არჩევნები, რომელმაც, შესაძლოა, მსოფლიო შეცვალოს — ტაივანი ხვალ პრეზიდენტს ირჩევს
რა ხდება: ტაივანში — პატარა, დემოკრატიულ ქვეყანაში, ხვალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება. შედეგები კი მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ტაივანისთვის, არამედ, ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროცესს ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთის კომუნისტი ლიდერები, რომლებიც დიდი ხანია, ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად აცხადებენ.
- ჩინეთი ღიად ეწინააღმდეგება ტაივანის ამჟამინდელ მმართველ პარტიას და აცხადებს, რომ ეს არის არჩევნები "ომსა და მშვიდობას, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის".
- ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ-პინმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ "სამშობლოს გაერთიანება ისტორიული და გარდაუვალია".
ტაივანის საკითხი რჩება დაძაბულობის მნიშვნელოვან წყაროდ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. აშშ ტაივანის მთავარ საერთაშორისო მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელია. მისი ურთიერთობები ჩინეთთან, წლების განმავლობაში, გართულებულია.
- ის, თუ როგორი იქნება ჩინეთის რეაქცია ტაივანელი ამომრჩევლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, იქნება ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა პეკინი და ვაშინგტონი დაძაბულობის მართვას, ან — არის თუ არა მოსალოდნელი მათ შორის შემდგომი დაპირისპირება და კონფლიქტიც კი.
რა უნდა ვიცოდეთ ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შესახებ
პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენის შესაცვლელად სამი კაცი იბრძვის.
- მოქმედი პრეზიდენტი თანამდებობას უკვე 8 წელია იკავებს. მესამე ვადით კენჭისყრის უფლება მას აღარ აქვს.
კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ლაი ჩინგ-ტეს (იმავე უილიამ ლაის) აქვს, ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტს მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიიდან (DPP), რომელიც მხარს უჭერს ტაივანის სუვერენიტეტს და ჩინეთისგან განცალკევებულ იდენტობას.
- მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩინეთთან დიალოგის ხელახლა დაწყების იმედი აქვს.
- თუმცა, მან, ასევე თქვა, რომ გააგრძელებდა ამჟამინდელ პოლიტიკას ტაივანის დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მუქარის მიუხედავად, რომ მოახდენს ტაივანის ანექსიას პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური გზით.
- ”მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობისკენ ვისწრაფვით, ილუზიები არ გვაქვს. ჩვენ გავაძლიერებთ ტაივანის თავდაცვას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, გავაძლიერებთ მსოფლიოს დემოკრატიებთან ურთიერთობას და შევინარჩუნებთ სტაბილურ და პრინციპულ ლიდერობას ჩინეთთან ურთიერთობაში", — თქვა ლაიმ.
მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქე ჰოუ იუ-იჰია, ყოფილი პოლიციელი და ახალი ტაიპეის პოპულარული მერი. ის ოპოზიციური პარტია კუომინტანგის წევრია. ეს პარტია ჩინეთთან ახლო ურთიერთობების მომხრეა.
- ჰოუ ადანაშაულებს მმართველ პარტიას ჩინეთის პროვოცირებაში და ამბობს, რომ აუცილებელია, მეზობელთან შეინარჩუნონ დიალოგი და ჰქონდეთ მჭიდრო ეკონომიკური და სოციალური კავშირები.
პრეზიდენტობის მესამე პრეტენდენტი კო ვენ-ჯეა, რომელიც ტაივანის სახალხო პარტიის წევრია. ეს პარტია 2019 წელს ჩამოყალიბდა. კო ამბობს, რომ ის ქვეყანაში მესამე ძალაა და ასევე, დარწმუნებულია, რომ ის არის ერთადერთი კანდიდატი, რომლის ხედვები მისაღებია როგორც აშშ-სთვის, ასევე — ტაივანისთვის.
- "ჩემი მიზანია, [პეკინთან] გავაძლიერო კომუნიკაცია, რაც გაზრდის მეგობრულ დამოკიდებულებას, ან, სულ მცირე — შეამცირებს მისკომუნიკაციას", — თქვა მან.
რას ამბობს ჩინეთი, არჩევნების წინ
ჩინეთმა, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, ტაივანელი ამომრჩეველი გააფრთხილა, "სწორი არჩევანი" გააკეთონ.
- პეკინის განცხადებით, თუ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი ლაი გაიმარჯვებს, ეს ურთიერთობას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
ჩინეთმა, ასევე, გააკრიტიკა აშშ "თავხედური საუბრისთვის", მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მოუწოდა პეკინს, არ გაეღრმავებინა დაძაბულობა წინასაარჩევნოდ.
- პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მწვავე საყვედური ვაშინგტონის მისამართით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ კენჭისყრის შემდეგ ტაივანში არაოფიციალურ დელეგაციას გაგზავნის.
- "აშშ-ის მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებში ჩარევისგან, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებისთვის სერიოზული ზიანის მიყენება", — განაცხადა უწყების სპიკერმა.
როგორია აშშ-სა და ტაივანის ურთიერთობა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ტაივანს, ინდო-წყნარ ოკეანეში მთავარ პარტნიორად ასახელებს.
- იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, მათ შორის არაოფიციალური ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება.
- სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-სა და ტაივანს აქვთ საერთო ღირებულებები, ღრმა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მმართველობის დროს შეერთებულმა შტატებმა გაზარდა მხარდაჭერა და იარაღის მიყიდვა ტაივანისთვის.
- ბაიდენმა, ასევე, არაერთხელ თქვა, რომ აშშ დაიცავს ტაივანს, თუ ჩინეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება.
ამ განცხადებამ გააღიზიანა პეკინი და გააფრთხილა აშშ, რომ ტაივანის საკითხი არის "პირველი წითელი ხაზი, რომელიც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში არ უნდა გადაიკვეთოს".
- ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ მხარს არ უჭერს არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს. ბაიდენმა თქვა, რომ მან ცალსახად გააფრთხილა სი, არ ჩარეულიყო ტაივანის არჩევნებში.
- ტაივანის არჩევნები ტარდება იმ ფონზე, როდესაც აშშ ცდილობს ჩინეთთან დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციას და, ასევე, კონკურენციის კონფლიქტად გადაქცევის თავიდან არიდებას.
მსგავსი: ჩინეთის 50-ცენტიანი არმია მსოფლიოში ყალბ ამბებს ავრცელებს — რისთვის უნდა ვიყოთ მზად
კომენტარები