მოკლედ: ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ცნობილი დღეს უნდა გამხდარიყო, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ დასკვნითი სასამართლო პროცესი გადადო.

დეტალები: გრიგორიადისს სურდა, დღეს დისტანციურად დასწრებოდა სხდომას, თუმცა მოსამართლის პოზიციაა, რომ ის ფიზიკურად უნდა ყოფილიყო სასამართლოს დარბაზში.

  • ამის გამო, შარაძემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
  • მოსამართლის თქმით, პროცესი 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.

ლაზარეს ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, სხდომის გადადების გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოა.

"სისხლის სამართლის საპროცესო ნორმა ცალსახად არეგულირებს საკითხს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს ჩაერთოს დისტანციურად", — თქვა მან.

  • დასკვნითი სასამართლო პროცესი ჯერ 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა, 22 თებერვალს, მოსამართლის შვებულებაში გასვლის მიზეზით, გადაიდო.

გრიგორიადისის ოჯახის წევრები გუშინ ამბობდნენ, რომ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდნენ, თუმცა"ბრძოლას გააგრძელებდნენ".

ვრცლად: "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე

სამთავრობო პროპაგანდისტული კამპანია ლაზარეს გარშემო: ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ, მის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მადისკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო.

  • საქართველოს ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც იმ დროისათვის პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო, გრიგორიადისს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ მას "ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს".
  • კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.

ლაზარეს საქმის ქრონოლოგია: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.

  • 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
  • 8 აპრილს გრიგორიადისისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო და ლაზარე პატიმრობაში დატოვა.

გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.

  • დაკავებულს ბრალდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით წარედგინა.
  • დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს 2021 წელს მომხდარი ოჯახური ძალადობის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრაზე.

ამ თემაზე ლაზარეს მამას არაერთხელ უსაუბრია — ამბობდა, რომ შვილთან პრეტენზია არ აქვს.

  • "2 წლის წინანდელი საქმე გადმოიღეს თაროდან და მიუსაჯეს მისი აქტიურობის გამო. მე არასდროს მიჩივლია და არანაირი პრეტენზია არ მქონია, მაგრამ არანაირი შეღავათი არ გაუწევიათ. მოვედი, რომ მოსამართლისთვის მეთქვა — მე მაშინ ვიყავი უგონოდ მთვრალი და [ლაზარემ] კი არ დამაზიანა, უფრო დიდ უბედურებას დამაშორა" — თქვა ბექა გრიგორიადისმა ნეტგაზეთთან, 2023 წლის 25 სექტემბერს.