როგორ იცავენ ეთნიკური უმცირესობების უფლებებს ევროკავშირში?
რა არის ევროკავშირი?
ევროკავშირი უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში. ევროკავშირი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობის, კანონის უზენაესობის, აგრეთვე, ადამიანის უფლებების პატივისცემა.
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია ის ღირებულებები, რომლებზეც არის დაფუძნებული ორგანიზაცია, კერძოდ: ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვა, პლურალიზმი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა.
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით, ევროპულ კავშირში გაწევრების შესახებ განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც პატივს სცემენ და მხარს უჭერენ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლში ჩამოთვლილ ღირებულებებს. აღნიშნული მუხლის დებულება მოიცავს ევროპულ კავშირში გაწევრების როგორც გეოგრაფიულ, ასევე პოლიტიკურ კრიტერიუმებს.
კოპენჰაგენის კრიტერიუმებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოებისთვის აუცილებელი საერთო ნორმატიული ვალდებულებები ჩამოყალიბდა, რომელთა შორისაა კანდიდატი სახელმწიფოების გაწევრიანებისთვის ეროვნული უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფა.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გააკეთა სტრატეგიული არჩევანი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების უპირობო მიმართულებად დაისახა. ორმხრივი თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. თავდაპირველად პარტნიორობა, ძირითადად, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების კუთხით წარიმართა.
1997 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, 1998 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტში მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს. 2004 წლის 8 მაისის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა და მთავრობის წევრებს დაევალათ ეროვნული პროგრამის შესასრულებლად ინდივიდუალური (სექტორული) სამოქმედო გეგმების შემუშავება.
2007-2013 წლებში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ 11 მილიარდი ევრო შეადგინა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის დახმარება მისი სამეზობლოსათვის. სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში, 2007-2010 წლების საერთო ბიუჯეტმა (საქართველოსთვის გამოყოფილი) 120 მლნ. ევრო შეადგინა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის კონფლიქტებთან დაკავშირებული პაკეტიდან, ევროკომისიამ საქართველოსთვის დამატებით გამოყო 500 მლნ. ევრო, რომლის ძირითადი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას მოხმარდა. 2011 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ წინადადებით მიმართა ევროპულ პარლამენტს 2014-2020 წლებისთვის ახალი საგარეო დახმარების ინსტრუმენტების, მათ შორის, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის დამტკიცების თაობაზე. აღნიშნული ინსტრუმენტი საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა.
ასოცირების შესახებ შეთანხმების მომზადებაზე საქართველომ და ევროკავშირმა მუშაობა 2010 წლის ივლისში დაიწყეს. 2016 წლის პირველ ივლისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში. ასოცირების შესახებ შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ის აგრეთვე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს.
2017 წლის 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში ოფიციალურად შევიდა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობა. ამიერიდან, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლია იმოგზაუროს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 90 დღე.
2022 წლის 3 მარტს, საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნასთან დაკავშირებით. 2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
2024 წლის მაისში, საქართველოს ხელისუფლების მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მესამე მოსმენით მიღებამ ევროკავშირთან ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონია. 2024 წლის 9 ივლისს, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკმა განაცხადა, რომ დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
როგორ იცავენ ეთნიკურ უმცირესობებს ევროკავშირში
ევროკავშირი, რომელიც 27 ევროპულ სახელმწიფოს და მის 450 მილიონამდე მოქალაქეს აერთიანებს, ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და ლინგვისტურ და საგანმანათლებლო უფლებებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ევროკავშირში 50 მილიონამდე მოქალაქე თავს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლად მიიჩნევს. ბევრ ევროპულ ქვეყანაში უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები კანონით უზრუნველყოფილია.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის ევროპის საბჭოს წევრობის ფაქტობრივი ვალდებულება, ადამიანის უფლებებსა და ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებით არსებულ დამატებით სტანდარტებს აწესებს კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომელიც მეტწილად ავსებს ევროკავშირის შიგნით არსებულ ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებით ნორმატიული წესრიგის ბუნდოვანებას.
ევროინტეგრაციის პროცესის გავლენა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობაზე
2004 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანა (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, სლოვენია, კვიპროსი, უნგრეთი, სლოვაკეთი) ევროკავშირის წევრი გახდა. 2013 წელს ევროკავშირს ბულგარეთი და რუმინეთი, ხოლო 2013 წელს ხორვატია შემოუერთდა. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებამდე დაიწყო ქვეყნის შიგნით ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.
