30 ოქტომბერს, რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც რუს მოქალაქეებს უფლებას აძლევს აფხაზეთში ააშენონ მრავალფუნქციური კომპლექსები. ამავდროულად, ხელშეკრულება ითვალისწინებს, რუსი ბიზნესმენებისთვის სასათბურე პირობების შექმნას, მათ შორის გადასახადებისგან გათავისუფლებას.

შეთანხმება, ძალიან წააგავს კანონს "აპარტამენტების" შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსებს საშუალება ეძლეოდათ აეშენებინათ საცხოვრებელი კომპლექსები და შეეძინათ კერძო საკუთრება. კანონი თითქმის მიღებული იყო, მაგრამ ბოლო წამს აფხაზურმა მხარემ, საზოგადოების მასობრივი პროტესტის გამო, ჩააგდო. აფხაზებმა არ მიიღეს არც "აგენტების კანონი", აჭიანურებენ ბიჭვინთის ტერიტორიების გადაცემასაც და რუსულ ფედერალურ გვარდიასთან თანამშრომლობაზეც უარი თქვეს. ამ ყველაფრის პასუხად, მოსკოვმა, დაფინანსება შეუმცირა სოხუმს, მათ შორის პენსიების გაცემაც.

და მაინც, რა ხდება აფხაზეთში?

2008 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ცდილობს აფხაზეთის ეკონომიკური ანექსიაც მოახდინოს. მართალია აფხაზები სრულად დამოკიდებულნი არიან მოსკოვზე, როგორც უსაფრთხოების ისევე ეკონომიკის დარგში, მაგრამ ფინანსურად რუსები დიდად ვერ ხეირობდნენ. აფხაზურ კონსტიტუციაში არის კანონი, რომელიც მათ, ვინც აფხაზეთის მოქალაქე არაა, აფხაზეთში კერძო საკუთრების შეძენას უზღუდავს. თავის მხრივ, აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან აუცილებელია აფხაზური ენის ტესტის ჩაბარება — ენის, რომელიც თავად აფხაზების ნაწილმაც კი არ იცის.

აფხაზური საზოგადოება, კარგად აცნობიერებს, რომ მათი დამოუკიდებლობა, მხოლოდ პირობით ხასიათს ატარებს და რომ სრულად დამოკიდებულნი არიან რუსეთზე. აქედან გამომდინარე, ერთადერთი საკითხი, რომელშიც ისინი რეალურად ინარჩუნებენ ავტონომიურობას ეს არის უფლება მიწაზე და ის, თუ ვინ განკარგავს მას.

მსგავსი დამოკიდებულობის უკან სავსებით რაციონალური ლოგიკა დგას:

  1. რუსული კაპიტალი, მთლიანად გაანადგურებს ადგილობრივ ბიზნესს;
  2. სოხუმი და სხვა ქალაქები, გაივსება მაღალსართულიანი კორპუსებით და გადაიქცევა ბეტონის ჯუნგლებად;
  3. აფხაზები სრულად დაკარგავენ უფლებას ქალაქზე, მიწაზე და "სახელმწიფოზე" — ისინი ჩანაცვლდებიან რუსი მოქალაქეებით;
  4. ისედაც არსებული დემოგრაფიული კრიზისი სრულად უკონტროლო ხასიათს მიიღებს — აფხაზი ერი უბრალოდ გაქრება და გარუსდება;
  5. რუსების ჭარბი რაოდენობის შედეგად, (ისედაც მძლავრი რუსული) ენა მთლიანად გააქრობს აფხაზურს.

აქვე აღსანიშნია ისიც, რომ აფხაზური ნაციონალიზმში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ენას, მიწასა და დემოგრაფიას. როგორც ზემოთ აღინიშნა ამ სამივეს უდიდესი, ფაქტობრივად ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება.

15 ნოემბერს შეთანხმების რატიფიკაციაა ჩანიშნული. ოპოზიციამ უკვე დააანონსა საპროტესტო აქცია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 1992-1993 წლების შემდგომ, აფხაზური საზოგადოებისთვის, 2024 წლის 15 ნოემბერი ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი.

სად არის საქართველოს ხელისუფლება?

