გურიაში, სოფელ ჩიბათთან დღეს, 24 აგვისტოს, დილის დაახლოებით 5 საათზე, სატვირთოს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა - გარდაცვლილია ხუთი ადამიანი. გარდაცვლილებს შორის ერთი ბავშვია. ავტომობილის მხოლოდ ერთი მგზავრი გადარჩა.

ბათუმელების ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი და დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლს ადგილი არ დაუტოვებია და მისი გამოკითხვა და ექსპერტიზები ტარდება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით, მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.