ძეგლების დემონტაჟი — უკრაინელების ბრძოლა რუსული კულტურული მემკვიდრეობისგან გასათავისუფლებლად
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში მასობრივად იღებენ თანამედროვე რუსეთთან, საბჭოთა კავშირსა თუ რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებულ ძეგლებს, ცვლიან ქუჩის დასახელებებს. ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ მიმდინარეობს უკრაინაში დერუსიფიკაცია — არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ უკრაინელების ყოველდღიურობაში. განვიხილავთ ამ პროცესის მნიშვნელობასაც.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. წელიწად-ნახევარზე მეტია, უკრაინელი ერი მტკიცედ იცავს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ისინი არა მხოლოდ რუს სამხედროებს სდევნიან, არამედ ქვეყანას ათავისუფლებენ რუსეთის იმპერიის თუ საბჭოთა დროინდელი, რუსი მოღვაწეების ძეგლებისგანაც, რომლებსაც უკრაინულ ქალაქებში, საჯარო სივრცეები უკავიათ.
2022 წლის 29 დეკემბერს, ოდესაში აიღეს რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე II-ის ძეგლი. ეს ძეგლი ქალაქის დაარსების 100 წლისთავზე დაიდგა. მისი დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ კენჭისყრის შედეგად მიიღო. ძეგლი, ამჟამად, მუზეუმშია გადატანილი.
ოდესის ქალაქ იზმაილში ჩამოაგდეს რუსი მხედართმთავრის, ალექსანდრ სუვოროვის ბიუსტიც.
2022 წლის 26 აპრილს, კიევში აიღეს მონუმენტი, რომელიც, სიმბოლურად, უკრაინელი და რუსი ხალხის მეგობრობის აღმნიშვნელი იყო. მონუმენტი 1982 წლიდან ხალხთა მეგობრობის თაღის ქვეშ იყო აღმართული. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, თაღი შენარჩუნდება, თუმცა მას სახელი შეეცვლება და უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი ერქმევა.
2023 წლის 6 აგვისტოს, კიევში, ცნობილი დედა-სამშობლოს მონუმენტზე საბჭოთა კავშირის სიმბოლო, ნამგალი და ურო უკრაინული სამკაპით ჩაანაცვლეს. მონუმენტი 1981 წელს აღიმართა და 120 მეტრი სიმაღლისაა.
არაერთი შემთხვევა იყო რუსული ლიტერატურის კლასიკოსის, ალექსანდრე პუშკინის ძეგლების დემონტაჟისა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოსცა სპეციალური ბრძანებაც, რომელიც კრძალავს გეოგრაფიული ადგილებისთვის რუსეთთან დაკავშირებული სახელების დარქმევას.
ძეგლები, როგორც მეხსიერების ადგილები
მალხაზ თორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ კონკრეტული ერთობის ერად ფორმირებისთვის საზღვრები, ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური ორგანოები საკმარისი არ არის. აუცილებელია, ერთობის წევრებს ჰქონდეთ საზიარო მეხსიერება წარსულის შესახებ, საერთო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყვნენ, ვინ არიან და ვინ იქნებიან მომავალში.
"კოლექტიური მეხსიერების ფორმირებისთვის აუცილებელია სიმბოლური ინფრასტრუქტურის შექმნა. გარდა იმისა რომ ისტორიას ვსწავლობთ, ყოველდღიურობაში მისი რეპრეზენტაცია მეხსიერების ადგილებშიც ხდება", — აღნიშნავს თორია.
მეხსიერების ადგილებია სხვადასხვა მოვლენისა თუ ადამიანისადმი მიძღვნილი ძეგლები, მუზეუმები, ქუჩების დასახელებები, პანთეონები და სხვა. ისინი სიმბოლოებითა და მნიშვნელობებით დამუხტული ხელშესახები სივრცეებია, რომლებიც ყოველდღიურად შეგვახსენებს, რა განსაზღვრავს ჩვენს რაობას.
როგორც თორია ამბობს, მეხსიერების პოლიტიკა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაბამისია. სწორედ ამას აირეკლავს ძეგლებიც. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ იარაღით, არამედ ებრძვიან იმ იდეებსაც, რომლებსაც უკრაინულ ქალაქებში აღმართული საბჭოთა თუ იმპერიული რუსეთის დროინდელი ძეგლები გამოხატავენ.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოს, მის აგიტაცია-პროპაგანდის მანქანას ახასიათებს ასეთი პოლიტიკა — საჯარო სივრცეების მასობრივი დაპყრობა სიმბოლოებით, რომლებიც რეჟიმს განადიდებენ.
"მნიშვნელოვანია, რომ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც გათავისუფლდებიან ამ დიქტატორული და საოკუპაციო რეჟიმისგან, განსაზღვრონ, როგორი იქნება მათი პოლიტიკა ამ რეჟიმის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, რადგან ეს ნაშთები გველაპარაკებიან წარსულის შესახებ, და თავისთავად, გავლენას ახდენენ მომავალზეც", — ამბობს ხვადაგიანი.
"რა შუაშია მწერლობა რუსულ იმპერიალიზმთან"
უკრაინაში ძეგლების მასობრივმა დემონტაჟმა ამ თემის ირგვლივ დისკუსია გახსნა საქართველოშიც. ზოგი დადებითად აფასებს ამ პროცესს, ზოგისთვის ეს ვანდალიზმია. ადამიანების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რუსული იმპერიალიზმისგან გათავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ ხედავს კავშირს ამ უკანასკნელსა და მწერლობას შორის. ბევრგან შეხვდებით კითხვას, რა შუაშია პუშკინი რუსულ იმპერიალიზმთან.
