კონფლიქტი სტუმართან, შტორმი და უნაღდო ანგარიშსწორების თავისებურებები - დღე მეორე
ფოტო: დიმიტრი სანაია
Mastercard-ის გამოწვევა გრძელდება. გუშინ საინტერესო და სასიამოვნოდ დამქანცველი დღე მქონდა, ამიტომ ვეცდები დაწვრილებით მოგიყვეთ ყველაფერი.
ბათუმში ცხოვრების მეორე დღე სასტუმროს ფლიგელში მომხდარი გაუგებრობით დაიწყო. მგზავრობისგან დაღლილი და დაქანცული, ღრმა ძილში ვიყავი, სასტუმროს თანამშრომლისა და ერთი უცხოელის ხმამაღალმა კამათმა რომ გამომაღვიძა. ოთახში ხმა ყრუდ შემოდიოდა და ვერაფრით გავიგე, რა ხდებოდა. ჩემმა ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ უფლება არ მომცა ძილი გამეგრძელებინა, ამიტომ სწრაფადვე წამოვხტი ლოგინიდან, ჩავიცვი და ფლიგელში გავედი.
ოთახიდან გამოსულს, სასტუმროს თანამშრომელი შემომეგება და სასოწარკვეთილი სახით მკითხა, ინგლისური ხომ არ იციო. ვუთხარი ვიცი-მეთქი და სახეგაბრწყინებული ჰოლისკენ გამიძღვა. იქ უცხოელი დამსვენებელი მისაღებთან იდგა და განრისხებული გამომეტყველება ჰქონდა. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი და შევეცადე კონფლიქტი მშვიდობიანად და აუღელვებლად გადამეჭრა.
აღმოჩნდა, რომ უცხოელი სტუმარი ირანიდან იყო ჩამოსული ძმასთან და ძმისშვილებთან ერთად. თავიდან სამი ღამე სურდა სასტუმროში გაეტარებინა, თუმცა მესამე ღამეს გადაწყვიტა, კიდევ ერთი ღამით დარჩენილიყო. თანამშრომელსა და მას შორის კონფლიქტი სასტუმროს ნომრის ფასმა გამოიწვია. ირანელი ერთს უხსნიდა, თანამშრომელს მეორე ესმოდა. მოკლედ, საქმის ვითარება ასეთი იყო: ირანელ სტუმარს, წინა ღამით, სასტუმროს სხვა თანამშრომელთან, იმავე ფასში შეუთანხმებია ნომერი და დილით სწორედ ამ თანხის გადასახდელად მისულა, რა დროსაც მორიგემ უთხრა, დღეიდან ეს ოთახი ძვირდებაო. აღმოჩნდა, რომ წინამდებარე შეთანხმების შესახებ მას არაფერი სმენია და ვინაიდან ინგლისურად სიტყვაც არ ესმოდა, ვერც ვერაფერი გაეგო. საბოლოო ჯამში, გაუგებრობამ მალევე ჩაიარა. მორიგემ ირანელის ნაამბობი გადაამოწმა და ბოდიშის ნიშნად, ყავითაც გაუმასპინძლდა.
რადგანაც კონფლიქტი ამოწურული იყო, გადავწყვიტე ბათუმში გამესეირნა და გზადაგზა შოპინგითაც დავკავებულიყავი.
ზურგჩანთა მხრებზე მოვიკიდე, Mastercard-ის ბარათი ჯიბეში ჩავიდე და ბათუმის ვიწრო ქუჩებს გავუყევი. ჩემი პირველი დანიშნულების ადგილი ბათუმი მოლი იყო, რომელიც სასტუმროდან სულ რაღაც ორას მეტრშია.