ევროკომისიის ყოველწლიური რეგულარული ანგარიშები, ორმხრივ მოლაპარაკებებთან ერთად, კანდიდატი ქვეყნების პროგრესის დაკვირვებისა და შეფასების მთავარი ინსტრუმენტია. ევროკომისია ყოველთვის მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის ხარისხს და კანდიდატ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ სხვადასხვა ჯგუფის თანაბარ და სრულფასოვან ჩართულობას. მაგალითისთვის, ბულგარეთში, ეთნიკურად თურქი მოსახლეობის, რომელიც საერთო რაოდენობის 9 %-ს შეადგენს, ინტეგრაციისა და პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფის საკითხი წლიდან-წლამდე დადებითი პროგრესით ხასიათდებოდა. ბულგარეთის მსგავსად, ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდში უნგრეთის მთავრობამაც გაითვალისწინა ევროკომისიის რეკომენდაციები ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით. უნგრეთმა აღიარა ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ლინგვისტური და პოლიტიკური უფლებები.
ხორვატიამ, რომელმაც ევროკავშირის წევრი 2013 წელს გახდა, ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავა სპეციალური მოდელი. ქვეყანა 10 პროპორციულ საარჩევნო ოლქად იყოფა. თითოეული ოლქიდან წარმომადგენლობით ორგანოში შეირჩევა 14 წარმომადგენელი და მათგან 5 ადგილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვისაა გამოყოფილი. ხორვატია წლების განმავლობაში ამ გზით ცდილობს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის კუთხით არსებული დისბალანსის აღმოფხვრას.
ევროკომისია ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნებთან მიმართებით ყურადღებას ასევე ინტეგრაციის სამთავრობო პროგრამებზე და მათ შესრულებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუციების მუშაობის ეფექტიანობაზეც ამახვილებს. ევროკავშირის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეროვნული უმცირესობების დაცვის მიმართულებით სპეციალური პროგრამების დანერგვასა და განხორციელებაში.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის შეფასება
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ინტეგრაცია დღემდე გამოწვევად რჩება. 2014 წელს ჩატარებული ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობები (გარდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისა) მოსახლეობის 13.2%-ს (489 240 ადამიანი) შეადგენენ. განსაკუთრებით გამოირჩევა ორი მრავალრიცხოვანი ჯგუფი: 6.3%-ით აზერბაიჯანული (233 024 ადამიანი) და 4.5%-ით სომხური თემი (168 102 ადამიანი).
საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს მისი თითოეული მოქალაქის უფლებებს. კონსტიტუციის მე-11 მუხლში აღნიშნულია, რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეების თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს. კანონი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. როგორც კონსტიტუციის ამ კონკრეტული მუხლიდან ჩანს, კანონის წინაშე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თანასწორია.
2005 წელს საქართველომ "ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ" ევროპულ ჩარჩო კონვენციას რატიფიკაცია მოახდინა, რის შედეგადაც ვალდებულება აიღო, პატივი სცეს და დაიცვას ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები.
მთავრობის მიერ 2009 წელს მომზადდა "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია" და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის საფუძველზე სახელმწიფოს სამოქალაქო ინტეგრაციის მიდგომა განისაზღვრა. 2015 წელს ხელისუფლებამ დაამტკიცა ახალი ხუთწლიანი სტრატეგია, რომელიც "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის" სახელით იყო ცნობილი. აღნიშნული სტრატეგია თანასწორობისა და ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენდა და ორიენტირებული იყო ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებაზე, ქვეყნის მშენებლობის პროცესში მათ აქტიურ მონაწილეობაზე.
სტატისტიკით დასტურდება, რომ ეთნიკური უმცირესობების საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობა არასოდეს ყოფილა პროპორციული ქვეყნის მოსახლეობაში მათ ხვედრით წილთან. მეათე მოწვევის პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობებს 6 წარმომადგენელი ჰყავდათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ სამჯერ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებით კონკრეტული მექანიზმების არარსებობის პირობებში, საკანონმდებლო ორგანოში მათი წარმოამდგენლობის გაზრდის კუთხით პროგრესი საერთოდ არ შეიმჩნევა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულობით საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს კვოტირების სისტემა ან პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური წახალისება. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა პოლიტიკური პარტიების "კეთილ ნებაზეა" დამოკიდებული.
ეროვნული უმცირესობების დაცვის მიმართულებით, საქართველოზე 2023 წლის ანგარიშში, ევროკომისიამ ხუთი საკვანძო საკითხი განიხილა: ეროვნული უმცირესობების განათლებისა და პოლიტიკური უფლებები, უმცირესობების საკითხების მედიაში გაშუქება, რელიგიური უმცირესობების უფლებები, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ერვოკავშირში გაწევრიანება სხვადასხვა მიმართულებით ეთნიკური უმცირესობებს განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოს წარმატებული ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშნელოვანია ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესობა, მათი თანაბარი და სრულფასოვანი სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის ერთიანი საქართველო ევროპისთვის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია 24News.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
კომენტარები