რა შეზღუდვებს დაუწესებს აფხაზებს რუსული კანონი "აგენტების შესახებ": დეტალები და ანალიზი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

მოკლედ

"აფხაზეთში რუსული კანონის მიღება დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას და გააღრმავებს რეგიონის იზოლაციას", — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) და ეხმაურება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ კანონპროექტის ე.წ. პარლამენტისათვის წარდგენის ფაქტს.

  • ბჟანიამ, კანონპროექტი ე.წ. პარლამენტს წარუდგინა მოსკოვში გამგზავრების წინა დღეს.

გაიგე მეტი: რა ვიცით ბჟანიას შეხვედრებზე რუსეთში, ლავროვთან და სხვა მაღალჩინოსნებთან

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს საკანონმდებლო ინიციატივა დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს, მკვეთრად დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას აფხაზეთში და გააღრმავებს აფხაზეთის რეგიონის იზოლაციას, — აცხადებს SJC.

რა შეზღდვებზეა საუბარი?

კანონპროექტის მიხედვით,

  • "აგენტად" გამოაცხადებენ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, თუკი ისინი ფულად სახსრებს ან/და სხვა სახის ქონებას იღებენ უცხო ქვეყნიდან.
  • "აგენტად" არ გამოაცხადებენ მათ, ვინც ფულად სახსრებს იმ ქვეყნებისგან იღებს, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. ასეთ სახელმწიფოებში რეგისტრირებული მოქალაქეები და იურიდიული პირები არ ჩაითვლებიან უცხოურ აგენტებად.
  • აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს, სირიას.

რას ასახელებენ კანონპროექტის მიზნად

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ის შექმნილია "აფხაზეთის ინტერესების, მისი სუვერენიტეტის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად."

  • ასევე, "აფხაზეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში საგარეო ჩარევაზე დაუყოვნებლივი რეაგირების უზრუნველყოფად."
  • ამასთან, უცხოური აგენტების მიერ წარმოებულ ან/და გავრცელებულ მასალებს თან უნდა ახლდეს მითითება, რომ ისინი "დამზადდა, გავრცელდა და (ან) გაიგზავნა უცხოელი აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ, ან/და დაკავშირებულია ასეთი პირის საქმიანობასთან."

რა შეიძლება იყოს გაცხადებული მიზნის მიღმა

SJC-ის შეფასებით, აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ ინიციირებული კანონპროექტი გამორჩეულად რეპრესიული და შემზღუდავია და ვრცელდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე.

  • "სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის დაწესებული შეზღუდვები, გარდა იმისა, რომ მათ სტიგმატიზებას ახდენს და მათ მუშაობას იმთავითვე მტრულ კონოტაციას აძლევს, მათთვის პრაქტიკულად ართულებს ქმედითი ადვოკატირების, თვითორგანიზებისა და საგანმანათლებლო სამუშაოების გაწევს.
  • ავტორიტარულ ქვეყნებში ამგვარი შეზღუდვების გამკაცრება, როგორც წესი, ეტაპობრივად ხდებოდა, შედარებით რბილი მოწესრიგებიდან მკაცრ მოწესრიგებამდე, რამაც საბოლოოდ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების მუშაობა თითქმის შეუძლებელი გახადა.
  • ამ კუთხით აშკარაა, რომ აფხაზური კანონპროექტი რადიკალურად აგრესიულია და სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრების სრულ გაჩერებას უფრო ისახავს მიზნად."

რა ზიანი მიადგება აფხაზურ საზოგადოებას

  • "არსებითად დააზიანებს და დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას აფხაზეთში;
  • გააძლიერებს რუსეთის კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებადი დე ფაქტო რეჟიმის არადემოკრატიულ ბუნებას;
  • გაზრდის რეგიონის იზოლაციას;
  • გააუარესებს აფხაზეთის მაცხოვრებლების პოლიტიკურ უფლებებსა და სოციალურ ყოფას, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

    ამასთან, SJC აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების დახმარებით აფხაზეთში არა ერთი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული, სოციალური და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა, რომელიც ომის შემდგომ ამ რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ცხადია, რომ ამ კანონის მიღება, პირველ რიგში, ამგვარ მუშაობას გახდის შეუძლებელს და სრულად მოსპობს ადგილობრივი საზოგადოების დემოკრატიული და თანასწორი განვითარების შესაძლებლობას.

