როგორ უპასუხებს აშშ იორდანიაში მდებარე ბაზაზე თავდასხმას — რას უნდა ველოდოთ
მოკლედ: პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს იორდანიაში მის ბაზაზე თავდასხმას, თუმცა არ არის ცნობილი, ვის დაარტყამს ამერიკა საპასუხოდ, ან — რამდენად ძლიერი იქნება ეს დარტყმა.
სტრიქონებს შორის: ირანის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დრონებით თავდასხმა აშშ-ის ბაზაზე იორდანიაში 28 იანვარს განახორციელეს, შედეგად დაიღუპა 3 ჯარისკაცი, დაშავდა 40-ზე მეტი.
რა ვერსიებს განიხილავს ბაიდენი საპასუხოდ: ბევრს.
თუმცა, როგორც AP წერს, აშშ-ს ახლა ძალიან დიდი ყურადღება მართებს ბალანსის დასაცავად. თუ მისი პასუხი სუსტი იქნება, ამან, შეიძლება, დაჯგუფებების მიერ კიდევ უფრო მეტი თავდასხმა მოიტანოს შედეგად.
- ძლიერმა საპასუხო დარტყმამ კი, შესაძლოა, კიდევ უფრო დაძაბოს მდგომარეობა შუა აღმოსავლეთში და კონფლიქტი უფრო მასშტაბური გახდეს.
- კითხვაზე, აქვს თუ არა გადაწყვეტილი, როგორ უნდა უპასუხოს თავდასხმას, ბაიდენმა თქვა რომ "კი", თუმცა მან დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა, რომ აშშ ცდილობს, არ უბიძგოს შუა აღმოსავლეთში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას.
რა შეიძლება იყოს სამიზნე: ობიექტები ირანის ტერიტორიაზე, მათ შორის — ისლამური რევოლუციის გვარდიის გუშაგთა კორპუსი, ირანული გემები ზღვაზე, თეირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები და ამ დაჯგუფებების მაღალი რანგის ლიდერები ერაყსა და სირიაში.
- აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ შესაძლოა, აშშ-მა, ეტაპობრივი მიდგომით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგას.
უფრო კონკრეტულად, რას შეიძლება განიხილავდეს აშშ:
პირდაპირი დარტყმა ირანის ტერიტორიაზე
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ მიიჩნევს, რომ დაჯგუფებების შეიარაღებასა და დაფინანსებაზე ირანს ეკისრება პასუხისმგებლობა.
- "მე მათ პასუხისმგებლობას ვაყენებ, გარკვეული გაგებით, რადგან ისინი აწვდიან იარაღს იმ ადამიანებს, ვინც ეს [თავდასხმა იორდანიაში] ჩაიდინა," — თქვა ბაიდენმა გუშინ, 30 იანვარს.
- ირანის ტერიტორიაზე დარტყმა, მათ შორის, ისლამური რევოლუციის გვარდიის გუშაგთა კორპუსზე, თეირანისთვის იქნება ძლიერი, პირდაპირი გზავნილი.
- არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი ნაბიჯი საჭიროა, რადგან ბოლო თვეებში, აშშ-ის დარტყმებმა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებზე, მათ თავდასხმებს ხელი არ შეუშალა. თუმცა, ეს იქნება ყველაზე სარისკო ნაბიჯი, რადგან გამოიწვევს თეირანის მძაფრ რეაქციას და ასევე, შეიარაღებული ჯგუფების აღშფოთებას.
ირანის აქტივებზე, ან — ლიდერებზე თავდასხმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შესაძლოა, ნაკლებ მწვავედ იყოს აღქმული. აშშ სწორედ ამგვარად მოიქცა 2020 წელს, როდესაც მოკლა ირანის ელიტური ყუდსის ძალების მეთაური, გენერალი ყასემ სოლეიმანი, აშშ-ის ბაზებსა და ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ.
- ირანმა, ამის შემდეგ, ერაყში მდებარე ალ-ასადის საავიაციო ბაზის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაისროლა, შედეგად დაშავდნენ ამერიკელი სამხედროები, ბევრ მათგანს ტვინის დაზიანებები ჰქონდა.
ისრაელის დაზვერვის ყოფილმა წარმომადგენელმა და შუა აღმოსავლეთის ანალიტიკოსმა ავი მელამედიმ თქვა, რომ ირანს აქვს მილიარდობით დოლარის სამხედრო საინვესტიციო პროექტები სირიაში და მათზე დარტყმით, აშშ-ს შეუძლია თეირანის დასჯა, ირანზე პირდაპირი დარტყმის ესკალაციის საფრთხის გარეშე.
- მან მაგალითად მოიყვანა დიდი კომპლექსი სორიის ქალაქ ბუკამალის მახლობლად, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების შესანახად იყენებენ.
- შეერთებულმა შტატებმა ამ ობიექტს, შეიარაღებული დაჯგუფებების ქმედებების საპასუხოდ, ადრე უკვე დაარტყა.
- "სირიაში სამხედრო სამიზნეების დეფიციტი არ არის, მასზე იერიშის მიტანით აშშ-ს შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება ირანის რეჟიმისთვის", — თქვა მელამედმა.
შეტევები კვლავ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე
ყველაზე სავარაუდო ნაბიჯი იქნება ხელახალი იერიშები ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებზე. 30 იანვრის მდგომარეობით, ამ ჯგუფებმა, 18 ოქტომბრის შემდეგ, განახორციელეს 166 თავდასხმა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის, 67 ერაყში, 98 სირიაში და ახლა უკვე — ერთი იორდანიაშიც.
- გუშინ, 30 იანვარს, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერთ-ერთმა მთავარმა დაჯგუფებამ, ქათაიბ ჰეზბოლამ გაავრცელა განცხადება "სამხედრო და უსაფრთხოების ოპერაციების შეჩერების შესახებ საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ" ერაყში, რაც აშშ-ის ჯარებს გულისხმობს. ჯგუფი, რომელსაც ამერიკელი ოფიციალური პირები იორდანიის თავდასხმაში მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნევენ, აცხადებს, რომ შეჩერება იყო "ერაყის მთავრობის უხერხულობის თავიდან ასარილებლად".
- პასუხად, პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა თქვა, რომ "მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა საუბრობენ".
- აშშ-ს ძალებზე თავდასხმებმა ერაყის მთავრობა არასასურველ პოზიციაში ჩააყენა. პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ შია ალ-სუდანიმ ირანის მოკავშირე ფრაქციების დამსახურებით დაიკავა თანამდებობა, მაგრამ ის, ასევე, ცდილობს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-სთან.
შეერთებულმა შტატებმა, 27 ოქტომბრის შემდეგ, რამდენჯერმე უპასუხა შეიარაღებულ დაჯგუფებებს:
- ამერიკულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს იარაღისა და საბრძოლო მასალის ორ ობიექტს აღმოსავლეთ სირიაში, ბუკამალის მახლობლად, რომლებსაც იყენებდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები.
- 8 ნოემბერს გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოაგდეს იარაღის შესანახ ობიექტზე მაისულუნთან.
- 12 ნოემბერს აშშ თავს დაესხა სასწავლო ობიექტს და სახლს აღმოსავლეთ სირიაში, მაიადინში.
- 26 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა დაარტყა ერაყში სამ ადგილს, რომელსაც იყენებდნენ ქათაიბ ჰეზბოლა და მასთან დაკავშირებული ჯგუფები.
- 23 იანვარს აშშ-მა კვლავ მიიტანა შეტევა ერაყში მდებარე ქათაიბ ჰეზბოლას ობიექტებზე.
კონგრესის ზეწოლა
კაპიტოლიუმში კანონმდებლები შურისძიებას ითხოვენ.
- კონგრესის წევრებმა განაცხადეს, რომ ბაიდენმა პირდაპირ უნდა დაისაჯოს თეირანი იორდანიის ბაზაზე თავდასხმისთვის.
- სენატორმა ლინდსი გრეჰემმა თქვა, რომ ირანის მოკავშირე ჯგუფებზე დარტყმამ არ შეაჩერა მათი თავდასხმები და მოუწოდა ბაიდენის ადმინისტრაციას "დაერტყა მნიშვნელოვანი სამიზნეებისთვის ირანში, არა მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების მკვლელობის საპასუხოდ, არამედ მომავალი აგრესიის შესაკავებლადაც".
- სხვა კონგრესმენებმა თქვეს, რომ აშშ-მა უნდა დაარტყას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და ასევე ყუდსს, რომლებიც რეგიონში სხვადასხვა ადგილას არიან წარმოდგენილი.
თუმცა, კონგრესმენების უმეტესობა თავშეკავებას ემხრობა და ამბობს, რომ ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს სტრატეგიული და გააზრებული მიდგომა, რათა თავიდან აიცილოს დაძაბულობის ესკალაცია და აშშ-ის სხვა ომში ჩათრევა საარჩევნო წელს.
- ”პირდაპირი დაპირისპირება ირანთან, რა თქმა უნდა, გამოიწვევს უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილს და შეიძლება ადვილად გადაიზარდოს რეგიონულ კონფლიქტში”, - თქვა დეპუტატმა სარა ჯეიკობსმა.
როდის და რა მასშტაბის შეტევას განახორციელებს აშშ
თეთრი სახლის "ეტაპობრივი მიდგომა" შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ პასუხი სამხედრო ქმედებაზე მეტი იქნება.
- არასამხედრო ოპერაციის სახე ყოველთვის ეკონომიკური სანქციებია — დასჯის ფორმა, რომელსაც მუდმივად იყენებს როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია, ისე — მისი წინამორბედები.
- სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ ირანის რეჟიმს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამხედრო ხარჯები უნდა დააკისროს.
- შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, გააძლიეროს სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს ირანისა და მისი მოკავშირე დაჯგუფებებისთვის დაფინანსების შეწყვეტას.
კომენტარები