გამოსახლება კეკელიძის #1-დან — დეტალები ფოტოებში
დღეს, 23 იანვარს, 10:00 საათზე, კეკელიძის ქუჩის #1 კორპუსთან აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების მიზნით მივიდნენ. ადგილზე მათ სოლიდარობის მიზნით მისული მოქალაქეების ჯგუფი დახვდათ, რომლებიც გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ.
კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების პოლიციასთან ერთად, მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.
აღსრულების ბიუროს თანამშრომლები ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხატიაშვილების ბინაში შესვლას. სადარბაზოს და ხატიაშვილის ბინის კარები მათ შედუღებული დახვდათ.
ბინაში შესაღწევად აღსრულების პოლიციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ეხმარებოდა.
ხატიაშვილების ოჯახში, გამოსახლების პროცესის დროს, სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო.
მოქალაქეები სხვადასხვა მეთოდს მიმართავდნენ ოჯახის დასახმარებლად და გამოსახლების პროცესისთვის ხელის შესაშლელად, მათ შორის, პოლიციელებს აივნიდან ასხამდნენ წყალსაც.
მოქალაქეები და პოლიცია იმყოფებოდნენ კორპუსის უკანა მხარესაც. მას შემდეგ, რაც აღსრულების ბიურომ ბინაში შესასვლელად სპეციალური საჭიროებების გამოყენება დაიწყო, მოქალაქეები, შენობაში მყოფთა დასახმარებლად, აივნიდან ძვრებოდნენ.
საპოლიციო ძალებმა ძალა გამოიყენეს გამოსახლების პროცესის დროს, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა 20-მდე ადამიანი, მათ შორის მოქალაქეები და აქტივისტები. დაკავებულთა შორის არის მთის ამბების მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილიც.
დაპირისპირების შედეგად, დაზიანდა აღსრულების პოლიციის ბიუროს ავტომობილი. შსს-ს მიხედვით, ამ ფაქტზე 2 პირია დაკავებული.
მანქანის დაზიანებაზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
საბოლოოდ, დაახლოებით 13:00 საათისკენ, ხატიაშვილის ბინიდან ოჯახის ყველა წევრი და აქტივისტი გამოიყვანეს.
ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესის დასრულების შემდეგ, კეკელიძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც ამ წუთამდე გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები და ხატიაშვილის ოჯახის წევრები ადგილზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დაიშალონ.
მარინა ხატიაშვილს ვკითხეთ, მიიღო თუ არა სახელმწიფოსგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ წინადადება, რაზეც გვითხრა, რომ — არა.
"არც მჭირდება ბიძინა ივანიშვილის სერვისები. არც შემოუთავაზებია სახელმწიფოს ალტერნატიული საცხოვრებელი. მეგობართან დავრჩები", — ამბობს ის.
გაიგე მეტი: რა უნდა ვიცოდეთ იმ ოჯახების პრობლემაზე, რომელთა გასახლებას აღსრულების ბიურო ცდილობს
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ხატიაშვილების გამოსახლების პროცესი, აღსრულების პოლიციის მიერ, 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული.
ხატიაშვილების მსგავსად, 24 და 26 იანვარს, აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლების გეგმავს.
"აღსანიშნავია, რომ, როგორც ირკვევა, სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ", — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC).
მოქალაქეები და აქტივისტები ხვალ, 10:00 საათზე ცოტნე დადიანის 259 ნომერთან, კაკიაშვილების სახლთან შეიკრიბებიან — სწორედ ამ დროს ელოდებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს მისვლას და გამოსახლების პროცესის დაწყებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, კაკიაშვილების ოჯახს, დედასა და ორ არასრულწლოვან შვილს, მევახშეებმა ორი ბინა წაართვეს და ამჯერად მათი უკანასკნელი თავშესაფრიდან (მიშენებიდან) გამოსახლებას აპირებენ.
ბალახაძეების გამოსახლების პარალელურად, მათი მხარდამჭერი აქცია კი 26 იანვარს არის დაგეგმილი.
კომენტარები