ოპ-ედი | ევროკავშირმა სომხეთის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს
როცა მოსკოვი თავს ესხმის ფაშინიანს, ევროკავშირმა სომხეთის ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.
აზერბაიჯანის მიერ ინიციირებულმა სამხედრო მოქმედებებმა, რომელსაც "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაარქვეს და რომელიც, რეალურად, მიზნად ისახავდა ჩრდილოეთ ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის მოპოვებას, უდავოდ, არსებითად შეცვალა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური სურათი.
ძლიერი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, ბაქომ თავისი ტერიტორიების სრულად რეინტეგრაციისთვის დიპლომატიური და სავარაუდოდ გაჭიანურებული პროცესების ნაცვლად, რომელსაც დასავლეთის საერთაშორისო შუამავლობა სჭირდებოდა, ძალისმიერი მიდგომა აირჩია.
ბაქოს სტრატეგია, ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი, ეს არის სამხედრო უპირატესობა სომხეთთან შედარებით, რაც 2020 წლის 44-დღიანი ომის დროს გამოვლინდა. მეორე, რეგიონში რუსეთის ძალაუფლების კლებაა, რაც მისი აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინის გამძლეობამ გამოიწვია.
პარალელურად, სომხეთი, თანდათანობით ეთიშება ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ სამი ათწლეულის კონფლიქტს აზერბაიჯანთან.
განვითარების კურსის ფუნდამენტურად შესაცვლელად, სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, იღებს სარისკო ვალდებულებას, მოაგვაროს ხანგრძლივვადიანი პრობლემური საკითხები ბაქოსთნ.
პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დღემდე პატიოსანი შუამავლის როლს ასრულებს, რომელიც პრეზიდენტ ალიევთან ერთად მუშაობს სამშვიდობო შეთანხმებისთვის აუცილებელი პოლიტიკური და დიპლომატიური პირობების შესაქმნელად. ეს მოიცავს დიპლომატიურ ძალისხმევას მოსკოვისა და ბრიუსელის ფორმატებში. ამ პროცესის ძირითადი, არსებითი კომპონენტია უსაფრთხო საზღვრების, იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებით დადგენა. დოკუმენტით ორივე მხარე აღიარებს ტერიტორიულ საზღვრებს. ამ მიზნის მისაღწევად, სომხეთმა ევროკავშირი აირჩია, რომელიც საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის აქტიური მხარდამჭერია.
ფაშინიანის მეორე მიზანი, ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფაა.
ორი ძირითადი მიზნის განხორციელებისას — ეროვნული საზღვრების და მთიანი ყარაბაღის სტატუსის დაცვა — ფაშინიანი რთული ამოცანის წინაშე დადგა, თუ რომელი საკითხისთვის მიენიჭებინა პრიორიტეტი. 24 სექტემბერს, როცა მან ერს მიმართა, აღიარა, რომ სომხეთი თანამშრომლობს გარე პარტნიორებთან, რათა სცადოს საერთაშორისო მექანიზმის შექმნა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის გადაადგილება. თუმცა მან ასევე აღიარა, რომ თუ ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდება, აუცილებლად უნდა მოემზადონ ლტოლვილების მისაღებად.
სომხეთის არჩეულ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალისხმევას, განსაკუთრებით კი მის თანამშრომლობას დასავლელ პარტნიორებთან, საერთაშორისო დიპლომატიის როლის ზრდის პოტენციალი აქვს.
თუ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართება, როგორც 4 ოქტომბერს გასამართ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრისასაა დაგეგმილი, სომხეთს შეუძლია, საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოგება მიიღოს.
ამავდროულად, რუსეთი აცნობიერებს, ადგილობრივი გეოპოლიტიკური სურათის ცვლილებას. სომხეთი ცდილობს, გარე უსაფრთხოების წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე რუსეთთან და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (CSTO) ურთიერთობების გადახედვას, ევროკავშირისა და აშშ-ს სასარგებლოდ.
ეს მრავალმხრივი დინამიკა ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე რთულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. პროცესების წარმართვაში ევროკავშირს შეუძლია და უნდა იყოს კიდეც უფრო მტკიცე.
ევროკავშირის გაფართოებული, მაგრამ ჯერ შეზღუდული, გეოპოლიტიკური ამბიციები
ევროკავშირის მისია სომხეთში, რომელიც 2023 წელს დაარსდა ევროკავშირის მიერ და თებერვლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის გაძლიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამოქალაქო ოპერაციის უპირველესი მისია საზღვრების მონიტორინგია, რითიც სტაბილურობაზე ახდენს გავლენას, ის ასევე არის ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი, აზერბაიჯანის მხრიდან პოტენციური ესკალაციების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისიის მანდატი მთიანი ყარაბაღის პრობლემურ საკითხს არ მოიცავს.
