ილონ მასკის კომპანია Neuralink კლინიკური ცდისთვის ადამიანების მოძიებას იწყებს
Neuralink ტვინის იმპლანტანტებს ადამიანებზე გამოცდის.
ილონ მასკის კომპანია Neuralink კლინიკური ცდისთვის ადამიანებს ეძებს — მან ამის ნებართვა დამოუკიდებელი საბჭოსგან უკვე მიიღო. კვლევა ტვინის იმპლანტანტის გამოცდას ემსახურება, რომლის მიზანიც პარალიზებული ადამიანების დახმარებაა. ინფორმაციას თავად Neuralink ავრცელებს.
ასევე იხილეთ: ილონ მასკის Neuralink-მა ტვინის იმპლანტანტების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მიიღო
კლინიკური ცდა დაახლოებით 6 წელს გაგრძელდება. მასში მონაწილეობას პარალიზებული ადამიანები შეძლებენ. კრიტერიუმები შეიძლება იმ კანდიდატებმა დააკმაყოფილონ, რომელთაც დამბლა ზურგის ტვინის დაზიანების ანდა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ALS) გამო დაემართათ. Neuralink-ს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ცდისპირი ჩაერთვება კვლევაში.
კვლევის ფარგლებში რობოტს გამოიყენებენ და BCI (ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი) იმპლანტანტს ქირურგიული გზით მოათავსებენ ადამიანის ტვინში, კერძოდ, იმ რეგიონში, რომელიც მოძრაობის სურვილზეა პასუხისმგებელი. Neuralink-ის მიზანი თავიდან ისაა, რომ ადამიანებს საშუალება მისცეს, კომპიუტერის კურსორი/კლავიატურა მხოლოდ და მხოლოდ აზრებით მართონ.
კომპანიის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს თუ დავუჯერებთ, Neuralink-ს მოწყობილობის იმპლანტაცია თავიდან 10 პაციენტის ტვინში სურდა. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები წამოჭრა, Neuralink-მა და სააგენტომ რაოდენობის შემცირება განიხილეს. ჯერჯერობით მაინც უცნობია, რამდენ პაციენტზე გასცა FDA-მ კლინიკური ცდის ჩატარების ნებართვა.
Neuralink-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მასკს საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. მისი აზრით, იმპლანტანტების ქირურგიული ჩანერგვა სწრაფად იქნება შესაძლებელი, მოწყობილობის მეშვეობით კი არაერთ მდგომარეობას ვუმკურნალებთ, მათ შორის: სიმსუქნეს, აუტიზმს, დეპრესიასა და შიზოფრენიას.
კომპანიისგან მაისში შევიტყვეთ, რომ FDA-მ მათ ადამიანებზე პირველი კლინიკური ცდის ჩატარების ნება დართო. ეს მაშინ, როცა Neuralink-ის საქმეს ფედერალური უწყებები უკვე იძიებდნენ ცხოველებზე ჩატარებულ ცდებთან დაკავშირებით.
მაშინაც კი, თუ BCI ადამიანებისათვის უსაფრთხო აღმოჩნდება, სტარტაპს მაინც ათ წელზე მეტი შეიძლება დასჭირდეს, რომ კომერციული გამოყენებისთვის ნებართვა მიიღოს.
კომენტარები