ხალხი გასახლების წინააღმდეგ — ამბავი ფოტოებით
აღსრულების პოლიციის მიერ დაანონსებული "გასახლებების კვირეულის" შედეგად, გუშინ, 23 იანვარს, ხატიაშვილების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. დღეს იმავე საფრთხის წინაშე კაკიაშვილებიც იყვნენ, თუმცა გასახლება არ შედგა. პროცესი შეჩერდა, მაგრამ ეს ექვს თვეზე მეტხანს ვერ გასტანს.
გასახლების პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემები პერიოდულად, კონკრეტული ოჯახების მაგალითებით შეგვახსენებს ხოლმე თავს. ასეა ახლაც — აღსრულების პოლიციის გეგმამ, გაასახლოს სამი ოჯახი იანვრის ბოლო კვირაში, ხალხი გასახლების წინააღმდეგ გააერთიანა. ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის განწირული ოჯახების მიმართ სოლიდარული ჯგუფები, აქტივისტები, თუ ცალკეული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მეორე დღეა, ცდილობენ, ერთი მხრივ წინააღმდეგობა შექმნან, მეორე მხრივ — ამ აქტივობებით უბიძგონ ხელისუფლებას, ისე შეიცვალოს კანონი, რომ გამსესხებელსა და მოვალეებს შორის დადებული გარიგებები სამართლიანი იყოს, რადგან სესხის გამო სახლის დაკარგვის შემთხვევები ქვეყანაში ძალიან ხშირია და ეს უსახლკარობის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაც იქცა.
დღეს, 24 იანვარს, აღსრულების ბიუროს ხატიაშვილების ოჯახის მსგავსად, კაკიაშვილების ოჯახი უნდა გაესახლებინა ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ბინიდან, რომელშიც აგვისტოს ომის ვეტერანი მარიამ კაკიაშვილი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
მათი თავშესაფარი, რეალურად, მიშენებაა. მარიამ კაკიაშვილი ამბობს, რომ მის ოჯახს მევახშეებმა ორი ბინა წაართვეს.
კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესისთვის ხელის შესაშლელად, მოქალაქეებმა და აქტივისტებმა საცხოვრებელთან შეკრება დილის 09:00 საათიდან დაიწყეს. გამოსახლება 11 საათზე იყო დაგეგმილი.
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
ოჯახი და მხარდამჭერები ცივ წყალს იმარაგებდნენ, როგორც საცხოვრებელ ბინაში, ასევე, კორპუსის მეორე სართულის აივანზე. ფიქრობდნენ, ამით გაეწიათ წინააღდეგობა აღსრულების პოლიციისთვის.
მარიამ კაკიაშვილის შვილის, დაჩი მახათაძის მხარდასაჭერად, მისი თანაკლასელები იდგნენ.
დილის 9 საათზე დაწყებული შეკრებიდან, დაახლოებით, 2 საათში, არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაკიაშვილის ოჯახის გასახლების პროცესი გადაიდო.
ოჯახმა ამის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო, რადგან ოფიციალურად, აღსრულების ბიუროდან მას არავინ დაჰკავშირებია.
მარიამ კაკიაშვილი
ბიურომ On.ge-სთან განმარტა, რატომ შეაჩერა გასახლება. გვითხრეს, რომ "რადგანაც ოჯახი სოციალურად დაუცველია და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, გამოსახლების პროცესი გადავადდა."
კაკიაშვილების საცხოვრებელი ბინა
მათი თქმით, მარიამ კაკიაშვილს მისცემენ საშუალებას, მოლაპარაკება აწარმოოს კრედიტორთან და ამ პროცესში თავადაც ჩაერთვებიან. უწყებაში არ ამბობენ, რა პერიოდით გადავადდა აღსრულება, თუმცა განმარტავენ, რომ კანონის შესაბამისად, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
მარიამ კაკიაშვილის მხარდასაჭერად მოსული იყო მარინა ხატიაშვილი, რომელიც აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს გამოასახლა ბინიდან.
გაიგე მეტი:
▪️ სახლი გამოსახლების შემდეგ — ფოტორეპორტაჟი
▪️ გამოსახლება კეკელიძის #1-დან — დეტალები ფოტოებში
და ასევე, ელგუჯა ბალახაძე, რომლის ოჯახის გასახლებაც, აღსრულების ბიუროს, 26 იანვარს აქვს დაგეგმილი. ორივე მათგანმა მხარდამჭერებსა და მედიას სიტყვით მიმართა.
შეკრებილთა შორის იყო გიორგი ღვინჯილიაც. ის არის მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ დააკავა გუშინ, როდესაც ის კაკიაშვილების ოჯახის დასაცავად კეკელიძის ქუჩაზე იმყოფებოდა.
გიორგი ღვინჯილია
ღვინჯილიამ შეკრებილებს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდა და დაანონსა მორიგი შეკრების შესახებ, რომელიც დაიგეგმა 26 იანვრისთვის, ზანდუკელის ქუჩაზე, რადგან აღსრულების ბიურო იქიდან ბალახაძეების ოჯახის გასახლებას გეგმავს.
გიორგი ღვინჯილია
გიორგი ღვინჯილიამ და მოძრაობა ხმის წევრმა, ინა ჩარკვიანმა, შეკრებილებს მიმართეს, რომ ფორმალურად, რამდენიმე წუთით გადაეკეტათ დადიანის ქუჩა. ეს იქნებოდა მხარდაჭერა კეკელიძეზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ გამართული აქციისას დაკავებული გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავას მიმართ — ისინი აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრის ჩამსხვრევის გამო დააკავეს. ხასაიას და ჩიქობავას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
აქტივისტი ბექა წიქარიშვილი მიმართავს ხალხს
ამ დღემ, გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დაპირისპირებისა და აქტივისტების დაკავების გარეშე ჩაიარა.
წარწერა პლაკატზე: არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
ადგილზე რამდენიმე ათეული პოლიციელი იყო.
პოლიცია ცოტნე დადიანის ქუჩაზე
პოლიცია ცოტნე დადიანის ქუჩაზე
პოლიცია ცოტნე დადიანის ქუჩაზე
პოლიცია ცოტნე დადიანის ქუჩაზე
გაიგე მეტი: რა უნდა ვიცოდეთ იმ ოჯახების პრობლემაზე, რომელთა გასახლებას აღსრულების ბიურო ცდილობს
კომენტარები