2022 წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღი შედარებით მცირე ყურადღებას იღებდა ევროკავშირის მხრიდან. თუმცა ეს მდგომარეობა სექტემბერში შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ბაქომ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, რომლის მიზანიც სეპარატისტული რეგიონის კონსტიტუციური კონტროლის ქვეშ მოქცევა იყო. მანამდე კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და საფრანგეთის ლიდერი, ემანუელ მაკრონი, მაღალი დონის დიპლომატიაში იყვნენ ჩართულნი, რათა პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერმინისტრ ფაშინიანს შორის დისკუსიების გამართვაში შეეწყოთ ხელი. ამ მოლაპარაკებების ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო საზღვრის დემარკაციაზე, ხოლო რაც შეეხება, მთიანი ყარაბაღის მოგვარების საკითხს, დღის წესრიგში უშუალოდ არ ყოფილა.
ევროკავშირმა პირველი რეაქცია ბაქოს მხრიდან ძალის ცალმხრივად გამოყენებაზე 19 სექტემბერს გამოხატა. თავდაპირველად, ბრიუსელმა კონკრეტულად აზერბაიჯანი არ დაადანაშაულა ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო. სამაგიეროდ, გამოსცა ზოგადი მოწოდება კონფლიქტის ყველა მონაწილის მიმართ, რათა დაბრუნდებოდნენ დიალოგს და შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბაქოს სამხედრო მოქმედებამდე მნიშვნელოვანი დიალოგი მხარეებს შორის არ არსებობდა.
პარალელურად, ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა სომეხი მოსახლეობის შესაძლო გადაადგილების გამო. EU-მ შესთავაზა მათ თავიანთი მანდატი, მაგრამ ბაქომ, საბოლოოდ, მაინც რუსი სამშვიდობოები აირჩია.
შემდეგში ევროკავშირმა უფრო მტკიცე და პრინციპული პოზიცია გამოხატა აზერბაიჯანის ქმედებების წინააღმდეგ. სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, 21 სექტემბერს ბრიუსელმა ბაქო გააფრთხილა, რომ თუ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა იძულებით გადაადგილდებოდა, ამას სერიოზული პასუხი მოჰყვებოდა მათი მხრიდან. ევროკავშირმა ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებების დაცვა აშკარად ბაქოს დააკისრა. ეს იყო ევროკავშირის მიერ გაკეთებული ყველაზე ძლიერი განცხადება, რომელიც ეხებოდა აზერბაიჯანის ქმედებებს მთიან ყარაბაღში, რამაც საბოლოოდ მოაქცია კრიზისი ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ფოკუსში.
რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა შემდეგში?
რეგიონში სიტუაცია იმდენად სწრაფად იცვლება, ევროკავშირმა უნდა დაძლიოს თავისი ისტორიული გაუბედაობა და უფრო აქტიურად ჩაერთოს რეგიონის გეოპოლიტიკურ საკითხებში.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს, მის აღმოსავლეთ სამეზობლოში კონფლიქტების მოგვარების ნაკლები გამოცდილება აქვს, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძვის, რომელიც რეგიონულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ეს კი ანიჭებს მას უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მხარი დაუჭიროს სომხეთს.
ეს დახმარება არა მხოლოდ გააძლიერებს დაუცველ დემოკრატიებს, რომლებიც აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით ავტოკრატიულ რეჟიმებშია გაბატონებული, ასევე, ჩრდილოეთით გავრცელებულ ჩამორჩენილი დემოკრატიებსაც. ის ასევე იმოქმედებს, როგორც შემაკავებელი ფაქტორი აზერბაიჯანის მზარდი მილიტარისტული ტენდენციების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ევროკავშირი შეამცირებს სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას.
ისეთი დასავლური აქტორებისგან განსხვავებით, როგორიცაა შეერთებული შტატები, ევროკავშირს აქვს მისია, რომელსაც სომხეთის დასტაბილურებისთვის უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს.
ამავდროულად, როგორც ჩანს, რუსეთი მზად არის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გასაძლიერებლად გამოიყენოს და შეინარჩუნოს გავლენები სამხრეთ კავკასიაში. მოსკოვმა აირჩია, პირდაპირ ბაქოსთან ურთიერთობა და ამავდროულად, ძირს უთხრის სომხეთის ლიდერის, პრემიერმინისტრ ფაშინიანის ლეგიტიმურობას. ეს მიდგომა პოლიტიკურ არასტაბილურობას უწყობს ხელს და შესაძლოა, ნაციონალური ძალების აღორძინება გამოიწვიოს.
ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა სიტუაცია ბალკანეთის მსგავს სცენარში არ გადაიზარდოს, რომელშიც ეთნიკური წმენდა ფიგურირებდა.
უბრალოდ გაფრთხილება ძლიერი პასუხის შესახებ საკმარისი არ არის. ბრიუსელმა სანქციების ენა უნდა გამოიყენოს, რათა მკაფიოდ გამოიკვეთოს ის წითელი ხაზები, რომლებიც ბაქომ არ უნდა გადაკვეთოს, თუ უნდა, რომ სერიოზული შედეგები თავიდან აიცილოს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები