სად არიან საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები გლობალური ბედნიერების ინდექსში?
ალბათ, გლობალური ბედნიერების ინდექსის შესახებ გსმენიათ. თუ ასეა, ისიც გეცოდინებათ, რომ უკვე დიდი ხანია მას სათავეში სკანდინავიური ქვეყნები უდგანან და ბოლო წლებში პირველობას ფინეთი არავის უთმობს. მიუხედავად ამისა, ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში რას ნიშნავს და რას აღნიშნავს ის.
გლობალური ბედნიერების ინდექსი (WHR) Gallup-ის, ოქფორდის ჯანდაცვის კვლევის ცენტრის, გაეროს მდგრადი განვითარების ქსელისა და WHR-ის რედაქტორთა საბჭოს მიერ ყოველწლიურად მზადდება და ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე მსოფლიო მოთხოვნას ასახავს. ის იკვლევს სახელმწიფოს, როგორც ბედნიერების წყაროს და აჩვენებს, თუ როგორ ხსნის მეცნიერება განსხვავებას პერსონალურ და ეროვნულ ბედნიერებას შორის.
რომელ ადგილს იკავებს საქართველო გლობალური ბედნიერების ინდექსში და სად არიან ევროკავშირის ქვეყნები? სად უფრო ბედნიერები არიან ახალგაზრდები და მოხუცები — საქართველოში თუ ევროკავშირში?
საქართველო გლობალური ბედნიერების ინდექსში
ინდექსის ბოლო გამოცემის მიხედვით, რომელიც 2021-2023 წლებს მოიცავს, საქართველო მსოფლიოში 91-ე ადგილს იკავებს — 2020-2022 წლების ანაგრიშში ქვეყანა 90-ე ადგილზე იყო.
ბედნიერების ინდექსი იყოფა ასაკობრივ ჯგუფებადაც:
- ახალგაზრდების ჯგუფში (30 წლამდე ადამიანები) საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილს იკავებს;
- სიტუაცია უფრო მძიმეა ხანშიშესულთა ჯგუფში (60 წელს გადაცილებული მოქალაქეები) — აქ საქართველო 91-ე ადგილზეა;
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ბედნიერების ინდექსებს შორის განსხვავება თვალსაჩინოა. საშუალოსტატისტიკური ქართველის ბედნიერების ხარისხი საშუალოსტატისტიკური ევროპელისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
ევროკავშირის ქვეყნები გლობალური ბედნიერების ინდექსში
ალბათ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გლობალური ბედნიერების ინდექსში ევროკავშირის ქვეყნები დომინირებენ. 2021-2023 წლების მონაცემებით, ინდექსის პირველ ხუთეულში სამი ევროკავშირის წევრია — ორი მათგანი, ფინეთი და დანია, პირველ-მეორე ადგილებს იკავებენ, ხოლო შვედეთი მე-4 ადგილზეა.
პირველ ათეულში EU-ს 5 წევრი იკავებს ადგილს, ოცეულის წევრები კი 10 ევროკავშირული ქვეყანა და ყოფილი ევროკავშირელი გაერთიანებული სამეფო არიან. ბოლოს კი, ბედნიერების ინდექსით საუკეთესო 50 ქვეყანაში ევროკავშირის წევრი მათი თითქმის ნახევარი — 22 ქვეყანაა.
დაახლოებით ანალოგიურია დომინაცია ცალკეულ ასაკობრივ ჯგუფებშიც — 30 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის პირველ ოცეულში 11 ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ხოლო 60 წელს გადაცილებულთა ჯგუფში ოცეულში ადგილი EU-ს 8 წევრს უჭირავს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ახალგაზრდები (30 წლამდე ჯგუფი) ლიეტუვაში ცხოვრობენ — ქვეყანაში, რომელმაც, საქართველოს მსგავსად, საბჭოთა კავშირი დაახლოებით 3 ათწლეულის წინ დატოვა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე იდგა. მაღალ პოზიციებს იკავებენ პოსტსაბჭოთა ლატვია და ესტონეთიც.
რომ შევაჯამოთ, გლობალური ბედნიერების ინდექსი ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნებისმიერი ასაკის მოქალაქეები იმაზე ბედნიერები არიან, ვიდრე მათი თანატოლი ქართველები. პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმატების მაგალითები კი აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობას მოკლე ვადაში შეუძლია იმ ცვლადების გაუმჯობესება, რომლებიც მოქალაქის ბედნიერებაზე მოქმედებენ.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით,პროეტის ერთიანი საქართველო ევროპისათვის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
კომენტარები