გონებაში გეგმები უკვე დაწყობილი მქონდა, როცა მოლის შენობას მივუახლოვდი. შიგნით შესულმა, აღმოვაჩინე, რომ დილის ათის ნახევარზე სუპერმარკეტის გარდა ყველაფერი დაკეტილი იყო. არადა, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ საცურაო კოსტიუმი, რამდენიმე მაისური და საზღვაო სანდლები მეყიდა. რა გაეწყობა? - უნდა დაველოდო-მეთქი გავიფიქრე და ბათუმი მოლის დერეფანში ჩამოვჯექი.
ერთი რამ კი საკვირველია - ბათუმში, როგორც წესი, დღე ნაადრევად იწყება ხოლმე. დამსვენებლები დილით ადრე დგებიან, ზღვაზე მიდიან, იქიდან დაბრუნებულები კი ქალაქში სეირნობენ. ზოგიერთი მათგანი შოპინგის ზმანებას არის აყოლილი, ზოგიერთს კი უბრალოდ დათვალიერება სურს. ამ დროს კი, ბათუმი საკუთარ პრინციპებს ჯიუტად იცავს და ბოდიშის მოხდით, ყველას ანიშნებს, რომ აქ ყველაფერი ათ საათზე იხსნება და უნდა დაველოდოთ. სწორია თუ არა, თავად განსაჯეთ, მაგრამ ამ ზღვისპირა ქალაქს რომ საკუთარი ნიშა აქვს, ჩემთვის ძალიან რომანტიკულია.
როგორც იქნა, დადგა ათი საათი და მაღაზიებიც ნელნელა, თანმიმდევრობით გაიხსნა. რა დასამალია, ბათუმი მოლში შოპინგით დიდად ვერ აღფრთოვანდებით. იქ წარმოდგენილი ტანსაცმლის მაღაზიები მრავალფეროვნების მოყვარულ მყიდველს ვერაფრით გააოცებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე სხვა სავაჭრო ქსელი მომეძებნა. ადგილობრივმა მეგობარმა რეკომენდაცია Metro City-ის გაუწია, რომელიც სასტუმრო Euphoria-სთან მდებარეობს. როცა თავად არ იცი, რჩევებს უნდა დაუჯეროო, ნათქვამია და მეც დავეშვი სავაჭრო ცენტრისკენ. სიცხე უფრო ძლიერდებოდა. დაახლოებით ორი კილომეტრი მქონდა გავლილი, როცა მივხვდი, რომ მწველი მზე შუბლს მიხეთქავდა, ამიტომ გადავწყვიტე ტაქსით მესარგებლა.
ბათუმში თუ ტაქსით მგზავრობას იმ იმედით გადაწყვეტთ, რომ ბარათით გადაიხდით თანხას, მაშინ Taxify-ის იმედი მაინცდამაინც ნუ გექნებათ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კომპანია ამ ქალაქში ფუნქციონირებს, მაგრამ მე მაინც ვცადე, თუმცა იმედები გამიცრუვდა. No Cars Available ის სიტყვათა შეთანხმებაა, ამგვარ სიცხეში რომ ყველაფერს დაგავიწყებთ.
გამოსავლის ძიებაში, გონება გამეხსნა და Gobatumi.com-ს ვეწვიე, სადაც მოვძებნე ტაქსის მისამართი, რომლითაც მგზავრობის შემთხვევაში, Mastercard-ის ბარათით გადახდას შევძლებდი. ოპერატორთან საუბრის შემდეგ, ტაქსი მალევე მოვიდა და ბარათითაც უპრობლემოდ გადავიხადე თანხა. ტაქსის მძღოლი საშუალო ასაკის მამაკაცი იყო, რომელიც აჭარლებისთვის დამახასიათებელი იუმორითა და ენერგიულობით მესაუბრებოდა. დაინტერესდა ვინ ვიყავი და რომ ვუპასუხე, ჟურნალისტი ვარ-მეთქი და პროექტის შესახებ მოვუყევი. გულწრფელი სიხარულითა და სევდანარევი გამომეტყველებით მითხრა - უხ, როგორ მინდა თქვენი ასაკის ვიყო ახლა და ამ დროშიო. თურმე, ამერიკაში მოგზაურობასა და ობამასთან შეხვედრაზე ოცნებობდა. მომწონს ეგ კაცი, ხალხზე ფიქრობს და მშვიდობის მოყვარეაო. კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, ბოლოს კი, ბედნიერი სახით დავემშვიდობე ტაქსის მძღოლს და სავაჭრო ცენტრში შევედი.
