სტატიაში ფარული მოსმენა-მიყურადების დროს სასამართლო კონტროლზე ვისაუბრებთ — რა ბერკეტები აქვს ამ ორგანოს და როგორ იყენებს მათ. თუმცა, სანამ უშუალოდ მთავარ თემაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, მიმოვიხილოთ ძირითადი გამოწვევები და პრობლემები.

ანონმდებლობა: როგორ დარჩა ფარული მოსმენის ბერკეტი სუს-ში

"ეს შენ გეხება" — ასეთი იყო კამპანიის სახელწოდება, რომლის მეშვეობითაც 2014 წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდა. შემუშავდა ძირითადი პრინციპები, დადგინდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადა და გაჩნდა პირისათვის შეტყობინების ვალდებულება.

  • კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი შალვა შავგულიძესთან, ლაშა ტუღუშთან და ზვიად ქორიძესთან ერთად, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია იყო. ის ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ ერთადერთი საკითხი, რაც მაშინ გადასაწყვეტი დარჩა, ტექნიკური მხარე იყო — ვის ხელში უნდა ყოფილიყო ე.წ. ფარული მოსმენების სისტემა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ფარული მოსმენის ერთი ე.წ. გასაღები ჯერ შსს-ს, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა (სუს შსს-ს 2015 წელს გამოეყო), რასაც პროტესტი მოყვა. "ეს შენ გეხება — ისევ გვისმენენ" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა ცვლილებები საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს. განხილვის შემდეგ, სასამართლომ რეგულაციები არაკონსტიტუციურად ცნო და ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

მმართველმა გუნდმა მოთხოვნის შესრულებას თავი ფორმალურად აარიდა და შექმნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც თავის მხრივ, კვლავ სუს-ს დაქვემდებარებული ორგანოა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს 300-მდე მოქალაქემ კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა კანონმდებლობა.

  • საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია, თუმცა გადაწყვეტილება 6 წლის შემდეგაც არ არის გამოცხადებული.

კამპანია "ეს შენ გეხებას" აქცია მთავარ პროკურატურასთან. თბილისი, 25 მარტი, 2016.

ფოტო: გვანცა ნემსაძე

"2017 წელსვე დასრულდა განხილვები. სასამართლო, მთელი ეს დრო, გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული. ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი ფუნდამენტურად გადაწყდეს, ერთხელ და საბოლოოდ დავსვათ წერტილი, ძირითადი პრობლემა "გაყინეს" და დანარჩენ ნაწილში კანონმდებლობას კიდევ უფრო აუარესებენ," — ამბობს On.ge-სთან საუბრისას ლიკა საჯაია.

კონტროლი და ზედამხედველობა

უსაფრთხოების სამსახური თითქმის ყოველთვის მიდრეკილია, შეაგროვოს ჭარბი ინფორმაცია, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად. ამის გამო, აუცილებელია, ქვეყანაში ეფექტიანი მაკონტროლებელი ორგანოები არსებობდეს, თუმცა, მათი არსებობის შემთხვევაშიც, თავს არაერთი გამოწვევა იჩენს.

იმისთვის, რომ მაკონტროლებელმა ორგანოებმა საკუთარი მოვალეობა ეფექტურად შეასრულონ, მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნების არსებობაა საჭირო. მაგალითად, ევროკომისიის მიერ გაცემული 9 დათქმიდან ერთ-ერთში სწორედ უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესებაა.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აღნიშნავს, ერთი მხრივ, სუს-ს აქვს მუდმივი ინტერესი თუ ცდუნება, ინტენსიურად დაამუშაოს ინფორმაცია, მეორე მხრივ, კი სუსტია სასამართლო და საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტები.

ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სუს-ი არ არის დამოუკიდებელი ორგანო და ძალიან ხშირია მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ეს პირდაპირ მოქმედებს ნდობაზეც და საქმიანობის ხარისხზეც.

"დღეს, პარლამენტი ან სასამართლო სისტემა კი არ არის სუს-ის ზედამხედველი, არამედ, ეს უწყება ხშირად განსაზღვრავს, რა უნდა მოხდეს პარლამენტში და როგორ უნდა გადაწყვიტოს საქმე სასამართლომ. ამის გამო, მაკონტროლებელი ფუნქციის ეფექტიანად განხორციელებაზე ზედმეტია საუბარი. პრობლემა არის ისიც, რომ ყველა საკანონმდებლო ბერკეტი, რომელიც სუს-ის ზედამხედველობას შეეხება, ფრაგმენტულია და არ არის სრულყოფილი", — ამბობს იმნაძე.

