რისი უფლება აქვს ჟურნალისტს საპროტესტო აქციების გაშუქებისას
ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც აქციებზე მედიის მუშაობას განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია, საპროტესტო აქცია არის ადგილი, სადაც მედია ხშირად თავად ხდება სამიზნე. შესაბამისად, მედიას ორმაგი ძალისხმევა სჭირდება, რომ თავიც დაიცვას და საზოგადოების ინფორმირებაც მოახერხოს.
საიას იურისტ ტატა ჭანკვეტაძესთან ერთად შევეცადეთ, გაგვერკვია, რისი უფლება აქვს ჟურნალისტს საპროტესტო აქციების გაშუქებისას.
რატომ უშლიან ჟურნალისტს ხელს გადაღების პროცესში?
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია, საპროტესტო აქციების დროს მედიის მიერ ფაქტის დაფიქსირება, ჟურნალისტის ფოტო-ვიდეო გადაღება სერიოზული დისკომფორტია სამართალდამცავებისთვის, რადგან შეიძლება, კადრში მოხვდეს ისეთი ფაქტები, რომლებიც მათ გადაცდომებს ასახავს. შესაბამისად, სამართალდამცავების მხრიდან დიდია მედიის შეზღუდვის ცდუნება.
დაიმახსოვრეთ: სამართალდამცველს უფლება არ აქვს, ჟურნალისტს გადაღებული კადრების წაშლა მოსთხოვოს.
კონსტიტუციაში ვკითხულობთ:
მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები:
1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.
2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
როგორ შეიძლება ჟურნალისტმა თავი დაიცვას?
ჟურნალისტი, რომელიც მოვლენებს აშუქებს, დისტანცირებული უნდა იყოს აქციის მონაწილეებისგან და არ გამოიყურებოდეს, როგორც მხარე. მედია უნდა იყოს დამკვირვებლის როლში და ეს უნდა გამოარჩევდეს მას აქციის მონაწილეებისგან. ჟურნალისტის მთავარი ფუნქცია, შეკრების და მანიფესტაციის დროს, არის აქციის გაშუქება და არა აქტივიზმი.
გახსოვდეთ: ჟურნალისტებმა უნდა ატარონ: შესაბამისი ტანსაცმელი, პრესის მოწმობა, ე.წ. ბეიჯი, აღჭურვილობა, რომ სხვა დემონსტრანტებისგან ადვილად გამოირჩეოდნენ.
თავიანთი სიმპათია-ანტიპათიიდან გამომდინარე, ჟურნალისტებმა არ უნდა თქვან უარი ისეთი ფაქტის გაშუქებაზე, რომელიც მათ პოლიტიკურ გემოვნებასთან წინააღმდეგობაში მოდის.
როდის აქვს პოლიციას უფლება ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვოს?
აქციის მონაწილეებისადმი მიმართული მოწოდება დაშლის შესახებ მედიას არ ეხება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა.
ჟურნალისტის და აქციის ჩვეულებრივი მონაწილის მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ მედია არის დამკვირვებელი და არა პროცესის ორგანიზატორი. სამართალდამცველებს არ აქვთ უფლება, მედიას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალონ.
დაიმახსოვრეთ: როცა აქციაზე ისმის აქციის დაშლის მოწოდება სპეციალური საშუალებების გამოყენებით, ამ გაფრთხილების ადრესატი ჟურნალისტი არ არის.
თუ აქცია ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ხასიათისაა და ჟურნალისტისთვის იქ ყოფნა საფრთხის შემცველია ან ხელს უშლის სამართალდამცავებს თავიანთი სამუშაოს განხორციელებაში, მაშინ პოლიციას შეუძლია, მოუწოდოს მედიის წარმომადგენელს კონკრეტული ტერიტორიის დატოვებისკენ და მოსთხოვოს მას სხვა ტერიტორიაზე გადანაცვლება.
თუმცა, ამ შემთხვევაშიც მედიის მიმართ გაკეთებული განცხადება ადგილის დატოვების თაობაზე უნდა იყოს მკაფიო და დასაბუთებული. ჟურნალისტს უნდა მიეცეს გონივრული დრო, რომ შეძლოს ტერიტორიის დატოვება.
დაიმახსოვრეთ: თუ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი და არსებობს ჟურნალისტის დაზიანების საფრთხე და ასევე მედიის ყოფნა სამართალდამცველს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლის, პოლიციას უფლება აქვს მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვოს.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა ეროვნული კანონმდებლობით არის დანაშაული და ის დასჯადია.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა:
1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები არ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას, შეგიძლიათ დარეკოთ გენინსპექციის ცხელ ხაზზე — 126.
სტატია მომზადდა On.ge-ს მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია on.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
კომენტარები