მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შინაარსს თუ გადახედავთ, ერთი შეხედვით, ძნელია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საფრთხეები ამოიკითხოთ.

ინიციატორები, საპარლამენტო უმრავლესობიდან (ქართული ოცნება და ხალხის ძალა) ამბობენ, რომ ცვლილების სასიკეთო მიზანია, დაარეგულიროს

  • სიძულვილის ენა,
  • ტერორიზმისკენ მოწოდება
  • და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამები.

და რა საფრთხეა ამაში?

მოკლე პასუხია — პოლიტიკური კონტექსტი.

  • საპარლამენტო უმრავლესობამ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო, რაც მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ინიციატორების პოლიტიკურ მიზნებზე მიანიშნებს.
  • პარლამენტისგან სამი მოსმენით დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილება, ძალაუფლებას უზრდის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას (*შემდეგში — კომკომი),
  • და არსებითად, ამ ინსტიტუტის სახით, ხელისუფლებას დამოუკიდებელი მედიის შინაარსში შესვლისა და მისი ფინანსური სანქცირების ბერკეტს აძლევს.

ცენზურის საფრთხე

ამ საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, კომკომ-მა ფინანსური სანქცია დაუწესოს მაუწყებლებს, ისეთი პოლიტიკური შინაარსის აქციების გაშუქების გამო, როგორიც იყო, მაგალითად — ირაყლი, 2023 წლის ივნისში.

  • "დიდია მოლოდინი, რომ შინაარსის უხამსად განსაზღვრის საბაბით, ძალიან ბევრი რამ დაუქვემდებაროს კომკომმა სანქციას, — უთხრა On.ge-ს მარი კაპანაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორმა, — "მათ შორის, თუ, მაგალითად, ტელევიზიები აქციის მიმდინარეობისას აჩვენებენ აქციის მონაწილეთა პოსტერებს, სადაც შეიძლება ეწეროს ირაყლი, მონა, ან რაიმე მსგავსი. აი, მის ეთერში ჩვენებაც კი შეიძლება გახდეს ტელევიზიების ფინანსური სანქცირების საგანი და ამისგან დაზღვეულები საერთოდ არ ვართ".

კაპანაძე ამბობს, რომ კრიტიკული მედიის ფინანსური პრობლემების ფონზე, შესაძლოა, ისინი იძულებული გახდნენ, უარი თქვან ამგვარი შინაარსის მქონე პოლიტიკური, თუ აქტივისტური პროტესტის გაშუქებაზე. "ეს ყველაფერი კი მთლიანობაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აბსოლუტური შეზღუდვა გამოდის", — განმარტავს ის.

რამდენად რეალურია ეს?

ფოტო: Facebook

ედუარდ მარიკაშვილი GDI-ის ხელმძღვანელია.

  • 3 ივნისს ის პოლიციამ დააკავა აქციაზე, სახელწოდებით ირაყლი მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ცარიელი ფურცლით ხელში იდგა.
  • 27 სექტემბერს, სასამართლომ მარიკაშვილი და მასთან ერთად დაკავებული პირები, სამართალდამრღვევად ცნო.

"იმის გამო, რომ სასამართლომ ეს [თეთრი ფურცლით დგომა აქციაზე, სახელწოდებით ირაყლი] ჩათვალა არაეთიკურ, უხამს გამოხატვად და ამ საქმეზე დაგვაჯარიმა, შეძლება, კომუნიკაციების კომისიამ იმავე ტერმინების სატელევიზიო გავრცელებაც მიიჩნიოს არაეთიკურად", — უთხრა On.ge-ს მარიკაშვილმა.

მოლოდინებს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება კომკომმა კრიტიკულ მედიაზე პოლიტიკური ცენზურის ბერკეტად აქციოს, უპირველესად, მათივე მსგავსი გადაწყვეტილებები აჩენს.

მაგალითი 1

  • 2022 წლის აგვისტოში, მარეგულირებელმა კომისიამ, პარტია ქართული ოცნების მიმართვის საფუძველზე, 118 688 ლარით დააჯარიმა მთავარი არხი, ფორმულასა და ტვ პირველს კი წერილობითი გაფრთხილება მისცა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ეთერში გაუშვეს ვიდეორგოლი აქციის შესახებ — "შინ ევროპისკენ".
  • მაშინ კომკომმა გადაწყვიტა, რომ ამ ვიდეორგოლის ტელევიზიით ჩვენება უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს ქართული ოცნების ლიდერებს და ემსახურება მათს დისკრედიტაციას, რადგან იქ გამოყენებული იყო სიტყვა "მოღალატე".