ორგნიზაციის შეფასებით, აშკარაა, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივის უკან დგას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის საგარეო პოლიტიკური არჩევანი, რომელიც აფხაზეთის მიერ მანამდე დეკლარირებულ მულტივექტორულ პოლიტიკას ძირეულად ცვლის და ამ რეგიონის რუსულ სამყაროში ასიმილაციას გამოიწვევს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხედვით,

  • ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი შეზღუდვებს უწესებს უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელ არაკომერციულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს და კრძალავს ადგილობრივ სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შექმნილ კომისიებში, კომიტეტებში, საკონსულტაციო, სათათბირო და სხვა ორგანოებში მათ მონაწილეობას.
  • ამასთან, იკრძალება "უცხოური აგენტების" მიერ საჯარო ღონისძიებების, მსვლელობების, დემონსტრაციების, საჯარო დებატების, გამოსვლების დისკუსიების გამართვა. დამატებით, კანონპროექტით, გამორიცხულია, მუნიციპალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საქმიანობის შესაძლებლობა.
  • აკრძალვების მიხედვით, არაკომერციულ ორგანიზაციებს და პირებს, რომლებიც ასრულებენ "უცხოური აგენტის" ფუნქციებს, არ აქვთ უფლება, გაავრცელონ არასრულწლოვანთა საინფორმაციო პროდუქტები მედიის საშუალებით ან/და ინტერნეტის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით. და ეზღუდებათ პედაგოგიური საქმიანობა რესპუბლიკურ და მუნიციპალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში.

გარდა აკრძალვებისა, "უცხოური აგენტებად" დარეგისტრირებული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ვალდებული იქნებიან, წარადგინონ საფინანსო დეკლარაციები, მათ შორის, სრული მონაცემები წყაროს, თანხის ოდენობის, ნებისმიერი თანხის მიზნისა თუ მიღებული და დახარჯული სხვა მატერიალურ სიკეთის შესახებ. იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება გამოიძიოს, მოითხოვოს და შეისწავლოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

"უცხოური აგენტების" საქმიანობის შემოწმების მიზნით, შეიძლება, ჩატარდეს არაგეგმური შემოწმება. შემოწმების ჩატარების საფუძველი შეიძლება იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციიდან განაცხადის მიღებაც.

  • არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა კანონპროექტის მიხედვით გამოიწვევს ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და სხვა სახის პასუხისმგებლობას დადგენილი წესით.

კანონპროექტის სამართლებრივი შეფასება

SJC აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განმარტებებით, უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელ აგენტებად ან/და "უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად" რეგისტრაცია და მათთვის მასტიგმატიზებელი იარლიყის მიწებება გაუმართლებელი ჩარევაა ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში და არ არის "გამჭვირვალობის" ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი.

"უცხოური აგენტების" ტიპის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის ძირითად უფლებებს, არამედ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ვენეციის კომისიამ, რუსეთის მიერ დამტკიცებულ „უცხოელი აგენტების“კანონზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ ამგვარი მოწესრიგება დისკრიმინაციულია და გაუმართლებლად ზღუდავს არასამთავრობო სექტორსა და კრიტიკულ მასმედიას. ვენეციის კომისიის დასკვნით, არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად მონიშვნას რეალურად პოლიტიკური დატვირთვა აქვს და სამოქალაქო საზოგადოების დისკრიმინაციასა და დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

წინაისტორია და აფხაზთა განწყობები

2014 წელი: კანონპროექტის მიღებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2014 წლიდან მიმდინარეობს. რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროს (2014 წლის სექტემბრიდან 2020 წლის იანვრამდე) მოსკოვი მტკიცედ გასცემდა რეკომენდაციას, აფხაზეთს რუსეთის მაგალითისთვის მიებაძა და უცხოური აგენტების შესახებ კანონი მიეღო.

  • თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება (სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, სადაც ეს კანონი მყისიერად მიიღეს) არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას და კრემლის პოზიციების გაზიარებას, რადგან ეს იდეა უკიდურესად არაპოპულარული იყო აფხაზურ საზოგადოებაში.

2021 წელი: დეკემბერში მოსკოვმა და სოხუმმა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში მოამზადეს თანამშრომლობის მემორანდუმი არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე.

  • კანონის განხილვა 2023 წელს იგეგმებოდა, მაგრამ აფხაზური საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურების გამო პროცესი გადაიდო.
  • კანონპროექტის მიღება ჯერ კიდევ 2021 წელს გააკრიტიკა იმჟამინდელმა ადამიანის უფლებების დაცვაზე უფლებამოსილმა პირმა, ასიდა შაკრილმაც. მან შეშფოთება გამოთქვა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა საერთაშორისო იზოლაციის კურსით მიდის, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს აფხაზეთის საგარეო ურთიერთობებს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს.

