კულტურული მემკივდრეობის ძეგლებს ნებისმიერი სახელმწიფოსა და ერის ყოველდღიურობაზე უდიდესი გავლენა აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ ტურისტულ შემოსავალზე, რომელსაც ქვეყნები სწორედ ასეთი ნაგებობების შემონახვით იღებენ, ისინი წარსულთან კავშირის კუთხითაც უდიდეს როლს თამაშობენ — თითოეული მათგანი ატარებს ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი იდენტობების ფორმირებაში მონაწილეობენ.

შესაბამისად, ამ კულტურული საგანძურის შემონახვა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული გადმოსახედიდან და ხარისხიანი რესტავრაცია ნებისმიერი ხელისუფლის ინტერესებში უნდა შედიოდეს.

ამ სტატიაში განვიხილავთ კულტურული ძეგლების რესტავრაციის პროცესს საქართველოსა და ევროკავშირში.

კულტურული ძეგლების რესტავრაცია ევროკავშირში

ევროკავშირში კულტურული ძეგლების რესტავრაციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარს, ფრაუენკირხეს, უკავშირდება. ბაროკოს სტილის ლუთერანული ტაძარი, დრეზდენის ფრაუენკირხე თითქმის სრულად დაინგრა მეორე მსოფლიო ომში, მოკავშირეთა მხრიდან ქალაქის საჰაერო დაბომბვის დროს და 1994-2005 წლებში აღადგინეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტაძრის ნანგრევები საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებადი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) ტერიტორიაზე მოექცა და ქვეყნის გაერთიანებამდე ომის საშინელების ამსახველი მემორიალის ფუნქციას ასრულებდა. 1990 წელს გერმანია გაერთიანდა, 1994 წელს კი, არქიტექტორ ებერჰარდ ბურგერის ხელმძღვანელობით, ფრაუენკირხეს რესტავრაცია დაიწყო — პროცესი 2005 წელს დასრულდა.

ფოტო 1: Anne-Marie Steenbergen / ფოტო 2: Cephoto, Uwe Aranas

2019 წლის 15 აპრილს საფრანგეთი და მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ნოტრ დამში გაჩენილმა ხანძარმა. ცეცხლმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა.

მას შემდეგ 5 წელი გავიდა, შუაში კი კოვიდ-19-ის პანდემია იყო, თუმცა საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვანი საკათედრო ტაძრის რესტავრაციაზე დიდი ყურადღება და რესურსი დაიხარჯა. ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს რესტავრაციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. შედეგად, დაიწყო შპილის რეკონსტრუქცია და ხანძრის შედეგად დარჩენილი ჭვარტლის ფენებისგან ტაძრის კედლები სრულად გათავისუფლდა. მეტიც, 2024 წლის დეკემბერში ნოტრ დამი მნახველებისათვის გაიხსნება, ხოლო 2026 წელს მისი რესტავრაცია საბოლოოდ დასრულდება.

ფოტო: Ian Langsdon/EPA

კულტურული ძეგლების რესტავრაცია საქართველოში

რასაკვირველია, დროთა განმავლობაში კულტურული ძეგლები საქართველოშიც ზიანდება და მათ რესტავრაცია სჭირდება, რაც მეტ-ნაკლები წარმატებით ხერხდება. მაგალითად, 2019 წელს მუცოს რესტავრაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი მოიპოვა 34 ქვეყნის 149 საკონკურსო განაცხადს შორის — აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც ფიქალის მშრალი წყობის მივიწყებული ტრადიციული ტექნიკა მეზობელი რეგიონის ქისტი ოსტატებისგან აითვისეს — ეს საქართველოში კულტურული ძეგლის რესტავრაციის ერთ-ერთი საუკეთესო პრეცედენტია.

XVI-XVIII საუკუნეების ცისკარაულების კოშკი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, 2001 წელს, რუსული ჭურვით დაზიანდა. დანგრევის საფრთხის წინ მდგარი 19 მეტრის სიმაღლის კოშკის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი და ქართველი პარტნიორების წარმატებული თანამშრომლობის, პროფესიონალთა გუნდისა და მოხალისის შრომის წყალობით.

რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა. პროექტი 2021- 2023 წლებში განხორციელდა ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, დიდი ბრიტანეთი), რამპართან (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკის (Ducal Tower in Siedlecin, პოლონეთი) — მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი დააფინანსებულია საერთაშორისო ფონდ ალიფის (ALIPH Foundation) მიერ. ალიფი ფონდია, რომელიც ევროკავშირთან სხვადასხვა ქვეყნებში კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად თანამშრომლობს.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში რესტავრაციის საკითხებში უარყოფითად გელათი დაგვამახსოვრდა — 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში იკავებს ადგილს.

ფოტო: მთავარი არხი

გელათში წვიმისა და თოვის შედეგად წყალი 2016 წლის დეკემბერში ჩავიდა, რამაც ფრესკების ნაწილი დააზიანა. უხარისხო მასალით გადახურვის გამო, სახურავი დაზიანდა 2019 წელსაც. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ განცხადებიდან მალევე, 2023 წლის 7 აპრილს, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან გადაიბარა და ჯერ კიდევ გრძელდება. წლების განმავლობაში გელათის რეაბილიტაციისათვის თანხები არაერთხელ გამოყო აშშ-ის საელჩომ — პროცესში მონაწილეობდა ევროკავშირიც, თუმცა საქართველოს კულტურის სამინისტრომ რესტავრაციის პროექტს თავი ხარისხიანად დღემდე ვერ გაართვა.

ევროკავშირი საქართველოს მხოლოდ შუა საუკუნეების ნაგებობების რესტავრაციაში არ ეხმარება — 2024 წელს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს მე-20 საუკუნის არქიტექტურული ძეგლების ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის, მოზაიკების რესტავრაციაც. მე-20 საუკუნის მოზაიკა გამოირჩევა იმით, რომ, ხშირად, ის არ ეხება საბჭოთა იდეოლოგიას — პირიქით, ფოლკლორსა და საბჭოთაკავშირამდელ კულტურას ასახავს.

ფოტო: EU4Georgia

სამეგრელოში არსებული მოზაიკების რესტავრაციის პროცესში ევროკავშირი UNDP-სთან ერთად აქტიურად მონაწილეობს.

საბოლოოდ, დრო და უბედური შემთხვევები ძეგლებს არ ირჩევენ — თითოეული ისტორიული ნაგებობა შეიძლება დაზიანდეს, არ აქვს მნიშვნელობა, სად მდებარეობს ის, თუმცა, მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც აღდგენაში, როგორც ფინანსებით, ისე გამოცდილებითაც დაეხმარება.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის ერთიანი საქართველო ევროპისათვის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.