რომ არა რუსული კანონი — რას უნდა ვაკეთებდეთ ევროინტეგრაციისთვის
2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. "კანდიდატის სტატუსი" ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია, თუმცა მოლაპარაკებების გახსნამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. ეს გზა კიდევ უფრო დააგრძელა, და შეიძლება ითქვას, ამ ეტაპისთვის სრულად დააპაუზა/შეაჩერა რუსული კანონის მიღებამ.
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შემზღუდველი კანონების მიღებამდე, საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე 9 ნაბიჯი აშორებდა.
სტატიაში მოკლედ და მარტივად აგიხსნით, რას უნდა ვაკეთებდეთ, ევროკავშირში ინტეგრაციას მართლა რომ ვაპირებდეთ და რუსული კანონი რომ არ გვქონდეს მიღებული.
1. დეზინფორმაციას უნდა ვებრძოდეთ
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნამდე 9 ნაბიჯი გვქონდა გადასადგმელი, მათ შორის ერთ-ერთი ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლაა.
ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობა არათუ ებრძვის დეზინფორმაციას, არამედ თვითონ გვევლინება დეზინფორმაციული ნარატივების შემოქმედად. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ და მაშინ, როცა საქმე ევროკავშირსა და მის ღირებულებებს ეხება.
2. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრას უნდა ვცდილობდეთ
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრების მიზნის მისაღწევად უნდა დგამდეს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის 79%-ის არჩევანია, მმართველი ძალა კი ბოლოდროინდელი ნაბიჯებითა და ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესის გაყინვის წაყრუებით, ამ მოსახლეობის უმეტესობის სურვილს უგულებელყოფს.
3. პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოდეთ
პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყანაში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც არასტაბილურობის განცდას აჩენს და მოსახლეობისთვის ბუნდოვანს ხდის ქვეყნის მომავალს.
პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე — ეს ის ნაბიჯია, რომელსაც საქართველო უნდა დგამდეს. თუმცა ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ მმართველი ძალა ოპოზიციური პარტიების დასჯას, დაჭერასა და გაქრობას გვპირდება.
ერთი მხრივ, ეს ანტიდემოკრატიული განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლასა და რეპუტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციისათვის საჭირო ერთ-ერთ ნაბიჯს.
4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფაზე უნდა ვზრუნავდეთ
თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა — ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია, განსაკუთრებით კი 2024 წელს — მის შესასრულებლად უმთავრესი ნაბიჯი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებაა. მთავრობა უნდა ზრუნავდეს საარჩევნო რეფორმების დასრულებასა და სრულყოფაზე, მათ შორის, ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფაზე არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა რეკომენდაციისგან საპირისპიროდ იქცევა — ახალისებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მარგინალიზაციას და მაქსიმალურად ცდილობს, წარმოაჩინოს ისინი მტრულ ძალებად. ამას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საერთაშორისო გამჭვირვალობისა და ორგანიზაცია აირჩიე ევროპის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადებაც მოწმობს.
5. საპარლამენტო ზედამხედველობას უნდა ვაუმჯობესებდეთ
ქვეყანაში უნდა ძლიერდებოდეს საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების სამსახურებზე — ამისგან საპირისპიროდ, ჯერჯერობით საქართველოში ძალოვანი სტრუქტურებისა და ხელისუფლების არაჯანსაღი სიმბიოზი არსებობს — არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ უსაფრთხოების სამსახურებს მთავრობა საარჩევნო და სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის აქტიურად იყენებს.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მიუხედავად ამისა, ქართულმა საზოგადოებამ ბოლო ხანებში არაერთხელ იხილა ამ უწყებების ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედების მაგალითები — ეროვნული ბანკის შემთხვევაში, ეს აშშ-ის მიერ სანქცირებულ, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პიროვნებებზე სპეციალური რეჟიმის გავრცელებითაც კი გამოიხატა. კითხვები არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც.
6. სასამართლო რეფორმას უნდა ვასრულებდეთ
საქართველოს მთავრობა აქტიურად უნდა მუშაობდეს ძალაუფლების განაწილების ერთ-ერთი შტოს, სასამართლოს, გაჯანსაღებაზე და მისთვის რეალური დამოუკიდებლობის მინიჭებაზე. ამისათვის, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის გატარება, რომლის ფარგლებშიც უნდა მოექცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმაც. მიუხედავად ამისა, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები მაინც არსებობს.
მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი უნდა იყოს, თუმცა რუსული კანონის მიღების პროცესში, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად, ვენეციის კომისიის მიუკერძოებლობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რაც ხელისუფლებაში ამ რეკომენდაციების შესრულების მოტივაციის ნაკლებობას უსვამს ხაზს.
7. მიუკერძოებელ ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უნდა ვქმნიდეთ
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა, ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაა. ინკლუზიური პროცესით გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები — ქვეყანამ უნდა დააგროვოს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების გამოცდილება.
რასაკვირველია, სრულყოფილად არც ეს რეკომენდაცია სრულდება, რაშიც ქართული საზოგადოება ანტიკორუფციული ბიუროს ზემოთ ხსენებულმა გადაწყვეტილებამაც დაარწმუნა — ინსტიტუცია ქართული ოცნებისათვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შექმნას ემსახურება.
8. დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმას უნდა ვაუმჯობესებდეთ
კრიტიკულად მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
დღევანდელი მდგომარეობით, ქართული ოცნება ტერმინ "დეოლიგარქიზაციას" საერთოდ არ აღიარებს და მას მხოლოდ ოპოზიციის მიმართულებით თუ ახსენებს ხოლმე. შესაბამისად ხელისუფლება, მიუხედავად რეკომენდაციისა, ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის აუცილებლობას ვერ ხედავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციის შესრულებაც რეალობისგან ძალიან შორს არის.
9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს უნდა ვაუმჯობესებდეთ
ბოლო, და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რეკომენდაცია ადამიანების უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებაა, რაც უნდა გამოიხატებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის ამბიციური სტრატეგიის მიღებით, შეკრების, გამოხატვის, სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფით.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოწყვლადი ჯგუფების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.
ამ ცვლილებების გასაღები სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაცია, ამ ჯგუფის კანონშემოქმედებაში ჩართვა უნდა ყოფილიყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია — სამოქალაქო საზოგადოების დემონიზაცია, თავისუფალი მედიის მარგინალიზაცია, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაშიც გადაიზარდა. სიტუაციამ იმდენად ტრაგიკომიკური სახე მიიღო, რომ პარლამენტის წინ კარვის გაშლაც კი აიკრძალა.
რატომ არის ამ დათქმების შესრულება მნიშვნელოვანი?
ეს უმნიშვნელოვანესი დათქმები, რომლებიც, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს სჭირდება მეტი დემოკრატიისთვის, კეთილდღეობისთვის, დაცულობისა და მდგრადი საზოგადოების შენებისთვის, მეტწილად, შეუსრულებელია.
2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ჩამოთვლილი ცხრა რეკომენდაციიდან საქართველოს ნაწილობრივ შესრულებული აქვს მხოლოდ ორი რეკომენდაცია, ხოლო შვიდი ჯერ კიდევ შეუსრულებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეკომენდაციების შესრულება ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების წინაპირობა რუსული კანონის მიღებამდე იყო. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას. 2024 წლის 19 ივნისს კი გავიგეთ, რომ ამ კანონის მიღების შედეგად "საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, პრაქტიკულად, შეჩერებული, გაყინულია".
ტექნიკური დეტალების მიღმა, ზემოთ ხსენებულ დათქმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ განცხადებებსაც ხშირად ვისმენთ, რომ "ევროკავშირი ბევრს ითხოვს", "ეს შიდა საქმეებში ჩარევაა", "ეს სუვერენიტეტს გვილახავს" და ა.შ
რეალობა კი სხვაგვარია. დათქმების შესრულება მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებების გახსნის გარეშე საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
გადაულახავი წინააღმდეგობა — ორი კანონი, რომლებიც ევროკავშირისკენ სვლას გვიზღუდავს
2024 წელს მმართველმა პარტიამ რუსული კანონი ხელმეორედ დააინიციირა. კანონპროექტის ინიციირებას საზოგადოებაში კვლავ მღელვარება და მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, თუმცა ერთთვიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ის მაინც მიიღო, შემდეგ პრეზიდენტის ვეტოც დაძლია და კანონპროექტი კანონად იქცა.
"წევრობისკენ სავალ გზაზე კანდიდატი ქვეყნისთვის შემდეგი ეტაპი არის მოლაპარაკება. მოლაპარაკება იმისთვის, რომ მიიღწეს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ევროპული საბჭო იმსჯელებს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. მოდით გვერდზე გადავდოთ ეს შეთქმულების თეორიები და ე.წ სუვერენული დემოკრატიის პოზიციები, იმიტომ რომ ევროკავშირი ჩვენს შიდა საქმეებში "ერევა" სწორედ იმიტომ რომ ეს არის შეთანხმების საგანი.
ჩვენ გვინდა ამ კავშირში შესვლა, შესაბამისად ეს ვერანაირად ვერ განიხილება (შიდა საქმეებში) ჩარევად. ევროკავშირის წევრი ქვეყანა თავისი სუვერენიტეტის გარკვეულ ნაწილს თმობს და დელეგირება ხდება საკითხების, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კარგავენ დამოუკიდებლობას ისინი შედიან ამ შეთანხმებაში ნებაყოფლობით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა ევროკავშირს წევრობის თხოვნით და ბუნებრივია, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება იმ პირობებით, რა პირობებითაც ევროკავშირის სხვა ქვეყნები გახდნენ გაერთიანების წევრები", — ამბობს NEWS.On.ge-სთან საუბარში მიხეილ მირზიაშვილი, ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები, ვენეციის კომისია, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ გადაედგა ეს ნაბიჯი, და აფრთხილებდა მას, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიციირებაც კი უდიდეს რისკს უქმნიდა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
"გადაულახავ წინააღმდეგობას ქმნის ეს ორი კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ე.წ უცხოური გავლენების კანონმა ფაქტობრივად ჩაკეტა გაწევრიანების პროცესი, ხოლო ე.წ ოჯახის დაცვის მოტივით მიღებული კანონი არის "ბუსტერი", რომელიც ისედაც გაყინულ პროცესს კიდევ უფრო მეტად აქვავებს. შესაბამისად ეს დათქმები, რეკომენდაციები ფაქტობრივად აზრს კარგავს, რადგან საქართველოს მთავრობამ ამ კანონების მხარდაჭერით დემონსტრაციულად თქვა უარი ამ პროცესზე", — ამბობს მირზიაშვილი.
"კი ვამბობთ ხოლმე ხშირად, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ, მაგრამ რეალურად საქართველო არსად არ მიდის, პირიქით ევროკავშირი უნდა მოვიდეს აქ, საქართველო უნდა გახდეს ამ რეფორმებითა და დათქმების შესრულებით "ევროკავშირი". სამწუხაროდ დღეს მსგავსი არაფერი ხდება", — აღნიშნავს მირზიაშვილი.
შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მოლაპარაკებების გახსნაზე საუბარი არასერიოზულია, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ის გზა, რაც აირჩია, შესაბამისად წინგადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ.
ქართული ოცნება მივიდა წერტილამდე, საიდანაც უკან დახევა შეუძლებელია: პარტია ანტიევროპულ რიტორიკაზე უარის თქმას არ აპირებს და ასეთი სასწაული რომც მოხდეს, სავარაუდოდ, ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ეს ძალიან არაბუნებრივი იქნება.
არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, რუსული კანონი მთელი ძალით გააქტიურდება და სამოქალაქო სექტორს მარწუხებში მოაქცევს — ეს საქართველოს ევროატლანტიკური გზისთვის, რომელსაც ქვეყანა მე-4 ათწლეულია გადის, მძიმე დარტყმა იქნება, რაზეც დასავლელი პარტნიორები დიდი ხანია ღიად საუბრობენ.
თუ სტატიის სათაურს მივუბრუნდებით, რომ არა რუსული კანონი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე მაინც ბევრი პრობლემა ექნებოდა, თუმცა ამ უკანასკნელის ფონზე, ეს პრობლემები მეორეხარისხოვანია. თუ სტატუს-კვო 26 ოქტომბრის შემდეგაც შენარჩუნდება, უდიდესი ალბათობით, საქართველოს ევროატლანტიკურ კავშირებში გაწევრების საკითხი კიდევ ძალიან დიდი ხნით თაროზე შემოიდება.
კომენტარები