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ პუშკინი, გორკი თუ სხვა რუსი მწერლები, რომელთა ძეგლებიც ახლა უკრაინული საზოგადოებისთვის მიუღებელია, რუსული კულტურული დომინაციის სიმბოლოები არიან. ის იმასაც აღნიშნავს, რომ მათ საკმაოდ შოვინისტური და აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდათ არარუსი ხალხების, მათი ისტორიის, კულტურის მიმართ.
ამბობს, რომ პუშკინის შემოქმედებას იმპერია თავს ახვევდა დაპყრობილ ხალხებს და წარმოაჩენდა ისე, თითქოს ეს იყო მათი კულტურის ორგანული ნაწილი.
მალხაზ თორიას თქმით, უკრაინაში ახლა ეგზისტენციალური, ყოფნა-არყოფნის მასშტაბის ომი მიმდინარეობს, რუსეთის იმპერიალისტური მიზნების გამო კი ათასობით უკრაინელი დაიღუპა და იღუპება. ასეთ პირობებში, აღნიშნავს თორია, პუშკინის ძეგლის არსებობა უკრაინულ ქალაქებში, უკრაინელი ხალხისთვის რუსული იარაღისთვის დამორჩილების ტოლფასად აღიქმება.
"ძეგლი ბევრს გვიშავებს იმ გაგებით, რომ ახდენს რაღაცის ლეგიტიმაციას. თუ პუშკინის ძეგლი ისევ უწყინრად დგას უკრაინაში, ეს ნიშნავს, რომ რუსული სივრცე, რაღაცნაირად, მაინც მიღებულია. როგორ უნდა მოსთხოვო იმ საზოგადოებას, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, რომელსაც ყოველდღე ბომბავენ კონკრეტული ქვეყნიდან, ამ ქვეყნის პოეზიის გამიჯვნა პოლიტიკისგან?", — ამბობს თორია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მთელი ეს პროცესი — კულტურული მეხსიერების ომი რუსეთ-უკრაინის ომის მნიშვნელოვანია ნაწილია. მისი თქმით, დღეს უკრაინელი ერის კონსოლიდირება ხდება უკრაინელობის იდეის გარშემო: რომ ისინი არიან უკრაინელები, რუსეთი არის უცხო, მტერი და მასთან უნდა გაწყვიტონ კავშირები, მათ შორის, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისითაც.
"თუ უკრაინელებს სურთ, გაემიჯნონ რუსულ სამყაროს, პუშკინის ძეგლი კი არ უნდა იდგეს იქ, რომელიც იმპერიულ წარსულს, ყველაფერი უკრაინულის განადგურებას შეიძლება გვახსენებდეს, არამედ ტარას შევჩენკოს ძეგლი უნდა იდგეს", — აღნიშნავს მალხაზ თორია.
ძეგლების დემონტაჟი თუ სახელდებების ცვლილება უკრაინელებისთვის ახალი არ არის. "ძეგლებთან ბრძოლა" იქ 2014 წლის მოვლენების შემდეგაც დაიწყო და ე.წ. "ლენინცვენის" სახელით არის ცნობილი.
მალხაზ თორია ამბობს, რომ უკრაინისთვის, რომელიც 2014 წლამდე არ ყოფილა ჰომოგენური, კარდინალური შემობრუნების წელი სწორედ 2014 წელი იყო. ამ დროს, მისი თქმით, მკაფიო გახდა, ვინ არის მათი მტერი.
თუმცა, ამასთან ერთად, ხაზს უსვამს, რომ 2022 წელი სრულიად სხვაგვარი, გარდამტეხი მომენტი იყო, რომ ამ ომმა კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი გაავლო უკრაინელ და რუს ხალხს შორის და აჩვენა, რამდენად განსხვავებულ ღირებულებებსა და ფასეულობებს ეფუძნება ამ ორი ერის იდენტობა.
"ახლა არის ეპიკური დაპირისპირება და გაცილებით მძაფრია ეს საზღვარი, გაცილებით თვალსაჩინოა, სისხლით გავლებულია", — ამბობს ის.
ირაკლი ხვადაგიანი პარალელს ქართულ რეალობასთანაც ავლებს. მისი თქმით, ჩვენი კოლექტიური მეხსიერება ჯერ კიდევ დამახინჯებული და გაჯერებულია ფალსიფიცირებული ცოდნითა და რწმენა-წარმოდგენებით.
"დღევანდელი რუსეთიც ძალიან კარგად სარგებლობს ამით და მისი საინფორმაციო ომის მანქანა ძალიან წარმატებით ინვესტირებს, რომ ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაზე მანიპულაციები ჩაატაროს", — აღნიშნავს ის.
იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და გააზრებული ის მემკვიდრეობა, რაც იმპერიული რუსეთისა თუ საბჭოთა კავშირისგან დაგვრჩა, ბევრი ფაქტი მეტყველებს.
ალბათ, იმის გახსენებაც საკმარისია, რომ თბილისში, სამგორის რაიონში არის მოსკოვის გამზირი — იმ ქვეყნის დედაქალაქის სახელობის გამზირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
კომენტარები