უშლის თუ არა ხელს ოკუპაცია რეფერენდუმის ჩატარებას — ყველაფერი, რაც ამ საკითხზე უნდა ვიცოდეთ
"გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მომავალი, 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის, იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო", — მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას გუშინ, 28 მაისს, მას შემდეგ, რაც ოცნების დეპუტატებმა რუსულ კანონზე მის მიერ დადებული ვეტო დაძლიეს და კანონი მიიღეს.
პრეზიდენტის მიერ მოწოდებული ზოგადი მონახაზის მიღმა, საგარეო კურსთან დაკავშირებით, არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რა კითხვაზე მოუწევს მოსახლეობას პასუხის გაცემა რეფერენდუმზე. თუმცა მისი განცხადება გუშინვე დაიწუნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მამუკა მდინარაძემ, იმის გარდა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა საგარეო კურსთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი კონსტიტუციაში, ფეისბუქსტატუსში მიანიშნა, რომ რეფერენდუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ამ საკითხის ხაზგასმა განაგრძეს გუნდის სხვა წევრებმაც — მაგალითად, რატი იონათამიშვილმა თქვა, რომ "როდესაც რეფერენდუმზე გინდა გაიტანო მსგავსი საკითხები და როდესაც ოკუპირებული ტერიტორიები გაქვს და ზოგადად, ამ საკითხის დასმა, მაშინ როდესაც კონსტიტუციაში "ქართული ოცნების“ მხრიდან არის ჩაწერილი 78-ე მუხლი, რომელსაც ესენი [ოპოზიცია] ახლა აპელირებენ, მაგრამ მაშინ [მიღების დროს] მხარი არ დაუჭირეს, მსგავსი საუბრები არის მხოლოდ რუსეთის ინტერესში".
და მართლაც,
უშლის თუ არა ოკუპაცია ხელს რეფერენდუმს?
საკუთარი გუნდის წევრებისგან განსხვავებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ არა.
ყოველ შემთხვევაში, მან ასე დაწერა საკუთარ წიგნში, სახელწოდებით "კონსტიტუციური სამართალი", რომელიც 2019 წელს გამოიცა.
წიგნში ვკითხულობთ:
- "საქართველოს პრეზიდენტმა [გიორგი მარგველაშვილმა] 2016 წელს უარი თქვა რეფერენდუმის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო რეფერენდუმის დანიშვნა, ორგანული კანონის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა შესაძლებელი. ამ ინტერპრეტაციის გაზიარების შემთხვევაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, საქართველოში ვერცერთი რეფერენდუმი ვერ გაიმართება. აღნიშნული ინტერპრეტაცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკამათოა.
- აღსანიშნავია, რომ მრავალი სახელმწიფოსგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს რეფერენდუმის გამართვას სამხარეო, ან ადგილობრივ დონეზე, რაც სეპარატიზმთან დაკავშირებული ყოველგვარი შესაძლო საფრთხის პრევენციის მიზნით არის ნაკარნახევი."
ირაკლი კობახიძეს კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.
"მთელ ტერიტორიაზე" — ეს ფრაზა და კანონის არასწორი ინტერპრეტაცია ჰგონია გაუგებრობის მიზეზი კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს.
კობახიძის მსგავსად, ისიც იხსენებს მარგველაშვილის მიერ ამ მიზეზით უარის თქმას რეფერენდუმზე და მიიჩნევს, რომ სწორედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა შეუქმნა ფრაზის სწორხაზოვნად გაგებას ლეგიტიმური საფუძველი.
- "საქმე გვაქვს კანონის ჩანაწერის არასწორ გაგებასთან. ის მხოლოდ რეგიონულ რეფერენდუმებს კრძალავს და ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობა (ანუ იურისდიქცია სადამდეც ვრცელდება) უნდა გამოიკითხოს. ამით ცდილობს სეცესია, ან დეზინტეგრაციული პროცესები დააზღვიოს", — წერს ფეისბუქზე ვახუშტი მენაბდე.
ამასთან, კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, რომ ჩანაწერს "მთელი ტერიტორია" საქართველოს კანონმდებლობაში ხშირად შევხვდებით.
- "ორი მაგალითი საკმარისია:
- 1. იგივე კონსტიტუცია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის „მთელ ტერიტორიაზე“ ცხადდება. ცხადია, არავის მოსვლია თავში აზრად, ოკუპაციის დასრულებამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შეუძლებლობაზე მსჯელობა;
- 2. საარჩევნო კოდექსი მაუწყებლის მიერ პარტიის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარებას "მთელ ტერიტორიაზე“ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევას უკავშირებს. აქაც გასაგებია, რომ მიზანი პარტიის რეიტინგის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებაა", — წერს მენაბდე.
და თუ, სამართლის სპეციალისტების განმარტებით, რეფერენდუმის გამართვის იდეა საქართველოში სამართლებრივად გამართულია, გავიგოთ მეტი:
რას ნიშნავს რეფერენდუმი, როდის ინიშნება და აქვს თუ არა მის შედეგს სავალდებულო ხასიათი
ყველა ამ საკითხს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია და ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ.
- რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.
- მას სავალდებულო ძალა აქვს და რეფერენდუმის შედეგის გაუქმება მხოლოდ რეფერენდუმითვე არის შესაძლებელი.
სარეფერენდუმო ბიულეტენში აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები არის მხოლოდ "დიახ" და "არა".
პროცედურის შესახებ: კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
სალომე ზურაბიშვილმა ხელმოწერების მოგროვება გუშინ ახალგაზრდებს სთხოვა.
- თუმცა, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.
- ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, თუ პრემიერი არ დათანხმდა პრეზიდენტის ინიციატივას, რეფერენდუმი არ ჩატარდება.
- თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაც, საკონსტიტუციო სასამართლოს, შემდეგ, შეუძლია, დაავალდებულოს ხელისუფლება, გამართოს რეფერენდუმი.
პრემიერის თანხმობის შემთხვევაში კი, მთავრობა გამოსცემს შესაბამის აქტს და ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩაატარებს რეფერენდუმს.
რეფერენდუმი სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბერს, არჩევნების პარალელურად დააანონსა.
მან მიმართა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს:
- "თქვენ, ვინც აქ ხართ ახალგაზრდები, როცა მოაგვარებთ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის კიდევ ნახევარი მილიონი ხმა, როგორც მინიმუმ, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს და მე, ამ დროს, იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი მეგობრები (რადგან ზოგმა ვერ გაიგო, ვინ არის მეგობარი და ვინ საუკუნოვანი მტერი), ჩვენს გვერდით იქნებიან".
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომლის მიმართ როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე — საერთაშორისო თანამეგობრობის მოლოდინი დიდია.
ქართული ოცნების მიერ ანტიდასავლური კანონმდებლობის მიღებას ევროპის გზიდან გადახვევად აფასებენ ქვეყნის უცხოელი პარტნიორები.
სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას შესთავაზა გაერთიანდნენ "ქართული ქარტიის" ფარგლებში — ეს არის გეგმა, რომლით გათვალისწინებული ნაბიჯები, დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა უნდა გადადგან, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. კონკრეტულად კი, უნდა აიღონ ვალდებულება, რომ შეასრულებენ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებენ.
გაიგე მეტი: ოპოზიციის ნაწილი მზადაა, პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" შეუერთდეს — რას გვთავაზობს სალომე ზურაბიშვილი
კომენტარები