INKuLtur — ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის
“კულტურულ დაწესებულებებსა და არასამთავრობო სექტორს შორის კომუნიკაცია და კოლაბორაცია აქამდე ძალიან მწირი იყო” — აცხადებენ ასოციაცია ანიკა-ში, რომელთა მიზანი შშმ პირთა ხილვადობისა და მათი აქტიურობის გაზრდაა საზოგადოებაში.
ასოციაციის მისიაც სწორედ ისაა, რომ არსებობდეს ისეთი გარემო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეული ადამიანი თანასწორი, დამოუკიდებელი და ავტონომიურია, უფლებები დაცული და შესაძლებლობები — რეალიზებული.
ამისთვის, ორგანიზაცია შშმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სთავაზობს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას, შრომის ბაზრისთვის მომზადებასა და დასაქმებას.
“ჩვენ გვჯერა, რომ დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია შშმ პირებისა და მათი ოჯახების ინტერესთა დაცვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ცნობიერების ამაღლებითა და სექტორთა შორის კოორდინირებული თანამშრომლობით.” — აცხადებენ ასოციაციაში.
დამატებით, ასოციაციამ ანიკა შექმნა პერსონალური ასისტენტის ინოვაციური მოდელი საქართველოში, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და სრულად ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობისა და ჯანმრთელობის ხედვის სოციალურ მოდელსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას. სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აძლევს საშუალებას განსაზღვრული დროით ისარგებლონ კვალიფიციური და პროფესიონალი პირის ასისტირებით, რაც მათ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზების საშუალებას აძლევს.
2021 წლის სექტემბრიდან ასოციაციამ ანიკა დაიწყო პარტნიორული პროგრამა INKuLtur — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში ორგანიზაცია DRA е.V.-თან ერთად. პროგრამა ხორციელდება 2018 წლიდან გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან თანამშრომლობით. 2021 წლიდან კი პროგრამის მონაწილე ქვეყანა გახდა საქართველოც, რომელსაც როგორც პარტნიორი ორგანიზაცია — ასოციაცია ანიკა წარმოადგენს. პროგრამა სრულად დაფინანსებულია გერმანიის საგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ხელოვნებასა და კულტურაზე. გარდა ამისა, შემუშავდა სასწავლო მოდული, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ძირითადად დაკავშირებული იყო ხელოვნებაში და კულტურაში ინკლუზიის მნიშვნელობასთან და ზოგადად იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეიქმნას ხელმისაწვდომი გარემო, რომ შეძლონ შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა. ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა, თბილისისა და რეგიონში არსებული კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლებში.
პროექტი ეხმიანება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამოქმედო გეგმის მიზნებს, კერძოდ, შშმ პირთათვის კულტურისა და სპორტის სფეროების ინკლუზიურობის გაზრდას სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის გზით. აღსანიშნავია, რომ პროგრამა INKuLtur - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში 2021 წელს წარმატებით განხორციელდა ასოციაცია ანიკას მიერ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით.
პროექტის ამოცანა
ზოგადად, ასოციაციის ამოცანაა ერთიანი ბრძოლა შშმ პირთა უფლებებისა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და მათი ჩართულობის გაზრდა საზოგადოებრივ-კულტურულ აქტივობებში.
ჩვენ გვჯერა, რომ დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია შშმ პირებისა და მათი ოჯახების ინტერესთა დაცვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ცნობიერების ამაღლებითა და სექტორთა შორის კოორდინირებული თანამშრომლობით.
გარდა ამისა, პროექტის მთავარი ამოცანაა აღმოსავლეთ ევროპაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ხელოვნებასა და კულტურაზე. სასწავლო მოდული მიზნად ისახავს გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში.
პოზიტიური შედეგები და სამომავლო გეგმები
პროექტის საშუალებით სემინარები უტარდებოდათ სამუშაო ჯგუფის წევრებს. მათ ერთობლივად განახორციელეს ინკლუზიურ-კულტურული პროექტები. 16 ივნისის ღონისძიება ამის საუკეთესო მაგალითია.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეობას იღებდნენ რეგიონის კულტურული დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
16 ივნისის ღონისძიება
ფოტო: ასოციაცია ანიკა
16 ივნისის ღონისძიება
ფოტო: ასოციაცია ანიკა
ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ აღნიშნული ღონისძიება უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და ხშირად ჩატარდება.
“პროექტი სრულდება წლის ბოლოს, თუმცა ვიმედოვნებთ რომ ის ქსელი, რაც პროექტის საშუალებით შეიქმნა იქნება ძლიერი და ბევრ კულტურულ-ინკლუზიურ პროექტს ვიხილავთ მომავალში.” — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის ამოცანაა, სამომავლოდ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ კულტურულმა დაწესებულებებმა და არასამთავრობო სექტორმა, რათა ყველას ჰქონდეს თანაბარი უნარები და შესაძლებლობები საკუთარი უფლებების დასაცავად და შეზღუდული შესაძლებლობის პირებს აქტიურად შეეძლოთ კულტურულ თუ საზოგადოებრივ აქტივობებში თავისუფლად მონაწილეობა.
კომენტარები