რა უფლებები გაქვს და როგორ შეგიძლია მათი დაცვა, თუ აქციაზე დაგაკავეს
ალბათ, ძალიან კარგი მეხსიერების მქონე ადამიანსაც გაუჭირდება, დაუფიქრებლად თქვას, ბოლო წლებში ქვეყანაში რამდენი აქცია ჩატარებულა. ძნელად მოიძებნება ისეთიც, ვინც ათეულობიდან ერთ–ერთზე მაინც არ მდგარა და მისი სულისკვეთება არ გაუზიარებია.
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. თუმცა, საქართველოში მოქალაქეების მიერ პროტესტის გამოხატვა იშვიათად თუ ჩაივლის ექსცესების, უფრო კონკრეტულად კი დაკავებების გარეშე. თუ გაგიმართლა (რადგან ხშირად, პოლიციის მანქანაში ჩასმისგან თავის ასარიდებლად, სწორედ ესაა საჭირო) დიდი ალბათობაა იმისა, რომ დაკავებულთა სიაში შენმა ნაცნობმა, მეგობარმა ან ოჯახის წევრმაც კი ამოჰყოს თავი.
მონა ლიზას წამოძახება, თეთრი ფურცლის ჭერა — ეს იმ მიზეზების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში აქციაზე დაკავებების ბოლო გამოცდილებებმა გვიჩვენა. თუმცა, ამის პარალელურად, არაერთხელ დავინახეთ ისიც, რომ პოლიცია, როგორც წესი ინდიფერენტულია სიძულვილით მოტივირებულ აშკარა ძალადობაზე, რომლის ბოლო ყველაზე ცხადი მაგალითი 8 ივლისის მოვლენებია.
სწორედ ამიტომ, დროულია, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები მაშინ, როცა რამეს ვაპროტესტებთ. მაგრამ მანამდე, განვიხილოთ, რა უფლებებით ვსარგებლობთ, როცა აქციაზე ვდგავართ. შევეცდებით, ამ სტატიაში ყველა მნიშნველოვან კითხვაზე გიპასუხოთ.
გვჭირდება წინასწარი ნებართვა რამის გასაპროტესტებლად?
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი გვეუბნება, რომ ყველას, გარდა თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს წევრებისა, წინასწარ, ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება აქვთ.
ამ კანონის მე–5 მუხლში განმარტებულია, რომ წინასწარი გაფრთხილება (და არა ნებართვა) სავალდებულოა მაშინ, როცა შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. ასეთ დროს, კანონი გვავალდებულებს, რომ შეკრების შესახებ წინასწარ გავაფრთხილოთ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
გაფრთხილებას ხელს შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირები აწერენ.
შეგვიძლია, გზა გადავკეტოთ?
კი, აქციის მონაწილეებს ამის უფლება აქვთ. თუმცა კანონი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს, გახსნას სავალი ნაწილი ან/და აღადგინოს ტრანსპორტის მოძრაობა, თუ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, აქციის ჩატარება სხვაგვარადაც შესაძლებელია.
"როდესაც მუნიციპალიტეტის მერია არ ახორციელებს ან ვერ ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ", — ვკითხულობთ კანონში.
აქვე ხაზგასმულია, რომ მერიის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ მოქალაქეთა რაოდენობის გამო მანიფესტაციის ჩატარება სხვანაირად შესაძლებელი არ არის და დაცულია ამ კანონით დადგენილი ყველა წესი.
"მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით", — გვეუბნება კანონი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ
- დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნებით გადაკეტვა.
- შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.
- ასევე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სათანადო პირობები და განსაზღვროს ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტი.
გვეკრძალება კარვის გაშლა?
კარვის დადგმა პროტესტის გამოხატვის ერთ–ერთი საშუალებაა, რომლის გამოყენების უფლებაც ნებისმიერ აქტივისტს აქვს, მათ შორის, ადმინისტრაციული შენობის წინაც. მიუხედავად ამისა, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა სამართალდამცავებმა მოქალაქეებს ამის საშუალება არ მისცეს.
ხელისუფლებისთვის მხოლოდ ეს ბერკეტი საკმარისი არ აღმოჩნდა...
სულ ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებების შეტანა მოინდომა. მმართველმა გუნდმა ინიციატივის მიზეზად "გადატრიალების" მცდელობაზე სუს-ის განცხადება დაასახელა, რომლის თანახმადაც "გარკვეული ჯგუფი", რომელიც ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ მოქმედებს, დესტაბილიზაციას, არეულობას და ტერორისტულ აქტს გეგმავს, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.
უწყებამ ისაუბრა ბარიკადების და კარვების ქალაქის მოწყობის გეგმაზე, შესაძლო აფეთქებაზე და ევრომაიდნის სცენარის განვითარების მცდელობაზე. სუს ამტკიცებდა, რომ "დესტრუქციული პროცესების" დაწყების თარიღებად მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდია შერჩეული, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.
კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამი იყო, რომ ზუსტდებოდა ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები, კერძოდ, მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ ის.
- საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
- კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
- ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები უკიდურესად შეზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ხოლო სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ დაგეგმილ ცვლილებებში გამოხატვის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა ჩანდა.
პრეზიდენტის შეფასებით, კანონპროექტი ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობასა და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენა და ე.წ. კარვების კანონს ვეტო დაადო.
რისი უფლება არ გვაქვს აქციაზე?
ეს საკითხი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე–11 მუხლით რეგულირდება, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ, ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა; აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს; ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
მონაწილეებს ეკრძალებათ:
- იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
- იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება, გამოყენებული იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა, ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
- იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;
- იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
- განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;
- გარდა ამისა, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა.
რა შემთხვევაში გვეკრძალება აქციის გაგრძელება?
კანონის თანახმად, მოთხოვნების მასობრივად დარღვევის შემთხვევაში, შეკრება ან მანიფესტაცია უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე უნდა შეწყდეს.
"არშეწყვეტის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს", — ნათქვამია კანონში.
არამასობრივად დარღვევის შემთხვევაში კი, კანონი ადგენს, რომ უფლებამოსილი წარმომადგენლის გაფრთხილებიდან უახლოეს 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია, დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს მონაწილეებს და ყველა გონივრულ ქმედებას მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ამავე კანონის მე-14 მუხლში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს "პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას".
"შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სახელმწიფოსათვის, ორგანიზაციისა და მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით", — გვეუბნება კანონის მე–15 მუხლი.
რა შემთხვევაში აქვთ ჩემი ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლება?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244–ე მუხლი განმარტავს, რომ პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით რამდენიმე მიზეზითაა დასაშვები, კერძოდ:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა — როდესაც სხვანაირი ზომები ამოწურულია. მაგალითად, თუკი ადამიანი სხვაზე ფიზიკურად ძალადობს ან არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციას შეუძლია დააკავოს ან განარიდოს ტერიტორიას და ამით განმუხტოს სიტუაცია;
- როცა პოლიცია ვერ ახერხებს პირის ვინაობის დადგენას — ამ დროს სამართალდამცველებმა, შესაძლოა, ის ადამიანი დააკავონ მისი ვინაობის დადგენის მიზნისთვის. იურისტის განცხადებით, როცა პოლიცია ვინაობას გვთხოვს, უმჯობესი იქნება, თუ გავუმხელთ;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა — თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ ადგილზე ვერ ხდება ტექნიკური მიზეზის გამო;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის დროულად, სწორად განხილვა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა.
რა უფლებებით ვსარგებლობ, თუ ადმინისტრაციული წესით მაკავებენ?
- კანონი ხაზგასმით ამბობს, რომ უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, რომელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას გვედავებიან და რა არის დაკავების საფუძველი;
- ვიცოდეთ, რომ გვყავს ადვოკატის ყოლის უფლება;
- ჩვენი დაკავების შესახებ და ადგილსამყოფელზე ეცნობოს ახლობლებს;
- არასრულწლოვნის დაკავების შემთხვევაში, აუცილებელია ეცნობოს მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს;
- კანონი განსაზღვრავს, რომ დაკავების დროის და საფუძვლის მითითებით შედგეს ოქმი, რასაც მხოლოდ სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია, მოვაწეროთ ხელი.
კიდევ რა შეიძლება გახდეს დაკავების საფუძველი?
"წვრილმანი ხულიგნობის" მუხლი არის ერთ-ერთი, რის საფუძველზეც მოქალაქეებს ყველაზე ხშირად აკავებენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლის თანახმად, წვრილმან ხულიგნობად ითვლება საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელად გადაკიდება და სხვა იმგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს. თუ რამე მსგავსს ადგილი არ ჰქონია, ასეთ ქმედება წვრილმან ხულიგნობად ვერ იდენტიფიცირდება.
რამდენი ხნით შეუძლიათ ჩემი დაკავება?
ადმინისტრაციული წესით დაკავების შემთხვევაში, მოქალაქე არაუგვიანეს 24 საათში უნდა გაათავისუფლონ, ან სასამართლოში წარადგინონ. ამ ვადის გასვლის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ, ეს დრო კიდევ 24 საათით გაახანგრძლივონ იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ამის აუცილებლობა წერილობით დასაბუთდება.
ვინ დამეხმარება, თუ აქციაზე დაკავებისას ჩემი უფლებები დაირღვა?
ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ:
- სახალხო დამცველს — 14 81;
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურს — 032 2 12 14 01;
ასევე, დაუკავშირდეთ ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა — (+995 32) 2 72 80 08;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია — (995 32) 293 61 01 / 295 23 53.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები