როგორ იცვლებოდა ბათუმის იერსახე წლების განმავლობაში — ფოტოები
"ვიხსენებ და ვაცოცხლებ კადრებს, რომლებითაც ადრე მხოლოდ თვალით ტკბობა შემეძლო", — გვიყვება ფოტოგრაფი მაიკო გაგუა და გვიჩვენებს ბათუმში გადაღებულ სურათებს, რომლებითაც ზღვისპირა ქალაქის ისტორიის გაცოცხლება სურს.
მაიკოზე რამდენიმე კვირის წინ მოგიყევით და გაგაცანით მისი ფოტოპროექტი, რომლის ფარგლებშიც ძველ კადრებს იდენტური რაკურსით აცოცხლებს და დროში გვამოგზაურებს. მაშინ თუ დედაქალაქის იერსახის ცვლილება გაჩვენეთ, ამჯერად ქათქათა და თვალწარმტაც ბათუმში გადავინაცვლებთ, რომლის გარეგნული ტრანსფორმაციაც თბილისზე არანაკლებ შთამბეჭდავია.
ბათუმის საზღვაო ნავსადგური — 1985 წელს და დღეს
"ბათუმი, თბილისის შემდეგ, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქალაქია თავისი განსაკუთრებული იერით, რომელიც ყველა სეზონზე ლამაზი და გამორჩეულია", — ამბობს მაიკო. მისთვის ეს ქალაქი უამრავ მოგონებას ინახავს, რადგან ბათუმში ბავშვობიდან მოყოლებული ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე.
ბათუმის ნავსადგური
"ხშირად ვსტუმრობდი ამ ქალაქს და ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი აქაური არქიტექტურის, პატარა ქუჩების, თეთრისა და მწვანის სინთეზის, მზის ჩასვლისა და ქაფიანი ტალღების ყურებით", — გვიყვება მაიკო, — "ეტაპობრივად ეს ყველაფერი ჩემს ობიექტივში აღმოჩნდა და დღეს უკვე ძველსა და ახალს ვადარებ ერთმანეთს".
კაფე ფანტაზია (ასევე ცნობილი, როგორც კაფე რვაფეხა) — 1983 წელს და დღეს
ფოტო 2: მაიკო გაგუა
ძველისა და ახლის შედარებას მაიკო, როგორც გითხარით, ჯერ თბილისში შეუდგა. სამ წელზე მეტია, რაც ფოტოგრაფია მისთვის ჰობიზე მეტი გახდა. კომერციულ პროექტებზე მუშაობის პარალელურად კი, გასულ წელს ძველი სურათების შეგროვება დაიწყო საინტერესო ადგილების მოსანიშნად, მერე ერთი-ორი კადრის გაცოცხლებაც ცადა და ასე დაიბადა ახალი პროექტი.
ბათუმის ბულვარი — 1950-60-იან წლებში და დღეს
ფოტო 2: მაიკო გაგუა
"ბავშვობაში თუ მე მიღებდნენ ბულვარში პალმებთან ფოტოს, ახლა ვცდილობ, ეს პალმები თავად დავანახო სხვებს განსხვავებული რაკურსითა და ხედვით", — აღნიშნავს მაიკო თავისი პროექტის ბათუმურ გაგრძელებაზე საუბრისას.
სახლი ძველ ბათუმში (გენერალ მაზნიაშვილის 32 ნომერში) — 1976 წელს და დღეს
ფოტო: მაიკო გაგუა
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი — 1925 წელს და დღეს
ფოტო: მაიკო გაგუა
ძველი კადრების ახლებური რაკურსით გაცოცხლებასთან ერთად, მაიკო თითოეული ადგილის ისტორიასაც იკვლევს და სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს სურათებთან ერთად უზიარებს.
ბათუმის საზაფხულო თეატრი — 1965 წელს და დღეს
რასაკვირველია, ასეთ ამბიციურ პროექტს სირთულეებიც თან ახლავს. ხშირ შემთხვევაში ადგილის იერი იმდენადაა შეცვლილი, რომ იდენტური კადრის დაჭერა ძალიან ძნელია. იმ ადგილას შეიძლება უკვე სხვა შენობა ან სულაც ხე დაგხვდეს. ამასთან, საარქივო მასალებიდან ამოღებული, ან მეგობრების მიერ მაიკოსთვის გაგზავნილი ფოტოების დიდ ნაწილს არც ავტორი არ აქვს მითითებული და არც — გადაღების წელი.
ბათუმის ბულვარის შესასვლელი — 1980-იან წლებში და დღეს
ფოტო: მაიკო გაგუა
თუმცა, ბათუმის ისტორიული კადრების გაცოცხლება მაიკოსთვის თბილისში მუშაობაზე რთული აღმოჩნდა თურმე. დიდი და მაღალი შენობების სიმრავლე ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია. ამასთან, მასშტაბური ნაგებობები ზოგჯერ ძველ შენობებს ჩრდილავს და ცვლის არა მხოლოდ ადგილის იერსახეს, არამედ მასშტაბსაცო, ამატებს მაიკო.
ციხისძირი — 1959 წელს და დღეს
ფოტო 1: ეროვნული ბიბლიოთეკა / ფოტო 2: მაიკო გაგუა
"ფოტოებიდანაც მიხვდებით, როგორაა შეცვლილი ქალაქის იერსახე, იქნება ეს ბულვარში, სანაპიროზე თუ სხვა ადგილას", — ამბობს მაიკო, — "მაგრამ აღვნიშნავ, რომ ბათუმის ძველი ნაწილი, რომელიც მე უფრო მომწონს, ახლა ბევრად დახვეწილი და განვითარებულია".
ბათუმის შუქურა — 1883 წელს და დღეს
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: მაიკო გაგუა
მაიკოს ფოტოპროექტი იმის დემონსტრირებას არ ცდილობს, თუ რამდენად კარგია ან ცუდია ქალაქის ძველებური იერსახის ცვლილება. მისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ამოცანა ისტორიის მოყოლა, ამბის ვიზუალურად გაცოცხლებაა. ამ მისიით კი იგი პროექტს აგრძელებს. სამომავლოდ მაიკო სხვა ქალაქების ისტორიული კადრების გაცოცხლებასაც აპირებს.
ამ და სხვა სიახლეებს კი, ისევე, როგორც საინტერესო ცნობებს მაიკოს გადაღებულ ადგილებზე, ფოტოგრაფის ფეისბუქ- და ინსტაგრამგვერდებზე შეგიძლია მიადევნო თვალი.
კომენტარები