მაგალითი 2

  • 2021 წლის იანვარში, კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო მთავარი არხი ბექა ყორშიას სიუჟეტის გამო, რადგან მიიჩნია, რომ სიუჟეტი "უხამს ნიშნებს" შეიცავდა.
მარეგულირებელი კომისია განიხილავს ბექა ყორშიას სიუჟეტს

მარეგულირებელი კომისია განიხილავს ბექა ყორშიას სიუჟეტს

ფოტო: comcom

  • "მაშინ კომისიას კანონით ამგვარი საქმის განხილვის უფლება საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ განიხილა და ჩათვალა, რომ ეს იყო უხამსობის შემცველი, — გვითხრა მარი კაპანაძემ GDI-დან, — მიუხედავად იმისა, რომ ეს სიუჟეტი ჯდებოდა პოლიტიკური გამოხატვისა და სატირის ფარგლებში, რადგან მას ჰქონდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღირებულება, რადგან ავტორი, სიუჟეტში დასცინოდა უფუნქციო პარლამენტს".

მოსალოდნელი ცენზურის კიდევ ერთი არგუმენტია სასამართლო პრაქტიკა: არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ცნეს სამართალდამრღვევად მას შემდეგ, რაც პოლიციელის, ასევე, პრემიერ ღარიბაშვილის მიმართ გამოიყენა სიტყვა მონა.

სტრიქონებს შორის: ამ სიტყვას, მონას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხშირად იმეორებენ ხელისუფლების მიმართ მას შემდეგ, რაც მთავრობამ საგრძნობლად შეცვალა საგარეო ვექტორი.

პარტიების, დროა და გირჩი — მეტი თავისუფლების გაერთიანებამ დაიწყო პროექტიც, ამავე სახელწოდებით, mona.ge.

  • "უკვე არის შემთხვევა, როდესაც სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელის ღირსება შეილახა იმით, რომ მას აქტივისტი მონას ეძახდა. მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებშიც ეს წერია, რომ თუ ადამიანის ღირსებას არღვევს უხამსი გამოხატულება, შეიძლება, ესეც ჩაითვალოს არაეთიკურ, უხამს გამოხატვად, რომელიც, მათი გადმოსახედიდან ადამიანის უფლებას არღვევს, მაგრამ ჩემთვის, გარკვეული სიტყვები, რომელიც პოლიტიკურ, ან საჯარო დებატის ფარგლებშია გამოყენებული, ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ თვითმიზანი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვაა", — უთხრა On.ge-ს ედუარდ მარიკაშვილმა, GDI-ს ხელმძღვანელმა.

საფრთხეები მედიის, თუ ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე პროფესიონალური ჯგუფებისთვის ნათელია, თუმცა, ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ცვლილებებით ის ევროდირექტივით ნაკისრ ვალდებულებებს პასუხობს.

აქ პრობლემაა, რომ:

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ევროკავშირის დირექტივის შესრულების მოტივით საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საფარქვეშ ცდილობს განახორციელოს კრიტიკული გამოხატვის თავისუფლებას შემზღუდველი ცვლილებები.

აცხადებს ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო"

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პოზიციის დოკუმენტი, სახელწოდებით — კანონის ძალით: ქართული მედია ცენზურის საფრთხის პირისპირ.

სხვადასხვა არგუმენტებთან ერთად, ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს კონტექსტში, სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია

  • კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების,
  • ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების არარსებობისა და
  • სასამართლო სისტემისადმი დაბალი ნდობის ფონზე.

პროცედურულად:

  • ცვლილებების პროექტი სამი მოსმენით მხარდაჭერილია მმართველი უმრავლესობის მიერ საქართველოს პარლამენტში;
  • ამის შემდეგ, სტანდარტულად, კანონპროექტი ხელმოსაწერად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
  • ამოქმედების შემდეგ, ამ საკანონმდებლო ცვლილების რეალიზება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დაეკისრება.
  • On.ge ცდილობს კომუნიკაციას მარეგულირებელ კომისიასთან;
  • გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებენ წერილობით, პროცედურული ნორმების დასრულების შემდეგ.