2021 წელი — ე.წ. კრებსები

2021 წლის 13 სექტემბერს ერთ-ერთ ღია წყაროზე აიტვირთა მასალები სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან, აქტივისტებთან, დიპლომატებთან და სხვა პირებთან დაკავშირებით. მონაცემებმა სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა. ოფიციალურად მისი ავთენტურობა დადასტურებული დღემდე არ არის, თუმცა საკუთარი თავი არაერთმა ადამიანმა ამოიცნო.

ნინო ჟიჟილაშვილი

ნინო ჟიჟილაშვილი

ფოტო: ფორმულა

"ჩვენი უფლებები იყო დარღვეული. განცდა, რომ გვისმენენ, აქვს ყველას, და არა მხოლოდ ჩვენ, ვინც ამ "კრებსებში" აღმოვჩნდით. ვინც არ აღმოჩნდა, ისინიც მიიჩნევენ, რომ უსმენენ, უბრალოდ, ეს ამ კონკრეტულ "კრებსებში" არ მოხვდა", — გვეუბნება ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

ჟიჟილაშვილი ერთ-ერთია რამდენიმე ჟურნალისტიდან, ვისი სახელითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა — მედიაომბუდსმენმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, უკანონო მოსმენის საქმეზე, საჩივარი ევროპულ სასამართლოში წარადგინა. საჩივრის გაგზავნამდე, მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურას მათთვის დაზარალებულის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული.

"არანაირი ზომა არ მიუღიათ, ჩვენი ერთადერთი ფორმალური გამოკითხვა მოხდა და დაზარალებულად ცნობა, ჩვენივე აზრით, იმიტომ, რომ სტრასბურგში წასული საქმე შეფერხებულიყო", — ამბობს ის და ამატებს, რომ ამის შემდეგ აღარაფერი მომხდარა — "არც განხილულა, არც ვინმე დასჯილა, არც ვინმეს გამოკითხვის შესახებ მიგვიღია ცნობა".

ამბობს, რომ დღემდე აქვს განცდა, რომ უსმენენ, რის გამოც, ფაქტობრივად აღარ საუბრობს ღია ქსელებით, მათ შორის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთანაც — "ვუფრთხილდები მათ, რომ ისინიც არ მოხვდნენ მსგავსი ტიპის კრებსებში".

პროკურატურამ უკანონო მოსმენების საქმეზე გამოძიება 2021 წლის სექტემბერში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას და გავრცელებას გულისხმობს.

სასამართლო კონტროლი

სასამართლო კონტროლზე საუბრისას, უნდა განვასხვაოთ ფარული საგამოძიებო მოქმედებები და კონტრდაზვერვითი საქმიანობა, რადგან სასამართლოს სხვადასხვა ბერკეტი აქვს მათ საკონტროლებლად.

ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია:

▪ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა;
▪ ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;
▪ გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა;
▪ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი;
▪ ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება;
▪ ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.

საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით, რომელსაც პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ხოლო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოსამართლის და იმუნიტეტის მქონე პირის შემთხვევაში — უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოებში შესული შუამდგომლობებისა და სასამართლოთა მიერ მათზე მიღებული განჩინებების შესახებ.

როგორც გურამ იმნაძე ამბობს, ძირითადად, სასამართლო აკმაყოფილებს მოქალაქეებზე ფარული მოსმენის შუამდგომლობას, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. იმნაძის შეფასებით, ეს შეიძლება, მიუთითებდეს არაეფექტიან სასამართლო კონტროლზე.

"სასამართლო თუკი ინსტიტუციურად არ არის დამოუკიდებელი, თუკი მას არ ძალუძს, რომ სუს-ისთვის კრიტიკული გადაწყვეტილება მიიღოს, მეტია რისკი, რომ მოსამართლეები უსაფრთხოების სამსახურების გავლენის ქვეშ მოექცევიან: არაფორმალური გავლენის ქვეშ თუნდაც, დაუსაბუთებელ, დაბალი მტკიცებულებითი ხარისხის მქონე შუამდგომლობებს დააკმაყოფილებენ და მისცემენ შესაბამის სამსახურებს მოსმენის საშუალებას".

სტატისტიკური მონაცემები 2016 წლიდან — 2022 წლის ჩათვლით

"გაუარესებული კანონმდებლობა"

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილიებები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, 2022 წელს შევიდა, რასაც თავიდანვე უარყოფითი შეფასებები მოყვა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი ვეტოც კი გამოიყენა, თუმცა პარლამენტმა ვეტო დაძლია და კრიტიკის მიუხედავად, ცვლილებები დაამტკიცა.

