გადახედე შენს ყოველდღიურობას, და იმას, რა პროდუქტებს მოიხმარ ყველაზე ხშირად — გვერწმუნეთ, ამ ჩამონათვალში ინფორმაცია, როგორც პროდუქტი, ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. და კი, ეს კარგია, რადგან დემოკრატიის მთელი პრინციპი არჩევითობას ემყარება, არჩევანს კი — ინფორმაცია განსაზღვრავს.

პრობლემაა, რომ:

ხშირად, ინფორმაცია ტყუილს შეიცავს და ამას დეზინფორმაცია ჰქვია. უფრო ზუსტად: დეზინფორმაციის მიზანია, დამალოს სიმართლე.

  • მაგრამ რადგან ტელევიზორიდან, თუ ინტერნეტიდან მიღებული დეზინფორმაცია ყოველდღიურობად გვექცა, თითქოს, ეს იმაზე ნაკლებად გვაბრაზებს, ვიდრე სტანდარტულ სიტუაციაში გაგვაბრაზებდა ტყუილი;
  • თითქოს, ნაკლებად პირად საკითხად აღვიქვამთ, თუ ჩვენს მოტყუებას საინფორმაციო სივრციდან ცდილობენ.

შესადარებლად, შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი შეგრძნებები იმის მაგალითზე, თუ რა ხდება-ხოლმე ჩვენს თავს, როდესაც ვგრძნობთ, რომ თანამოსაუბრე ცრუობს.

იმის აღქმა, რომ გვატყუებენ, ჩვენში ბევრ ემოციას იწვევს:

  • უპირველესად, გვიჩენს უნდობლობას მატყუარას მიმართ;

  • გვიჩნდება ბრაზი, იმედგაცრუება და იმის განცდაც კი, რომ ტყუილით გვიღალატეს;

  • ტყუილს შეუძლია, გამოიწვიოს დაბნეულობაც, რადგან ასეთ დროს, გონება ცრუ ინფორმაციის რეალობასთან დაკავშირებას ცდილობს;

  • ტყუილმა შეიძლება, დაძაბოს ან დააზიანოს ურთიერთობები, რადგან ნდობაა ჯანსაღი ურთიერთობების ფუნდამენტი და ტყუილს ამის შერყევა ყველაზე მეტად შეუძლია.

რა გვეხმარება?

კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი. ის გვაძლევს ბიძგს, უპირობოდ არ მივიღოთ ინფორმაცია და სიმართლეში გარკვევა ვცადოთ.

სტრიქონებს შორის: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ტყუილი არ არის მავნე და შესაძლოა, ადამიანებმა სხვადასხვა მიზეზით იცრუონ, მათ შორის, სხვისი გრძნობების დასაცავად, მოსაფრთხილებლად, ან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

აი, ახლა ვისაუბროთ იმაზე,

რა ხდება, როდესაც კრიტიკული აზროვნების უნარი გვღალატობს და ვტყუვდებით

უპირველესად, დეზინფორმაციისა და ტყუილის ბუნებიდან გამომდინარე, ის ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას. თანამედროვე სამყაროში, ამის ყველაზე უფრო დიდი მაგალითია დეზინფორმაციის გავლენა ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, და კიდევ უფრო დიდ სურათში — ქვეყნის მომავალზე, რადგან დემოკრატიული მმართველობის სისტემაში, საშინაო და საგარეო პოლიტიკას ყოველი ჩვენგანის არჩევანი განსაზღვრავს.

  • ამიტომაა, რომ დეზინფორმაციას ხშირად იყენებენ ამომრჩევლებზე ზემოქმედების მიზნით, რომ შეცდომაში შემყვანმა ნარატივებმა და ცილისწამების კამპანიებმა გავლენა იქონიოს პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულობასა და საბოლოოდ, ჩვენს გადაწყვეტილებაზე საარჩევნო ყუთთან.

რატომ არის დეზინფორმაცია ასეთი საშიში:

  • დეზინფორმაციამ შეიძლება ჩამოაყალიბოს ადამიანების არასწორი წარმოდგენები და შეხედულებები კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ.

  • როდესაც ადამიანები ცრუ, ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ექვემდებარებიან, ეს მათზე მანიპულაციას უფრო მარტივს ხდის.

დეზინფორმაცია გამოწვევაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის:

ბევრმა ქვეყანამ, და მათ შორის, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა, დეზინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად აღიარეს.

მაგალითად:

  • გაერთიანებულმა სამეფომ, თუ ევროკავშირისა და ნატოს წევრმა სხვა სახელმწიფოებმა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე დეზინფორმაციის გავლენის ზიანის შესამცირებლად სპეციალური დანაყოფები შექმნეს.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შექმნა გლობალური ჩართულობის ცენტრი, რომელიც მოკავშირეებთან ერთად უპირისპირდება პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე გავლენის მქონე დეზინფორმაციულ კამპანიებს.

საქართველო რუსული დეზინფორმაციული სამიზნეა

  • საქართველოს ხელისუფლება, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან მაქსიმალური ჩართულობით უნდა ებრძოდეს რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე ჰიბრიდული ომის საფრთხეებს, მოსახლეობას, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, თავადვე ესაუბრება არარსებული, გამოგონილი გლობალური ომის პარტიის შესახებ, რაც მათ ნათქვამს დეზინფორმაციული ნარატივის კატეგორიად აქცევს. მით უფრო, რომ ამგვარი ანტიდასავლური გზავნილები თანხვედრაშია კრემლის ანტიდასავლურ, შეთქმულების თეორიებსა და დეზინფორმაციულ კამპანიებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ ნარატივთან.

ამიტომ, ტყუილისა და დეზინფორმაციის გავლენის საფრთხის გათვალისწინებით, ხშირად ვწერთ ამ საკითხებზე და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ უნარები, რაც მკითხველს დეზინფორმაციის, მისინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების ამოცნობაში დაეხმარება.

ამ სტატიით კი, ვიმედოვნებთ, დეზინფორმაციას, როგორც თქვენზე მომართულ ტყუილს, ბევრად პირად საკითხად მიიღებთ და არა — უბრალოდ, მოცემულობად.

მასალა შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.