უცხოეთში საარჩევნო უბნების სიმცირის პრობლემა — როდის სრულდება ემიგრანტების რეგისტრაცია?
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 30 სექტემბრის მდგომარეობით საკონსულო აღრიცხვა 65508 ამომრჩეველმა გაიარა. ამ მონაცემების საფუძველზე, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი შეიქმნა. ეს მაჩვენებელი მცირეა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს ემიგრაციის მაჩვენებელი რეკორდული იყო — კალენდარულ წელიწადში ქვეყანა საქართველოს 163480-მა მოქალაქემ დატოვა. სამწუხაროდ, ემიგრანტების საარჩევნო აქტივობა, ტრადიციულად, დაბალია.
ცესკოს განცხადებით, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არც ერთ წინა არჩევნებზე არ ყოფილა. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა. მიუხედავად ამისა, საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს უბნების რაოდენობრივი სიმცირის ფაქტი. შედარებისთვის, მოლდოვის რესპუბლიკა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უცხოეთში 228 საარჩევნო უბანს გახსნის. მაგალითად, მხოლოდ იტალიაში მოლდოველი ამომრჩევლისათვის გაიხსნება 60 საარჩევნო უბანი — იმდენი, რამდენიც ცესკომ ქართველ ამომრჩეველს 42 ქვეყანაში გაუხსნა.
კომისიამ განმარტა, რომ, კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის — ამ განმარტების თანახმად, 65508 ამომრჩევლისათვის 60 საარჩევნო უბნის შექმნა მათემატიკურად სწორია, თუმცა მანიპულაციურია ის ფაქტი, რომ გათვალისწინებული არ არის კონკრეტულ ქვეყნებში ქართველი ამომრჩევლის რაოდენობა. ზოგ ევროპულ ქვეყანაში ბევრად მეტი ქართველი ცხოვრობს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რაც ამ სახელმწიფოებში არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობაზე უნდა ასახულიყო, თუმცა ასე არ მოხდა — რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უბნების დამატების შესახებ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ასევე, საარჩევნო უბანი არ გაიხსნება უკრაინაში, რის მიზეზადაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ქვეყანაში არსებული საომარი ვითარება დაასახელა.
რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ცესკო-ს ინფორმაციით, მაშინ 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის არჩევნების უცხოეთის საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირებული იყო 66 217 საქართველოს მოქალაქე, რომლის ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზე იყო, ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირდა. შედეგად, არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ საქართველოს 12 247-მა მოქალაქემ მიიღო.
დღეს მოძრაობა სირცხვილიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებული სია 12 სექტემბრის მდგომარეობითაა შედგენილი და ის ადამიანები, ვინც 12 სექტემბრის შემდეგ გაიარეს რეგისტრაცია, სიაში 7 ოქტომბრის შემდეგ აისახებიან. მოსალოდნელია, რომ უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, თუმცა ცესკო საარჩევნო უბნების რაოდენობის ზრდის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერს ამბობს.
ხარვეზები, რომელთა თავიდან არიდებაც შეიძლებოდა
საარჩევნო რეგისტრაციის პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებზე სასაუბროდ News.on.ge ISFED-ის იურისტს, გიორგი მონიავას დაუკავშირდა. მისი თქმით, ორგანიზაციამ ჯერ კიდევ თებერვალში გამოითხოვა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, თუ რამდენი მოქალაქე დგას უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე და მათგან რამდენია ხმის მიცემის უფლების მქონე, თუმცა პასუხი არ მიუღია. აქედან გამომდინარე, რთულია იმის ზუსტად შეფასება, თუ რამდენად სწორად გადანაწილდა უბნებზე ცესკოს მიერ გაჟღერებული რაოდენობის ამომრჩეველი.
"პროცესი არ იყო გამჭვირვალე. ცესკომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გაასაჯაროვეს, თუ რომელ საკონსულოში რამდენი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, სად აღემატებოდა მათი რიცხვი 50-ს და ა.შ, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა, რომლებზე პასუხსაც დღესაც ვერ ვიღებთ", — განაცხადა გიორგი მონიავამ
მისი თქმით, უბნების რაოდენობა, გასაჯაროებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათემატიკურად და კანონიერად, სწორია, თუმცა არ არის გათვალისწინებული ამ უბნების მდებარეობა.