უცნაურია, მაგრამ გასაგებიც, რომ ბოლო წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თბილისი ყოველთვის დუმს. ფაქტი იყო, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისა თუ შიგნით მიმდინარე პროცესებს უყურებდა როგორც თავის ტკივილს და არ გააჩნდა არანაირი ხედვა. თემა სარისკო და სენსიტიური იყო, აქედან გამომდინარე ისინი ამჯობინებდნენ ე.წ სირაქლემას პოზიციას, საკითხის სრულ იგნორირებას. კომიკურია, მაგრამ იყო დრო, როცა აფხაზები აქეთ გვთხოვდნენ ახალ სადისკუსიო პლატფორმებს, მაგრამ ქართული მხარე არ გამოხატავდა შესაბამისს ინტერესს.

2022 წლიდან, მაშინ როცა ქართული ოცნების ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, დაუფარავად რუსულ ვექტორზე გადაეწყო, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი პოლიტიკა კიდევ უფრო ინდიფერენტული და შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივიც გახდა. ხელისუფლება, სრულად გადართულია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისკენ და არ აღელვებს სახელმწიფოებრივი საკითხები. თუ საპარლამენტო და მინისტრთა სიას გადავხედავთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არც ინტელექტუალური რესურსი (საკითხის ცოდნა) აქვთ, გადადგან სწორი ნაბიჯი ისეთ კომპლექსურ საკითხში, როგორიც ქართულ-აფხაზური საკითხია.

კომიკურია, ტრაგიკული რომ არ იყოს, მაგრამ წინასაარჩევნოდ გვესაუბრებოდნენ შესაძლო ტერიტორიულ გამთლიანებაზე, არადა, ვხედავთ, რომ რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს აფხაზეთის ოკუპაციას და მის კრასნოდარის მხარედ გადაქცევას აპირებს...

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში, ხელისუფლება, რომელიც გვესაუბრება გლობალურ ომის პარტიაზე, მასონებზე, პარტიების აკრძალვასა და იმაზე თუ როგორ იდეალურად ჩატარდა არჩევნები, გადადგამს სწორ ნაბიჯს — იმ ნაბიჯს, რომელიც რუსეთს დისკომფორტს შეუქმნის და ქართული სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესში იქნება.

ქართული საზოგადოება და აფხაზური ბრძოლა

ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ეს მხოლოდ რიგით ადამიანებსაც ვერ დაჰბრალდება, ამაში დამნაშავეა პოლიტიკური ძალები, მედია და ყველა ის, ვინც განწყობებს ქმნის.

საზოგადოებამ საერთოდ არ იცის რა ხდება სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, თითქოსდა ჩვენ ცალკე კუნძული ვართ. იგივე ითქმის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელშიც ათწლეულებია აფხაზებს არ ვაღიარებთ, როგორც საზოგადოებად, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რუსეთისგან დამოუკიდებელი მიზნები და ხედვები. კი, აფხაზებმა იომეს ქართველების წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ვხედავთ ისინი ებრძვიან რუსებსაც, ისე როგორც შეუძლიათ — ფაქტია, რომ "აფხაზი" არსებობს.

საპროტესტო აქციებზე გამოსული აფხაზები, შეიძლება ეწინააღმდეგებიან რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ მათ სურთ საქართველოს ნაწილად ყოფნა. პირიქით, საქართველო უმთავრეს მტრად მიაჩნიათ, ბოლოს და ბოლოს ათწლეულებია სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე ქართველის სახით მტრის ხატის წარმოება მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა, აფხაზი დღეს ირიბად იცავს მიწას არამხოლოდ თავისთვის, არამედ ქართველებისთვისაც რომლებიც ადრე თუ გვიან საკუთარ, თუნდაც გამქრალ სახლებში უნდა დაბრუნდნენ.

მეორეს მხრივ, თუ რუსეთი შეძლებს და გაიტანს საკუთარ ინტერესებს, ხოლო აფხაზების შიშები რეალობად იქცევა, თბილისისთვის შესაძლო დეოკუპაცია და შემდგომი უნიფიკაციის პოლიტიკა გაცილებით გართულება. თუკი დღეს კითხვად ისმის, თუ რა მოხდება იმ აფხაზი ოჯახების პირობებში, ვინც უკანონოდ დაეუფლნენ ქართულ სახლებს, ახლა ამას დაემატება გაცილებით ძლიერი რუსული კაპიტალიც, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით შევა "ახალ ბაზარზე".

მხარეთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, შეიძლება შეიცვალოს აფხაზიც — თუ ისევ გავყვებით აფხაზურ შიშებს რუსიფიკაციასთან მიმართებაში, აქაც დაისმის ლოგიკურ კითხვა: ვის ჯობია ვესაუბროთ, აფხაზს, რომელსაც ქართველი არ უყვარს, მაგრამ ახსოვს და აქვს მსგავსი კულტურა, ადათი და ცხოვრების სტილი თუ გარუსებულ აფხაზს, რომლისთვის ქართველი არაფერს ნიშნავს და რომელიც მენტალურადაც რუსია.

რა უნდა ვქნათ?

დღევანდელი არალეგიტიმური ქართული ხელისუფლება, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა თუ ისევ სირაქლემას პოზიციას დაიკავებდა. არა იმიტომ, რომ ეს არის სწორი, არამედ იმიტომ, რომ მათგან სახელმწიფოებრივ ქმედებას არ ველი.

ყველაზე დაუჯერებელ სიზმრად წარმომიდგენია, რომ ირაკლი კობახიძე გამოვა ბრიფინგზე და მხარდაჭერას გამოუცხადებს აფხაზებს. გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რათა ხმა მიაწვდინოს დემოკრატიულ სამყაროს, რომ რუსეთი აპირებს სრულად "გადაყლაპოს" აფხაზეთი, საქართველოს ტერიტორია და საქართველოს მოქალაქეები, როგორც გალში მცხოვრები ქართველები, ისევე აფხაზები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს იურისდიქციას, მაგრამ ირიბად მაინც საქართველოს მოქალაქეები არიან.

ყველაზე იდეალურ სცენარში, აფხაზები დაინახავდნენ ხსნას ევროკავშირში, ამით კი გაძლიერდებოდა საქართველოს პოზიციებიც. საქართველოს გაცხადებული მიზანი არის მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც ვერ მოხდება დასავლეთის აქტიური ჩართულობის გარეშე. ამ მომენტში, შეიქმნებოდა პრეცედენტი, რუსეთის ჩაჩოჩებისა და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების კონფლიქტში შემოსვლისა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღმაც, თბილისმა უნდა მისცეს აფხაზებს გარანტიები, პირველ რიგში კი დაანახოს ის, რომ საქართველო არ არის რუსეთი, რომელსაც სურს მხოლოდ ტერიტორია და რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა, რომ მას აღარ მართავენ, არც "კიტოვანები" და არც "იოსელიანები".

ჩვენც, ქართულმა საზოგადოებამაც უნდა გავაანალიზოთ, რომ სახელმწიფოს უნდა ჩამოვაშოროთ ოლიგარქიული, მტაცებლური და რეგრესული ხედვების მქონე ადამიანები და ჯგუფები. აფხაზისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ ჩააბეტონებს ქალაქებს, ვინ გახდება მონოპოლისტი და ვინ გათელავს ფეხქვეშ მათ ინტერესებს. "ბათუმიზაციის" ქართული გეგმა ისეთივე მტრულად იქნება აღქმული, როგორც რუსული.

დაბოლოს, კონფლიქტს სჭირდება გრძელვადიანი ხედვა, რომელიც არ არსებობს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შემდგომი უნიფიკაცია, მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოხდეს ორივე საზოგადოების, ქართულისა და აფხაზურის, საუკეთესო ინტერესებისა გათვალისწინებითა და ღირსების დაცვით — და არა თვითგვემით ან რევანშით.

უცნაურია, მაგრამ 2024 წელს, ქართულ საზოგადოებას, რომელსაც გვიწევს საქართველოს გადარჩენა კვაზი ავტორიტარული ხელისუფლებისგან. ვსაუბრობთ და განვიხილავთ ელემენტარულ საკითხებს, რომელიც გვეგონა რომ წარსულს ჩავაბარეთ.

2024 წლის არჩევნებით, ქართული ოცნება ცდილობს ოცნებაც წაგვართვას. არადა, ჩემს საოცნებო სცენარში, რომელიც ალბათ არის ძალიან მიამიტური, შესაძლებელი ხდებოდა მცირედით მაინც დაძრულიყო ათწლეულობით გაყინული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხი.