს კონსტიტუციით და შრომის კოდექსით, საჯარო მოხელეებს გაფიცვის უფლება აქვთ, გაფიცვა არის კოლექტიური დავის გადაწყვეტის საშუალება. გაფიცვა იწყება მაშინ, როდესაც დასაქმებულსა და დამსაქმებელს ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ,
კონსენსუსის მიღწევა კი მოლაპარაკების გზით შეუძლებელია.
ქართული კანონმდებლობა ამ მიმართულებით ხარვეზიანია. კერძოდ, არ არის დაკონკრეტებული რა ვადით და რამდენჯერ შეიძლება გაფიცვა. ასევე არ არის დაკონკრეტებული ის საკითხები, რომლებზეც დასაქმებულს გაფიცვის უფლებით სარგებლობა შეუძლია. გაფიცვის ორგანიზებას მრავალი ბიუროკრატიული წინააღმდეგობა ახლავს. აღსანიშნავია, რომ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება ეზღუდებათ პირებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებში მუშაობენ.
საერთაშორისო ხელშეკრულებები და საერთაშორისო სამართალი გაფიცვის უფლებას უფრო ფართო საკითხებსაც უკავშირებს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც გავლენა აქვს მშრომელების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოს შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს — არის იმ რანგის გადაწყვეტილება რომელიც მშრომელების სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს, თეორიულად ეს შეიძლება გახდეს გაფიცვის საფუძველი.
სტანდარტული შრომითი დავის დროს, შრომის კოდექსის მიხედვით, უნდა შედგეს მოლაპარაკება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დასაქმებულმა ჯანდაცვის მინისტრს უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება და სთხოვოს მედიატორის დანიშვნა. მედიატორმა უნდა წარმართოს მოლაპარაკების პროცესი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, მედიაციის პროცესი 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მხოლოდ 21 დღის ამოწურვის შემდეგ წარმოიშობა უფლება გაფიცვის შესახებ.
ქართულ შრომის კოდექსში გაწერილი გაფიცვა შეეხება იმ ვითარებას, როცა არსებობს დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ამჟამინდელი მდგომარეობა კი არაა სტანდარტული დავა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, შესაბამისად, ლეგიტიმურია შეკითხვა ასეთ დროს, მაგალითად, 21 დღიანი პროცედურის დაცვა არის თუ არა რელევანტური. თუმცა საქმე იმაშია, რომ სხვა პროცედურას ჩვენი კოდექსი არ იცნობს.
მნიშვნელოვანია: ზოგად გაფიცვას, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს, საქართველოს შრომის კოდექსი არ იცნობს და ამიტომ შესაბამისი პროცედურები არ არსებობს.
კანონმდებლობის მიხედვით, დღეს დასაქმებულებს მრავალსაფეხურიანი პროცედურის გავლა უწევთ, რომ შემდგომში მათი გაფიცვა კანონიერად ჩაითვალოს, ვიწროა გაფიცვის საფუძვლები,
გაფიცვის კანონისმიერი განმარტება არ მოიაზრებს სოლიდარულ გაფიცვებს, პრაქტიკაში ვხვდებით გაფიცვის დროს ადამიანების გათავისუფლებისა და სასამართლოს მიერ ამ უფლების შეზღუდვის შემთხვევებს.
გახსოვდეთ: გაფიცვის დროს შრომის ანაზღაურების გადახდას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ ამ მოვლენებზე ხელისუფლების მაღალჩინოსნების საჯარო გამოხმაურებები და ამის კვალდაკვალ ,"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დაჩქარებულად მიღებული პრობლემური ცვლილებები წარმოაჩენს, რომ ცვლილებების რეალური მიზანი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების დემონსტრაციული დასჯა და საჯარო სამსახურის სრული პარტიული დამორჩილებაა.

სტატია მომზადდა On.ge-ს მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია on.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
კომენტარები