თუ პოლიციელმა გაგაჩერა — იცოდე შენი უფლებები
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პოლიციის საქმიანობას და მისი კომუნიკაციის წესს მოქალაქესთან, თუმცა ის, რაც წერია კანონში და რასაც ვხედავთ რეალურ ცხოვრებაში, ზოგჯერ შეიძლება ერთმანეთთან შეუსაბამო იყოს. შესაბამისად, თავის დაცვის ერთადერთი გზა საკუთარი უფლებების ცოდნაა.
გახსოვდეთ: პოლიციელს არ აქვს უფლება, საფუძვლიანი ეჭვის გარეშე, ქუჩაში გაგაჩეროთ.
თუ პოლიციელი ქუჩაში გაგაჩერებთ უფლება გაქვთ:
- მოითხოვოთ პოლიციელის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
- საჯარო სივრცეში, ქუჩაში, ნებისმიერ დროს გაქვთ ვიდეოს გადაღების უფლება;
- პოლიციელის მხრიდან თქვენი ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას;
- თუ ზედაპირული შემოწმების დროს პოლიციელმა აღმოაჩინა საეჭვო საგანი, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ჩხრეკის ჩატარება;
- 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით;
- პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს
პოლიციელი ვალდებულია:
- წარმოგიდგინოთ მისი იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტი;
- განგიმარტოთ თქვენი გაჩერების საფუძველი;
- ზედაპირული შემოწმების დროს არ გაგიჩხრიკოთ ჯიბეები და ჩანთა.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი პირის გამოკითხვას ეხება და გვეუნბება, რომ:
1. პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:
ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას;
გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე;
დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;
ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე
ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.
ადვოკატები მიუთითებენ პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევებზე, როდესაც მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებს გენინსპექცია და სპეციალური საგამოძიებო სამსახური სათანადო ყურადღებით არ იძიებს.
"თუ პოლიციელი გაგაჩერებთ, მას არ აქვს თქვენი პირადი ტელეფონის განბლოკვის უფლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიციელი გეუბნებათ, რომ შეგიძლიათ ტელეფონის განბლოკვა იმისთვის, რომ დაურეკოთ ოჯახის წევრს, ან ადვოკატს; არ ისარგებლოთ ამ შემოთავაზებით, რადგან მას შეუძლია განბლოკილი ტელეფონი გამოგართვათ და ნახოს თქვენი პირადი ინფორმაცია. პოლიცია ვალდებულია დაგარეკვინოთ, მაგრამ სჯობს, მათი ტელეფონით დარეკოთ, რადგან თქვენ მიერ განბლოკილი მობილური შეიძლება ბოროტად გამოიყენონ და ხელში თქვენი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა შეგრჩეთ", — აცხადებს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე.
განყოფილებაში გადაყვანის შემთხვევაში შეგიძლიათ:
- პოლიციელს მოსთხოვოთ, დაგარეკვინოთ ადვოკატთან და ოჯახის წევრთან;
- საჯარო სივრცეში, ქუჩაში ნებისმიერ დროს გაქვს ვიდეოს ჩართვის და გადაღების უფლება;
- პოლიციელს უფლება არ აქვს მოგთხოვოთ თქვენი პირადი ტელეფონის განბლოკვა და თქვენი პირადი ინფორმაციის ნახვა;
- თუ პოლიციელი არ გაკავშირებთ ადვოკატთან, არ გაძლევთ ოჯახის წევრთან დარეკვის საშუალებას, გამოიყენეთ დუმილის უფლება მანამ, ვიდრე შეძლებთ მათთან კონტაქტის დამყარებას.
"საჯარო სივრცეში, ქუჩაში ნებისმიერ დროს გაქვთ ვიდეოს ჩართვის და გადაღების უფლება, მათ შორის, პოლიციელებისთვის, როცა გაგაჩერებენ, სასურველიც კი არის, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად ჩართო კამერა. თუ ორნი ხართ და ერთი ესაუბრება, მეორეს შეუძლია გადაიღოს, ამის უფლება გაქვთ. თუ გიკრძალავენ დარეკვას ოჯახის წევრთან, ადვოკატთან მაგ შემთხვევაში ვიყენებთ დუმილის უფლებას. შეიძლება წამოვიდეს ზეწოლა, იძულება, ამიტომ ჯობს გაჩუმდეთ და დაელოდოთ როდის მოგძებნიან ახლობლები. შემდეგ კი უჩივლოთ კონკრეტულ პოლიციელს გენინსპექციაში, ან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში", — ამბობს გიორგი ტაბატაძე.
რა არის პოლიციასთან ურთიერთობისას მოქალაქის მთავარი შეცდომა?
იურისტების ინფორმაციით, მთავარი შეცდომა, რასაც მოქალაქეები უშვებენ, განსაკუთრებით, აქციებზე, არის ის, რომ როდესაც პოლიციელი პირს აკავებს, ამ დროს მეორე ადამიანი ცდილობს პოლიციელს ხელი შეუშალოს, ეს არის კანონდარღვევა.
"პრაქტიკაში არის ხოლმე აქციებზე მსგავსი ფაქტები. თუ ერთ ადამიანს აკავებენ, მეორე ადამიანი მიდის და ცდილობს ხელიდან გამოგლიჯოს პოლიციას დაკავებული, იდეაში, თეორიულად თუ ამ ადამიანის დაკავება კანონიერია, მაშინ მეორე ადამიანის ქმედება არის ხელის შეშლა, შეიძლება უსაფუძვლოდ მიგაჩნდეს მისი დაკავება, მაგრამ პროცესს რომ ხელს უშლი ეგ თუ ვიდეოზეა ჩაწერილი, მანდ ცოტა ძნელია სასამართლოზე არგუმენტების მოყვანა, რამდენად კანონიერი იყო შენი ქმედება", — ამბობს ტაბატაძე.
მსგავს შემთხვევაში, პოლიციას უფლება აქვს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით პირი დააკავოს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თავი XIV. მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
მუხლი 173.
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
იურისტები გვაფრთხილებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფურცელზე რჩება და პოლიციელი კანონდამრღვევად მოგვევლინა, საკუთარი უფლებების ცოდნა თავის დაცვის ერთადერთი გზაა.
სტატია მომზადდა On.ge-ს მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია on.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
კომენტარები