ამ სავაჭრო ცენტრში არჩევანი საკმაოდ დიდია. მეტრო სიტიში წარმოდგენილია ისეთი მაღაზიები, რომლებიც თბილისშიც მრავლად გვხვდება. დიდი ხანი ვათვალიერებდი სხვადასხვა ტანისამოსს. ვცდილობდი საუკეთესო შემერჩია და ამასობაში, ორმოცდაათამდე მაისური, ოცამდე შორტი და თხუთმეტამდე ფეხსაცმელი მოვირგე. საბოლოოდ, რამდენიმე მათგანი შევარჩიე და ყიდვა გადავწყვიტე.
რა საკვირველია, უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა ყველა მაღაზიაში მოქმედებს. ამ ორ დღეში მივხვდი, რომ ბარათით სარგებლობა გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე ნაღდი ფულით. ბარათი პატარა ადგილს იკავებს, ფული დიდს. ბარათით გადახდა წამებში ხდება, ნაღდი ფულით მეტი დრო სჭირდება. ბარათით გადახდის შემდეგ, ტელეფონზე მოგდით შეტყობინება იმის შესახებ, თუ რამდენი დახარჯეთ და რამდენი დაგრჩათ.
სავაჭრო ცენტრიდან ისევ სასტუმროში დავბრუნდი და მეგობარს შეხვედრაზე შევუთანხმდი. სანაპიროზე გასულს, ზღვა აღელვებული დამხვდა. ღრუბლები შავი ზღვის სანაპიროს მომდგარიყვნენ და ზღვაში ჩასულ დამსვენებლებს აფრთხილებდნენ, წყლიდან ამოდითო. გავრცელდა ხმები, რომ შტორმი იყო მოსალოდნელი, რის გამოც ზღვაზე წითელი ალმები აღიმართა. მაშველებმა ხალხი წყლიდან ამოიყვანეს და გამუდმებით აფრთხილებდნენ, რომ არც ფეხის დასასველებლად და არც საბანაოდ, შესვლა არ შეიძლებოდა.
ტალღების სიმაღლე და სიძლიერე ნელნელა მატულობდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიმეტრზე, სადაც მე ვიყავი, ადამიანები წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილნენ მაშველებს და პრობლემები არავის შეუქმნია, რისთვისაც სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა მადლობაც გადაუხადეს მათ.
ვინაიდან, საღამოს ზღვაზე ნებივრობა არაფრით გამოვიდოდა, ბულვარში გასეირნება გადავწყვიტე. სწორედ აქ შემექმნა პირველი დისკომფორტი ბარათით სარგებლობისას. ბულვარზე ველოსიპედები და ჰოვერბორდები იყო გამოფენილი და ერთ-ერთით სარგებლობა მომინდა. პირველად ჰოვერბორდების გამქირავებელთან მივედი, ბარათით გადახდაზე სასტიკი უარი მითხრა. ვუთხარი, იმავე თანხაში ან რამეს გიყიდი, ან ტელეფონის ანგარიშზე ჩაგირიცხავ-მეთქი, მაგრამ არაო.
უარი მითხრა ველოსიპედების გამქირავებელმაც. ის კი არა, ჯერ დამცინა, მერე კი სერიოზულად მითხრა, აგერ არის ბანკომატი, 2-3 კილომეტრშიო და მოხსენიო.
რა გაეწყობა? - ისევ ფეხით ვისეირნებ.