2022 წელი: 27 იანვარს, Apsadgyl-info-მ გამოაქვეყნა ასობით ადამიანის მიერ ხელმოწერილი მიმართვა აფხაზეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისადმი, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება ამ კანონის პროექტის შემუშავებაზე დისკუსიის დაწყების შესახებ.

  • ოპოზიციონერი დეპუტატები და სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს სხვადასხვა ორგანიზაციების მუშაობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვა, მათ შორის დაცვა ძალადობისგან, და ა.შ. ეს ყოველივე უარყოფითად იმოქმედებს იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც დახმარებას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
  • კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის შემდგომ, სოხუმის დე ფაქტო ლიდერი აფხაზეთის "კონსტიტუციის" დარღვევაში დაადანაშაულეს.
  • განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ფუნდამენტური "კონსტიტუციური" უფლებების, თავისუფლებებისა და პრინციპების დარღვევას გულისხმობს.
  • 9 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისა და სტუდენტების 300-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. ერთ-ერთი აქტივისტი, რომელმაც ხელი მოაწერა მიმართვას, დარწმუნებულია, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიზანია არა აფხაზეთის დაცვა საგარეო გავლენისგან, არამედ ხელისუფლების მიმართ განსხვავებული აზრისა და კრიტიკის აღმოფხვრა.

კანონპროექტების გარდა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ საერთაშორისო ორგანიზაციებზეც მიიტანა იერიში და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების აკრძალვის შესახებ განაცხადა. არძინბას თქმით, ამ მიდგომის შესაბამისი საჭიროება ნაკარნახევი იყო "გაუმჭვირვალე საქმიანობითა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმირების მცდელობით." გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

2024 წელი: იანვრის ბოლოს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში ტოივო კლაარმა, მას შემდეგ რაც ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მეორედ არ შეუშვეს, განაცხადა, რომ აფხაზეთი „როგორც ჩანს, იკეტება.“ ამის საპასუხოდ, ინალ არძინბამ პირობა დადო, რომ აფხაზეთში შესვლა აეკრძალება ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მას ოკუპირებულად მიიჩნევს: „მათთვის, ვისაც სურს გაანადგუროს აფხაზეთ-რუსული ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილოს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება“.

ცენტრალური ხელისუფლების კონტექსტი

მსგავსი კანონის მიღების მცდელობა 2023 წლის დასაწყისში ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასაც, რაც თბილისსა და სხვა რეგიონებში უპრეცედენტო საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და საერთაშორისო წნეხის ფონზე შეჩერდა.

  • ხელისუფლებას რამდენიმე თვეში ე.წ. რუსული კანონის უკან გახმობა დასჭირდა, თუმცა, ამ მცდელობამ საზოგადოების თვალში მკვეთრად შეარყია რწმენა მთავრობის ევროპული მისწრაფებების და დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულების შესახებ.
  • "ამ პირობებში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას დაკარგული აქვს მორალური და პოლიტიკური რესურსი აფხაზეთში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესები საჯაროდ დაგმოს და ამ კონტექსტში საქართველო წარმოადგინოს, როგორც დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც გაყოფილ საზოგადოებას ახალი ტიპის პოლიტიკას და პროგრესული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს", — აცხადებს SCJ.

პრობლემაა, რომ აფხაზეთის რეგიონში ანექსიური პროცესების გააქტიურების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს სტრატეგიული პოლიტიკური ხედვა, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონის სრული ასიმილაციის პროცესს შეაკავებდა.

  • ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ძირეულად შეცვლილი რეგიონული და გლობალური კონტექსტების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას 2010 წლის შემდეგ არ განუახლებია სამშვიდობო პოლიტიკის დოკუმენტი და კვლავ მოძველებული და ვიწრო პერსპექტივებიდან უყურებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკას.
  • ამასთან, საქართველოს მთავრობა ნაკლებად მუშაობს იმ მიმართულებით, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირის გაფართოებისა და საქართველოს გაწევრიანების პროცესს ხელი შეუწყოს კონფლიქტების ტრანსფორმაციას და აფხაზეთში (და სამხრეთ ოსეთის რეგიონში) მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი ალტერნატივებისა და შესაძლებლობების გაჩენას.

ბოლო ხაზი: "ამ პირობებში მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ შექმნას სამშვიდობო პოლიტიკის ახალი ხედვა, რომელიც სამოქალაქო, საერთაშორისო და პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციების გზით და კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომებით შემუშავება და რომელიც სტრატეგიულად უპასუხებს რეგიონში შექმნილ მყისიერ და გრძელვადიან გამოწვევებს, და ასევე, ახალ შესაძლებლობებს", — ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად

ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად,…