4 ძირითადი დარღვევა, რომლებიც არჩევნებზე გამოიკვეთა
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო პროცესს მნიშვნელოვანი დარღვევები ახლდა თან — ხელისუფლება აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დაფიქსირდა ბევრი დარღვევა. ბუნებრივია, არჩევნების შედეგმა პროცესის სანდოობა დააყენა ეჭვქვეშ და არც საერთაშორისო პარტნიორებმა და სადამკვირვებლო მისიებმა შეაფასეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად. ცენტრალური საარჩევნო კომისია დარღვევების ობიექტური გამოძიების ნაცვლად, ხშირად თავდაცვით პოზიციაშია და აცხადებს, რომ არჩევნებმა მინიმალური ხარვეზებით ჩაიარა. ეს ფაქტი კითხვებს აჩენს თავად ცესკოს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზეც.
როგორც აღინიშნა, საარჩევნო პროცესში საკმაოდ ბევრი დარღვევა აღირიცხა — ამ სტატიაში არაკეთილსინდისიერი და უკანონო საარჩევნო ქცევის 4 ძირითად მოდელს გაეცნობით, რომელიც მმართველმა პარტიამ საარჩევნო პროცესში გამოიყენა.
1. გენდერული სტატისტიკის შეუსაბამობა ამომრჩეველთა აქტივობასთან
სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-მა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ საარჩევნო სტატისტიკა გარკვეული მანიპულაციების შესახებ აჩენდა ეჭვებს. ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით, ზოგიერთ უბანზე იმაზე მეტმა კაცმა მისცა ხმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.
275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20%-ით მაღალია. მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლების მეტობითაა გამოხატული, 32 საარჩევნო უბანზე კი – ქალი ამომრჩევლების;
მოცემული 275 უბნიდან, 67 საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე ქალებისას 30-ზე მეტი პროცენტული პუნქტით სჭარბობს, 12 საარჩევნო უბანზე კი ამდენივე პროცენტული პუნქტით აღემატება არჩევნებში გამოცხადებული ქალების წილი კაცებისას;
23 საარჩევნო უბანზე გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რიცხვი ერთიან სიაში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობას აღემატება. მათ შორის, სულ მცირე 6 საარჩევნო უბანზე მისული კაცი ამომრჩევლების წილი 100%-ზე მაღალია იმ თეორიული დაშვებითაც კი, თუ მოცემულ უბნებზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებული ყველა ამომრჩეველი კაცი იყო.
ცესკომ ISFED-ს იმავე დღეს უპასუხა და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი განცხადება "საარჩევნო ცოდნის ნაკლებობის" ბრალი იყო. მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაციამ სადამკვირვებლო ორგანიზაციას "საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად მიზანმიმართულ ქმედებაშიც" დასდო ბრალი.
ცესკო ISFED-ს ამ თემაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 13 ნოემბერს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "გენდერული სტატისტიკა არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან".
გენდერული სტატისტიკის შეუსაბამობაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. მან სამართლიან არჩევნებს ბრალი ტყუილში დასდო.
"რატომ ავრცელებს დეზინფორმაციას ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია და ძირს უთხრის არჩევნებს? რატომ ავრცელებს ამერიკული ფულით ISFED-ი დეზინფორმაციას?" — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ISFED-ი არ ცესკოს პასუხს არ მიიჩნევს დამაკმაყოფილებლად. 13 ნოემბერს ორგანიზაციამ შეახსენა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ ის "ვალდებულია, მის მიერვე წარმოებულ და გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არსებული შეცდომებისა და არაბუნებრივი მაჩვენებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და დეტალურად ახსნას აღნიშნულის მიზეზები".
მან ისიც თქვა, რომ არანაირი კითხვები არ აქვს ISFED-ის მიმართ, კითხვები აქვს USAID-ის მიმართ და მას რომელიც მას აფინანსებს. წინა ჯერზე ის ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვეღარ გაექცევაო.
"მე პირადად არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID-ის მიმართ, რომელიც აფინანსებს მას. 2020 წელს, ISFED-ის არაპროფესიონალიზმს, თუ მათ უცოდინარობას დაჰბრალდა ეს თითქოს, მაგრამ ჩვენ გავიგეთ, რომ USAID-მა ყველაფერი იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას მალავდა. საინტერესოა, ახლა რას აკეთებს USAID-ის ახლანდელი ხელმძღვანელობა, ისინიც რა დონით არიან საქმის კურსში? რატომ არ აქვეყნებს ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს?", — განაცხადა პაპუაშვილმა.
ხმის ფარულობის დარღვევა
ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი პრობლემა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოიკვეთა, ხმის ფარულობის დარღვევაა — არჩევნების დღესვე და მომდევნო დღეებში, ამომრჩევლები საუბრობდნენ იმაზე, რომ საარჩევნო ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა, ხოლო ხმის დაფიქსირების პროცესში აპარატთან მდგარ დამკვირვებელს შეეძლო, გაერჩია, ოპოზიციას მისცა ამომრჩეველმა ხმა თუ ქართულ ოცნებას. ცესკოს ფაქტი, რომ მარკერის კვალი შესამჩნევი იყო, არ უარუყვია, თუმცა თავი იმით იმართლა, რომ ბიულეტენის ქაღალდი სტანდარტულზე სქელი იყო და ჩარჩო-კონვერტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ამომრჩეველს ხმის ფარულობის დაცვა შეეძლო.
აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მიმართა. 24 სარჩელიდან, რომელიც სხვადასხვა საქალაქო სასამართლომ განიხილა, მხოლოდ თეთრიწყაროს სასამართლომ დაადასტურა ხმის ფარულობის დარღვევა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა.
საქმე სააპელაციო სასამართლომდე მივიდა, სადაც სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, როცა სარჩელები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დაჯგუფდა და 24 საქმე 2 საქმედ იქცა. დასავლეთ საქართველოში საქმეს განიხილავდა კოლეგია, რომლის ერთ-ერთი წევრიც საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის, მამა, მოსამართლე შოთა სირაძე იყო.
თბილისში მიმდინარე პროცესმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება დაიმსახურა, რადგან ის არც მეტი, არც ნაკლები, 24 საათის განმავლობაში, გადადების გარეშე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, კოლეგიამ, რომლის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილიც იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, მოსამართლე გვრიტიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები "მოსამართლეთა კლანის" წევრად მოიხსენიებენ. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება "ვეტინგს", რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციაა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს.
ამომრჩევლის მოსყიდვა
სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობდნენ ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებზეც. ISFED-ის მიერ წარდგენილ ანგარიშში მოვისმინეთ, რომ არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებს.
"რაც ყველაზე პრობლემურად მიგვაჩნია — საარჩევნო უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა არჩევნებზე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობას", — განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
ამომრჩეველთა მოსყიდვის საკითხს ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. პრემიერმინისტრმა რაოდენობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ დარღვევა სისტემური არ ყოფილა.
"ვიღაცამ ვიღაცას გადასცა ბენზინის ტალონი, რაღაც უბანზე ალვანში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას. სულ არის 10 შემთხვევა. ისინი აკვირდებოდნენ 700 000 ამომრჩეველს და დაადგინეს 10 შემთხვევა, ოღონდ იქ რა ხდებოდა, თავად არ იციან. აქ ამომრჩევლის მოსყიდვა მოხდა თუ სხვა რამე მოხდა, არ იციან. თავში ამას აქვს სათაური ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, მერე არის 10 შემთხვევაზე საუბარი და ათივე არის სავარაუდო შემთხვევა, სადაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ სინამდვილეში რაიმე მოსყიდვა ხდებოდა", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვისი პირადობით ხმის მიცემა
კიდევ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული დარღვევა სხვისი პირადობით ხმის მიცემას უკავშირდებოდა. ამის შესახებ NEWS.On.ge ხმის გუშაგის დამკვირვებელ თემურ სუყაშვილს არჩევნების მომდევნო დღეს, 27 ოქტომბერს ესაუბრა. სუყაშვილი არჩევნების დღეს 16 უბანზე იმყოფებოდა.
პრობლემა, რომელზეც თემურ სუყაშვილი მიუთითებს ვერიფიკაციის აპარატს ეხება. მასში ამომრჩევლის პირადობის მოწმობა თავსდება, რითაც მისი იდენტობა დასტურდება. თუმცა ეს ვერ მოხდება პასპორტის შემთხვევაში... თუ მოქალაქე ხმის მისაცემად ID ბარათის ნაცვლად პასპორტს იყენებს, რეგისტრატორი მას ვეღარ ათავსებს აპარატში, ვერიფიკაციის მიზნით და პირადი ნომერი ხელით შეჰყავს.
"შემოდიოდნენ საქართველოს მოქალაქის პასპორტით, აწვდიდნენ რეგისტრატორს, რომელსაც შეჰყავდა ხელით პირადი ნომერი, რომელიც იყო არა უშუალოდ დოკუმენტზე, არამედ მასში იყო ჩადებული პატარა წებოვან ქაღალდებზე მიმაგრებული პირადი ნომრები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმ უბანზე მიწერილ ამომრჩეველს გულისხმობდა. სავარაუდოდ, ეს ამომრჩევლები ან საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ან უბრალოდ იცოდნენ, რომ არ ცხადდებოდნენ არჩევნებზე. შეიძლება გარდაცვლილი პირებიც იყვნენ, ამას სჭირდება გადამოწმება", — განაცხადა NEWS.On.ge-სთან საუბარში თემურ სუყაშვილმა.
სუყაშვილი მარნეულში მასწავლებლად მუშაობს და ბევრი იცნობს, სწორედ ამიტომ, მისი თქმით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მასთან მოლაპარაკება ბევრმა სცადა და კანონდარღვევაზე თვალის დახუჭვაც სთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის ოლქში წარსულშიც ხშირად იკვეთებოდა საარჩევნო დარღვევები, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამ არჩევნებზე მარნეულის უბნებზე არსებული სიტუაცია უპრეცედენტო იყო.
სწორედ ჩამოთვლილი დარღვევებისა და შეუსაბამობების შედეგია ის, რომ არჩევნების აღიარება ქართულმა ოცნებამ 26 ოქტომბრიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ლიდერისგან მიიღო. იმ ქვეყნებიდან, რომელთა ლიდერებმა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ქართული ოცნების გამარჯვება სამართლიანად მიიჩნიეს, 3 მეზობელია, ერთი — ახალი სტრატეგიული პარტნიორი, — ჩინეთი, ერთი — საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ერთი კი — უნგრეთს პრემიერი ვიქტორ ორბანია.
ასევე იხილეთ: ვინ (არ) მიულოცა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება?
კომენტარები