აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალი ფრანგული ჰუმანიტარული კოლონა არ გაატარა და საკუთარი გაგზავნა
ფრანგული ჰუმანიტარული კოლონა, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ ცდილობდა ჩასვლას მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანმა არ გაატარა, რადგან ბაქო ცდილობს, მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან თავისივე კოლონა შეიყვანონ.
ათი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული დახმარება პარიზის მუნიციპალიტეტმა და რამდენიმე ორგანიზაციამ ოთხშაბათს დილით გაგზავნა. ის ერევნიდან კორნიძორისკენ დაიძრა და ლაჩინის დერეფანში, აზერბაიჯანის საგუშაგოსთან სხვა კოლონებს შეუერთდა, რომელიც მანამდე ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში სომხეთმა და საფრანგეთმა გაგზავნეს.
კოლონას თან ახლდა პარიზის მერი ანა იდალგო, რომელმაც ლაჩინის დერეფანში, აზერბაიჯანის საგუშაგოდან ტვიტერზე დაწერა, რომ მათ შესვლა აუკრძალეს.
"აქ, ლაჩინის დერეფანში, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ადამიანის უფლებების სრული დარღვევით ცახხში [მთიანი ყარაბაღში] ჰუმანიტარული დახმარება არ შეუშვეს" — დაწერა იდალგომ — "ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების 10 სატვირთო მანქანა დაბლოკილია".
"ჰუმანიტარული კრიზისი მიმდინარეობს, ეს სასწრაფოა", — დასძინა მან.
საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთს და მის ძალისხმევას მთიანი ყარაბაღისა და ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოხსნაში.
სამშაბათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ბლოკადას "ამორალური" უწოდა და განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავს "მთიანი ყარაბაღიდან სომხების მასობრივი გასახლების პროვოცირებას".
სამშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ილჰამ ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს — ალიევმა ერევანი და სტეფანაკერტი მთიანი ყარაბაღისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში "ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში" დაადანაშაულა.
მან გააკრიტიკა ისინი, რომ არ დათანხმდნენ აზერბაიჯანული დახმარების მიღებას აღდამის გავლით და თქვა, რომ ლაჩინის დერეფანი მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც სომხეთი და მთიანი ყარაბაღი დაეთანხმებიან აღდამ-სტეფანაკერტის გზის გახსნას.
სომხეთი და მთიანი ყარაბაღი უარს ამბობენ აზერბაიჯანის წინადადებებზე აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა და ევროკავშირი მიესალმნენ აზერბაიჯანის ამ შეთავაზებას, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აღდამ-სტეფანაკერტის გზა არ შეიძლება იყოს ლაჩინის დერეფნის "ალტერნატივა".
მთიანი ყარაბაღი დეკემბრის შემდეგ სხვადასხვა ხარისხის ბლოკადაშია, ივნისის შუა რიცხვებიდან კი სომხეთიდან მიწოდება მთლიანად შეწყვეტილია.
აზერბაიჯანი ისევ უარყოფს, რომ რეგიონი ბლოკადაშია, რადგან მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მდგომარეობა გაუარესდება.
ორმოცი ტონა აზერბაიჯანული დახმარება
სამშაბათს ბაქომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის შუამავლობით, აღდამის გავლით 40 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის მთიან ყარაბაღს.
აზერბაიჯანულმა კოლონამ იმავე დღეს მიაღწია რუსი სამშვიდობოების საგუშაგოს ასკერანის (ასგარანის) გარეთ კონტაქტის ხაზზე. ოთხშაბათს ნაშუადღევს აზერბაიჯანულმა მედიამ განაცხადა, რომ კოლონა ელოდება სამშვიდობო მისიას, რათა ხელი შეუწყოთ ტვირთის მთიან ყარაბაღში გადაზიდვაში.
ასკერანში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანული კოლონის ჩასვლის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. კონტაქტის ხაზის ორივე მხარეს როგორც აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის, ისე სომეხი მომიტინგეების კარვები გაიშალა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საგუშაგოზე განლაგებულმა რუსმა სამშვიდობოებმა აზერბაიჯანული კოლონის წინსვლის თავიდან ასაცილებლად ბარიერები აღმართეს.
მთიანმა ყარაბაღმა ასევე უარყო აზერბაიჯანის შეთავაზება ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. პარლამენტის სპიკერმა დავით იშხანიანმა განაცხადა, რომ სტეფანაკერტმა გადაწყვიტა "ეს გზა დაკეტილი ყოფილიყო".
ამ კვირის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიიკ ჰარუთუნიანმა ანალოგიურად ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტეფანაკერტი ჰუმანიტარულ დახმარებას მხოლოდ ლაჩინის დერეფნის გავლით მიიღებს. აღსანიშნია, რომ გუშინ მან განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს.
აზერბაიჯანული კოლონის გაგზავზნის შემდეგ, სომხურმა წითელმა ჯვარმა გააკრიტიკა აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარე
"საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გამო".
"ამჟამად, აზერბაიჯანი […] აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების გამოყენებით ცდილობს ხელი შეუშალოს ICRC-ის, როგორც ერთადერთ ჰუმანიტარულ საერთაშორისო ორგანიზაციას რომელიც მთიან ყარაბაღში მოქმედებს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები