მოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე
დემოკრატიას ხშირად განვმარტავთ, როგორც "ხალხის მმართველობას", მაგრამ როგორია სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა რეალურად დემოკრატიული, პროგრესული და ადამიანის ზრუნვაზე ორიენტირებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენების პროცესში?
ამ სტატიაში ვსაუბრობთ,
- როგორ დგინდება ადამიანების სამართლებრივი საჭიროებები და როგორ ყალიბდება საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება;
- როგორც მოქალაქეებს, რა ბერკეტები გაგვაჩნია საიმისოდ, რომ მკაფიოდ ისმოდეს ჩვენი ხმა, იმის მიუხედავად, თუ ვინ ვართ — წარმოვადგენთ საზოგადოების ფართო ჯგუფს, მცირე ჯგუფს, თუ უბრალოდ, ინდივიდუალურ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება;
- ან როგორც საზოგადოებას, რა მექანიზმები გაგვაჩნია სახელმწიფო ინსტიტუტების სამოქალაქო ზედამხედველობისთვის და რამდენად გამართულად მუშაობს ამგვარი პრინციპები;
- და განვიხილავთ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს პარტნიორობის იმ როლს, რომელიც იმდენადვე აუმჯობესებს გარემოს რიგითი მოქალაქისთვის, რამდენადაც უშუალოდ, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხს.
მოქალაქე, საზოგადოება, სახელმწიფო
ამით დავიწყოთ.
"დემოკრატიულად ორგანიზებული სახელმწიფო ესწრაფვის, აღზარდოს არა მარტო პიროვნება, არამედ, პირველ ყოვლისა, მოქალაქე, ამიტომ, ახალგაზრდა თაობის მოქალაქოებრივი აღზრდის საკითხი სახალხო განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი საკითხია. უდავოა, რომ დემოკრატია დაინტერესებულია შეგნებულ მოქალაქეთა აღზრდით, რომლებსაც უნარი ექნებათ, შემოქმედებითად ჩაერიონ სახელმწიფოს ცხოვრების განვითარების პროცესში" — დიმიტრი უზნაძე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები, 1917 წელი.
მოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო, ურთიერთდაკავშირებული ცნებებია.
- მოქალაქეს, როგორც ინდივიდსა და პოლიტიკური საზოგადოების წევრს, გარკვეული უფლებები და პასუხისმგებლობები გააჩნია. მაგალითად, აქვს ხმის მიცემის უფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. და აკისრია ისეთი პასუხისმგებლობები, როგორიცაა კანონების დაცვა, გადასახადების გადახდა, არჩევნებში მონაწილეობა თუ სამოქალაქო ჩართულობა.
- საზოგადოება ურთიერთობების კომპლექსური ქსელია ინდივიდებსა და სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. მომართულია მრავალფეროვნებისკენ, თანამშრომლობისკენ, განხილვებსა და ცვლილებებზე. აერთიანებს თემებს, ორგანიზაციებს, ინსტიტუტებს და სხვა სოციალურ ჯგუფებს.
- სახელმწიფო საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის ბირთვია, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს კლასებს, ერებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. ასევე, გამოხატავს მათ ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. შედგება სამთავრობო ინსტიტუტებისგან, როგორიცაა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტო და ისინი არიან პასუხისმგებელნი კანონების მიღებასა და აღსრულებაზე, საჯარო სერვისების უზრუნველყოფასა და მოსახლეობის ინტერესების უპირატესობაზე.
გურო იმნაძე მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორია ორგანიზაციაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC).
- მისი საქმიანობის მიზანია დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლიანი და მაღალი სოციალური მგრძნობელობის მართლმსაჯულების სისტემის შექმნის ხელშეწყობა.
რას გულისხმობს საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება? — ვკითხეთ მას.
- "მიდგომას, როდესაც ადმინისტრირების დროს, მართლმსაჯულების თითოეული რგოლი ითვალისწინებს ცალკეული ჯგუფების ინტერესებს, განსაკუთრებით, დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფების სპეციალურ ინტერესებს", — განგვიმარტავს იმნაძე, — "მაგალითისთვის, ასეთი შეიძლება იყოს ქალები, ბავშვები, უმცირესობები და ასე შემდეგ. და ამავე მიდგომით, კანონის ფორმალური მოთხოვნების დაცვის პარალელურად, ყურადღება ექცევა კულტურულ ფაქტორებს, სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს და ასე შემდეგ."
დავინტერესდით, რა გამოწვევებს ხედავს ამ მხრივ.
- იმნაძე, არსებულ პრობლემებზე საუბრისას ამბობს, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა არ არის მოქნილი და საკმარისად არ ითვალისწინებს ცალკეული ჯგუფების სპეციალურ საჭიროებებსა და ინტერესებს.
- "ერთი, ძალიან ზოგადი პრობლემა, რაც ალბათ, ყველას აწუხებს, დროში გაჭიანურებული საქმის წარმოებაა", — ამბობს ის და აღნიშნავს ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხსაც, რადგან ადვოკატის მომსახურება არ არის იაფი, მის გარეშე კი რთულია სამართლებრივი დოკუმენტაციების მომზადება.
- მისივე თქმით, ორივე პრობლემას მოიცავს ნდობასთან დაკავშირებული გამოწვევა, რადგან "თუ ადამიანი არ ენდობა მართლმსაჯულების სისტემას, არ აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი, ან მისი საქმის განხილვას დიდი დრო და ფინანსები სჭირდება, შეიძლება აღარც კი მიმართოს, ან ენდოს სახელმწიფოს ამ მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს."
როცა ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეს სჭირდება, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად სახელმწიფოს მიაწვდინოს ხმა, ხშირად, ასეთ დროს ის დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებაში პოულობს. ასე ხდება საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ხიდი ინდივიდს, ან ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფსა და სახელმწიფოს შორის.
გზამკვლევი: როგორ შეგიძლია მიიღო იურიდიული დახმარება, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს
ასეთ არაერთ პრაქტიკას მოიცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მრავალწლიანი საქმიანობა. On.ge ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორს, თამარ ონიანს ესაუბრა.
- "სამოქალაქო საზოგადოებას, თავისი მანდატიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი შემხებლობა აქვს საზოგადოების ყველა სეგმენტთან, განსაკუთრებით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებთან. ჩვენ ხალხთან გვაქვს კომუნიკაცია", — გვითხრა თამარ ონიანმა.
საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და საზოგადოებრივი ზედამხედველობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე
თამარ ონიანი საუბრობს იმის შესახებაც, რომ სოციალურად, თუ ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფებისთვის, სახელმწიფოს უფასო სამართლებრივი სერვისიც ხელმისაწვდომია, თუმცა მხოლოდ სამართალწარმოების ნაწილზეა ორიენტირებული.
- "ზოგ სამართლებრივ პრობლემას მხოლოდ სამართალწარმოებით ვერ მოვაგვარებთ, ამისთვის სხვადასხვა ადვოკატირების მექანიზმები არსებობს. შესაბამისად, ისეთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ ერთი პროფილით არ ვმუშაობთ, ვეხმარებით ადამიანებს როგორც სამართალწარმოების ნაწილში, ასევე, ადამიანის უფლებების ადვოკატირების მიმართულებითაც", — ამბობს იურისტი. შედეგად ისინი, კონკრეტული პირების პრობლემებს სახელმწიფოსთან შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაციის დამოწმებით წარადგენენ.
სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებზე ამგვარი ორგანიზაციები კვლევებსაც ატარებენ, თუმცა, თამარ ონიანის თქმით, სურათს ყველაზე ნათლად ის ადამიანური ამბები აჩვენებს, რომელსაც მათ უყვებიან, რამდენადაც "კონკრეტულ ისტორიებში უკეთ ჩანს, რა გამოწვევები შეიძლება არსებობდეს პრაქტიკაში, ფურცელზე დაწერლი სამართლის მიღმა".
- საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ცაკლეული გამოწვევების სიღრმისეული შესწავლა აძლევს მანდატს, მონაწილეობდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
- საქართველოს მიმართ, ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მოლოდინი ჩანს საქართველოსთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებამდე შესასრულებელ 9 პირობაშიც:
"ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმართვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით", — ვკითხულობთ იქ.
მაგრამ, ჩვენი რესპონდენტების თქმით, მეორე წელია, ხელისუფლებისგან შესაბამისი მზაობა აღარ ჩანს.
თამარ ონიანი და გურო იმნაძე On.ge-სთან აღნიშნავენ, რომ სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებების მიუხედავადაც, სახელმწიფოს მიდგომამ, ინკლუზიურობის უზრუნველყოფის ნაცვლად, მტრული, რეპრესიული მიდგომისკენ გადაიხარა.
- მათ მხედველობაში აქვთ ქართული ოცნების ხელისუფლების გამოკვეთილად გამკაცრებული ტონი არასამთავრობო სექტორის მიმართ, განსაკუთრებით, გასული, 2023 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღება პირველად სცადა.
რა იქნება ამის ეფექტი, როგორ ქვეყნად გვაქცევს ხელისუფლების ამგვარი მიდგომა? — ვკითხეთ ორივე მათგანს.
გურო იმნაძემ გვითხრა, რომ მთავრობის წარმომადგენლების ასეთი დამოკიდებულება თანხვედრაში არ არის დემოკრატიულ პრინციპებთან, რადგან სახელმწიფო უწყებები ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ საზოგადოების, მათ შორის, სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშე, აჩვენებდნენ გახსნილობას, თანამშრომლობის სურვილს და პასუხობდნენ საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს. ეს, აღმასრულებელ ხელისუფლებას დააშორებს სამოქალაქო საზოგადოებისგანაც და ამავდროულად, შეაფერხებს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხს.
მისივე სიტყვებით, საბოლოო ჯამში,
- ეს ანგრევს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ;
- პირობითად, პროკურატურა, ან ნებისმიერი სამართალდამცავი უწყება, საზოგადოების წინაშე თუ არ სარგებლობს მაღალი ნდობით, მოქალაქეს არ მოუნდება გამოძიებასთან თანამშრომლობა და არ მიაწვდის ამა თუ იმ ინფორმაციას, თუ არ ექნება გარანტია, რომ მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მისსავე წინააღმდეგ არ გამოიყენებენ, "მაგალითად, დამნაშავეს არ ჩაუვარდება ხელში და ასე შემდეგ".
- "იგივეა სასამართლოს შემთხცვევაშიც", — ამბობს იმნაძე, რომ თუ მოქალაქეს არ აქვს სასამართლოს სამართლიანობის განცდა, არ წაიღებს თავის პრობლემას სასამართლოში და შეეცდება, არაფორმალური გზებით და "ავტორიტეტების ჩარევით" სცადოს დავის გადაჭრა.
გამოწვევებთან ერთად, მათგან გვაინტერესებდა გაგვერკვია,
რა მექანიზმები გაგვაჩნია სახელმწიფო ინსტიტუტების სამოქალაქო ზედამხედველობისთვის და რამდენად გამართულად მუშაობს ამგვარი პრინციპები პრაქტიკაში
სამართალმცოდნეები გასული წლებიდან იხსენებენ ზოგიერთ გამოცდილებას, რასაც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ინსტიტუციური რეფორმების თვალსაზრისით, პოზიტიური ცვლილებები მოჰყვა.
"როგორც წესი, რამდენიმე ინსტრუმენტს ვიყენებთ ხოლმე", — თქვა გური იმნაძემ.
ეს შეიძლება იყოს:
- "სასამართლო აქტების ანალიზი, გადაწყვეტილებების ანალიზი, თუ რამდენად დასაბუთებული, თანმიმდევრული და ერთგვაროვანია სასამართლო პრაქტიკა.
- ასევე, ეს შეიძლება იყოს ცალკეულ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგალითად, რამდენად გამჭვირვალედ და ღიად მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შეუძლიათ თუ არა მოქალაქეებს მის სხდომებზე დასწრება, რამდენად დასაბუთებულია გადაწყვეტილებები, რამდენად ხელმისწავდომია სტატისტიკური მონაცემები, საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის საკადრო ცვლილებებზე, შიდა მარეგულირებელ აქტებზე და ასე შემდეგ."
იმ პერიოდიდან, როდესაც ხელისუფლება მეტად გახსნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, გური იმნაძე იხსენებს, რომ პროკურატურასთან შედგა თანამშრომლობა საპროკურორო საბჭოს შექმნის თვალსაზრისით. "ამ ცვლილების მიზანი საბოლოო ჯამში ის იყო, რომ პროკურატურაში აღარ ყოფილიყო გენერალური პროკურორი ერთადერთი ყოვლისმომცველი ძალაუფლების მქონე ფიგურა; ამ ძალაუფლების დეცენტრალიზება უნდა მომხდარიყო. საბოლო ჯამში, კოლეგიური ორგანოები კი შეიქმნა, მაგრამ ძალიან მოჩვენებითი და სუსტია, ამიტომაც გენერალური პროკურორი დღესაც შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს", — თქვა იმნაძემ.
ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის კარგ მაგალითად გამოყოფს ერთად გადადგმულ ნაბიჯებს, რათა შემუშავებულიყო უფრო ეფექტიანი პოლიტიკა ოჯახური ძალადობის მიმართ. "ღია იყო პროკურატურა, რომ უფრო მკაცრი ყოფილიყო პოლიტიკა მსგავსი ტიპის დანაშაულებზე და საზოგადოებაშიც გაჩენილიყო განცდა, რომ ასეთი დანაშაული არ იქნება შეწყნარებული სახელმწიფოს მხრიდან."
დაბოლოს, ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ დღეისათვის, რეალურად, "აბსოლუტურად ჩაკეტილია სახელისუფლებო სისტემა" და თითქმის შეუძლებელია, მართლმსაჯულებაზე სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს ეფექტი.
სტატიაზე მუშაობის დროს On.ge-მ მიმართა პროკურატურასაც. მათ შევთავაზეთ, უფრო მეტი ესაუბრათ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ამ დრომდე არსებულ შედეგებზე, თუმცა, სამწუხაროდ, უწყებამ ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები