არძინბას გადადგომითა და დაბრუნებით გამოწვეული დაბნეულობა აფხაზეთში
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ორშაბათს ღამით გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა. მოგვიანებით, მინისტრმა თავის კოლეგებს უთხრა, რომ მისი განცხადება "ხუმრობა" იყო. მეორე დღეს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს.
დამოუკიდებელი აფხაზური ტელეგრამ არხი, D News პირველი იყო, ვინც 4 სექტემბერს არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, მათი ცნობით, არძინბამ თავის გუნდს განუცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა და "რუსეთში ბრუნდებოდა".
მეორე დღეს ხელი მოეწერა განკარგულებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჯანსუღ ნანბასა და ვიცეპრემიერ სერგეი პუსტოვალოვის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მათი გათავისუფლების მიზეზებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შუადღისას ოფიციალური პასუხი გასცა მხოლოდ არძინბას გადადგომასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და თქვა, რომ აღნიშნული "არ შეესაბამებოდა რეალობას".
ცოტა ხნის შემდეგ, როგორც რუსმა სახელმწიფო პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა ტელეგრამზე დაწერა, არძინბამ მას დაუდასტურა, რომ თანამდებობას არ ტოვებდა.
თუმცა, სამინისტროს თანამშრომლებმა OC Media-ს ანონიმურობის პირობით განუცხადეს, რომ არძინბა 4 სექტემბერს მათ დაემშვიდობა, მაგრამ მეორე დღეს დაბრუნდა და ამტკიცებდა, რომ მისი წასვლის შესახებ განცხადება "ხუმრობა იყო".
პრეზიდენტის დასჯა თუ უკრაინული მისია
არძინბას სავარაუდო გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით ჭორებისა და ვარაუდების გავრცელება ამბის გახმაურებიდანვე დაიწყო.
ამ ინციდენტის ერთ-ერთი ცნობილი თეორია მის საქმიანობაზე ხელისუფლების უკმაყოფილებას უკავშირდება.
ივლისის დასაწყისში არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში გაემგზავრა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოფიციალური ვიზიტით მიდიოდა. მართალია, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული წყაროები ამბობდნენ, რომ არძინბა პირად მოგზაურობაში იმყოფებოდა, მაგრამ მედიასთან განაცხადეს, რომ აფხაზეთი მისი ჩამოსვლის შემდეგ ჩრდილოეთ კვიპროსთან ეკონომიკურ თანამშრომლობას განიხილავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არძინბას თან ახლდა რუსი სენატორი, ალექსანდრე ნეკრასოვი. როგორც არძინბა ამტკიცებდა, ნეკრასოვი აფხაზეთს აღწერდა, როგორც "უფრო მეტად მიმზიდველსა და პერსპექტიულს ტურისტებისთვის", ვიდრე ჩრდილოეთ კვიპროსს.
აფხაზეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა წყაროებმა OC Media-ს უთხრეს, რომ ეს ცუდად მიიღო რუსეთმა და არძინბასთან დაკავშირებულმა პრეტენზიებმა მიაღწია აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიამდე, რომელმაც, მათი თქმით, ამის შემდეგ არძინბას აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა აუკრძალა. ამ ვერსიის მიხედვით, არძინბამ გადადგომის შესახებ განცხადება სწორედ ამ მოვლენების საპასუხოდ დაწერა.
მეორე გავრცელებული თეორიის მიხედვით, არძინბამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა იმიტომ, რომ კრემლმა სთხოვა მოსკოვში მუშაობა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აფხაზეთის პოლიტიკაში მოსვლამდე, არძინბა მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც, 2014-2018 წლებში ხელმძღვანელობდა განყოფილებას, რომელიც მუშაობდა სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე უკრაინასთან.
2015 წელს, უკრაინელმა პროკურორებმა და უკრაინის უშიშროების სამსახურმა არძინბა დაადანაშაულა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მცდელობებსა და ქვეყნის შიგნით ტერორისტული დანაშაულების ჩადენაში. იმავე წლის ბოლოს, უკრაინამ გასცა არძინბას დაკავების საერთაშორისო ორდერი.
კრემლის მომხრე რამდენიმე ტელეგრამ არხმა კვირას განაცხადა, რომ არძინბა მოსკოვში დაბრუნდებოდა და ჩაატარებდა "ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ოპერაციებს" უკრაინაში.
არცერთი თეორია ჯერ საჯაროდ არ დადასტურებულა სანდო წყაროებით.
ზოგი ვარაუდობს, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ ჩირკბა ჩაანაცვლებს არძინბას.
არძინბას რეპუტაცია საკამათო გახდა 2021 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ. ეს ნაწილობრივ დაკავშირებული იყო მის მტრულ დამოკიდებულებასთან აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რაც რეგიონში მომუშავე ბევრ სამოქალაქო ორგანიზაციაზე ახდენდა გავლენას.
ცნობილია იმითაც, რომ მხარს უჭერს უფრო ღრმა ინტეგრაციას რუსეთთან, რასაც აფხაზეთში ბევრი აღიქვამს, როგორც საფრთხეს სუვერენიტეტისთვის.
არძინბამ მხარდაჭერა გამოხატა პიცუნდას სახელმწიფო აგარაკის შესახებ საკამათო შეთანხმებისა და ბინებთან დაკავშირებული კანონის რატიფიცირებაზე, რომლებიც, როგორც ბევრი მიიჩნევს, რუსეთსა და მის მოქალაქეებს აფხაზეთში მეტ ძალაუფლებას ანიჭებს. ასევე ცნობილია, რომ მას მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის პროპაგანდისტებთან ვლადიმერ სოლოვიოვსა და მარგარიტა სიმონიანთან.
კომენტარები