საღამოს, შეთანხმებისამებრ, მეგობარს შევხვდი და ბარ-რესტორან HB-ში წავედით. დიდი სუფრა არ გაგვიშლია, მხოლოდ ლუდი, თხუთმეტი ხინკალი და ტუნას სალათა შევუკვეთეთ. საღამოს მევიოლინეები ალამაზებდნენ და სხვადასხვა ცნობილ თუ უცნობ კომპოზიციებს უკრავდნენ.
ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მიმტანს ანგარიშის მოტანა ვთხოვე და ვუთხარი, რომ ბარათით ვაპირებდი გადახდას. რა საკვირველია, ტრანზაქციამ უპრობლემოდ ჩაიარა. მე და ჩემი მეგობარი კვლავ ბულვარის გზას დავადექით, სადაც ხმაური და მხიარულება დაგვხვდა.
ანბანის შენობასთან უამრავი ახალგაზრდა შეკრებილიყო და მხიარულობდნენ. განწყობას მუსიკაც ამაღლებდა, რომელზეც სხვებთან ერთად, მეც ავცეკვდი. რამდენადაც მივხვდი, ფერების ფესტივალი იყო, რადგან ახალგაზრდები გაფერადებული სახეებით დადიოდნენ. კარგი იქნებოდა, ამინდიც ასეთივე ამაღლებული ყოფილიყო, თუმცა ვერაფერს ვიზამთ.
საღამო პოზიტიური და დადებითი ემოციებით იყო დამუხტული. მიუხედავად დაღლილობისა, შესანიშნავ განწყობაზე ვიყავი. მეორე დღემაც მშვენივრად ჩაიარა. ფაქტობრივად, ნაღდი ფულის არ ქონის გამო, ჩიხში არ აღმოვჩენილვარ და გადახდას თითქმის ყველგან უპრობლემოდ ვახორციელებ. არ განვიცდი ხურდების შხრიალისგან გამოწვეულ დისკომფორტს, არც ფულის თვლა მიწევს ყოველ ჯერზე. ბარათის ამარა დარჩენა უფრო მეტ კომფორტთან ასოცირდება, ვიდრე პირიქით.
ღამით ჯაზ-ფესტივალი დაიწყო და მსმენელების წინაშე Jamiroquai წარდგა, თუმცა მის კონცერტს მე არ დავსწრებივარ. როგორც ამბობენ, საოცარი შოუ მოეწყო და ხალხიც ძალიან ბევრი იყო. ახლო-მახლოს ვსეირნობდი იმ იმედით, რომ დასრულებისას ვინმე გამოვიდოდა და ორიოდე სიტყვით შთაბეჭდილებებს გამიზიარებდა, მაგრამ უშედეგოდ. "ბრატ, სიგარეტი ხომ არ გაქვს?" მეტი, არც კითხვა მომისმენია და არც პასუხი.
სასტუმროში რომ დავბრუნდი, ბათუმს წვიმამაც მოაკითხა. ზღვისპირა ქალაქში სიცხე სიგრილემ ჩაანაცვლა, გავსებული ქუჩები კი სიცარიელემ. მხოლოდ აქა-იქ, ათ წუთში ერთხელ, მანქანა თუ ჩაირიხინებდა ხოლმე ვიწრო ქუჩებში.
ფოტო: დიმიტრი სანაია
მოგზაურობა გრძელდება. დღეს განსაკუთრებული დღეა. მართალია წვიმს და ზღვისკენ გახედვაც დანაშაულია, მაგრამ ჯაზ-ფესტივალის მორიგ ღონისძიებაზე, De la Soul-ის ლაივ წარმოდგენაზე მივდივარ და წინასწარ ვემზადები უდიდესი სიამოვნების მისაღებად. მანამდე კი, გავაგრძელებ ბათუმის ქუჩებში ხეტიალს და საინტერესო ადგილების მონახულებას.
უმჯობესი იქნებოდა, წვიმა ხელს არ მიშლიდეს, მაგრამ რას ვიზამთ. ფულით ამინდს ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის კი Mastercard არსებობს.
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში












კომენტარები