ცვლილებებით:

  • გაიზარდა მუხლები, სადაც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
  • გაიზარდა ფარული მოსმენების ვადა — 6 თვიდან 9 თვემდე;
  • ფარული მოსმენები რამდენიმე დანაშაულზე უვადოდ შეიძლება განხორციელდეს;
  • ფარული მიყურადების სუბიექტს, რამდენიმე დანაშაულის შემთხვევაში, შესაძლოა, არც კი შეატყობინონ ამის შესახებ.

2022 წლის ცვლილებებამდე, კანონმდებლობა ავალდებულებდა უსაფრთხოების სამსახურს, ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქისთვის შეეტყობინებინა, რომ მას უსმენდნენ. ახლა კი ამის რამდენჯერმე გადავადებაა შესაძლებელი.

"შეიძლება, საერთოდ არასდროს მოხდეს შეტყობინება. ამიტომაც, ამ გზით, მოქალაქეს ერთმევა სამართლებრივი და ინფორმირებულობის გარანტია. შესაბამისად, ერთმევა უფლება, რომ იდაოს მის მიმართ განხორციელებული მოქმედების კანონიერებასა და საფუძვლიანობაზე", — თქვა იმნაძემ.

კონტრდაზვერვითი საქმიანობა

კანონის მიხედვით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიტიკური დამუშავება და გამოყენება.

  • ასევე კონკრეტული სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოვლენა და თავიდან აცილება.
  • კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები არ საჭიროებს მოსამართლის თანხმობას, გარდა ელექტრონული თვალთვალისა და საფოსტო კორესპონდენციის კონტროლის შემთხვევაში.
  • ასევე უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, ბრძანებით გასცეს ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვა. ზედამხედველ მოსამართლეს კი შეუძლია, აკონტროლოს როგორ ხორციელდება ღონისძიება.

ფოტო: TI

როგორც ლიკა საჯაია გვეუბნება, არსებობს სტანდარტი — როცა კონტრდაზვერვით საქმიანობისთვის ხდება ფარული მოსმენა, ფარული გადაღება, იქ უფრო ნაკლებია სასამართლო ჩართულობა.

"აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით — საერთოდ, ვინ აკონტროლებს ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურს? უსაფრთხოების სამსახურს უნდა აკონტროლებდეს საქართველოს პარლამენტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი უფლებამოსილება, შესაბამისი მანდატი, შესაბამისი ექსპერტებით დაკომპლექტებული საბჭო, რომ რეალურად მოხდეს კონტროლი, რამდენად იცავს სუს ადამიანის უფლებებს", — აცხადებს საჯაია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯერ კიდევ 2015 წელს შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციოში და იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელთა საფუძველზეც, შესაძლებელია, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ფარული მოსმენა მოსამართლის ნებართვის გარეშე მოხდეს:

  • ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ფარული კინო და ფოტოგადაღება, სატელევიზიო კამერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება;
  • აგრეთვე, ელექტრონული თვალთვალი (მათ შორის, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხებიდან) კავშირის ერთი მონაწილის წერილობითი თანხმობით.

საკონსტიტუციო სასამართლოს არც ამ სარჩელზე მიუღია გადაწყვეტილება.

"მახსოვს განხილვები დაიწყო კიდეც, თუმცა არსებითი განხილვა ჯერაც არ დასრულებულა. ამ დრომდე ჩვენ ველოდებით სასამართლოს ინიციატივას, რომ გაგრძელდეს განხილვები", — გვეუბნება გურამ იმნაძე.

ორი სარჩელის გათვალისწინებით, თავად საკონსტიტუციო სასამართლოცაა ერთ-ერთი მაკონტროლნებელი ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის. იმ შემთხვევაში თუ ორივე საქმეზე მიიღებს გადაწყვეტილებას და კანონის არაკონსტიტუციურობას დაადგენს, პარლამენტი ვალდებული იქნება შეცვალოს საკანონმდებლო ჩარჩო.

ამ სტატიაზე მუშაობისას, On.ge შეეცადა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთანაც ესაუბრა, თუმცა, უშედეგოდ. ინსტიტუციურად, სწორედ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი, მაგრამ სამართლის ექსპერტებისგან ამის საპირისპირო შეფასებებს ვისმენთ.

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.