ცოტა ხნის წინ Crew-11 მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ეკიპაჟი გაემგზავრა SpaceX-ის კაფსულით. ბორტზე ადამიანების გარდა ერთი უჩვეულო წევრიც იმყოფებოდა — ბაქტერია. ეს შემთხვევითი სულაც არ ყოფილა: ექსპერიმენტულად უნდა გამოიკვლიონ, რა გავლენა აქვს მიკროგრავიტაციას ინფექციებზე.

კვლევას შებას სამედიცინო ცენტრის (ისრაელი) მეცნიერები ატარებენ ამერიკულ კომპანია SpaceTango-სთან თანამშრომლობით. მათი მიზანია დაადგინონ, როგორ ზემოქმედებს მიკროგრავიტაცია ბაქტერიებზე. ექსპერიმენტისთვის სამი შტამი გამოიყენეს: ნაწლავის ჩხირი და ორი ტიპის სალმონელა. ნიმუშები NASA-ს Crew-11 მისიის ფარგლებში 1 აგვისტოს გაიგზავნა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. ეკიპაჟი დანიშნულების ადგილას 2 აგვისტოს მივიდა.

კვლევის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგების მეშვეობით ინფექციური დაავადებების გავრცელებას შეაჩერებენ. მსოფლიოს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა ისიც, რომ პათოგენურ ბაქტერიაზე ზოგიერთი პრეპარატი ეფექტიანი აღარაა. მეცნიერებს სურთ, რომ, თუ ინფექციების გავრცელებას ვერ შეაჩერებენ, ანტიბიოტიკების მიმართ მათი ამტანობა მაინც შეამცირონ.

ფოტო: SpaceTango

"ვიცით, რომ კოსმოსური პირობები ბაქტერიების ქცევაზე ზემოქმედებს, მაგალითად მათ ზრდაზე, გენების ექსპრესიასა და სხვადასხვა მახასიათებლის განვითარებაზე, იქნება ეს ანტიბიოტიკების მიმართ ამტანობა თუ პათოგენურობა", — განაცხადა ოჰად გალ-მორმა, შებას სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა — "ეს ექსპერიმენტი პირველად მოგვცემს საშუალებას, რომ პათოგენური ბაქტერიის პროფილი კოსმოსში მოლეკულურ დონეზე შევისწავლოთ".

ასტრონავტების ჯანმრთელობა და მასზე მიკროგრავიტაციის ზეგავლენა უკვე დიდი ხანია, მეცნიერების ყურადღების ცენტრშია. ეს იმიტომ, რომ კაცობრიობა კოსმოსში ცხოვრების პერსპექტივას განიხილავს. ცნობილია, რომ მიკროგრავიტაციაში ადამიანის გენის ექსპრესია ზოგჯერ განსხვავებულია. ეს გარემო მეცნიერებმა კუნთოვანი მასის სწრაფ დაკარგვასთან და კანზე გამონაყართანაც კი დააკავშირეს.

მეცნიერებს სურთ, ბაქტერიების გენეტიკური ცვლილებები უკეთ გამოიკვლიონ. ასე მეტ ინფორმაციას მივიღებთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ეს პათოგენები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ. საბოლოო ჯამში, გვეცოდინება, რამდენად სწრაფად ვრცელდება ინფექცია კოსმოსსა თუ დედამიწაზე და როგორია მკურნალობისადმი რეზისტენტობის შანსები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.