NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Curiosity წითელ პლანეტაზე საინტერესო წარმონაქმნი დააფიქსირა. ის ფორმით მარჯანს, ანუ წყლის უხერხემლო ორგანიზმების კოლონიას, მოგვაგონებს.

ამის მიუხედავად, ეს უჩვეულო ობიექტი სიცოცხლის კვალად არ უნდა მივიჩნიოთ. იგი ქარის მიერ ეროზირებული მომცრო ქვაა — ღია შეფერილობის მქონე ერთგვარი გეოლოგიური ფორმაცია, რომელიც რამდენიმე მილიარდი წლის წინანდელია. მარსმავალმა ის 24 ივლისს გეილის კრატერში გადაიღო, რისთვისაც მაღალი გარჩევადობის ტელესკოპური კამერა Remote Micro Imager გამოიყენა.

ქვის ზომა დაახლოებით 2.5 სანტიმეტრია და მას სწორედ ისეთი განტოტებები აქვს, როგორიც მარჯნებისთვისაა დამახასიათებელი:

მარჯნის მსგავსი ქვა მარსზე.

ფოტო: NASA Jet Propulsion Laboratory

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ Curiosity-ს მსგავსი ქვები ადრეც აღმოუჩენია. ისინი მარსის ზედაპირზე ძველად არსებული წყლისა და მტვრის შემცველი ქარის გავლენით მილიარდობით წლის განმავლობაში წარმოიქმნა. ეს ნიშნავს, რომ მარსული "მარჯანი" იმდროინდელია, როცა წითელ პლანეტაზე ტბები და მდინარეები ჯერ კიდევ იყო.

დედამიწის მსგავსად, ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზეც ასეთი ბუნებრივი რეზერვუარები სითხეში გახსნილი მინერალებით იყო მდიდარი. ის მარსის ქანებში ჩაიჟონა და გზად მინერალები დალექა, რითაც დროთა განმავლობაში მყარი კლაკნილები ჩამოყალიბდა. სწორედ ისინი ქმნის მავალის მიერ დაფიქსირებული ქვის განტოტებებს, რომლებიც ქარით პროვოცირებულმა ეროზიამ გამოკვეთა.

ასე გამოიყურება დედამიწაზე არსებული მარჯანი.

ფოტო: Getty

Curiosity წითელ პლანეტაზე 2012 წელს დაეშვა. იგი გეილის კრატერში დაჯდა, რომელიც მარსის სამხრეთ მაღალმთიანეთისა და ჩრდილოეთ დაბლობების მიჯნაზე მდებარეობს. მისიის მიზანი ციური სხეულის ზედაპირის შესწავლაა, რათა დადგინდეს, იყო თუ არა იქ ოდესმე სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები.

ამ დროისთვის Curiosity-ს 154-კილომეტრიანი კრატერის დაახლოებით 35 კილომეტრი აქვს გავლილი. გზად ის გრუნტს ბურღავს, ნიმუშებს აგროვებს და მონაცემებს ინახავს. მისი მეშვეობით უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ადრე მარსს სასიცოცხლოდ შესაფერისი გარემო ჰქონდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.