26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მასში ამომრჩეველთა დაახლოებით 54%-ის მხარდაჭერით ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.

არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩაიარა, შესაბამისად, გაჩნდა მრავალი კითხვა მისი სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის შესახებ. დასავლელი პარტნიორების უმრავლესობამ არჩევნების პროცესში არსებული დარღვევები დაგმო და ხელისუფლებას მათი გამოძიებისკენ მოუწოდა. ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომელთაც არჩევნები გააკრიტიკეს, გრძელია.

ფოტო: ForSet • ფორსეტი

დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფონზე, ოცნებას რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა მაინც მიულოცა.

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პირველადი შედეგების გამოცხადებამდე, ეგზიტპოლებზე დაყრდნობით მიულოცა.

"ვულოცავ პრემიერმინისტრ კობახიძესა და ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში მყარ გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის და დღეს თავისი ხმა ყველას გააგონა!", — ვკითხულობთ ორბანის პოსტში.

შეიძლება ითქვას, ვიქტორ ორბანი ევროკავშირში მმართველი პარტიის ერთადერთი მოკავშირეა — უნგრეთის ლიდერი 28-29 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტითაც ეწვია, თუმცა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერი ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის პოზიციას არ წარმოადგენს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. მისი შეფასებით, საქართველოში არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა.

"გულწრფელად გილოცავთ 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია ქართული ოცნების გამარჯვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება ქართველი ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის. სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს — კეთილდღეობა და ბედნიერება", — აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ნიკოლ ფაშინიანი

არჩევნების მომდევნო დღეს, 27 ოქტომბერს ქართულ ოცნებას მიულოცა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმაც. მან X-ზე ქართულენოვანი პოსტი გამოაქვეყნა:

"ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთი-საქართველო სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას ქართველი და სომეხი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ", — წერდა ნიკოლ ფაშინიანი.

ნიკოლას მადურო

ვენესუელის დიქტატორმა, ნიკოლას მადურომ ქართული ოცნების შესახებ ტელეგადაცემაში ისაუბრა. მას მმართველი პარტიისათვის პირადად არ მიულოცავს, თუმცა 26 ოქტომბრის არჩევნები აღიარა და აშშ საარჩევნო დარღვევებისადმი არსებული პოზიციის გამო გააკრიტიკა.

"კვირას [ქართულმა ოცნებამ] ქართველი ხალხის 56%-ის ხმებით სამაგალითოდ და ვარსკვლავურად გაიმარჯვა. რას ამბობს აშშ? — "ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს, შვენ ვითხოვთ შედეგების გადახედვას, ჩვენ ვითხოვთ განმეორებითი არჩევნების ჩატარებას საქართველოში". თქვენ ფიქრობთ, რომ მსოფლიოს ხალხს უნდა, რომ მოექცნენ მათ, როგორც მონები, როგორც კოლონია?", — განაცხადა მადურომ

ცნობისთვის, ვენესუელა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს, შესაბამისად, საქართველოს სამხრეთამერიკულ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს. თავად მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას — 2024 წლის 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მან გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა. არჩევნების შედეგებს აღიარებენ მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ.

ილჰამ ალიევი

ქართული ოცნებისათვის მიმლოცველთა სიას მიემატა ილჰამ ალიევიც. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილოცვა თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა.

"ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებასა და აყვავებას. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, რომელიც იქნება ნაკარნახევი ჩვენი ერების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობენ მეგობრულ გარემოში, მეგობრულად და კეთილმეზობლურად და სამომავლოდ ჩვენი ქვეყნების პოზიციების განმტკიცებით სამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად უსურვებს საქართველოს, იყოს სტაბილური და აყვავებული", — ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ლინ ძიენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.

"ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად უსურვებს საქართველოს, იყოს სტაბილური და აყვავებული. ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ყველა მხარესთან, რათა ხელი შეუწყოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას", — განაცხადა ლინ ძიენმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტები

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და ქართულ ოცნებას მიულოცეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა და ვიცეპრეზიდენტებმა — პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე, საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარე, შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი.

ზახაროვა და პესკოვი

"ქართული ოცნების" გამარჯვებას კმაყოფილებით შეხვდნენ რუსეთშიც. გასაგები მიზეზების გამო, პირდაპირი მისალოცი ტექსტები არ გვინახავს, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა და პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურნენ.

ზახაროვას განცხადებით, ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და რეგიონში დესტაბილიზაციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

"კოლოსალური ზეწოლის მიუხედავად ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. 26 ოქტომბერს ამომრჩევლებმა სტაბილურობას, განვითარებასა და საქართველოსთვის ტრადიციულ ღირებულებებს დაუჭირა მხარი. ისინი მიხვდნენ, რომ ალტერნატივა დესტაბილიზაცია და რეგიონში დაძაბულობაა", — განაცხადა ზახაროვამ.

რაც შეეხება პესკოვს, მან არჩევნებში რუსეთის ჩარევა უარყო, თუმცა არჩევნებს "ქართველი ხალხის არჩევანი" უწოდა.

"როგორც კი რამე მოხდება, ეგრევე რუსეთს აბრალებენ ჩარევას. ეს ასე არ არის, არანაირი ჩარევა არ ყოფილა. ეს განცხადებები უსაფუძვლო ხასიათს ატარებს. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ამ ბრალდებებს. ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს არჩევნების შედეგებში. სხვათა შორის თავად ქალბატონი პრეზიდენტიც ამბობდა, რომ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, ზუსტად არ ვიცი, შედის თუ არა საქართველოს პრეზდენტის უფლებამოსილებებში არჩევნების აღიარება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შიდა ქართული საქმეა", — განაცხადა პესკოვმა.

ალბათ, არსებულ სიტუაციას ვრცელი შეჯამება არ სჭირდება. იმ ქვეყნებიდან, რომელთა ლიდერებმა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ქართული ოცნების გამარჯვება სამართლიანად მიიჩნიეს, 3 მეზობელია, ერთი — ახალი სტრატეგიული პარტნიორი, ერთი — საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ერთი — ვიქტორ ორბანია, ხოლო ერთიც — ოკუპანტი.