რას ვკითხულობთ On.ge-ში ამ ზაფხულს
როგორ ატარებთ ზაფხულის ცხელ დღეებს? ამ სეზონზე გაგრილება, რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტია ხოლმე, მაგრამ გართობა და ახალ თავგადასავლებში გადაშვებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. აი, ამ ამბავში კი ყველაზე მეტად საზაფხულო საკითხავი გვეხმარება. მეტიც, On.ge-ში გვჯერა, რომ ნამდვილი ზაფხული სწორედ მაშინ იწყება, როცა ნანატრი თავისუფალი დრო და საინტერესო წიგნი ხელში გივარდება და სოფელში, ზღვაზე, აუზზე, ან სულაც აივანზე მშვიდად კითხვის საშუალება გეძლევა.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, თქვენთვისაც გაგვეზიარებინა, რას ვკითხულობთ ამ ზაფხულს.
ჩვენი ექაუნთ მენეჯერი ნინი თავხელიძე, რომელიც გამორჩეულად აქტიური მკითხველიც გახლავთ, თანამედროვე ქართველი ავტორის, ირაკლი მაჩიტაძის, სადებიუტო რომანს სიკვდილის ლურჯი ეკრანი გვირჩევს. ამბობს, ერთ ამოსუნთქვაში იკითხება, მატარებლით მგზავრობისას დავიწყე და დავასრულეო.
"თანამედროვე ქართული პროზისთვის იშვიათი ჟანრია, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივის ნაზავი", — გვეუბნება ნინი, — "ძალიან საინტერესო სიუჟეტური ხაზიც აქვს. სამეცნიერო ფანტასტიკა კია, მაგრამ ჩვენს რეალობასთანაც იმდენად ახლოს არის, რომ პერსონაჟების სახეებიც შეიძლება გეცნოთ".
ირაკლი მაჩიტაძის, პროფესიით ჟურნალისტის, წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ "ყველაფერი პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ იწყება". რომანის მთავარ გმირს საოცარი ამბავი გადახდება თავს, რაც სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და, შესაძლოა, მსოფლიოს უახლოეს მომავალსაც კი.
აღსანიშნავია, რომ სიკვდილის ლურჯი ეკრანი პრემია საბას წლევანდელი ნომინანტია საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში.
ჩვენი ახალი ამბების განყოფილებაში — NEWS.On.ge — ყველაზე დაკავებულ ადამიანებს შეხვდებით. ამიტომ, შეკითხვაზე, ამ ზაფხულს რას კითხულობთო, ხუმრობით გვიპასუხეს, ნიუსებსო.
თუმცა, ასეთ დატვირთულ პერიოდშიც კი, ნიუსის რეპორტიორმა ლიზა კახაბერიძემ დრო გამონახა და გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, უზარმაზარ რომანს მერვე სიცოცხლე (ბრილკას) შეეჭიდა. კითხვა კი სულ ახლახან დაიწყო, მაგრამ უკვე ძალიან მოსწონს.
"მოლოდინები დიდი მაქვს და გული მიგრძნობს, გაამართლებს კიდეც", — ამბობს ლიზა, — "ლიტერატურა ყოველთვის მეხმარება ისტორიული ამბების უკეთ გააზრებაში და ალბათ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება".
ისტორიული ამბები კი მერვე სიცოცხლეს არ აკლია; ეს მასშტაბური რომანი ხომ ერთი ოჯახის მრავალი თაობის ამბავთან ერთად მთელი მე-20 საუკუნის ისტორიასაც ჰყვება. 2014 წელს გამოცემული წიგნი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ბესტსელერად იქცა. ნინო ხარატიშვილი კი "ტოლსტოის მემკვიდრედაც" მოუხსენიებიათ. მწერლის წიგნები მსოფლიოში მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. მერვე სიცოცხლით ავტორი გახდა ბუკერის საერთაშორისო პრემიისა და დუბლინის ლიტერატურული პრემიის ნომინანტიც. სულ ახლახან კი ისიც შევიტყვეთ, რომ ნაწარმოების მიხედვით ოსკაროსანი პროდიუსერები სერიალს იღებენ.
ახალი ამბების განყოფილებიდან ჩვენს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ გამოცემაში — NEXT.On.ge — გადავინაცვლოთ. წესით, სულ არ იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ სამეცნიერო ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი ცნობილი ამერიკელი ასტრონომის, კარლ სეიგანის, ნაშრომის მკრთალი ლურჯი წერტილი წაკითხვას გეგმავს და საგანგებოდ ამისთვის ელოდება შვებულების დაწყებასაც.
"სამყაროს მისეული ხედვა ჩემთან ძალიან ახლოსაა და დარწმუნებული ვარ, კითხვისას კიდევ ბევრ საინტერესო კვეთას აღმოვაჩენ", — აღნიშნავს ნინო, — "ველი ახალ და საინტერესო იდეებსაც, რომლებიც რაღაცებს სხვა პრიზმიდან დამანახებს".
სეიგანმა უამრავ ადამიანს მართლაც დაანახა სამყარო სხვა პრიზმიდან. გავლენიანი ასტროფიზიკოსის აღნიშნული წიგნი და მისი წინამორბედი ნაშრომი კოსმოსი აქტუალურობას დღემდე არ კარგავენ. სამეცნიერო-პოპულარული ენით დაწერილ ტექსტებში სეიგანი გვიყვება ჩვენი სამყაროს, გალაქტიკების, ცივილიზაციის წარსულზე; ასევე იმაზე, სად არის ადამიანის ადგილი ამჟამინდელ და მომავლის სამყაროში.
On.ge-ის ჟურნალის განყოფილებაში, რომელიც ყველაზე ბევრს წერს ხელოვნებასა და კულტურაზე, წაკითხული და წასაკითხად გადადებული წიგნების განხილვა ჩვეული ამბავია. აი, ჟურნალის მთავარი რედაქტორი თამუნა კიზივაძე კი, რომელიც ანიმეს დიდი მოყვარულიცაა, დაიანა უინ ჯონსის ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს გვირჩევს. ეს სახელი შეიძლება გეცნოთ — ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკის ანიმაციური ფილმი ვის არ უნახავს?! თუმცა, სულ რამდენიმე თვის წინ გამოიცა წიგნიც, რომელიც სტუდია ჯიბლის ოსკარის ნომინანტ ანიმეს დაედო საფუძვლად.
"წიგნის მიხედვით 2004 წელს ჰაიაო მიაძაკიმ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ანიმე შექმნა, ამიტომ, რა თქმა უნდა, უდიდესი მოლოდინი მქონდა, რომელიც გამართლდა", — ამბობს თამუნა, — "წიგნი და ანიმე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია — თუმცა ამან საშუალება მომცა, საკუთარი თავისთვის ჩემს საყვარელ ჯადოსნურ სამყაროში ორი განსხვავებული მოგზაურობა მომეწყო. ორივე მოგზაურობა ჰაულის სიყვარულითა და პატარა ცეცხლის დემონის მოშინაურების დაუოკებელი სურვილით დასრულდა".
ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა დაიანა უინ ჯონსმა ფენტეზი რომანი ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი 1986 წელს გამოსცა. ავტორის შექმნილმა ზღაპრულმა სამყარომ, რომელიც ფოლკლორული მოტივებითაა გაჯერებული, ათწლეულების განმავლობაში ყველა თაობის მკითხველი დაატყვევა. თავად უინ ჯონსმა კი უამრავ სახელგანთქმულ ავტორზეც მოახდინა გავლენა, მათ შორის, ჯოან როულინგსა და ნილ გეიმანზე.
ჟურნალის თანამშრომელი ანანო დიდებაშვილი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ რომანს, ტეილორ ჯენკინს რეიდის ეველინ ჰიუგოს შვიდ ქმარს გვირჩევს. ამბობს, ეს წიგნი დიდხანს მაინტერესებდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა ცნობილი ადამიანის რეალურ ბიოგრაფიას ადარებდნენო.
"უამრავი თეორია არსებობს იმის შესახებ, რეალურ ისტორიას ეფუძნება თუ არა", — ამბობს ანანო, — "ჰოლივუდის ნამდვილ და შედარებით ცუდ მხარეს აღწერს და გვიყვება იმ მსხვერპლზე, რომელზე წასვლაც ადამიანებს ცნობადობისთვის უწევთ. წერის სტილიც და თვითონ ისტორიაც ძალიან ჩამთრევია, ერთ ამოსუნთქვაში წაიკითხავთ".
ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი ამერიკელი მწერლის, ტეილორ ჯენკინს რეიდის, რიგით მეხუთე და უდავოდ ყველაზე პოპულარული რომანია. ისტორიული ჟანრის ეს ნაწარმოები ჰოლივუდის გამოგონილ ვარსკვლავზე, მის სირთულეებით სავსე პირად ცხოვრებასა და თავბრუდამხვევ კარიერაზე ჰყვება. მრავალმილიონიანი ტირაჟით გაყიდული წიგნის მიხედვით ნეტფლიქსი ფილმსაც იღებს.
ჩვენი ჟურნალის განყოფილების კიდევ ერთ თანამშრომელს, გიორგი მუზაშვილს, საზაფხულო შვებულებისთვის წიგნების მოზრდილი დასტა აქვს გადადებული და მტკიცედ სჯერა, რომ ყველა მათგანის წაკითხვას მოასწრებს. თუმცა, ყველაზე მეტად დებიუტანტი ქართველი ავტორის, გიორგი კვიტატიანის, ფენტეზი რომანის წაკითხვას ელოდება. ბრინჯაოს ქალაქი, რომელიც ქაოსის ქრონიკების სერიის პირველი წიგნია, რამდენიმე თვის წინ გამოიცა და ბევრი მკითხველის ყურადღებაც მიიქცია.
"ფენტეზის ქართულენოვანი მკითხველები, სამწუხაროდ, მაინცდამაინც განებივრებულები არ ვართ ჩვენს საყვარელ ჟანრში ქართველი ავტორების მიერ დაწერილი წიგნებით", — აღნიშნავს გიორგი, — "ასე რომ, ახალი ქართველი ფანტასტის გამოჩენას ყოველთვის დიდი მოლოდინი ახლავს ხოლმე თან — მით უმეტეს, თუკი მის წიგნს შენთვის ავტორიტეტული ადამიანები და მეგობრები უწევენ რეკომენდაციას".
სანამ გიორგი კვიტატიანი ფენტეზი სამყაროს შენებას შეუდგებოდა, ჯერ იაპონიაში, ჰიროსიმაში, იყო სასწავლებლად, მერე კი, როცა მისთვის ეს ქალაქიც "თბილისივით დავიწროვდა", გადაწყვიტა, ამომავალი მზის ქვეყანა შემოევლო — დიდწილად ფეხით. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ მოგზაურობით დაგროვებული ემოციები და შევსებული წიგნაკები იქცა ავტორისთვის შთაგონების წყაროდ.
სტატიაზე მუშაობისას არც კონტრიბუტორები დაგვვიწყებია და შეკითხვით, რას კითხულობს ამ ზაფხულს, ევა გუმაშვილს მივმართეთ. ევას უელსელი მწერლის, სარა უოთერსის, ისტორიული ჟანრის რომანი Affinity წაუკითხავს, რომელსაც დიდ რეკომენდაციასაც უწევს.
"სიუჟეტური ხაზის გათვალისწინებით, ისეთი წიგნია, ქართულ პროზაში რომ იშვიათად შეხვდები მსგავსს: საუბარია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ლესბოსელთა ურთიერთობებზე 150 წლის წინ, ვიქტორიანული ეპოქის ციხის ცხოვრებაზე", — გვიყვება ევა, — "ყველაზე მეტად მე მაინც მოულოდნელი დასასრული მომეწონა. კითხვას რომ მოვრჩი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ავტორმა გამასულელა (ცხადია, კარგი გაგებით)".
სარა უოთერსს ყველაზე მეტად სწორედ ვიქტორიანულ პერიოდზე შექმნილი რომანებით იცნობენ. რაც შეეხება Affinity-ს — წიგნი, რომელიც ავტორმა 1999 წელს გამოსცა, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ქალისა და დატყვევებული მედიუმის ურთიერთობაზე გვიყვება. რომანი სტოუნუოლის ჯილდოსა და სომერსეტ მოემის პრემიის მფლობელი გახდა. ნაწარმოების მიხედვით რეჟისორ ტიმ ფაიუელის გადაღებული ამავე სახელწოდების მქონე ფილმი 2008 წელს გამოვიდა.
დისკუსია: კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარე, შენ რას კითხულობ ამ ზაფხულს