"რიგით ამომრჩეველს ხელმისაწვდომობა არ აქვს საკონსულოებთან. რიგ შემთხვევებში, საკონსულოები მათგან ათასობით კილომეტრით არის დაშორებული, შესაბამისად, მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ ხმა მისცენ. ასეთ შემთხვევაში, საქმე მხოლოდ ხმის მიცემას არ ეხება, საკონსულო სხვა მნიშვნელოვანი სერვისებისთვისაც გამოიყენება და გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს ეზღუდებათ ხმის უფლება, მათ საკონსულო სერვისების მიღებაც უჭირთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ინფორმაცია, თუ რა ფაქტობრივ მისამართზე ცხოვრობს ადამიანი უცხოეთში, თუმცა ამ მონაცემს ამომრჩეველთა საუკეთესო ინტერესებისთვის არ ამუშავებს", — აღნიშნა გიორგი მონიავამ
ასევე, გიორგი მონიავას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისათვის წინა არჩევნები, რომელშიც მილიონამდე ემიგრანტიდან მხოლოდ 12600-მა მისცა ხმა, საგანგაშო უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ 4 წლის განმავლობაში ინსტიტუტს ნება არ გამოუჩენია.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც წინასაარჩევნოდ დაფიქსირდა, უცხოეთში მცხოვრებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ამომრჩევლებს ეხებათ. ბევრმა მათგანმა საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ აღმოაჩინა. გიორგი მონიავამ ეს ხარვეზიც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ნების არქონას დაუკავშირა.
"ამ შემთხვევაშიც ნების არარსებობასთან და საინფორმაციო კამპანიის ჩაუტარებლობასთან გვაქვს საქმე. კანონის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩევლები მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეჰყავთ, თუმცა დევნილები ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, რადგან მათი იურიდიული მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს. მხოლოდ მე ასობით დევნილთან მაქვს კონტაქტი, რომელთაც უცხოეთში ყოფნისას დევნილის სტატუსი შეუწყდათ დევნილის განუახლებლობის გამო. ახლა მათ დევნილის სტატუსის აღდგენა სჭირდებათ, რათა დაბრუნდნენ ერთიან სიებში, დევნილთა სამინისტრო მათ ეუბნება, რომ დევნილის სტატუსს დისტანციურად ვერ აღადგენენ, უნდა ჩამოვიდნენ და გასაუბრება გაიარონ, რაც მრავალი მათგანისათვის შეუძლებელია. შესაბამისად, აქაც მთავარ პრობლემას ინფორმაციის მიუწოდებლობა წარმოადგენს — ამ ადამიანებს არავინ განუმარტა პროცედურა, რომელიც უნდა გაევლოთ, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა, განეახლებინათ დევნილის სტატუსი, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ხმის მიცემის უფლება მათ ჩამოართვას", — განაცხადა გიორგი მონიავამ
ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართვა სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა. ომბუდსმენმა მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს მისცენ არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
სალომე ზურაბიშვილი ცესკოს წინააღმდეგ
წინასაარჩევნოდ დაიძაბა ურთიერთობა სალომე ზურაბიშვილსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორისაც. საქართველოს პრეზიდენტმა 30 სექტემბერს უცხოეთში საარჩევნო უბნების სიმცირე გააკრიტიკა.
"სირცხვილი არ ჰქვია ამას, კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა!", — ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის Facebook გვერდზე განთავსებულ პოსტში
იქამდე, საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ISFED-ისა და ბესო ალავიძის სარჩელების დაუკმაყოფილებლობამ დაიმსახურა — სამივე საჩივარი სასამართლოს ცესკოს დადგენილების გაუქმებას სთხოვდა იმის შესახებ, რომ არჩევნებისთვის დამატებითი უბნები არ გაიხსნებოდა და ამის სანაცვლოდ, ითხოვდა მეტი უბნის გახსნას ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში.
პრეზიდენტის კრიტიკას ცესკომ პრესრელიზით უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ "საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნა. "კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება".
მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ იყვნენ. ცესკომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრეზიდენტის შვილს, ქეთევან გორჯესტანს, რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს საფრანგეთი, რის გამოც ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში — მისი მონაცემები შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის ხმას 26 ოქტომბრის არჩევნებზე პარიზში მისცემს.
"თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება — თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას", — ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ცესკოს გადაწყვეტილებასა და პრესრელიზს
პროცედურა, რომელიც მოქალაქემ უცხოეთში ხმის მისაცემად უნდა გაიაროს
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობათაგან ერთ-ერთს:
- უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე
- უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არც საზღვარგარეთ არის რეგისტრირებული, მას აქვს შესაძლებლობა, 7 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია (1) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, (2) საკონსულო დაწესებულებაში, ან (3) შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
მნიშვნელოვანია, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა და როგორც რეგისტრაცია, ისე მონაცემების გადამოწმება აღრიცხვის სტატუსთან დაკავშირებით სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ საიტ geoconsul.gov.ge-ზეა შესაძლებელი.
საბოლოოდ, პრობლემის სათავე ნების არარსებობაა: გიორგი მონიავას შეფასებით, ხელისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაცია არ იჩენენ საკმარის ნებას, რომ უცხოეთში რეგისტრირებული ამომრჩევლის რიცხვი უფრო მაღალი იყოს. საინფორმაციო კამპანიების არარსებობა, საჯარო ინფორმაციის დამალვა ან არასრული გაცემა და ციფრებით მანიპულაცია კი ამ ფაქტს უსვამს ხაზს.
კომენტარები