სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენს, Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტსა და კომპანიის მემკვიდრეს ლი ჯეი იონს კორუფციის ბრალდებით ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, წერს BBC.

ლის ბრალად ედება მონაწილეობა იმ კორუფციული სკანდალში, რომელმაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტი გამოიწვია.

პაკ კინ ჰე

ფოტო: Time

თებერვალში დაკავებული და პარასკევს გასამართლებული, 49 წლის ლი ჯეი იონი დანაშაულს უარყოფდა. კერძოდ, მას პრეზიდენტის მეგობრისა და არაფორმალური მრჩევლის, ჩხვე სუნ სილის ფონდში არაკანონიერი გადარიცხვების წარმოება დასდეს ბრალად.

ბრალდების ცნობით, ლის მიერ გადარიცხული თანხა, 41 მლრდ ვონი (36 მლნ დოლარი), სამხრეთ კორეის მთავრობისთვის მიცემული ქრთამი იყო, რითაც მას Samsung-ის რეკონსტრუქცია და კომპანიაში პოზიციის გამაგრება სურდა.

როგორც ლის ადვოკატი ამბობს, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

2016 წლის დეკემბერში სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის, პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. მარტამდე ის ფორმალურად ჯერ კიდევ რჩებოდა პრეზიდენტად მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტი არ დააკმაყოფილა. 31 მარტს ის დააკავეს და მას ქრთამის აღება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ზეწოლა ედება ბრალად.